პუბლიკაციები
გიგლა ბარამიძე: „არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის გარემოცვა „ნაცმოძრაობის“ ცნობადი სახის ან ჟურნალისტის ლიკვიდაციასაც კი გეგმავდეს!“

1-analNEW-giglaსაქართველო, 25 თებერვალი. საქინფორმი. რამდენიმე დღის წინ საქართველოში დაბრუნდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (უმაღლესი დიპლომატიური რანგი) – დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი დამოუკიდებელ სომხეთში, პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში,  პოლიტიკური დევნილი (ოფიციალური სტატუსით), მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიგლა ბარამიძე, რომელმაც 2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქვეყანა იძულებით დატოვა. როგორც ბატონმა გიგლამ საქინფორმის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, მან მაშინ სულ რაღაც 15 წუთით გაასწრო სპეცრაზმს, რომელმაც „რუსთავი 2“-ის კამერებთან ერთად სახლში მიაკითხა. და აი, 9-წლიანი იძულებითი ემიგრაციის შემდეგ საქართველოს ახალმა პარლამენტმა გიგლა ბარამიძე პოლიტიკურ დევნილად ცნო და იგი ქვეყანაში დაბრუნდა.

საქინფორმთან საუბრისას მან სამცხე-ჯავახეთში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებზე, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გაამძაფროს.

– ბატონო გიგლა, რით დაიწყო თქვენი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირება, რომელმაც ქვეყნის დატოვება გაიძულათ?

– „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეეგუა იმ ფაქტს, რომ ჯავახეთში ფეხი ვერ მოიკიდა. მათ იქ უნდოდათ საყრდენი პლაცდარმის შექმნა, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი. ჩემს ჩასვლამდე რეგიონში უმძიმესი მდგომარეობა იყო – კრიმინალური ელემენტები თარეშობდნენ, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა „მოქალაქეთა კავშირის“ იმ ფრთას, ვინც მოგვიანებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დააფუძნა. მათ ამ კრიმინალებთან ერთად ფინანსური ინტერესები ჰქონდათ. არ მოსწონდათ ის, რომ ჯავახეთში ქართული საქმე კეთდებოდა, რომ სახელმწიფო სიმბოლიკა გამყარდა (ქართული დროშები ჯავახეთში ჩვენ აღვმართეთ), არ მოსწონდათ ქართველი მესაზღვრეებისა და ქართული ჯარის ჯავახეთში განთავსება, აჭარლების ჩასახლება, საპატრიარქოსთვის მიწების გამოყოფა, ეკლესიების მშენებლობა, თამარ მეფის ძეგლის გახსნა და ყველაფერი, რაც კი ეროვნული იყო. სამაგიეროდ, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ჩემგან სხვადასხვა სექტისთვის მიწების გამოყოფას მოითხოვდნენ, რაზეც, რა თქმა უნდა, უარს ვეუბნებოდი. სხვათა შორის, მინდა, გითხრათ,რომ სამცხე-ჯავახეთში ამგვარი უკანონობით დაკავებული ადამიანები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში იყვნენ.

ამ ყველაფერს შეძლებისდაგვარად ვახმიანებდით მედიის საშუალებით და ამიტომაც დაიწყო ჩვენ წინააღმდეგ უბინძურესი პიარკამპანია.

– იქნებ დაასახელოთ ის პირები, რომლებიც ჯავახეთში კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდნენ...

– ამ პირების საქმიანობის შესახებ სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელებთან საუბარი უკვე მქონდა, ამიტომაც ჯერჯერობით თავს შევიკავებ მათი გვარების დასახელებისაგან. პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დროს უშიშროების საბჭოში „გრიფით საიდუმლო“ სამი დოკუმენტი წარვადგინე, რომლებიც მხარის პოლიტიკურ-ოპერატიულ სიტუაციას ეხებოდა. იქ დეტალურად იყო გაწერილი, თუ რა ხდებოდა რეგიონში და რა იგეგმებოდა იქ ვითარების დესტაბილიზაციისთვის. ეს დაძაბულობა მაშინ მე გავანეიტრალე, ამ ყველაფრის დამგეგმავი ხალხი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩა და ამ კუთხით საქმიანობას კვლავ აგრძელებს.

