პუბლიკაციები
ნანა დევდარიანი: „მზადდება საფუძველი, რომ თუ სააკაშვილი რეაქტიული ფსიქოზითაა დაავადებული, მისი გასამართლება არ შეიძლება!“

1-analit-nanaსაქინფორმის სტუმარია საქართველოს ექს-ომბუდსმენი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ექს-პარლამენტარი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ დავით V შვილიშვილი, ჟურნალისტი ნანა დევდარიანი.

– ქალბატონო ნანა, რა ხდება საქართველოში?

– ისევ იმ დღეში ვართ, რაც მუდმივად გვჭირს – ილიას მკვლელობა მახსენდება... სანამ მას მოკლავდნენ, ქართველები ერთმანეთს რომ ხვდებოდნენ, გამარჯობის მერე ეკითხებოდნენ – ილია ჯერ არ მოუკლავთო? ანუ, ამ საზარელი ამბის სუნი ტრიალებდა... ასეა ახლაც – ჩვენ ხომ მუდმივად გვაქვს რაღაც ცვლილებების მოთხოვნილება და ადამიანს ყოველთვის ჰგონია, რომ ოღონდაც ეს ხელისუფლება შეიცვალოს და უკეთესობა იქნება .ერთხელ, როცა პარლამენტის წევრი ვიყავი, ერთმა პარლამენტარმა მითხრა – ნეტა რამე შეიცვალოს, ამაზე უარესი ხომ არ იქნებაო? ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ უარესი არ იქნება, რადგან უარესი შეიძლება ყოველთვის მოხდეს, ცვლილება ყოველთვის უკეთესობისკენ არაა მიმართული-მეთქი. 2003-შიც ბევრს ეგონა, რომ ოღონდაც მთავრობა შეცვლილიყო და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ რომ გაიგებ სიტყვა „რევოლუციას“ და ვერ მიხვდები, შენი ქვეყანა საით მიექანება, ეს უკვე შენი აზროვნების პრობლემაა – პრობლემა გაქვს წიგნთან, ისტორიულ მეხსიერებასთან. მერე რაც მოჰყვება ამ „რევოლუციას“, აღარ უნდა გაგიკვირდეს – უნდა მიიღო შედეგი ამ „რევოლუციისა“.

– რა მოხდა 2003 წელს?

–2003 წელს მოხდა ჩვეულებრივი სახელმწიფო გადატრიალება, მეტსაც გეტყვით – უფრო „დავავიწროვებ“ ამ ტერმინს – სასახლის კარის გადატრიალება მოხდა. ის ხალხი ხომ ქუჩიდან არ მისულა, ისინი ხომ ხელისუფლებაში იყვნენ, ოღონდ მოახდინეს ხელისუფლების მთლიანი უზურპაცია. რა მოხდა, ამაზე პასუხს ციფრები გაგვცემს – ხმების რაოდენობა ასი პროცენტია, ის ვერცერთ შემთხვევაში ვერ გახდება ას ორი ან ას ოცდაორი. გამოვიდეთ ამ ასი პროცენტიდან და ვნახოთ, რა შედეგი მივიღეთ 2003 წლის არჩევნების შემდეგ: ხომ გავიდა 8 წელიწადზე მეტი? როგორ ფიქრობთ, რამდენი ხმა, რამდენი პროცენტი უნდა მიეღო სახელისუფლებო ბლოკს, რომ ამას აღეშფოთებინა ხალხი და რევოლუცია გამოეწვია? ალბათ, ორმოცდაათი პროცენტი მაინც, არა? მე მაშინ ცესკოს თავმჯდომარე ვიყავი და კარგად ვიცი ეს ყველაფერი. შევარდნაძის სახელისუფლებო ბლოკმა 21,28% აიღო. და დღეს ჩვენი უტიფარი ხელისუფლება ხმამაღლა აცხადებს – ხმების 30% ისედაც ხელში მაქვს, რადგან ხელისუფლებაში ვარო! მაშინ პარლანეტში ექვსი სუბიექტი გავიდა და ქვეყანაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების რეალური შანსი ჩნდებოდა,სადაც ყველა მოქალაქის ინტერესები იქნებოდა გათვალისწინებული. აი, ეს შანსი წაართვეს ერს რევოლუციონერებმა და მათ ამას ვერ ვაპატიებ – მათ ქვეყანას ცხრა წელი დააკარგვინეს, თორემ მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ჩემი პირადი წყენა დიდხანს არასოდეს მიმყვება, არც თანამდებობას მივტირი, რადგან ჩემი ცხოვრების მთავარი ამოცანა სკამი არასოდეს ყოფილა. ადამიანი თუ ნორმალური ხარ, უნდა იცოდე,რომ თანამდებობაზე როგორც მოხვედი,ისე მოგიწევს წასვლა...

