პუბლიკაციები
ნანა დევდარიანი: „ჩემთვის იდეალური იქნებოდა, რომ მთელი ოპოზიცია, მათ შორის – კუკავა და ბურჯანაძე, კოალიციაში ყოფილიყო“

1-analitikaNEW-nanadevdariaსაქინფორმის სტუმარია – ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი პარტია „თავისუფალი საქართველოდან“, საქართველოს ექს-ომბუდსმენი, ცესკოს ექს-თავმჯდომარე, ორი მოწვევის ექს-პარლამენტარი, თბილისის საკრებულოს ექს-მდივანი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ დავით V შვილიშვილი ნანა დევდარიანი.

– ქალბატონო ნანა, წლების განმავლობაში პოლიტიკურ სარბიელზე არ ჩანდით, რამდენიმე თვის წინ კი გახდით ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წევრი, თუმცა, მალევე დატოვეთ მისი რიგები. რატომ?

 

მე კოალიციაში არა პოლიტიკურ თანამდებობაზე, არამედ საორგანიზაციო სამუშაოებზე დასახმარებლად ვიყავი მისული. მიზეზების ჩამოთვლას ახლა, ამ წინასაარჩევნო პერიოდში, არ დავიწყებ, თუმცა, გეტყვით, რომ მიზეზი ჩემი კოალიციის დატოვებისა იყო ის, რომ კოალიცია სრული ოპოზიციური ერთობისკენ – „ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ“ – არ წავიდა და სეპარირება დაიწყო. სრული ერთობის გარეშე კი ურთულესია ისეთ ძლიერი ძალის დამარცხება, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“; სიძლიერეში ზნეობრივ და სულიერ სიძლიერეს კი არა, ძალადობას ვგულისხმობ. მას კარგად აქვს აწყობილი ვერტიკალური სტრუქტურები, სადაც სრული მორჩილებაა – ადამიანები შეიძლება საკუთარი მრწამსის წინააღმდეგაც კი წავიდნენ შიშის თუ სხვა ფაქტორების გამო.

რატომ არ წავიდა „ქართული ოცნება“ ერთობისკენ, ჩემთვის ეს დღემდე აუხსნელია, არგუმენტები კი, რასაც ამბობენ – არადამაჯერებელი... –  ნინო ბურჯანაძესთან არ გვინდა, რადგან ბურჯანაძემ პუტინს ჩამოართვა ხელიო და ამ დროს კოალიციაში ორი სუბიექტი ჰყავთ, რომლებმაც პუტინამდე ვერ მიაღწიეს და ჟირინოვსკის ჩამოართვეს ხელი! მაშინ ისინი რატომ გყავს გვერდით? ბურჯანაძე იმიტომ არ გვინდა, რომ ქუჩას ანიჭებს უპირატესობასო, ახლა თავად გამოდიან და ამბობენ – თუ გაყალბდა არჩევნები, ქუჩაში გამოვალთ ჩვენი ხმების დასაცავადო. აღარ დარჩა არგუმენტი – რატომ „არა!“ ვინც საარჩევნო საკითხებსა და ტექნოლოგიებში კარგად ვერკვევით, ვხედავთ, რომ ასე კოალიციას მოგების პირი არ უჩანს... როცა პოლიტიკურ ძალას ეუბნები, რომ არ მინდიხარ, მე ჩემით მოვიგებო, ის არჩევანის წინაშე დგება – ან უნდა დაჰყვეს  შენს ნებას და არ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ან თავად, დამოუკიდებელ სუბიექტად წარდგეს ამომრჩევლის წინაშე.

დღეს თქვენ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი ხართ და საბურთალოს რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამ პარტიიდან. რატომ „თავისუფალი საქართველო“?

პარტიის მთავარი დევიზია „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!“ – „არა“ ამერიკანიზაციას და ნატოს! უნდა აღდგეს რუსეთთან ნორმალური დამოკიდებულება და დავიბრუნოთ რუსული ბაზარი! ქართული მიწა-წყალი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების ხელში და არ უნდა რიგდებოდეს უცხოელებზე, რომელთათვისაც მოქალაქეობის მიღება უმარტივესი გახდა მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილს არ „ეკუთვნის“ თურმე! ესაა ჩვენი ძირითადი მიმართულებები და ამით „თავისუფალი საქართველო“ გამორჩეული ძალაა.

