რედაქტორისგან
რეზო ამაშუკელი: „დაანებონ თავი „წითელ ინტელიგენციაზე“ ლაპარაკს, თორემ ვიტყვი – ვინ და როგორ თანამშრომლობდა „КГБ“-თან!“

1-analitNEW-amaSსაქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. საქინფორმის კორესპონდენტი დიანა შერეშაშვილი ესტუმრა დიდ ქართველ პოეტს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, რეზო ამაშუკელს.

ბატონო რეზო, გილოცავთ შობა-ახალ წელს! საზოგადოებამ სოციალურ ქსელებში მოძრაობა „ლაზარეს“, რომლის თავმჯდომარეც თქვენ ბრძანდებით,  უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს დაბადებიდან 80  და აღსაყდრებიდან 35 წლის იუბილისადმი „ლაზარეს“ მილოცვა იხილა, მაგრამ საზოგადოებამ ვერ გიხილათ იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტზე. არადა, პატრიარქთან თქვენი დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები ყველასათვის ცნობილია...

– ეს ცოტა დელიკატური შეკითხვაა... ჯერ ერთი, რა აუცილებელი იყო, რომ მაინცადამაინც კონცერტზე ვყოფილიყავი? მე არ ვარ ის კაცი, ამის პრეტენზიები რომ მქონდეს. თუმცა, სურვილი, თავისთავად, დიდი მქონდა, მაგრამ, ალბათ, ეს  ჩემი ჯანმრთელობის ბრალი უფროა, ვიდრე სხვა მიზეზები ვეძებო  ამაში.

– კარგი, სხვა თემაზე გადავიდეთ. სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით მილიონი ხელმოწერა შეგროვდა. შესაძლებელია თუ არა ეს პროცესი ხალხისთვის არასასურველი პრეზიდენტის გადაყენებით დასრულდეს იმ ვითარებაში, როდესაც დასავლეთი ხან კოაბიტაციაზე, ხანაც პოლიტიკურ დევნაზე გვესაუბრება და ამას საპარლამენტო ზოგიერთ პარტიაშიც აქვს დასაყრდენი?

– რაკი მე რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად, ორგანიზაცია „ერთსულოვნების“  მემორანდუმს მოვაწერე ხელი, ბევრს ჰგონია, რომ ეს ჩემი ინიციატივაა, მაგრამ ეს ასე არ არის.  ხელმოწერები მართლაც საჭირო საქმეა, რამდენადაც მსოფლიო საზოგადოებამ უნდა დაინახოს – რამდენი მოწინააღმდეგე ჰყავს მაგას (სააკაშვილს, – საქინფორმი).

მილიონი – ეს იმის მესამედიც არ  არის, რადგანაც ბევრმა, რაც ხელმოწერები გაკეთდა, მიზეზთა გამო ვერ შეძლო პოზიციის დაფიქსირება.

როდესაც საუბარია დანაშაულებებზე, პირველ რიგში, ეს ვაჟბატონი – ხარატიშვილი, უნდა დაისაჯოს, ისე, როგორც მისი ყველა წინამორბედი; დაწყებული ჭიაბერაშვილით, თარხნიშვილით და დამთავრებული ხარატიშვილით – ეგენი სისხლის სამართლის დამნაშავეები არაინ!

ხელმოწერებზე მკითხეთ თქვენ. დარწმუნებული ვარ, ეგენი (ნაციონალები, – საქინფორმი) ბარიერს ვერ გადალახავდნენ, რომ არა ცესკოდან „დიდი დახმარება“, მაქსიმუმ, ხმების 5% აეღოთ. ეს ყველაფერი ჩასვეს ჩვენმა ე.წ. მეგობრებმა დასავლეთიდან.

რაც შეეხება პარლამენტში „დესანტირებულ ადამიანებს“, მე ვგულისხმობ უმრავლესობის ზოგიერთ პირს, და არა ყველას უმრავლესობაში, ასეთებზე მე დიდი ხანია, ვხუმრობ ხმამაღლა და  ისიც არაერთხელ განვაცხადე, რომ  კარგად ვიცი – რამხელა სიძულვილი აქვთ მათ ჩემდამი. მომდის ხმები, რადგან ყოველთვის პირში ვეუბნებოდი მათთვის არასასურველ სიმართლეს...