– როგორ ფიქრობთ, დღეს ჯავახეთში ვითარების დაძაბვა სააკაშვილს რაში სჭირდება?

– მას უნდა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება პრობლემის წინაშე დააყენოს და შემდეგ განაცხადოს, რომ მის დროს იქ სრული სიმშვიდე იყო, ახლა კი ვითარება დაიძაბა და ახალ ხელისუფლებას რეგიონში პრობლემების მოგვარების ძალა არ შესწევს. პრეზიდენტმა ვაჰაგან ჩახალიანი რომ ამოიჩემა, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმისა, რომ ჯავახეთში ვითარების ამღვრევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ კვლავ აქტუალურია. სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და ერთხელაც არ უხსენებია ჯავახური სეპარატიზმი, ახლა კი ამ სიტყვებს ხშირად იყენებს.

მეტსაც გეტყვით, სააკაშვილს და მის გუნდს სპეციალური გეგმა აქვთ შემუშავებული, თუ რა უნდა გააკეთონ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ამის განსახორციელებლად მათ ფარული ბიუჯეტიც აქვთ გამოყოფილი.  გეგმის ერთი ნაწილია ჯერ კიდევ შემორჩენილი მეორე და მესამე დონის ჩინოვნიკების კონსოლიდაცია, რომლებიც არა მხოლოდ ძალოვან, არამედ ყველა სხვა სტრუქტურაში დღემდე რჩებიან. გარდა ამისა, მათ აქვთ საბოტაჟის გეგმაც. ამზადებენ მასალებს პიროვნებების კომპრომენტაციისთვის და ინტენსიურ საუბრებს აწარმოებენ ადეიშვილსა და ქვეყნიდან გაქცეულ ყველა სხვა თანაგუნდელთან. ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთ შეხვედრაზე განხილული იყო მორიგი პროვოკაცია, რომლის დროსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენლის ან ჟურნალისტის უმძიმესი ფიზიკური დაშავება, შესაძლოა, თვით ფიზიკური ლიკვიდაციაც კი განახორციელონ და ამაზე კიდევ ერთი შავი პიარი აგორდება.

– საიდან ფლობთ ამ ინფორმაციას?

– ეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან გამოჟონილი ინფორმაციაა. ერთ-ერთ შეხვედრაზე საუბარი იყო კონკრეტულ კანდიდატურაზეც კი – განიხილავდნენ, თუ ვინ უნდა იყოს ამ სპექტაკლის „მთავარი გმირი“ – ჟურნალისტი, გუბერნატორის მოადგილე, საკრებულოს წევრი, თუ სხვა ვინმე.

– ანუ თქვენ ამბობთ, რომ შესაძლოა, უახლოეს დროში ვიხილოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებული „სპექტაკლი“, რომლის შედეგადაც რომელიმე კონკრეტული ჟურნალისტი ან მათი გუნდის წევრი დაზარალდება და შემდეგ ამ „ფაქტს“ ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებენ?

– დიახ, ოღონდ დაზარალდება არა ისე მსუბუქად, როგორც ჩიორა თაქთაქიშვილი, არამედ საუბარია ფიზიკურ ლიკვიდაციაზეც კი.

