რედაქტორისგან
დავით უსუფაშვილი: „თუ რუსეთი დაინტერესებულია ამიერკავკასიის სტაბილურობით, საქართველოს ნატოში შესვლა მის ინტერესებში უნდა იყოს“

1-analitNEW-usupთბილისი, 5 ნოემბერი, საქინფორმი. მკითხველს ვთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარესთან (ამჟამად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე) დავით უსუფაშვილთან, რომელიც 2008 წლის 10 მაისს არის ჩაწერილი (საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე).

წინასიტყვაობა: საქართველოს რესპუბლიკური პარტია 1978 წელს დაარსდა. „ვირჩევთ გონიერ ხელისუფლებას“ – ასეთია სოლიდური სტაჟის მქონე პარტიის სლოგანი, რომელიც 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში №2-ით მონაწილეობს. თუმცა ამჟამად (და ეს მათი არსებობის ისტორიაში პირველად ხდება) რესპუბლიკელები ბრძოლაში მარტო ებმებიან – შეგახსენებთ, რომ 1992 წელს ისინი ბლოკში იყვნენ ნოდარ ნათაძესთან („სახალხო ფრონტი“), 1999 წელს – ირინა სარიშვილთან (ედპ), 2004-ში – მიხეილ სააკაშვილთან („ნაცმოძრაობა“). გვერდიგვერდ განლაგებული ოთხი დროშა: ნატოს, ევროკაშირის, საქართველოს და პარტიის – აი, რა მოხვდება თვალში ყველას, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა გრიბოედოვის №13-ში მდებარე პარტიის ცენტრალურ ოფისში. და ეს გასაგებია – რესპუბლიკელები თავიანთ პოლიტიკურ სიმპათიებს არ მალავენ.

ლიდერების დეფიციტს ისინი აშკარად არ განიცდიან: ესენი არიან პარტიის „ფესვებთან“ მდგომი ძმები ბერძენიშვილებიც, ივლიანე ხაინდრავაც, პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალების“ ყოფილი ხელმძღვანელი დავით ზურაბიშვილიც, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ექს-თავმჯდომარე თინა ხიდაშელი (დღეს – საქართველოს პარლამენტის წევრი, – საქინფორმი) – რესპუბლიკური პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის – დავით უსუფაშვილის, მეუღლე. სწორედ დავით უსუფაშვილს ვთხოვე თავისი გეგმების გაზიარება, საქართველოში და მის გარშემო არსებული სიტუაციის კომენტირება, რათა გამეგო, სახელწოდების, დროშებისა და იდეოლოგიის გარდა, რა აერთიანებს ამ პარტიას აშშ-ის თანამოსახელე პარტიასთან?

– ბატონო დავით, საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას გაერთიანებულ ოპოზიციასთან ბევრი „შეხების წერტილი“ აქვს: ეს არის ნატოში შესვლის კურსის მხარდაჭერაც, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკაც, და საპრეზიდენტო მმართველობასთან შედარებით მართვის საპარლამენტო ფორმისთვის უპირატესობის მინიჭებაც. მაშ, რატომ არ გაერთიანდით წინასაარჩევნო ბლოკში? ხომ არ აიხსნება ეს იმით, რომ რესპუბლიკელებს ძლიერი პარტნიორები გამოუჩნდნენ, როგორც ამბობენ – აშშ-ში, და მათ ადგილობრივი მხარდაჭერა აღარ სჭირდებათ?

– არა, უბრალოდ, საქართველოს უძველესი პოლიტიკური პარტია მართლაც მომაგრდა! ის, რომ ადრე იძულებული ვიყავით, სხვებთან ერთად საარჩევნო ბლოკად გამოვსულიყავით, იმით აიხსნება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია არც ისე ხელსაყრელი იყო ისეთი პარტიისთვის, როგორიც რესპუბლიკურია. ჩვენი მთავარი პრინციპი – ლიბერალური დემოკრატია – არ იყო მოთხოვნადი ქართველ საზოგადოებაში, რომელიც მაშინ სხვა არჩევანის წინაშე იდგა... ახლა კი დადგა დრო, რომ გარკვეულ რისკზე წავიდეთ, ხოლო რისკი არსებობს, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ, დღემდე მიმდინარეობს ბრძოლა პოლიტიკური ძალებს შორის... პოლიტიკა – ბრძოლის ადგილი არ არის, ეს კონკურენციის ადგილია!