ახლაც მინდა, გავაფრთხილო ზოგ-ზოგიერთი  ყმაწვილი, რომელიც პოლიტიკური მორგიდან გამოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა და ზოგ-ზოგიერთნი, რომლებიც პარლამენტიდან მიბრიალებენ ახლა თვალებს და ჭკუას მარიგებენ. რა წაიკითხეს და რა ისწავლეს ამნაირი, ბოლოს და ბოლოს, და გადაგვაყოლეს?! რაც მთავარია, თავი დაანებონ ამ „წითელ ინტელიგენციაზე“ საუბარს, სანამ ასეთებისთვის ცხვირწინ სწორედ  მაგათი „წითელი ბიოგრაფიები“ არ დამილაგებია! მერე უკვე  ბალანსი ცოტა იმაზე უხერხული გამოვა, ვიდრე ვინმეს ჰგონია!

ასე რომ, ხელმოწერები საჭიროც იყო და აუცილებელიც იმისთვის, რომ რაღაც უფრო უკეთ გამოჩნდეს დასავლეთისთვის, მაგრამ სააკაშვილი ამით მაინც არ წავა! სააკაშვილი წავა მხოლოდ ერთადერთი რამით – მთელი ქართველი  ხალხი უნდა გამოვიდეს და თქვას პირდაპირ, რომ მას სააკაშვილი არ სურს!

ასე რომ, ეს „კოაბიტაცია რომელ ღრუბელზე იჯდა“, მე არ ვიცი და არც მაინტერესებს. ამიტომ ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მიუხედავად ჩემი მართლაც უდიდესი პატივისცემისა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც, ფაქტობრივად, იხსნა ეს ქვეყანა უდიდესი ჭირისაგან, ვერც მე  ვერავის ვერაფერს ვაპატიებ და ქართველი საზოგადოების რჩეული ნაწილის უმრავლესობაც ასე რომ ფიქრობს, ეს „ლაზარეს“ შეკრებაზეც გამოჩნდა. როგორც ერთხელ უკვე ვთქვი,  ხალხში უკვე დაწყებულია „ნიურნბერგის პროცესი“ და ბიძინა ივანიშვილთან „დესანტირებული“ ნურცერთი პოლიტიკოსი ნუ შეეცდება ამის შეჩერებას, თორემ ძალიან ცუდად შემოუბრუნდებათ ეს ამბავი!

პრემიერ-მინისტრი თავად აცხადებს, რომ ვინც დამნაშავეა, სამართლიანი სასამართლოს წინაშე ის აუცილებლად აგებს პასუხს...

– ივანიშვილი კი აცხადებს, მაგრამ ივანიშვილს არ აქვს ამის ხმამაღლა გაცხადების უფლება, რადგან ის სახელმწიფოს ფაქტობრივი მეთაური და პოლიტიკოსია. პოლიტიკოსს კი ამის – ასეთი რადიკალური განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვს, როგორც რიგით მოქალაქეს. მაგალითად, როგორც მე, რიგით მოქალაქესა და პოეტს – რეზო ამაშუკელს, შემიძლია განვაცხადო, ჩემს თავს ამის თქმის უფლება მივცე. ასეთები კი, ნაციონალებისგან გამწარებული და გაუბედურებული ადამიანები, რომლებიც არაფერს აპატიებენ, საქართველოში მილიონები არიან.

პოლიტიკოსმა თავისი დიდსულოვნებითა და წინდახედულობით, იმის ანგარიშით, რომ რას იტყვის მსოფლიო თანამეგობრობა, შესაძლოა, აპატიოს, მაგრამ როდესაც ხელის გულზე დევს დანაშაული, რომელსაც აბსოლუტურად არავითარი ძიება არ სჭირდება, ამათ პატიებაზე საუბარი გამორიცხულია!

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ყველამ ჭკუას მოუხმოს და მოზომოს საუბარი „წითელ ინტელიგენციასთან“ დაკავშირებით, თორემ ვინ რანაირი „ინტელიგენტი“ იყო და ვინ როგორ თანამშრომლობდა „კა-გე-ბე“-სთან, ამას მე დავდებ, მილიონჯერ უფრო „ლამაზად“, ვიდრე ეს აქამდე გაკეთებულა!

– ბატონო რეზო, ქართველ საზოგადოებას ძალიან უყვარხართ არა მარტო თქვენი ლექსების, არამედ თქვენი პირდაპირი პოზიციის გამო. ბევრჯერ მსმენია –რატომ არასდროს არ ჩნდება   რეზო ამაშუკელი ივანიშვილის გვერდით, როდესაც ინტელიგენციის არაერთი წევრი არაერთხელ შეხვდა უკვე მას...  თქვენ თუ შეხვდით ბატონ ბიძინას?

