თბილისი, 13 ივნისი, საქინფორმი. საინფორმაციო სააგენტო „Trend.az“-მა 2012 წელს გამოაქვეყნა მონაცემები იმის შესახებ, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 4 პროცენტია ავღანეთში დამატებითი ქართული ჯარების შეყვანის წინააღმდეგი. თუმცა ეს ინფორმაცია დიდ ეჭვს იწვევს. სტატიის ავტორი არზუ ნაგიევი კვლევითი რესურსების კავკასიური ცენტრის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ეყრდნობა. მაგრამ მონაცემები პირველწყაროს დამოწმების, გამოკითხვის ჩატარების თარიღისა და სხვა რეკვიზიტების მითითების გარეშე მოჰყავს.
როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია მოძველებულია. ყოველ შემთხვევაში, მოცემული წყაროდან ჩვენ ვხედავთ, რომ ანალოგიური ცნობები კვლევითმა ცენტრმა 2010 წელს გასცა. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ დროიდან საზოგადოებრივი აზრი 1%-ით მაინც უნდა შეცვლილიყო, თანაც სულერთია – რომელ მხარეს.გარდა ამისა, კვლევითი რესურსების კავკასიური ცენტრის მონაცემთა ობიექტურობაც შეგვიძლია ეჭვქვეშ დავაყენოთ, რამდენადაც ორგანიზაცია ამერიკულმა ფონდმა „ევრაზიამ“ შექმნა და ისევე კურატორობს, ხოლო ეს ფონდი, მათ შორის, აშშ-ის ბიუჯეტიდანაც ფინანსდება.
ყველაფერთან ერთად, სოციალური ქსელი „Facebook“-ის მომხმარებელთა შორის ჩატარებული გამოკითხვების შედეგები ამ ცენტრის მონაცემებისგან განსხვავდება.
სოციალურ ქსელ „Facebook“-ში ავღანეთიდან ქართული კონტინგენტის გამოყვანას მომხმარებელთა 51.8%-მა დაუჭირა მხარი იმ 815 ადამიანიდან, რომლებმაც ამ საკითხში აქტიურობა გამოავლინეს. გამოკითხულთა 42.8% ავღანეთში ნატოს ოპერაციებში ქართული საჯარისო კონტინგენტის შემდგომი მონაწილეობის მომხრეა,
5.4% თავის არჩევანში გარკვეული არ არის.
გარდა ამისა, არსებობს ავღანეთში ქართველი სამხედროების გაგზავნის მოწინააღმდეგეთა რიცხვის ზრდის ტენდენცია. გამოკითხვის შედეგების შეჯამება 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. ბუნებრივია, რომ იმ დროისათვის ციფრები შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ტენდენცია, სავარაუდოდ, შენარჩუნდება.
შედეგები გამოკითხვისა „მიზანშეწონილია თუ არა ქართველი სამხედროების ავღანეთში ყოფნა?“, რომელიც, ასევე, სოციალურ ქსელ „Facebook“-შია განთავსებული, აჩვენებს, რომ რესპონდენტთა მხოლოდ 24% მიიჩნევს აუცილებლად ავღანეთში ნატოს ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობას, ხოლო 76% ამაში აზრს ვერ ხედავს.
ამიტომ 2012 წელს უკვე არაფრით აღარ შეიძლება ლაპარაკი საქართველოს მოსახლეობის სრულ მხარდაჭერაზე ავღანეთში ნატოს „ISAF“-ის ოპერაციებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით, რის დამტკიცებასაც კვლევითი რესურსების კავკასიური ცენტრი 2010 წელს ცდილობდა.
ვანო დუმბაძე – სპეციალურად „საქინფორმისთვის“