სამი თვის წინ სოროსის ფონდმა გამოკითხვა ჩაატარა, საკითხი ასე იყო დასმული: „მზად ხართ თუ არა, შეწყვიტოთ ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების ხარჯზე?“. გამოკითხულთა 48%-მა დადებითად უპასუხა. ეს ის 48% ამომრჩეველია, რომელიც არც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს ხმას და არც „ქართულ ოცნებას“. აი, სწორედ ამ ამომრჩეველზე იმუშავებს „თავისუფალი საქართველო“ და ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ წაართმევს ხმებს „ქართულ ოცნებას“ მით უფრო იმ ვითარებაში, როცა მმართველი პარტია და მისი ძირითადი ოპონენტი ერთსა და იმავეს იძახის – რომ ქართველები თურმე ავღანეთში უნდა დაიხოცონ იმიტომ, რომ „საქმეს ასე სჭირდება“, თუმცა, ეს სჭირდება ამერიკელებს, რადგან ქართველი ჯარისჯაცი უფრო „იაფია“ და საკუთარის დახოცვას ურჩევნია, სხვისი დაიხოცოს. ორივე ძალა ამტკიცებს, რომ მათთვის ნატოსთან ინტეგრაციაა უმთავრესი, ჩვენ კი ვამბობთ, რომ თუ ნატო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საპირწონეა, ასეთი ნატო არაფერში გვჭირდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ნატოში ტერიტორიული პრობლემის მქონე ქვეყანას არავინ მიიღებს. ამიტომ არ ვართ თანახმა ისეთ ორგანიზაციაში გაწევრებაზე, რომლის გამოც ჩვენს ტერიტორიებზე უარის თქმა მოგვიწევს.

ჩემთვის იდეალური იქნებოდა, ყველა ოპოზიციური ძალა, მათ შორის, კახა კუკავაც და ნინო ბურჯანაძეც, კოალიციაში ყოფილიყო. ჯერ გაუშვი ეს „ნაციონალური მოძრაობა“, მერე დანიშნე რიგგარეშე არჩევნები და ვინც რამდენ ხმას მიიღებს, ისე იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. დღესაც კოალიციაში სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს ბევრ საკითხზე განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ ერთად არიან – ამბობენ, ჩვენ ჩვენი ფრაქცია გვექნება და ეს სულაც არაა ტრაგედიაო. მაგრამ სხვა ოპოზიციური ძალებიც ყოფილიყვნენ და მათაც ექნებოდათ თავიანთი ფრაქციები... ამ წინასაარჩევნო რიტორიკაში ძალიან ბევრი უზუსტობაა და ლოგიკა არ არის, ასეთ ცალსახა და დასავლეთზე ორიენტირებულ და მართლმადიდებლობაზე „აცრილ“ პოლიტიკურ სპექტრში კი აუცილებლად ერთი ფრაქცია მაინც უნდა იყოს პარლამენტში, თუ მეტი არა, რომელიც იტყვის, რომ მისთვის პრიორიტეტია ეროვნულობა, მართლმადიდებლობა. „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი სლოგანია ჯერ ქართული და მერე უცხო ენა. საბჭოეთის დროსაც კი ვერ ნახავდით, რომ ქართული წარწერა საერთოდ არ ყოფილიყო, ან რუსული წარწერა – ქართულზე დიდი! მაშინ ვიყავით კოლონია და ახლა ვართ თავისუფლები? ძალიან სასაცილოა!