არა, არ შევხვედრივარ.

რატომ, ბატონო რეზო?

როგორც ჩანს, თქვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ჩემს პერსონას. მე პირდაპირ ვაცხადებ – რა მნიშვნელობა აქვს, შემხვდება ის მე, თუ არა?!  არა მგონია, რომ ბატონი ბიძინა პატივს არ მცემდეს... ქართული ინტელიგენციის უდიდესი ნაწილიდან ის  ყველას პატივს სცემს და მან ეს „კავკასიაზე“ მისი გამოსვლის დროსაც დამიდასტურა.

სწორად გამიგეთ, მე ვერ დავდგები იმ რიგში, რომელიც მისი მოსვლისთანავე მის გარშემო ჩამწკრივდა... არ მინდა, ახლა ჩამოვთვალო... ზოგი „ტუტან ჰამონის კლასში იყო“ და ზოგიც, „კარგი გამოცდილების მქონე“... „ათას ღობეზე გადამხტარი ხალხი“ დაესია იმ წუთას გარშემო. გთხოვთ, ნუ ჩამომათვლევინებთ ახლა... მე ის კაცი არ ვარ... თუ დამიძახებს ვინმე, შესაძლოა, მივიდე, შესაძლოა – არ მივიდე, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩემს გასაკეთებელ საქმეს მე ყოველთვის ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.

Facebook-ზე, ასევე, თქვენი,  მოძრაობა „ლაზარეს“ სახელით  ბატონ ჯემალ აჯიაშვილის გარდაცვალების სამძიმარი გავრცელდა. თქვენი და ებრაელი ხალხის მეგობრობასაც  საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. რას გვეტყვით ამის თაობაზე?

– პირველ რიგში, მინდა, ჯერ საქართველოს და შემდეგ მთელ ებრაულ სამყაროს მივუსამძიმრო, რადგან მიმაჩნია, რომ, რა საკვირველია, ებრაულმა სამყარომაც, მაგრამ ჯერ – საქართველომ, დავკარგეთ დიდი ქართველი მთარგმნელი, პოეტი და დიდი მოღვაწე... ძალიან თავმდაბალი ადამიანი. ზნეობითა და წესირებით გამორჩეული და უდიდესი განათლების მქონე პატრიოტი...

რაც შეეხება ებრაელ ხალხთან ჩემს დამოკიდებულებას, თავის დროზე ჩვენ, ქართველებს,  მცირედი შეცდომაც რომ მოგვსვლოდა, რომლის მცდელობებსაც, ჩვენდა სამარცხვინოდ,  საქართველოში ჰქონდა ადგილი – იყო შემთხვევები, როცა ებრაული საფლავები შეურაცხყვეს და მაშინ დამალეს ეს „ზოგ-ზოგიერთმა პატრიოტმა ყმაწვილებმა“... ებრაელი ხალხის მიმართ ერთი მცირედი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, იმიტომ, რომ ეს ხალხი, სადამდეც ჩვენთან ცხოვრობდნენ, ვერავინ  წამოგვაძახებდა, რომ რაიმე დანაშაული მიგვიძღვის მათ მამართ, რასაც, სამწუხაროდ, მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ადგილი არაერთხელ ჰქონია!

ერთი რამ მინდა, ვთქვა, რომ გონიერი ქართველი, ვინც უნდა იყოს ის – პოლიტიკური მოღვაწე, ხელოვანი, თუ ჩვეულებრივი ადამიანი – ებრაელი ხალხის მიმართ ყოველთვის დიდი პატივისცემით იყო გამსაჭვალული. მითუმეტეს, რომ უფალი იესო ქრისტე  ძველსა და ახალ აღთქმას შორის შუაში დგას!

ბატონო რეზო, რას უსურვებდით ამ შობა-ახალ წელს ჩვენს უწმიდესსა და უნეტარესს და ქართველ ხალხს? საშობაო ეპისტოლეს თუ უსმინეთ?