– და ამ „სასახლის კარის გადამტრიალებლებმა“ დაიწყეს აქტიური „მუშაობა“ ახალი, „დასავლურ-ამერიკული“ ადამიანის ჩამოსაყალიბებლად, ოღონდ ყოველგვარი ქართულისა და მართლმადიდებლურის უხეშად გათელვით, საქართველოს ისტორიის მათებური ინტერპრეტაციით; მეტიც – ისტორიულ პიროვნებათა „გასამართლებით“ –თურმე ერეკლე მეორე ბეცი პოლიტიკოსი ყოფილა და მან საქართველოს რუსეთთან შეერთებით „საბედისწერო“ შეცდომა დაუშვა და ამას მოჰყვება „მტკიცებულებების“ მთელი კასკადი – დაწყებული ქართული ფრესკების გადაღებვიდან, 2008 წლის ომით დამთავრებული... ამ კითხვას გისვამთ, როგორც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ დავით V შვილიშვილს – ერეკლე მეორეს მიერ გადადგმული ნაბიჯის გამო „დავიღუპეთ“?

ძალიან მარტივია ამის ახსნა. ჩვენს ხელისუფლებაში ძალიან ბევრი უმეცარი ადამიანია, რომელთაც არც ისტორია იციან და არც გეოგრაფია. მხოლოდ სააკაშვილს კი არ ერევა ილორი და სულორი ერთმანეთში! მათ წარმოდგენა არ აქვთ ისტორიასა და გეოგრაფიაზე და ქართულ ენასაც რა „შესანიშნავად“ ფლობენ, ამაზე ახლა აღარაფერს ვიტყვი. მოდი, გავიხსენოთ, რა ისტორიულ კონტექსტში იღებს ერეკლე მეორე ამ გადაწყვეტილებას – ჩვენ თურმე მაშინ დასავლეთის გზას ვედექით და ერეკლე მეფემ მოგვიჭრა ეს გზა?! სასაცილოა... ამაზე მუხრან მაჭავარიანის სტრიქონები მახსენდება – ციცას რომ ეფერებოდა ლუდოვიკო და ფეხებზე რომ ეკიდა საქართველო. ეს პოეტის თვალით დანახული სცენაა, თუმცა ძალიან სწორად!

– ამ „დასავლური კურსის“ გამო სულხან-საბა ორბელიანმა მართლმადიდებლობა უარყო და კათოლიკობაც კი მიიღო... და ჩვენი ლიბერალი მეგობრები დღესაც გვიკიჟინებენ, რომ „უნდა შესრულდეს უფლის ნება“ და მართლმადიდებელი ეკლესია და თავისი „და“ – კათოლიკური ეკლესია, უნდა გაერთიანდეს...