– ერთ-ერთ თქვენს ინტერვიუში განაცხადეთ, რომ თქვენ მთავარ კონკურენტად მიიჩნევთ კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ და არა „ქართული ოცნებიდან“ თქვენ ბრძანეთ, რომ სანამ დავით უსუფაშვილი ჩასწვდება საბურთალოს მოსახლეობის პრობლემებს, მანამდე საპარლამენტო ვადაც ამოეწურება. მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას“ ასეთი მაღალი რეიტინგი აქვს, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

– ბოლო 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა საკონსტიტუციო თანამდებობა მეკავა და ჩემთვის სანატრელი მიზანი პარლამენტში მოხვედრა არაა, მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე ვიყავი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, თბილისის საკრებულოს მდივანი, სახალხო დამცველი, ცესკოს თავმჯდომარე 2003 წელს... დღეს სააკაშვილს, ძირითადად, ის პოლიტიკური სუბიექტები ებრძვიან, რომლებიც მის გვერდით იდგნენ „ვარდების რევოლუციის“ ავანგარდში. მე მაშინ გადავდექი თანამდებობიდან და ვთქვი – მომავალში თუ 5 ოპოზიციური პარტია შევა პარლამენტში და ექვსპარტიული პარლამენტი გექნებათ, მერე მელაპარაკეთ-მეთქი. მას მერე ეს მიუღწეველი, დაუძლეველი ამოცანა გახდა. როდესაც განგება ლანგარზე მოგართმევს ასეთ ვითარებას და შენ ამას ვერ შეირგებ, მერე სულ ასეთ წვალებაში იქნები. მე პოლიტიკური პარტიები კი არა, ჩემი ქვეყანა მადარდებს, რომელსაც 9 წელიწადი უქმად დააკარგვინეს და დღეს იბრძვიან იმ პოზიციების მოსაპოვებლად, რაც 2003-ში უკვე ჰქონდათ მოპოვებული. აქ პარლამენტარობაზე არაა ლაპარაკი – მთელი ეს 20 წელი, რა თანამდებობებზეც ვიყავი, ვცხოვრობდი რიგითი მოქალაქის ცხოვრებით – ისეთივე პრობლემებით, ისეთივე უფულობით, დაზოგვით... გახსენება აღარ მინდა ამ ყველაფრის. ყოველთვის ჩემი ამომრჩევლის ცხოვრებით ვცხოვრობდი, არაფრით ვიყავი გამორჩეული. შეიძლება იმიტომ, რომ ბაბუაჩემმა (საქართველოს პატრიარქი დავით მეხუთე, – საქინფორმი) გამზარდა ასე და მითხრა: „შენ არასოდეს უნდა იფიქრო, რომ რაღაცით სჯობიხარ სხვას“... ან როგორ შეიძლება ქვეყანა ასეთ გაჭირვებაში იყოს, შენ კი ფუფუნებაში ცხოვრობდე?

...ბოლო 20 წელია, ბევრი ადამიანი დამოკიდებულია გრანტებზე და სასათბურე პირობებშია, არ შია და არ წყურია. მაძღარს კი ყველა მაძღარი ჰგონია. როცა შენ გაქვს ის ყველაფერი, რაც არ აქვს შენ ირგვლივ მოსახლეობის 90%-ს, უკვე მოწყვეტილი ხარ რეალობას და აღარ გესმის მათი.

იცით, კიდევ რა არის? თბილისის ყველა უბანს თავისი სული აქვს. ახლა მე რომ ჩავიდე და ქიზიყში – არაჩვეულებრივ, უბატონო მხარეში, საიდანაცაა დათო უსუფაშვილი, ვიყარო კენჭი, არ მეტყვიან – საიდან ან რატომ მოხვედიო? ან, თუნდაც, აჭარაში... შეიძლება პიროვნულად ძალიან უყვარდე და პატივს გცემდნენ, მაგრამ მაჟორიტარს ირჩევენ ისეთს, ვისაც ხელით შეეხებიან, ეტყვიან თავიანთ გასაჭირს და სატკივარს, შიმშილს თუ უბედურებას...