– ვუსმინე, ვუსმინე... მე ეპისტოლეებს მარტო კი არ ვუსმენ, მე ეპისტოლეებს ვზეპირობ! იმიტომ, რომ პატრიარქის ეპისტოლეები არის ჩემი ცხოვრების პროგრამა და თუ რამეს ვსწავლობ და რამე იმის უნარს მაძლევს, რომ რაღაც-რაღაცები სწორად განვჭვრიტო – ეს სწორედ ამ ეპისტოლეების დამსახურებაა.

რას უნდა ვუსურვებდე პატრიარქს?! შვილი გადამირჩინა! სულს მიბერავს და თან მყვება!  შესაძლოა, ეს სიტყვები ვინმემ მკრეხელობად ჩამითვალოს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რაც ჩვენი შეხვედრისას ერთხელ მან მითხრა: „მე და შენ – ძმები ვართ  და როცა რამე გაგიჭირდება – მე მითხარი“, – ეს მე მითხრა პატრიარქმა! ამაზე დიდი ჯილდო რა უნდა იყოს ჩემთვის და ახლა მივმართავ მას: „მიჭირს, თქვენო უწმიდესობავ, ძალიან მიჭირს, იმიტო რომ „ეს შავი ჭირი“ დროზე უნდა მოვიშოროთ  და  იმდენი უბედურების შემდეგ, რაც ამ შლეგმა ჩემს ქვეყანას დამართა,  ვერანაირი „კოაბიტაცია“  და ქრისტიანული შემწყნარებლობა  ჩემთვის ვერ იმუშავებს!

რაც შეეხება დანარჩენს – მარადიულნი არავინ ვართ და ყველანი „სიკვდილის შვილები ვართ“,  მაგრამ ჩვენი ყოფნა-არყოფნა დღესდღეობით მაინც  პატრიარქის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. თითოეული ქართველი მის ჯანმრთელობაზე უნდა ლოცულობდეს დღედაღამ; იმაზე, რომ პატრიარქი იყოს ჯანმრთელად! ღმერთის შემდეგაც, ჩემთვის – პატრიარქია!  ასე რომ, პირველ რიგში,  ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას და იმ სიბრძნის გამოულეველობას ვუსურვებ, რომელიც მას აქვს.

ქართველ  ხალხს ვუსურვებ – იქნებ  ამ სიბრძნის ცოტ-ცოტა ნაწილები მაინც დარიგდეს ამ ქვეყანაში, რათა  რამდენიმე ადამიანი მაინც წარმოჩინდეს იმ ძალის, შესაძლებლობის და იმ თავდადების, როგორიც არის პატრიარქი! აი, ამას ვუსურვებდი პატრიარქს და მის სამწყსოს.   ჩვენ,  ჩვენდაუნებურად, ზოგმაც შეგნებულად, ყველამ ყველა ჩვენგანის ცოდვა ერთ კაცს ავკიდეთ! ისიც, როგორც მთელი ერის სულიერი მამა, ამას ამდენი წელია, მოთმინებით ატარებს... თავისი წილი ცოდვა კი  ყველამ თვითონ უნდა აიღოს თავზე.

არ ვსაუბრობ ზოგ-ზოგიერთ ეპისკოპოსზე და მეუფეზე, რომლებზეც, რა აზრიც გამაჩნდა – ის მექნება და ვერც ვერავინ შემაცვლევინებს. დროა, ყველა გონს მოეგოს, ამას არა მარტო ეპისკოპოსებსა და მეუფეების მიმართ ვამბობ, ეს საზოგადოების ყველა წევრსა და პოლიტიკოსსაც ეხება,  სანამ ერი მიხედავდეს ძალიან ბევრს!

დიდი მადლობა, ბატონო რეზო...

– ერთი წუთით, როგორც ჟურნალისტს, მინდა, რაღაც გითხრათ. ძალიან დიდი დანაშაული მიუძღვის ჟურნალისტების ერთ ნაწილს ერის წინაშე. ჟურნალისტობა მარტო ხელობა არ არის. ვაკვირდები, ერთი ტელევიზიიდან მეორეში როგორ  ხტებიან ჟურნალისტები. ეს ცოტა იმას უფრო წააგავს – „ერთი საწოლიდან მეორეში რომ გადახტებიან“ ხოლმე. ხომ გეხმოთ, რა „ხელობის“ ხალხზეც მაქვს საუბარი?! ასეთ ხალხს ნუ დაემსგავსება ჟურნალისტობა და ჟურნალისტიკა!  არსებობენ ჟურნალისტები, რომელთაც მე ძალზე დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, საუბედუროდ, ასეთნი თითებზე ჩამოსათვლელნი გაგვიხდნენ!