ახლა ლიბერალები ხმამაღლა გაჰკივიან – რა არატოლერანტულნი იყვნენ ქართველები, რომ სულხან-საბა კათოლიკობის მიღებისთვის წვერებით ითრიესო... სულხან-საბა წვერით იმიტომ კი არ ითრიეს, რომ მან მიიღო კათოლიკობა, არამედ იმიტომ, რომ მან ფრანგებს პირობა მისცა – საქართველო მიიღებსო კათოლიკობას! ყველა ქართველის მაგივრად ვინ გეკითხებოდა, პირობას რომ აძლევდიო – ამიტომ ითრიეს წვერით! ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! ერეკლე სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ზუსტად იცის, დასავლეთ ევროპის რომელ ქვეყანაში რა ხდება. მთელ დასავლეთ ევროპაში, თუკი სადმე მონარქი იყო, ყველა ეშაფოტზე გაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს.ხომ არ გვავიწყდება, რომ ერეკლე დემოკრატი და რესპუბლიკელი კი არა,მონარქი – მირონცხებული მეფე იყო. ვისთან უნდა წასულიყო და ეთხოვა შველა – ოსმალოსა და სპარსელისაგან, რომელთაც დღეს აისრულეს ის, რაც საუკუნეების წინ იარაღით ვერ შეძლეს? მეფე ერთადერთი არჩევანის წინაშე იდგა და თავისი გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო – არ დაგავიწყდეთ, მაშინ რუსეთი იყო ყველაზე მოწინავე, განათლებული მონარქია და ყველაზე დემოკრატიული თავისი შინაარსით! ამიტომ ეს ზღაპრები ჩვენმა „ძვირფასმა“ ლიბერალებმა მოუთხრეს თავიანთ დედ-მამასა და ბებია-ბაბუებს, რომელნიც ათეისტურად, სკკპ ისტორიის მაგალითებზე არიან გაზრდილნი – ადრე თუ მათი მშობლები ლენინის, მარქსის, ენგელსისა და ბრეჟნევის სიტყვებით წერდნენ დისერტაციებს (მადლობა ღმერთს, ეს დისერტაციები დღესაც შენახულია, არ იწვის ის ქაღალდები), დღეს ესენი საუბარს იწყებენ კლინტონისა და ობამას ციტატებით!

...აქ იმაზე კი არაა საუბარი, ვინ უფრო მართალია – კათოლიკები თუ მართლმადიდებლები, აქ საუბარია დოგმატის ერთგულებაზე. ის, რაც შენ ღმერთმა გითხრა,იმას ასრულებ, თუ შენ შენს თავზე „ირგებ“ უფლის რწმენას შენი კომფორტული ცხოვრებისთვის, კათოლიკური ეკლესია ნაბიჯს ნაბიჯზე დგამს იმისათვის, რომ სხვადასხვა ცოდვა გაამართლოს და ისეთ მარაზმამდე მივიდა, რომ იმის იქით აღარაფერი აღარაა. რამდენიმე წლის წინ კი თავად მიხვდნენ,რომ ყველაფერი რომ ნებადართულია, არ შეიძლება, ეს დაღუპვაა და საკითხი ასე დაისვა – იქნებ „მართლმადიდებლური რამადანი“, ანუ მარხვა შემოვიღოთო (!!!). ამ სიტყვით სასწრაფოდ „გააერთიანეს“ ისლამი და მართლმადიდებლობა! დასავლეთში აღარ მარხულობენ, ერთადერთი, ვინც თავის რჯულს მტკიცედ ინარჩუნებს, ებრაელი ხალხია. ამერიკაში კვების ნებისმიერი პროდუქტი რომ ქაშერულია, რაბინმა უნდა დაადასტუროს. არაებრაელი ამერიკელი კი აპროტესტებს – არ ვარ ებრაელი, არ მჭირდება ქაშერული პროდუქცია და რატომ უნდა ვიხადო  ჩემი ჯიბიდან ამის გადასახადიო. ეს არის სიმტკიცე რჯულში. როგორ, ეს ებრაელებისთვის შეიძლება და ჩვენთვის არა? აქ, დედამიწაზე, სხვადასხვა, „განსაკუთრებული“ ჯგუფები, გამოიყო? კი, ებრაელები მიიჩნევენ და სწამთ, რომ ისინი ღვთის რჩეული ერია, მაგრამ მართლმადიდებლებიც ხომ ჩვენი რწმენიდან, ქრისტეს მცნებიდან გამომდინარე თავს გამორჩეულად მივიჩნევთ? ამიტომ აქ ლაპარაკი რუსეთზე კი არა, შენს რწმენისმიერ ძმებზეა.

