საქინფორმის რედაქციისგან: პატივცემულო მკითხველო! გთავაზობთ ერევანში გამოცემულ სომხურ გაზეთ «Новое время»-დან გადმობეჭდილი პუბლიკაციის ტექსტს – ორთოგრაფიული, სინტაქსური და პუნქტუაციური შეცდომები გავასწორეთ, ხოლო აზრობრივი შეცდომები ავტორის სინდისზე დავტოვეთ.
მაგრამ, ავლაბრის ტიპოგრაფიის დავალებით დაწერილი პუბლიკაციის ავტორი ვერც ინგლისურ ენას ეწყობა, რომელიც დღეს საქართველოში პირველკლასელებმაც კი იციან: როდესაც კამოს თანამედროვე მიმდევრებისაგან ყურმოკვრით გაიგო, რომ საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი „prince“ -ია, მან ის პრინცად – საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა და მთელი თავისი ყალბი შედევრი ამის გარშემო ააგო, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ „prince“ ინგლისურად თავადსაც ნიშნავს (თავად ხიდირბეგიშვილებს ქართველი მეფეების კარზე მართლაც მაღალი მდგომარეობა ეკავათ).მაშ ასე, დატკბით არტემ ერქანიანის თხზულებით – არაპროფესიონალიზმის, არაობიექტურობის, ქართველებისა და საქართველოს – მისი ისტორიის, კულტურის, საზოგადოების მიმართ არაკეთილი განწყობილების და უპატივცემულობის ეტალონით (აღარაფერს ვამბობთ კოლეგებისადმი უპატივცემულობაზე, თუმცა ამხანაგ ერქანიანს კოლეგად ჟურნალისტურ ამქარში არ მივიჩნევთ):
ქართველმა პრინცმა სომეხი ელჩი გაკიცხა
ცხრა მაისს თბილისში, ისევე, როგორც ათობით სხვა სახელმწიფოს დედაქალაქებში, ადგილობრივმა სომხებმა შუშის გათავისუფლების 20 წლისთავი და არცახის არმიის დღე აღნიშნეს. ამ მოვლენაში ექსტრაორდინარული არაფერი ყოფილა. მსგავსი შეკრებები ყველა სომხური დღესასწაულის დროს მთელ მსოფლიოში ტარდება. მაგრამ აზერბაიჯანელთა განსაკუთრებით დაჟინებულმა ინტერესმა ყველაფრისადმი, რაც სომხეთსა და არცახს უკავშირდება, გამოიწვია ის, რომ ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, რომლებიც ბაქოს პროპაგანდისტულ მანქანას ემსახურებიან, ღონისძიების ორგანიზატორთა დისკრედიტაციის მასირებული კამპანია წამოიწყეს. ალიევის ადმინისტრაციის იდეოლოგთა ჩრდილი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
მაგრამ გაკვირვებას ის გულმოდგინება როდი იწვევს, რომლითაც ქართული მედიასაშუალებები აზერბაიჯანული დაკვეთის შესრულებას დაეშურნენ. კიდევ უფრო უცნაური ის არის, რომ საქართველოს სომხური თემის ზოგიერთმა ფრიად გავლენიანმა წარმომადგენელმა ირიბად დაუჭირა მხარი ამ ბინძურ პიარკამპანიას. მეტად მოულოდნელი იყო პოზიცია, რომელიც საქართველოს სომეხთა კავშირად წოდებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის პრეზიდენტმა დაიკავა. ამ სტრუქტურის ხელმძღვანელობამ არა მარტო მხარი არ დაუჭირა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარების იდეას, არამედ თავის წევრებს მასში მონაწილეობა აუკრძალა. მიუხედავად ამისა, შეცდომით თუ ვინმეს წინასწარგანზრახვით, საქართველოს სომეხთა კავშირის სახელწოდება საღამოს ორგანიზატორთა რიცხვში იქნა მოხსენიებული. ამან არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისე შეაშინა, რომ მისი მეთაური სასწრაფოდ გამოვიდა ოფიციალური განცხადებით და გაემიჯნა თანამემამულეებს, რომლებმაც შუშის გათავისუფლების 20 წლისთავისა და არცახის არმიის დღის აღნიშვნა გაბედეს. „ჩვენ მკვეთრ პროტესტს გამოვთქვამთ პროვოკაციებთან და დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს სომეხთა კავშირს არანირი მონაწილეობა არ მიუღია ღონისძიების მომზადებასა და ჩატარებაში. არც მე, არც პარლამენტის დეპუტატი არმენ ბაიანდურიანი ამ ღონისძიებაზე მიწვეული არ ვყოფილვართ, ამიტომ მისი შინაარსი ჩვენთვის უცნობია“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კავშირის თავმჯდომარე გენა მურადიანი აწერს ხელს.