ასე რომ, ყველამ ჭკუას მოუხმოს. მე მონანიების შნოც მაქვს. ცოდვებიც მოვინანიე, თუ რამ მქონდა და, ალბათ, მქონდა კიდეც...  ხანდახან ისიც კი მოვინანიე, რაშიც კი მართალი ვიყავი! იმიტომ, რომ ქვეყანაში სიყვარულს დაესადგურებინა და შერიგება ყოფილიყო, რომელიც არ მოხდა და არც მოხდება, რადგან ავადმყოფებს ვერაფერი უშველით. იმიტომ, რომ პატრიოტიზმში ჯერ სამშობლო უნდა გიყვარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ – შენი თავი! როდესაც ყოველ ჯერზე, ამ „პატრიოტიზმში“ შენს სარგებელს ეძებ – ეს უკვე პატრიოტიზმი აღარ არის! ამიტომ მინდა, დავამთავრო იმით, რომ ეს მეოთხე ხელისუფლება, როგორც მათ ეწოდებათ, ნუ გაირყვნება ისე, რომ ხალხმა იმ საქციელს დაუკავშიროს, რაც სააკაშვილის ხროვამ ჩაიდინა.  ასეთები კი, სხვათაშორის, არიან და ასეთებს ჩვენ დავასახელებთ და არც არაფერს არ ვაპატიებთ – ამას გპირდებით!

– ბატონო რეზო,  „ნაცმოძრაობის“ მიერ 9 წლის საგულდაგულოდ აწეწილ-დაწეწილს ასე ცოტა ხანში  ვერავინ – ვერც ბიძინა ივანიშვილი, დაალაგებს...

– მე მწამს ბიძინა ივანიშვილის იმიტომ, რომ ის თხემით ტერფამდე ქართველია! მხედველობაში მხოლოდ მისი ეთნიკური წარმოშობა არ მაქვს. მას ქართულად უძგერს გული. ძალიან გულწრფელია, ვაჟკაცია და, რაც მთავარია, თავგანწირულია. ამ კაცმა ყველაფერი დადო სასწორზე – თავისი სიცოცხლე, ოჯახი და რაც გააჩნდა, ყველაფერი. მას არაფერი აკლდა. ის ხომ მაინც დევს ხელისგულზე, რომ ივანიშვილი ერთ კაპიკსაც არ მოიპარავს და სახლში არ წაიღებს, როგორც ამ თახსირმა (ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის!) და მისმა ხროვამ  გააკეთა. მე რამდენიმე  მილიარდერს ვხედავ დღეს საპარლამენტო უმცირესობაში, თუმცა, სადაური უმცირობა არიან – ეგ  კიდევ ცალკე საკითხავია...

ნურავის ჰგონია, რომ მათ ივანიშვილზე ნაკლები ფული აქვთ. ძალიან დიდი ფული იხარჯება იმისთვის, რომ  მსოფლიო საზოგადოებას დაანახვონ, რა „მაგრები“ იყვნენ თვითონ და რა გააკეთა ახალმა მოსულმა ხელისუფლებამ. საბოტაჟი საბოტაჟზე ხდება და ესეც ხელისგულზე ძევს.

მე მოვუწოდებ მთელსქართველ საზოგადოებას, ვინც რა წარმოშობისაც უნდა იყოს ის: ვისაც საქართველო თავის სამშობლოდ მიაჩნია, რომ ისევე, როგორც მან, ივანიშვილმა, გადადო თავი და შესწირა თავის სამშობლოს თავი –  ასევ დავუდგეთ ჩვენც მას გვერდით! მე უფალს ვთხოვ, რომ  მას არაფერი შეეშალოს არც  თავის  სამშობლოსთან და არც თავის პიროვნებასთან, რომელიც ასე უმწიკვლოდ მოიტანა აქამდე.

თორემ,  თუ „ქართულ ოცნებაში“ სხვა „ოცნებებიც“ გაერია, მე, რასაკვირველია, მათ შორის პირველი აღმოვჩნდები, ვინც ხმას ამოიღებს,  ჩემს სათქმელს ყველაფერს ვიტყვი და ეს სიტყვები  ძალიან მკაცრი იქნება! თუმცა, იმის დიდი იმედიც მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი ასე ღირსეულად დაწყებულ საქმესაც  ღირსეულად მიიყვანს ბოლომდე.