ცუდი, კარგი, დამპყრობელი, მტარვალი ყველა რჯულსა და ერშია. უფრო გასაგებად გეტყვი – რატომ არის შეტევები ეკლესიაზე? რატომ უნდა მოგინდეს, რომ ასე გამალებით ებრძოლო მართლმადიდებელ ეკლესიას? ამაზე რამდენიმე პასუხი არსებობს: პირველი, რაც ჩემთვის ყველაზე მეტად მტკივნეულია – ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი სივრცე, სადაც საქართველო ჯერ კიდევ მთლიანი რჩება. მეორე მხრიდანაც შევხედოთ ამას – რუსეთმა მოახდინა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ოკუპირება, რუსეთის საპატრიარქომ კი არ აღიარა მათი ეპარქიების საქართველოდან დამოუკიდებლობა. საქართველოს სულიერი სხეული მთლიანია ეკლესიის წიაღში, შენ თუ ამასაც დაარტყამ, ეს მთლიანობა დაინგრევა! ფიზიკურად შენთან არ არის აფხაზეთი და სამაჩაბლო და როცა ეკლესიას ებრძვი, ამით საკრალურს ებრძვი, ღმერთს ებრძვი!

...არის ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც განათლება დასავლეთში მიიღო, მაგრამ მე ამას განათლების მიღებას არ ვეძახი; განათლება მიიღო ილია ჭავჭავაძემ სანკტ-პეტერბურგში! ერთ წელიწადში რომ ექვსი უნივერსიტეტის სერტიფიკატს აიღებ, მაშინ არცერთში გისწავლია, უბრალოდ, იქ რაღაც კურსები გაიარე. მაგრამ ამ ხანმოკლე ურთიერთობით დასავლურ კულტურასა და სულიერ სივრცესთან ვიღაც-ვიღაცებმა გამოიტანეს მცდარი დასკვნა: ჩვენც რომ ასე კარგად ვცხოვრობდეთ, ამისთვის საჭიროა, ვიყოთ ან კათოლიკე, ან პროტესტანტი! გადავხედოთ ისტორიას – დღეს წამყვანი, განვითარებული ქვეყნები არიან ის ქვეყნები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დანარჩენ მსოფლიოს ძარცვავდნენ, ყველაფერი მიჰქონდათ და ამ ნაძარცვის ხარჯზე მოიწყვეს ეს კარგი ცხოვრება. კოლონიური მარცხის შემდეგ ეს გაძარცვული ხალხები შეესივნენ იმ მეტროპოლიებს და გარეთ რომ ვერაფერი გამოიტანეს, მათ შიგნით ჭამენ. ეს უკვე აღარ მოსწონთ, მაგრამ ახლა მე შენ გეკითხები –ადამიანის უფლებებზე რომ მელაპარაკები და (სახალხოდამცველობის პერიოდში ეს საკითხები სულ მიჩენდა დისკომფორტს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 2003 წლის შემდეგ მომეცა საშუალება, ამ საკითხებზე ბევრი წამეკითხა და მემუშავა, მეფიქრა, რისი დროც მანამდე არ მქონდა) მეუბნები, რომ რელიგიური უმცირესობები არ უნდა დავჩაგრო – მე ვერ ვიხსენებ რაღაც ასეთი დაჩაგვრის ფაქტებს (ცალკეული ექსცესები კი იყო, როცა სექტანტებს წიგნები დაუწვეს და ჯვრები ურტყეს თავში, რაც ცალსახად მიუღებელია, რადგან ადამიანს რწმენას ვერ შეუცვლი ცემა-ტყეპით – არაფერი ისე კარგად არ ჭრის,როგორც პირადი მაგალითი), მე მასწავლი ამას და მილიონობით მუსლიმანი ცხოვრობს დღეს შენს ქვეყანაში და მეჩეთების აშენების საშუალებას არ აძლევ.მართლმადიდებლებს გერმანიაში ტაძარი არ ააშენებინეს – ზარების რეკვა შეგვაწუხებსო! მოდი რა, ჯერ შენ იყავი ტოლერანტული და მერე მე დამარიგე ჭკუა, როგორ ვიცხოვრო. საქართველო მართლა უნიკალური ქვეყანაა, რომელიც ახერხებდა და ყველა აღმსარებლობის ადამიანი ნორმალურად გრძნობდა აქ თავს.