ამგვარად, ასე უნდა გავიგოთ, რომ ბატონი მურადიანი ეთანხმება ბაქოური პროპაგანდის იდეოლოგებს, რომლებიც ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით ერთხმად გაჰყვირიან, რომ 9 მაისს ღონისძიების ჩატარება „საქართველოში ეროვნებათაშორისი აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის გაღვივებისკენ მოწოდებული შეგნებული პროვოკაცია“ იყო. მაშ, სხვაგვარად როგორ უნდა გავიგოთ მისი მისწრაფება, რაც შეიძლება მალე გაემიჯნოს სომხეთის საელჩოს მონაწილეობით ორგანიზებულ ღონისძიებას? საქართველოს სომეხთა კავშირი ყველაზე მრავალრიცხოვან ორგანიზაციად ითვლება, რომელიც ქართველ სომხებს აერთიანებს. ამ სტრუქტურის ხელმძღვანელობას მთავრობა სწყალობს და ხელისუფლებისგან საქართველოს მთელი სომხობის სახელით გამოსვლის უფლებაზე აქვს მანდატი მიღებული. ეს სტატუსი ბევრ ვალდებულებას აკისრებს. საქართველოს სომეხთა კავშირის ლიდერები მუდამ იზღუდავდნენ თავს გამოთქმებში, რაც ადვილი გასაგებია. მიუხედავად ამისა, ბატონი მურადიანი დროდადრო ახერხებდა, სომხური თემის ინტერესებთან დაკავშირებულ პრინციპულ საკითხებში სამოქალაქო პოზიცია დაეფიქსირებინა. სამწუხაროდ, ამჯერად ის ისე არ მოიქცა, როგორც სასურველი იქნებოდა.
სხვათაშორის, უნდა აღინიშნოს, რომ მისმა ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად კი პრეზიდენტის მრჩეველმა ვან ბაიბურთმა, რომელზეც, ასევე, ბევრ რამეს ლაპარაკობენ, ამჯერად გაბედულება მოიკრიბა და ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა აცნობიერებდა, რომ სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციაში ეს შეიძლება ბევრს არ მოსწონებოდა.
ახლა კი ზოგიერთი ქართული მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ წამოწყებულ ისტერიას დავუბრუნდეთ. პირველმა სკანდალი საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმმა“ ატეხა, რომლის აქციათა 100 პროცენტი ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ სახელმწიფოს ეკუთვნოდა. სააგენტოს გენერალური დირექტორი არნო ხიდირბეგიშვილი, რომელიც ხშირად საქართველოს პრინცად წარმოგვიდგენს ხოლმე თავს, განცხადებით გამოვიდა, რომელშიც ხელისუფლებას მოსთხოვა, დაუყოვნებლივ მიეცა სისხლის სამართლის პასუხიმგებლობაში 9 მაისს გამართული ანტიაზერბაიჯანული აქციის ჩატარების ორგანიზატორები და მათი თანამზრახველები. ბაქოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ცნობით, მან საქართველოს გენერალურ პროკურორს და ომბუდსმენს მოუწოდა, „ამ ფაქტთან დაკავშირებით სასწრაფო გამოძიება ჩაეტარებინათ, რათა ყველა, ვისაც პირდაპირი თუ ირიბი კავშირი ჰქონდა მოცემულ ღონისძიებასთან, კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილიყო“. საქართველოს კულტურის მინისტრს და თბილისის მერს პრინცმა მოსთხოვა, თანამდებობებიდან გაეთავისუფლებინათ ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრის ხელმძღვნელობა, რომლის დარბაზშიც ჩატარდა არცახის არმიის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა. ტახტის მემკვიდრე ახსნა-განმარტებებს ელოდება, აგრეთვე, მმართველი პარტიის – საქართველოს ნაციონალური მოძრაობისგან, რომელმაც არაფერი იღონა სომეხი ნაციონალისტების პარპაშის აღსაკვეთად.