გარდა ამისა, ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილის გუნდი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადება. მათ აქვთ დასაპატიმრებელ ადამიანთა 200-კაციანი სია. აგრეთვე, აპირებენ ყველა იმ ადამიანის ციხეში დაბრუნებას, ვინც ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკურ პატიმრად აღიარა და გაათავისუფლა. მათ შეხვედრებზე ეს საკითხები აქტიურად განიხილება. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ისინი სპეცსამსახურების უმაღლესი ხარისხის აპარატურას ფლობენ, რომელსაც საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მაშინ, როდესაც სააკაშვილის გუნდს ძალიან გაუჭირდა, ჩვენი მეზობელი ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში ერეკლე კოდუას ხალხი დაძრწოდა და ე.წ. შემსრულებლებს ეძებდა იმისათვის, რომ თბილისში ტერორისტული აქტი მოეხდინათ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამის განხორციელება ბოლო წუთს გადაიფიქრეს. არ არის გამორიცხული, რომ ეს გეგმა ეხლა განახორციელონ.

– თუ გაქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად სად უნდა განხორციელებულიყო ეს ტერაქტი და რა იყო მისი მიზანი?

– აფეთქება სამების ტაძართან, უწმიდესის რეზიდენციასთან და სააკაშვილის რეზიდენციასთან. და სააკაშვილს ეს უნდოდა, დაეკავშირებინა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გაუგებარ ვითარებაში ჩახოცილი უდანაშაულო ქისტი ბიჭების მფარველების მხრიდან შურისძიებასთან. მიზანი არჩევნების გადადება იყო!

– შესაძლოა, თქვენი ამ განცხადებებით ძალოვანი უწყება დაინტერესდეს. თუ გაქვთ ამის დამადასტურებელი ფაქტები?

– მე სპეცსამსახურის თანამშრომელი არ ვარ, მაგრამ შემიძლია ძალოვან უწყებებს დაწვრილებითი ინფორმაცია მივაწოდო, დანარჩენზე თვითონ იზრუნებენ.

– როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ განახორციელეს ეს გეგმა?

– მათ ძალიან კარგი ანალიტიკოსები ჰყავთ და მიხვდნენ, რომ ეს ტერაქტი ვეღარ უშველიდათ.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ მსგავსი პროვოკაციების მოწყობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დღესაც შეუძლია.

– დიახ, ასეა. ამიტომაც მათი განეიტრალება უნდა მოხდეს. როდესაც მტერს ამარცხებ (მართალია, ჩვენ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ესეც ხომ ბრძოლაა), იარაღს ხომ ართმევ?! დღევანდელ დემოკრატიულ სამყაროში იარაღი არის ფული. სააკაშვილის გუნდს დიდი ფინანსური რესურსი აქვს როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში – ქვეყანაში არსებულ მსხვილ ბიზნესს დღემდე ისინი აკონტროლებენ. ამიტომ სახელმწიფომ მათ გასანეიტრალებლად ეს უკანონო ფინანსური შემოსავლები უნდა ჩამოართვას და ქვეყნის ბიუჯეტში შეიტანოს.

უმნიშვნელოვანესია, ასევე, სასამართლო რეფორმა. სალახანა ბაჩანა ახალაიას დაჭერა საკმარისი არ არის! იმისათვის, რომ ევროპელები გაჩერდნენ, საჭიროა, ახალმა სასამართლომ თავად სააკაშვილს დაუსვას ის ლეგიტიმური შეკითხვები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს – რატომ მოკლა გაურკვეველ ვითარებაში ადამიანები, რატომ დაბომბა ქალაქი, რატომ გააქრო პრემიერ-მინისტრი (ზურაბ ჟვანია), რატომ იმრუშა და რატომ ჩაიდინა უამრავი სხვა სიბინძურე. თუ ასეთ შეკითხვებს სასამართლო მას დაუსვამს, ეს დასავლეთს დააფიქრებს და მის მხრადაჭერას ვერავინ გაბედავს. მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს, რას ვედავებით პრეზიდენტს.

– ბოლო დროს ევროპელი დიპლომატები განსაკუთრებით გააქტიურდნენ და საპარლამენტო უმცირესობის მხარდასაჭერად ძალისხმევას არ იშურებენ...

– ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, დასავლური ევროპული ფასეულობებია, მაგრამ, როგორ გგონიათ, ევროპაში მექრთამეები არ არიან?!  ბევრი ღირსეული ევროპელი დიპლომატია, მაგრამ ისინი, ვინც „ერთინ ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩამოდის და მხარდაჭერას უცხადებს, მექრთამეები არიან, რომელთაც ნაციონალები ფულს უხდიან და საკუთარ დაკვეთას ასრულებინებენ.  თუკი ევროპელებს ყველაფერზე თავს დავუქნევთ, იმასაც კი გვიკარნახებენ, სახლში მეუღლესთან როგორ უნდა მოვიქცეთ (ბოდიში ამ  მაგალითისთვის). ჩვენ მათ ყველაფერს ვაძლევთ, საპასუხოდ კი არაფერს ვითხოვთ. გადავეკიდეთ რუსეთს, რომელმაც მკაცრი სავიზო რეჟიმი დაგვიწესა, ქართული პროდუქცია საკუთარ ბაზარზე აკრძალა და ა.შ. შედეგად – ევროპა რაიმეთი დაგვეხმარა? სავიზო რეჟიმი გაგვიმარტივა, თუ ჩვენი პროდუქცია გაგვატანინა ევროპულ ბაზრებზე? რეალურად არაფერი გაკეთებულა! ჩვენი ბიჭები ავღანეთში იხოცებიან და მათხოვარივით ვდგავართ ნატოს კართან. სომხეთს მაპი მაინც მისცეს, ჩვენ ესეც არ გვაღირსეს. როგორ გგონიათ, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი ჩინოვნიკები უღირსად იქცევიან. ისინი ევროპელების დახმარებით საკუთარ სკამებს ინარჩუნებენ.

დსთ-ის თითქმის ყველა ქვეყანაში ვიყავი, მაგრამ არსად მინახავს ასე გაყელყელავებული უცხოელი დამკვირვებლები ან დიპლომატები. ყველამ იცის ზღვარი, რომლის მიღმაც გადასვლა არ შეიძლება. საქართველოში კი ნებისმიერ საკადრო ცვლილებასაც კი დასავლეთიდან გვკარნახობდნენ.

ჩვენ არ ვიცით ევროპელებთან ურთიერთობა და დროა, ვისწავლოთ.

– როგორია თქვენი დამოკიდებულება საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ?

– ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩემს სიმპათიას თუნდაც იმის გამო იმსახურების, რომ ეს ურჩხული  (ყოფილი მმართველი გუნდი მყავს მხედველობაში) დაამარცხა და ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მომეცა. ის, რასაც ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში ამბობდა, ყველაფერი ფილიგრანული ტექნიკით შესრულდა. იმედი მაქვს, რომ იგი სასამართლო რეფორმის განხორციელებასა  და იმ სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას შეძლებს, რომელზეც საუბრობდა. საზოგადოებაში არნახული მოლოდინია იმისა, რომ დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც ციხეებში ადამიანების წამების კადრებს საკუთარ კაბინეტში კარგი ფილმივით უყურებდა.

– ქართულ პოლიტიკაში ჩართვას ხომ არ გეგმავთ?

– როგორც იცით, 9 წელი საქართველოში არ ვყოფილვარ და ჯერჯერობით ვცდილობ, დავკვალიანდე. სამეცნიერო კუთხით უამრავი საქმე და შემოთავაზება მაქვს. რაც შეეხება პოლიტიკას, ჯერ ვერაფერს გეტყვით.

– ალბათ, გაქვთ პოლიტიკური სიმპათიები...

– სიმპათიები, როგორც უკვე გითხარით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ მაქვს, მაგრამ არა პოლიტიკური, არამედ ადამიანური თვალსაზრისით. თუმცა, თუ ქვეყანას დავჭირდები, შესაძლოა, პროცესებში ჩართვაზე უარი არ ვთქვა.

ესაუბრა ნატა წერეთელი