– ბატონო დავით, თქვენი აზრით, რა არის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მკვეთრი გაუარესების მიზეზი? რა არის აქ რუსეთის ბრალი და რა – საქართველოსი? რას მოიმოქმედებდით ურთიერთობის გამოსწორებისთვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?

– ამისი მიზეზი საქართველოს ნატოსთან დაახლოებაა. სხვა საკითხია, რომ ეს მოსალოდნელი იყო და საქართველოს მთავრობას საქმე სიტუაციის ამგვარ გამწვავებამდე არ უნდა მიეყვანა: ჩვენი ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ იქამდე მიგვიყვანა, რომ საქართველომ დაკარგა დასავლეთის მხარდაჭერის ის დონე, რომელიც წინა ოთხ წელიწადს ჰქონდა – ეს ნატოს ბუქარესტის სამიტმა დაადასტურა და რუსეთმა ამით დაუყოვნებლივ ისარგებლა! ამისი არდაშვება შესაძლებელი იყო, რომ არა დემოკრატიის დეფიციტი საქართველოს შიგნით – მაშინ ის დასავლეთისთვის უფრო მიმზიდველი ქვეყანა იქნებოდა და ევროპის წამყვანი სახელმწიფოები რუსეთის დაკრულზე არ იცეკვებდნენ, როგორც ეს სამიტზე მოხდა, „რუსეთის გათვალისწინებით ინტერესთა ბალანსიც“ მათთვის ასეთი წონადი არ იქნებოდა! თუმცა, თუ რუსეთი მართლაც დაინტერესებულია ამიერკავკასიის სტაბილურობით, საქართველოს ნატოში შესვლა მის ინტერესებში უნდა იყოს.

– ნატოს წევრი თუ გავხდებით, საბოლოოდ ხომ არ დავკარგავთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს? რის გაკეთებას გვთავაზობთ მოცემულ სიტუაციაში, როდესაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ სურთ დანარჩენ საქართველოსთან ერთად ნატოში შესვლა?

– რესპუბლიკური პარტია არასოდეს განიხილავდა ამ რეგიონებს, როგორც ტერიტორიებს – იქ ადამიანები ცხოვრობენ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში აფხაზებისა და ოსების ინტეგრაციის გარეშე ჩვენთვის მიუღებელია – სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზოგადოების მთლიანობის საკითხები ჩვენთვის განუყოფელია!

ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმებას და როგორც ახლა აღმოჩნდა, მართლები ვიყავით – მათთვის ავტონომიის ყველა ატრიბუტი, უბრალოდ, აუცილებელია. რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ ყოველთვის ფედერალური მოწყობის მომხრე ვიყავით და მაშინ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამაზე სიამოვნებით მოდიოდა, მაგრამ ოფიციალურმა თბილისმა ეს შანსი ხელიდან გაუშვა, რადგან საზოგადოებაში ურთიერთსაპირისპირო განწყობები გაჩნდა. რესპუბლიკურ პარტიას აქვს ამ პრობლემის მოგვარების წერილობით გაფორმებული კონცეფცია, სხვა პოლიტიკური ძალებისგან განსხვავებით, რომლებიც ამ საკითხზე საზოგადოებრივ განწყობაზე დაფუძნებული პოპულისტური განცხადებებით კმაყოფილდებიან.

პოლიტიკოსები უფრო მეტად პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ და როცა საჭიროა, არც ისე პოპულარული, მაგრამ სწორი ნაბიჯები გადადგან!

მაგალითად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობაში ბაგაფშის არჩევით იქ ახალი რეალობა შეიქმნა, რომელიც აფხაზებისა და ქართველებისთვის უფრო ხელსაყრელია, მაგრამ რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ გამოიყენა. ჩვენ ახლაც მიგვაჩნია, რომ თუ „მაგიდაზე“ მხოლოდ აფხაზებისა და ქართველების ინტერესები დარჩება, საკითხი ძალიან მალე გადაწყდება. მაგრამ „მაგიდაზე“ დევს და დომინირებს რუსეთის ინტერესიც, რომლის ნეიტრალიზების გასაღები სულ სხვა ადგილზეა: ეს არ არის ტერიტორიული კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის, უბრალოდ, რუსეთი ამ ტერიტორიულ კონფლიქტებს საქართველოზე ზეწოლისთვის  იყენებს ნატოში მისი შესაძლო შესვლის წინააღმდეგ!