არ შემიძლია არ ვთქვა – არცერთ დღევანდელ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს (ერთი-ორი ადამიანის გარდა, და აქვე არ შემიძლია არ გადავუხადო მადლობა პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, რომელსაც სასამართლოს არცერთი სხდომა არ გამოუტოვებია) სიტყვა არ დაუსველებია, როცა ტელეკომპანია „კავკასიის“ სტუდიაში მომხდარი გაუგებრობის გამო მართლმადიდებელი ბიჭები დაიჭირეს მარტო იმიტომ, რომ ისინი მართლმადიდებლები არიან, და იცით, რატომ? იმიტომ, რომ იეჰოველების დაცვა შეიძლება, რადგან უფრო „პრესტიჟული“, პოპულარული და ტოლერანტული თემაა! მართლმადიდებლები კი თურმე იმიტომ არ უნდა დაიცვა, რომ ისინი უმრავლესობაში ყოფილან! ვერ ვიტან ამ მმართველ რეჟიმს, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობიდან რომ ვინმე უკანონოდ დაჩაგრონ, ხმა არ უნდა ამოვიღო უსამართლობაზე? ან, რა შორს მიდიხართ? მაია თოფურიაზე, რამდენიმე უფლებადამცველის გარდა, ვინმემ ხმა ამოიღო? მე ყველაზე მეტად არ მომწონს შერჩევითი სამართლიანობა და შერჩევითი დემოკრატიულობა, ისევე, როგორც არ მესმის, 600000 ერაყელის სიცოცხლის ფასად რატომ უნდა აშენდეს იმ ქვეყანაში დემოკრატია და ეს რა დემოკრატიაა, რა კერპია ასეთი, რომ ამხელა სისხლი და მსხვერპლი სჭირდება? ამას ვერასოდეს გავიგებ!

...მე დათო უსუფაშვილზე არ მაქვს მხოლოდ ლაპარაკი. აქ საუბარია იმ პარტიაზე, რომლის ლიდერიცაა იგი. მაგ პარტიის არჩევა რომ ნდომებოდა საქართველოს მოსახლეობას, აირჩევდა; მათ არასოდეს 2%-ზე მეტი არ მიუღიათ და ბიძინა ივანიშვილის ხათრით აირჩიო ის, ვინც შენთვის მიუღებელია, ამას ძალიან ბევრი ამომრჩეველი არ გაგაკეთბს. მე მაგალითად მომყავს, თორემ პირადად დათოს არაფერს ვერჩი. ბოლომდე მქონდა იმედი, რომ იქნებ კოალიციაში მიდგომები შეცვლილიყო რიგი საკითხების მიმართ... როგორ შეიძლება თქვა – რესპუბლიკელების რომ ჩვენს მოსახლეობას არ ესმის, ეს ხალხის ბრალიაო?!. მაშინ გააუქმონ არჩევნები და დასხდნენ და გადაწყვიტონ, ვინ უნდა მართოს ეს ქვეყანა. არჩევნები ისაა, უმრავლესობას ვინც უნდა, ის უნდა აირჩიოს. შენ კი ამბობ – ხალხს არ ესმის, ესენი რა კარგები არიან, და მე მესმის და ამიტომ აირჩიეო. არ მიიღებს ამას ხალხი. მაგრამ დავანებოთ ყველაფერს თავი და ვთქვათ, ვინ ხეირობს  ბიძინა ივანიშვილის განცხადებებით – ის არ გვინდა, ეს არ გვინდა?!. ისევ „ნაციონალური მოძრაობა“, მმართველი რეჟიმი! 30%-მა რომ მისცეს ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ის უკვე გასულია პირველსავე ტურში. რაც შეეხება იმას, ჩვენ ხმებს გავუყოფთ თუ არა ვინმეს, ვერავის გავუყოფთ, რადგან ჩვენი ელექტორატი სულ სხვაა – ვისაც არ უნდა ფასადური დემოკრატია, ქართული სახელმწიფო და უნდა მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად!

– ქალბატონო ნანა, თქვენ „სარწმუნოებრივ პატიმრებსაც“ შეეხეთ, რომლებიც პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ დაიცვეს, არ აიმაღლეს ხმა მათ დასაცავად. მაგრამ არ მიიჩნევთ, რომ პოლიტიკურ პარტიებზე მეტად ეკლესიას უნდა ამოეღო ხმა და ისინი გისოსებს მიღმა არ უნდა აღმოჩენილიყვნენ?