...გასულ კვირას წავიკითხე, რომ შეერთებულ შტატებში ყოფილა სექტა – „შავი ებრაელები“ და ამ სექტის მეთაურმა ქალი, რომელთანაც ცხოვრობდა, და მისი შვილი მოკლა... ქალის მოკვლა – ეს უკვე საზარელი დანაშაულია, მაგრამ 4 წლის ბავშვის მკვლელობა ხომ – კიდევ უფრო შემზარავი! როცა სასამართლოზე ჰკითხეს – რატომ მოკალიო, უპასუხა, რომ მამამისი ჰომოსექსუალისტი იყო და ეგეც ასეთი გაიზრდებოდა და მე კი ამას ვერ ვიტანო! ეს ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ისინი გვასწავლიან ჩვენ,რომ უნდა ვიყოთ შემწყნარებელნი სექსუალური უმცირესობების მიმართ. მე არავისი პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს, ჩემი განსასჯელი არაა, ვინ ვის ეყვარება და ლოგინში ვისთან წევს, მაგრამ ის, რაც ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ, რომ ცოდვაა, ჩემი რწმენით, რელიგიური შეხედულებებით, იმაზე ნუ მაიძულებ, გითხრა, რომ ეს არაა ცოდვა. არ ვიტყვი, რადგან ეს ჩემს რწმენას ეწინააღმდეგება – სექსუალურ უმცირესობათა თავისუფლება ეჯახება ჩემი რწმენის თავისუფლებას და უფლებასაც მართმევ, რომ ეს ვთქვა? მე ვცოდავ და შენ ისიც არ გამიბედო და არ მითხრა – ვცოდავო. ვერ ვიტყვი, რადგან მაშინ მე „მე“ აღარ ვიქნები, ან მე აღარ ვიქნები მართლმადიდებელი.

...ჩვენთან არასოდეს იყო ის, რაზედაც იდგა დასავლეთ ევროპა – ევროპული გამონათქვამია: „ვისი მიწაც არის, იმისია რჯული!“ მოვიდოდა ვიღაც ჰერცოგი და თავის რჯულზე მოაქცევდა მთელ მოსახლეობას. ჩვენთან კი მსგავსი არ ყოფილა! ღმერთის წინაამდეგი ეს ხელისუფლება მარტო იმიტომაც არის, რომ ის სოფელში ხალხს არ ეკითხება, უნდათ თუ არა მეჩეთი მათ – ვოლუნტარისტულად იღებს ამ გადაწყვეტილებას. ის არც ღვთის ნებას ემორჩილება და არც ხალხისას, ვისი მსახურიც უნდა იყოს სინამდვილეში. ამიტომ ეს ორმაგი სტანდარტებია, „გამარჯვებულების“ ხელით დაწერილი ისტორიაა და მძარცველების მიერ შექმნილი კარგი ცხოვრებაა, რომლის შენარჩუნებასაც ცდილობენ, მაგრამ ვერ შეინარჩუნებენ; ეს ის სამყარო აღარ არის – აჩქარდა უკვე ყველაფერი, ცოდვაც ისე მომრავლდა, რომ ძალიან ბევრი კვანძი ჩვენ თვალწინ გაიხსნება. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს უთქვამთ ჩვენთვის – რუსეთს რას ვებრძოდით, რას ვერჩოდით – ეს რა დღეში ამოვყავით თავი, მთელი ჩვენი თაობა აფანატებდა ამერიკას, ყველაფერი ამერიკული მოგვწონდა და ახლა ჩამოეხსნა ნიღაბი და აბსოლუტური იმედგაცრუება დაგვემართაო! ასე იცვლება შეხედულებები, განა იმიტომ, რომ ჩვენ არა ვართ მყარი, არამედ იმიტომ, რომ ღმერთმა დაგვანახვა სიმართლე!.. სხვათა შორის, ჩვენ გვეგონა, რომ როცა ის ფარდა, რომელიც დასავლეთისგან გამოგვყოფდა, აღარ იარსებებდა, ყველანი ძალიან კარგად ვიქნებოდით. სინამდვილეში კი ასეთ უბედურებაში ამოვყავით თავი. მეცინება, ამას რომ გეუბნები, მაგრამ გაზეთ „პრავდაში“ რაღაცები რომ წამიკითხავს, თურმე ყველაფერი ტყუილი არ ყოფილა...