– საქართველოს სახელმწიფო ნეიტრალიტეტი საერთაშორისო „კვარტეტის“ – გაეროს, ევროკავშირის, აშშ-ის და რუსეთის გარანტიებით: აქვს თუ არა ჩვენთვის ამას ისეთივე მნიშვნელობა, როგორიც თავის დროზე ფინეთისთვის, შვედეთისთვის, შვეიცარიისთვის, ნორვეგიისთვის, ავსტრიისთვის ჰქონდა?

– სახელმწიფო ნეიტრალიტეტი არასოდეს ყოფილა ამა თუ იმ სახელმწიფოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ეს – ახლომდებარე გაბატონებული მსოფლიო „დერჟავების“ არჩევანია, ამიტომ საქართველოს ამაზე ფიქრიც არ შეუძლია! გეოპოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ საქართველო აღმოსავლეთის და დასავლეთის, ქრისტიანობის და ისლამის მიჯნაზე მდებარეობს, ამიტომ ნეიტრალიტეტის ვარიანტი აქ სიცოცხლისუუნაროა. მეტიც, ამაზე ყოველგვარი ლაპარაკი საქართველოს ინტერესებში არ შედის, რადგან სხვადასხვა ილუზიის შექმნით ნატოში მის შესვლას აჭიანურებს, რაც რუსეთის უმაღლესი პოლიტელიტის ინტერესებშია.

პრობლემა ხომ ის არ არის, რომ ქართველებს ფრანგები ან ინგლისელები უფრო მეტად უყვართ, ვიდრე რუსები: ხალხებისა და კულტურების დონეზე უფრო – პირიქით! თუმცა საქართველოს, მაგალითად, კარგი ურთიერთობა აქვს თურქეთთან, რომელთანაც წარსულში მხოლოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდა – იმიტომ, რომ ეს ქვეყანა მასთან ურთიერთობისას მთელ ცივილიზებულ სამყაროში მიღებულ წესებს იცავს.

– ვინ მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში? როგორ აფასებთ თქვენს შანსს ა.წ. 21 მაისს? გაყალბდება თუ არა არჩევნები?

– ეს არჩევნები ძალიან ძნელი იქნება იმიტომ, რომ ბატონმა სააკაშვილმა არაფერი გაითვალისწინა, ის – პოლიტიკაში ცუდი მოსწავლეა! მან გადაწყვიტა ძალაუფლების შენარჩუნება და ვიწრო პარტიული გადაწყვეტილებების მიღება საარჩევნო სისტემის ხარჯზე, შედეგების მიუხედავად, ნაცვლად იმისა, რომ მიეღო საარჩევნო სისტემა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ხელს შეუწყობდა. ამ საარჩევნო სისტემით არჩევნებზე ბრძოლა ძალიან ხისტი იქნება: არ არსებობს ნდობა საარჩევნო კომისიების მიმართ, არ არსებობს გარანტია, რომ მოსამართლეები კანონიერ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ა.შ.

ყველაზე საშიში ის არის, რომ ბუქარესტის სამიტმა ამ არჩევნებს პრაქტიკულად საქართველოსათვის ერთგვარი ტესტი უწოდა, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მის შემდგომ შესვლას ან არშესვლას განსაზღვრავს, და თუ ვიღაც ძალიან მოინდომებს, საქართველომ ეს გამოცდა შესაძლოა, ვერც ჩააბაროს...

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას ამ არჩევნებზე დიდი წარმატების იმედი არ აქვს – ახლა ხალხი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ შეცვალოს რაც შეიძლება სწრაფად ხელისუფლება, ხოლო ვინ და როგორ შეცვლის მას ან რა იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ – ამას არავინ უფიქრდება.

– საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რას მოიმოქმედებთ პირველ რიგში? პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებთ?

– რესპუბლიკური პარტიის გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას ვერ დავიწყებთ იმიტომ, რომ საქართველოში მას, უბრალოდ, ვეღარ ვიპოვით! რაც შეეხება ჩვენს პრიორიტეტებს, მთავარი – მართვის კონსტიტუციური მოდელის შეცვლაა: სუპერ-საპრეზიდენტო მოდელმა და ერთპარტიულმა სისტემამ არ გაამართლა და 50Х50 პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ქვეყანას ბევრი უბედურება მოუტანა, ამიტომ ჩვენ უპირატესობას მართვის საპარლამენტო სისტემას ვანიჭებთ.

ბატონო დავით, ხომ ვერ გვეტყვით, რაზე ისუბრეთ ბადრი პატარკაციშვილთან ლონდონში პოლიტიკურ ტანდემზე თუ თქვენი პარტიის დაფინანსებაზე? ოგორ განვითარდებოდა თქვენი თანამშრომლობა, მისი მოულოდნელი გარდაცვალება რომ არა? 