ყველას ერთნაირად ვერ დაახასიათებ ამ შემთხვევაში, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც ამ თემაზე საუბარი და აქტიურობა წამითაც არ შეუწყვეტიათ. იგივე მამა დავით ისაკაძე – მას არცერთი პროცესი არ გამოუტოვებია, ყველა სასამართლო პროცესს ესწრებოდა... მე იქ ვიყავი, მაგრამ გამოძიებას არ დავუკითხივარ, ვიდრე მე თვითონ არ მოვითხოვე, რომ დავეკითხე სასამართლოს. ეს ძალიან ვრცელი თემაა და ერთი საუბარი ამას არ ეყოფა, მაგრამ მივიჩნევ, რომ უფრო ფართო მხარდაჭერა უნდა ჰქონოდათ ამ ბიჭებს ერისგანაც და ბერისგანაც. მართლმსაჯულება უკიდურესად უსამართლო იყო მათ მიმართ. ტელეკომპანია „კავკასიაში“ მართლა მოხდა ჩხუბი, მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც ახლა ციხეში სხედან, არ გამოსულან სტუდიის შენობიდან და ეს დასტურდება ჩანაწერებითაც. ეს იყო უკიდურესად უსამართლო სასამართლო. ნათლად რომ დაგანახვოთ, რა ფარისევლურია ეს ლოგიკა, ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: მოსამართლემ მკითხა, გაიგონეთ თუ არა, რომ მამა დავითის მრევლი მათ ეკითხებოდა მათი სექსუალური ორიენტაციის შესახებ? კი გავიგონე, მაგრამ ამაში რა არის უცნაური? თუ ადამიანი მთელი ცხოვრება ამტკიცებს, რომ ჰომოსექსუალიზმი ნორმაა და კარგია, რატომღა უნდა აღიზიანებდეს ეს შეკითხვა? თუ ეს შეუარცხმყოფელია მისთვის, ესე იგი მას მიაჩნია, რომ ეს მართლა ცუდია და სამარცხვინო. მართლა მარაზმია – ადამიანი გიმტკიცებს, რომ ჰომოსექსუალიზმი ნორმაა და როცა მას კითხვას უსვამ – ხარ თუ არა ჰომოსექსუალისტიო, ის ამას შეურაცხყოფად იღებს! აქ უკვე გასაგებია ყველაფერი.

პიროვნულად არავინ მძულს, არც ის ჰომოსექსუალისტები, მაგრამ მე, როგორც მართლმადიდებელი ადამიანი და ეკლესიასთან სისხლხორცეულად დაკავშირებული, ვერასოდეს მოვიწონებ გეიაღლუმებს საქართველოში. ამიტომაც მადლობას გადავუხდი კიდევ ერთხელ მამა დავით ისაკაძეს და ყველა იმ სასულიერო პირს, ვინც ასე ხმამაღლა, დაუფარავად იბრძვის ზნეობრიობისთვის!

– თქვენ უკვე აქტიურად ჩაებით პოლიტიკაში, ამ პროცესს კი ოპონენტების მხრიდან ყოველთვის მოჰყვება ბევრი უსიამოვნო ბრალდებაც. შევეცდები, ოპონირება გაგიწიოთ – ძალიან ხშირად, როცა „თავისუფალ საქართველოზე“, როგორც პოლიტიკურ სუბიექტზე, საუბრობენ, ქილიკით მიუთითებენ ამ პარტიის დამფინანსებელზე – ალექსანდრე ებრალიძეზე, მისი თანხების წარმომავლობაზე, მის ზედმეტ სახელზე. მას საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ერთ-ერთმა ტელევიზიამ...

არ ვინტერესდები, ვინაა ამ პარტიის დამფინანსებელი. საერთოდ არ მაინტერესებს ფული, ვერ ვმეგობრობ ფულთან, თუმცა, ღვთის მადლით, ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც მინდა. რადგან ჩემი ამოცანა არასოდესაა ფულის შოვნა. ფული მხოლოდ საშუალებაა, რომ კეთილი საქმე გააკეთო. ბევრ რამეს უფულოდაც ვაკეთებ და ბევრი სიკეთე უფულოდაც გამიკეთებია. შეცდომები ვის არ მოსვლია და მეც მათ შორის... და თუ ვინმესთან რამე შემშლია, ყოველთვის ბოდიში მომიხდია და თუ ვინმე არ გამახსენდა, ახლა მოვუხდი ბოდიშს. არც მრცხვენია ამის... არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის ოპონენტების მიერ წამოძახებული ამ პარტიის დამფინანსებლის სახელები თუ ზედმეტსახელები. მე ხომ მათ არ ვეძახი, რომ სოროსი გაფინანსებდათ წლების განმავლობაში-მეთქი, ამას არ ვკადრულობ...