რაც შეეხება პიროვნულ და ემოციურ დონეზე, ვინმე თუ დამარწმუნებს, რომ სააკაშვილს უფრო უყვარს თავისი სამშობლო, ვიდრე ერეკლე მეფეს თავისი სამეფო,მე მგონი, ის გონებასთან მწყრალადაა. ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობაც კი არ შეიძლება...

არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ქალაქში ასეთი ამბავი დადის: ერთ-ერთ სუფრაზე აკა მორჩილაძემ, რომელიც ზედმიწევნით კარგად ჩახედულია საქართველოს ისტორიაში, სუფრის ერთი წევრის კითხვაზე – გვიპასუხეთ, ერეკლემ ხომ გაგვიყიდაო, მიუგო: ბატონო, მე მეკითხებით ამას? როცა ერეკლე მეფე გარდაიცვალა და მიცვალებული განბანეს, სხეულზე ოთხმოცზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიღებული საქართველოსთვის ბრძოლებში და მე ამ ქვეყნისთვის თითიც არ გამიკაწრავს და მე მეკითხებით – სწორი იყო თუ არა ერეკლეს ნაბიჯიო?.. მოდი, ასე ვთქვათ –შენ რა გააკეთე საქართველოსთვის, რომ ერეკლეს სასამართლო მოუწყო? შენი მმართველობის დროს ხალხი უკეთ ცხოვრობს თუ ტერიტორიები შემოიმტკიცე?

– განა საქართველომ არ „გაიმარჯვა“ 2008 წლის აგვისტოს ომში? აქვე გავიხსენებ, რომ ამბობენ –ჰიტლერის დროს რომ „რუსთავი 2“ ყოფილიყო, ის ისე მოკვდებოდა, რომ ვერ გაიგებდა, ომი რომ წააგოო...

– მე მაწყევარი ადამიანი არ ვარ, ვერ ვიტან წყევლას, მაგრამ ამ შემთხვევაში თავისუფლად ვიტყვი: ვინც იმას იტყვის, რომ იმ ომში საქართველომ გაიმარჯვა, ამ „გამარჯვებით“ ატაროს ღმერთმა მთელი თავისი სიცოცხლე!

რკინის ფარდაზე გამახსენდა – მე არ ვიცი, ცდილობს თუ არა ვლადიმერ პუტინი, სტალინს მიემსგავსოს, მაგრამ როცა მისი ინაუგურაციის წინა დღეს მისი ბრძანებით XVI საუკუნის ივერიის ღვთისმშობლის ხატი მუზეუმიდან გამოაბრძანეს და რუსეთის საპატრიარქოს გადასცეს, მეორე მსოფლიო ომში სტალინის ბრძანებით ყაზანის ღვთისმშობლის ხატის გამობრძანება გამახსენდა...