რა გაეწყობა, აზნაურს, რომელიც ქართველი მონარქის პირდაპირ მემკვიდრედ მიიჩნევს თავს, უფლება აქვს, იმ ქვეყნის საშინაო საქმეების საკუთარი ხედვა ჰქონდეს, რომელსაც მისი წინაპრები მართავდნენ. მაგრამ უცნაური ის არის, რომ პრინცი თავს უფლებას აძლევს, უცხო სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიოს და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უყენებს პრეტენზიებს. ყოფილი სახელმწიფო (ამჟამად კი – უკვე კერძო) საინფორმაციო სააგენტოს სახელით ბატონი არნო აცხადებს: „საქინფორმი დიდად აღაშფოთა საქართველოში სომხეთის საელჩოს ქმედებამ, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი იყო. ესწრებოდა საელჩოს მთელი კოლექტივი – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიდან სამხედრო ატაშემდე. ნუთუ სომხეთის ელჩი და მისი კოლეგები თავიანთ მოქმედებას დიპლომატიურ რანგთან შესაბამისად მიიჩნევენ? განა აზერბაიჯანელები ხოჯალუს ტრაგედიას საქართველოს სახელმწიფო კულტურულ დაწესებულებებში აღნიშნავენ?!“ – წერს პრინცი ქვეშევრდომებისადმი უსტარში. ამასთან, სამონარქო პერსონა თავს უფლებას აძლევს, ივარაუდოს, რომ ელჩი ოვანეს მანუკიანი დიპლომატიაში ჯერ კიდევ გამოუცდელია (თავად მისგან განსხვავებით) და შესაძლოა, უბრალოდ, არაწინასწარგანზრახული ლაფსუსი დაუშვა. „შესაძლოა, სომხეთის საელჩოს თანამშრომლებს, უბრალოდ, ფიქრადაც არ მოსვლიათ ჩატარებული ღონისძიების უარყოფითი რეზონანსი. მაგრამ თუ ასეა, მაშინ ის, რაც მოხდა, ორმაგად მიუტევებელია“, – ასკვნის ტახტის მემკვიდრე.
მაშ, ვინ მისცა უფლება დავითისა და თამარ მეფის პირდაპირ მემკვიდრეს, უცხოელი დიპლომატები შეაფასოს და უცხო სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიოს? ჩვენ საკუთარი პრინცებიც საკმარისად გვყავს. მაგრამ ისინი, საბედნიეროდ, სხვის საქმეებში ცხვირს არ ყოფენ. საინტერესოა, რა დაინახა ბატონმა არნომ უცნაური და უჩვეულო იმაში, რომ თბილისელმა სომხებმა შუშის გათავისუფლების დღის აღნიშვნა გადაწყვიტეს. განა ავსტრიის ხელისუფლება ვენის რუსული თემის წარმომადგენლებს ბოროდინოს ბრძოლის დღის აღნიშვნას უკრძალავს იმ მოტივით, რომ ფრანგებს ეს შეიძლება არ მოეწონოთ? განა გერმანიის ხელისუფლება ფრანგებს უკრძალავს კინოთეატრებში ჟანა დარკზე ფილმების ყურებას იმ საბაბით, რომ ინგლისელებს ეს არ ესიამოვნებათ?
საბედნიეროდ, თბილისელ სომხებს აბსოლუტურად მიუფურთხებიათ, თუ რას ფიქრობს მათზე პოლიტტექნოლოგად გადაკვალიფიცირებული საქართველოს ტახტის მემკვიდრე. ისინი აქტიურად განაგრძობენ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან კავშირების განვითარებას და არცახში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერას. შუშის გათავისუფლების 20 წლისთავის ზეიმთან დაკავშირებით მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქში საქართველოს სომხური ორგანიზაციების წარმომადგენელთა დიდი დელეგაცია ჩავიდა, რომლებმაც რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომლებთან თანამშრომლობის გაფართოების გეგმები განიხილეს. საქართველოს სომეხთა კავშირის წარგზავნილები სტუმრებს შორის, რა თქმა უნდა, არ ყოფილან. მაგრამ იქ მათ არც არავინ ელოდა...
არტემ ერქანიანი