ალექსანდრე ებრალიძემ მხარდაჭერა გამოუცხადა კახა კუკავას. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იმას დაუჭიროს მხარი, ვისაც მიიჩნევს, რომ მართალ გზაზე დგას. რაც შეეხება ფულს, მე რამდენადაც ვიცი, ალექსანდრე ებრალიძე არ აფინანსებს ამ პარტიას, სხვა სახით თუ ეხმარება, არც ეგ ვიცი. და მეორე – ეს რა უბედური სენია, როცა ადამიანებისაგან ბოროტების ხატს და მონსტრს ქმნიან? ერთი ადამიანი ვერ ვნახე, რომელსაც ალექსანდრე ებრალიძემ ან რამე წაართვა, ან რამე დაუშავა, ან უღალატა, ან უმტრო. რას ეფუძნება ეს ბრალდებები? სახელების მოფიქრებას კი რა უნდა? ამ ხალხისგან არ გამიკვირდება, ვიღაცას „ბაზარი“ დაუძახონ, ან კიდევ „ვაგზალი“.

ერთხელ, თუ გახსოვთ, მოჭიდავეები რომ დაიჭირეს, მე პროტესტი გამოვთქვი და ნიშნისმოგებით მითხრეს – შენ „ჯღანას“ მეგობარი ხარო. „ტილიკა“ და „ზარალა“ (რედისონ ბლუ ივერიები და მსგავსი საკუთრებების პატრონები) რომ კარის ბიზნესმენად ჰყავს, ის „ნაციონალური მოძრაობა“ თუნდაც „ჯღანას“ მეგობრებზე არ უნდა ლაპარაკობდეს. ამათგან განსხვავებით, ალექსანდრე ებრალიძეს ქართული მიწა-წყალი, ჰესები, სტრატეგიული ობიექტები რუსებისთვის არ ჩაუბარებია; ებრალიძე იქ ბიზნესს აკეთებს და აქეთ უამრავ ადამიანს ეხმარება, ისევე, როგორც რუსეთში მცხოვრები ქართველების უმეტესობა. ჯერ მხოლოდ გზავნილების სახით რუსეთიდან მილიარდი დოლარი შემოდის და ამის წყალობითაა, რომ არ დაწყდა ხალხი შიმშილით, რაზეც, ალბათ, ბევრს ჩვენი მმართველი პარტიიდან გული ძალიან სწყდება. რა დროს ებრალიძეზე ან კიდევ სხვა ვინმეზე ლაპარაკია? აღარ დადგა დრო, რომ აზრზე მოვიდნენ? „კავკასიური ტყვე ქალიდან“ მახსენდება ფრაზა – „Ты смотришь на жизнь из окна своего персонального автомобиля“, ჰოდა გადმოვიდნენ იმ პერსონალური, ფეშენებელური ავტომობილებიდან და ნახონ, ხალხი შიმშილს ნაგავში ქექვით რომ ებრძვის!

– რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა „თავისუფალ საქართველოს“, რომლის ნომერიც არის 1 საარჩევნო სიაში?

უბრალოდ, უნდა გაიაზრონ, რა ურჩევნიათ – ეს მითიური ნატო, ეს „ინვესტიციები“, რითაც მხოლოდ ნაცელიტა ხარობს და ხეირობს (მერე ამ ინვესტიციებს ერთ სულზე გადაანაწილებენ ხოლმე და იძახიან, რომ ერთ სულზე ამდენი ინვესტიცია შემოვიდაო... ჩემს ოჯახში არაფერი შემოსულა, დარწმუნებული ვარ, არც – თქვენთან). ეს მითიური და ვირტუალური კეთილდღეობა ურჩევნიათ და კომუნიზმის ჰორიზონტივით რომაა – ის ნატო, თუ რეალური და ხელშესახები ცვლილებები?