სწორედ ივერიის ღვთისმშობლის ხატი!.. მე არ ვამბობ, რომ ეს ღვთისგან მოვლენილი ნიშანია, თუმცა ამ დონის პოლიტიკოსები ტყუილად ნაბიჯს არ დგამენ. წინა საღამოს ხატი გამოაბრძანა და მეორე დღეს მისი ინაუგურაცია იყო. მეტსაც გეტყვით, ამ ხატს ძალიან უცნაური ისტორია აქვს. მთლად თავიდან არ დავიწყებ. რუსეთში 1917 წლის რევოლუციის შემდეგ (რა უბედურებაც დაატყდა ეკლესიას, ყველამ კარგად ვიცით) ეს ხატი კარადაში იყო გამოკეტილ-დაპატიმრებული, მორწმუნეებს იქ მისვლა და ლოცვა არ შეეძლოთ, რადგან იქ მუზეუმი იყო... რამდენიმე წლის შემდეგ პუტინმა ნოვოდევიჩის მონასტერი მოქმედი გახადა, იქიდან მუზეუმი გამოიტანა და მოხდა საოცარი რამ – ხატი, რომელსაც მონასტერი 1 წამითაც არ დაუტოვებია, როცა მუზეუმი გაუქმდა, ის, როგორც ექსპონატი, გაიტანეს. აამოქმედეს მონასტერი და ხატი კი ისევ მუზეუმს გადასცეს... ეს სამართლიანობა აღადგინა პუტინმა – მუზეუმს გამოართვა და დაუბრუნა მოქმედ მონასტერს. ეს ისტორია კიდევ რომელიმე ისტორიულ მოვლენასთან პარალელს ხომ არ გაგონებს – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ისტორიას ხომ არა? 

–კარგად ვიცი ჩვენი ხელისუფლებისა და მათი ფანების ფსიქოლოგია – რუსეთზე რაიმე პოზიტიურის თქმისთვის აგენტისა და მოღალატის „საპატიო“ ტიტულს რომ მოგანიჭებენ. რუსეთის სიძულვილი ხომ უკვე ამ ხელისუფლებისთვის ცხოვრების წესად გადაიქცა...

– არ დაგეთანხმები, რადგან მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ეძებენ კონტაქტს რუსეთთან, მაგრამ ისინი არ გამოდიან კონტაქტზე და ეს ყველა ფობია და ისტერიკა ამის გამოძახილია. მაგათ რომ დასჭირდეთ, ჩემზე და შენზე უწინ შეასხამენ ხოტბას რუსეთს. მე რასაც არ ვიზამ და ხოტბას არ შევასხამ იმისთვის,რაშიც ისინი მართალნი არ მგონია, ესენი იმისთვისაც დითირამბებს უმღერებენ რუსეთს, თუ ეს მათ ხელისუფლებაში ყოფნას დასჭირდა...

...ისე კი, მათი აზრი ამ საკითხთან კი არა,საერთოდ არაფერზე მაინტერესებს და რაც უნდათ,ის ილაპარაკონ...

– დაბოლოს, რომ არ დაგისვათ ეს კითხვა, არ შემიძლია: როგორია თქვენი პროგნოზი – რა მოხდება ოქტომბრის არჩევნებზე?

– ოქტომბრის არჩევნებზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს... ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში,რომლის პირველმა პირმა თავად არ იცის, დილას რომ ადგება, შუადღეზე საჭმელს სად შეჭამს. ამის პროგნოზირება ურთულესია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რა ნაბიჯს გადადგამს, როგორი ემოციური ფონი ექნება – ამის პროგნოზირებას ჩემს თავზე ვერ ავიღებ...

– ემოციურ ფონზე გამახსენდა – ბალტიისპირეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მას რეაქტიული ფსიქოზის დიაგნოზი დაუსვა...

– ერთხელ ძალიან სერიოზულ სპეციალისტს ჟურნალისტმა ჰკითხა – შეურაცხადია თუ არა ჩვენი პრეზიდენტიო, მან კი უპასუხა – ეგ შეკითხვა არ დამისვათ –ჩემი და შენი სირცხვილია, ეს თუ მასეაო...

ეს მართლა ჩვენი სირცხვილია, მით უმეტეს, თუ ეს დიაგნოზი ჩვენს ქვეყანაში კი არა, სხვაგან დაუსვეს...

თუმცა ისიც ნუ დაგვავიწყდება – ვიღაც ხომ არ ამზადებს იმის საფუძველს, რომ თუ ავადაა და რეაქტიული ფსიქოზი აქვს, ვეღარ გაასამართლონ?!.

 

ესაუბრა შორენა სიხარულიძე

საქინფორმი