პატარკაციშვილთან ურთიერთობას ინტენსიურს ვერ ვუწოდებდი – გაცნობის შემდეგ ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, ათჯერ შევხვდი, მაგრამ ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ხანგრძლივი და გულახდილი იყო! ჩვენ მრავალ ზოგად საკითხს ვეხებოდით, მაგრამ რაიმე ფინანსური ურთიერთობა არ გვქონია. რესპუბლიკური პარტია არასოდეს უყურებდა ბადრი პატარკაციშვილს, როგორც დაფინანსების წყაროს ან ბელადს, და ერთი თეთრიც არ მიუღია მისგან!

ლონდონში ჩვენი პირველი შეხვედრისას მე არ ვურჩიე მას თბილისის მერობაზე კენჭისყრა, ხოლო ბოლო შეხვედრისას, 2007 წლის ზაფხულში – საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა ჩვენ ვიმსჯელეთ შესაძლო ურთიერთქმედებაზე მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის. აგრეთვე, იმაზე, თუ როგორ შენარჩუნებულიყო ტელეკომპანია „იმედი“... მე მიმაჩნდა, და ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, რომ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ბადრი პატარკაციშვილს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.

რა არის თქვენი, უპირველეს ყოვლისა, როგორც პოლიტიკოსის ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე დიდი შეცდომა? თქვენი თვითშეფასება...

– შეცდომიდან დავიწყებ. 20 წლის გახლდით, როცა 1988 წელს საბჭოთა არმიის რიგებში სამსახურიდან დავბრუნდი და იმავე დღეს მივაშურე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანაკურსელებთან შესახვედრად, რომლებიც იმ დროისათვის უკვე მე-3 კურსზე იყვნენ.

უნივერსიტეტის კიბეზე ნამდვილი ორომტრიალი დამხვდა – ისტორიკოსები და ფილოლოგები  საპროტესტო მიტინგს ატარებდნენ ისტორიული ძეგლის – დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მახლობლად მდებარე პოლიგონზე სამხედრო სწავლების ჩატარების – საარტილერიო სროლის წინააღმდეგ. ჩემი თანაკურსელები, როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, წითელი სამკლაურებით  პოლიციის მხარეს იდგნენ, რომელიც გარს შემორტყმოდა მიტინგს. მე მქონდა არჩევანი – თანაკურსელების გვერდით დავმდგარიყავი ან მომიტინგეებს შევერთებოდი: მე მიტინგს შევუერთდი და ამით გავაკეთე ჩემი არჩევანი…

ამის შემდეგ, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, მე ვიყავი მაშინდელი პრეზიდენტის იურიდიული მრჩეველი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, რესპუბლიკური პარტიის წევრი 1991 წლიდან, მანამდე კი – პოლიტიკური ორგანიზაცია „დასის“ წევრი. მაგრამ მთელი რიგი პირადი და საზოგადოებრივი საქმეების გამო აქტიურ პოლიტიკაში გვიან მოვედი, 2003-2004 წლებში სააკაშვილის ბევრ წინადადებას არ დავთანხმდი.

მაგრამ 2005 წელს მაინც მომიხდა აქ, რესპუბლიკური პარტიის ცენტრალურ ოფისში, მოსვლა. ეს შეცდომა იყო ადრე რომ გავმხდარიყავი პოლიტიკოსი, ჩემთვისაც უკეთესი იქნებოდა და პარტიისთვისაც. მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება და 5-6 წლის შემდეგ ეს საკითხი ჩემთვის უკვე აღარ იდგება.

რაც შეეხება მიღწევებს – მე შემიძლია ახლა ავიღო ყურმილი, დავურეკო საქართველოს ნებისმიერ პოლიტიკოსს და საქმეზე დაველაპარაკო, მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა და თავად მათ შორის არსებული გამწვავებული ურთიერთობისა. მე შევძელი ადამიანებთან ურთიერთობის შენარჩუნება და მომავალშიც ვაპირებ ამის კეთებას, ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია, თუ პოლიტიკა ხალხსა და ქვეყნისათვის კეთდება! პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება, ნაწყენი იყვნენ ერთმანეთზე და ეს წყენა პირად სიბრტყეში გადაიტანონ ამით ხალხიც ზარალდება და საქმეც.

ესაუბრა არნო ხიდირბეგიშვილი