ქვეყანა არაა ბინა, რომ ან გაყიდო, ან გადაცვალო. თუმცა ბევრისთვის დღეს სამშობლო გასაყიდი ბინაა. ჩემთვის ეს სამშობლოა – მე ვერსად წავალ და არც რუსეთი აპირებს სადმე წასვლას. რა უნდა ქნა? უნდა ელაპარაკო იმას, ვისთანაც პრობლემა გაქვს; ვისთანაც პრობლემა არ გაქვს – იმასთან გაერთობი. ისე კი, ძირითადად, ეს ჩვენი ნაციონალური ელიტა გართობით კია დაკავებული, რადგან მათ პრობლემა არ აქვთ, მაშინაც კი, როცა ადამიანები იღუპებიან.

ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს არჩევანი – მე ვაგრძელებ ამ ტყუილში ცხოვრებას, თუ ვაღიარებ იმას, რაც არის სინამდვილეში... ხომ არავის ავიწყდება, რომ ქართული მეცნიერების მიღწევები რუსეთთან ერთ სახელმწიფოში ყოფნის დროინდელია. 20 წელია, დამოუკიდებელი ვართ და მე განსაკუთრებული მეცნიერული მიღწევა არ მინახავს, ან რაიმე სფეროში განსაკუთრებული წინსვლა. ყველაზე დიდი „წინსვლა“, რაც ამ ხელისუფლებამ დააფიქსირა, ესაა რობერტ სტურუას გაშვება რუსთაველის თეატრიდან. ქართული კინო კვდება, სულს ღაფავს, რუსთაველის თეატრის სცენაზე უხამსობის ზეიმია...  ვისაც ეს არ მოსწონს, სწორედ მან უნდა გააკეთოს გონივრული არჩევანი.

პოლიტიკოსები სინამდვილეში ძალიან მარტივი ხალხია. ისინი სულ მიყურადებულნი არიან ამომრჩეველზე – რაიმე ისეთი არ ვთქვა, რაც არაპოპულარულიაო. ხანდახან სწორედაც ამიტომ უკავიათ ის შუალედური პოზიციები, რომ არც მწვადს წვავენ და არც – შამფურს. მე, იცით, რა მომწონს კახა კუკავაში? ერთი წამით არ დაფიქრებულა და გახსნილად დააფიქსირა მაშინდელი დროისთვის ყველაზე არაპოპულარული პოზიცია. აღმოჩნდა, რომ ამომრჩევლისთვის ეს სწორედაც რომ მისაღები იყო.

...ამოუჩემებიათ, ნატო ქვეყნის მოსახლეობის 77%-ს უნდაო. არადა, თავიდან პლებისციტის შედეგად 63%-ს აცხადებდნენ, მერე კი ხელოვნურად გაზარდეს 75%-მდე. დღეს რომ ისევ ჩაატარონ იგივე პლებისციტი, ნახევარიც არ მისცემს თანხმობას ნატოს –  აღარავის უნდა ეს შენი ნატო, რომლის დახმარებაც 2008 წელს პამპერსი და წყალი იყო...

– თქვენ მიიჩნევთ, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გასაღები მოსკოვში დევს?

ეს უდავოდ ასეა. ახლა ჩავიყენოთ თავი რუსეთის პოზიციაში და შევხედოთ საკითხს ასე – როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, პირობა იქნა დადებული, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. როგორც სჩვევიათ, ამერიკელებმა ეს დაპირება დაივიწყეს და ნელ-ნელა დაიწყეს გაფართოება. თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი საქართველოსგან ერთ რამეს მოითხოვდა – ჩემი ქვეყნის საზღვრებთან ჩემი მტრის სამხედრო ძალებს ნუ განალაგებო. მე მგონი, ეს არცთუ ისე რთული მოთხოვნა იყო.

მე მივიჩნევ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არცერთი სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზა არ უნდა იყოს. შენ კი – გინდა თუ არა, ნატოს ჯარი უნდა ჩაგიყენოო, ეუბნები. ჩვენ რომ ვიყოთ რუსების ადგილზე, რას ვიზამდით? ან, თუნდაც, სააკაშვილი რომ იყოს – ხომ გადაუვლიდა? რაც ცხინვალში ჩაიდინა სააკაშვილმა, ხომ იგივეს ჩაიდენდა?

– ძალიან ბევრი რესპონდენტი გაურბის პირდაპირ პასუხს ამ კითხვაზე... თქვენ რას იტყვით – მიიჩნევთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო?

სააკაშვილმა ომი კი არ დაიწყო, მან საკუთარი ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდინა. ომი არის ხოლმე პოლიტიკის გაგრძელება, როცა საკითხები მოლაპარაკებების გზით არ წყდება. მე იმაზე კი არ მაქვს პრეტენზია, რომ ომი დაიწყო, მან დანაშაული ჩაიდინა. თუკი სამხრეთ ოსეთს შენად მიიჩნევ, ვინ იყვნენ იქ – მძინარე ცხინვალში? – ცოცხალი ადამიანები და იმ ცოცხალ ადამიანებს ესროლა! მე ერთნაირად მტკივა ცხინვალელიც, რომელსაც 2008 წელს ესროლა, და ქართველიც, 26 მაისს რომ მოკლა და მერე მაღაზიის სახურავზე შეაგდო. მე მართლმადიდებელი ჩემი გულით, გონებით, ცხოვრების წესით ვარ და მართლმადიდებელი ადამიანისთვის არავისი მოკვლა შესაწყნარებელი არაა. განა ექსცესები ოსურ-რუსული მხრიდან არ იყო რევოლუციამდეც და მას მერეც, მაგრამ ეს  რეგულირდებოდა.

მე დანამდვილებით არ ვიცი და ვერ ვიტყვი, სააკაშვილი ვინმემ მოატყუა, თუ  შეაგულიანა, მაგრამ მან გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომლის შედეგადაც ბოლო რუსი ჯარისკაცი, რომელმაც დატოვა საქართველოს ტერიტორია, შემოაბრუნა უკან გაცილებით დიდი რაოდენობით, სულ სხვა რესურსით, სულ სხვა რეალობაში და ორი „დამოუკიდებელი სახელმწიფოთი“ ჩვენს ტერიტორიაზე.

მოდი, ისიც ვთქვათ, რამ გაუხსნა ხელები რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კოსოვოს აღიარებით! ამერიკა ყველგან ცდილობს თავისი ინტერესების გატარებას! და კიდევ – ის აშკარად არასოდეს უპირისპირდება რუსეთს; ამისათვის თეთრ სახლს სააკაშვილები და მისნაირები ჰყავს. მაკეინი კი ბევრს ილანძღება რუსეთის მისამართით, მაგრამ მაკეინს ჭკუა არ ეკითხება...

– ქალბატონო ნანა, როგორია თქვენი პროგნოზი?

– არჩევნების შედეგს ამომრჩეველი წყვეტს. რაც მეტი ადამიანი დარჩება სახლში და იტყვის – უჩემოდაც მოაგვარებენ საქმესო, მით მეტია შანსი, რომ ნაციონალების კანდიდატი გაიმარჯვებს. რაც უფრო მობილიზებული იქნება ამომრჩეველი, მით მეტი შანსია, რომ ოპოზიციამ თავისი გაიტანოს. გაყალბების ზღვარიც არის. ხომ არ შეიძლება ხმების 70% გააყალბო? ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ ადამიანები უნდა მივიდნენ და თავიანთი სინდისით გააკეთონ არჩევანი.

იმ 2003 წელს რევოლუცია რომ არ მოეწყოთ, ყველა მოსაზრების ამომრჩეველს თავისი პარტია ეყოლებოდა პარლამენტში. ეს მაშინ, როცა მე ვიყავი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. გაყალბებას კი რაც შეეხება – არჩევნების გაყალბებაზე რომ ჩამოვარდება ლაპარაკი, ისევ იმათ ახსენებენ მწარედ, რომლებიც ჩემამდე აყალბებდნენ და ჩემს მერეც – გოგორიშვილები, მაჭავარიანები და მისთანები... 2003 წლის არჩევნები იყო ერთადერთი, როცა მათ გაყალბების შანსი არ მიეცათ და სწორედ მაშინ მოახდინეს რევოლუცია...

– წარმატებებს გისურვებთ, ქალბატონო ნანა...

– დიდი მადლობა.

ესაუბრა შორენა სიხარულიძე

საქინფორმი