პუბლიკაციები
ბიძინა ივანიშვილი: “აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია, რომ საჯარისო ნაწილებმა საომარი მოქმედებები დაიწყეს მანამ, სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვრები“

aktu-2-analit-BIZსაქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, 2013 წლის 10 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ცენტრალური ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებს, ყოველდღიური ბეჭდური გამოცემების მთავარ რედაქტორებს და უცხოური მედიას ქართული ბიუროების წარმომადგენლებს.

ტელეკომპანია “იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ბაია ცანავას შეკითხვაზე პასუხისას პრემიერ-მინისტრმა, კერძოდ, განაცხადა: “ომის თემა (2008 წლის აგვისტოს - საქინფორმი), საერთოდ, ჩემი აზრით, დღემდე ბურუსითაა მოცული...  მე პირადად ბევრი შეკითხვები მაქვს. მეც ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება პრეზიდენტის მეთაურობით არაადეკვატურად მოიქცა იმ სიტუაციაში. გაუმართლებლად მიმაჩნია აბსოლუტურად, რომ საჯარისო ნაწილები (ქართული - საქინფორმი) მზადყოფნაში მოვიდნენ და საომარი მოქმედებები დაიწყეს მანამ, სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვრები. გაურკვეველი ბანდფორმირებები ისროდნენ (ოსური მხრიდან - საქართველოს ძალების მხარეს - საქინფორმი) და აბსოლუტურად ადეკვატური იქნებოდა ჩვენი პრეზიდენტის მხრიდან და ჩვენი მთავრობის მხრიდან საერთაშორისო მონიტორინგის მოწვევა. ეს პროცესი შეიძლებოდა ამ დონეზე და ძალიან მარტივად დასრულებულიყო... არავითარი სასწაული არ მომხდარა - ერთ-ერთი ნაღმმტყორცნი შევარდა  ერთ-ერთ სახლში და იქ რაღაც კედელი დააზიანა. არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. სოფლიდან საკმარისი იქნებოდა 10, მაქსიმუმ 100 მაცხოვრებლის გაყვანა, საჯარისო ნაწილების ჩაყენება და საერთაშორისო თანამეგობრობის მონიტორინგის მოწვევა. ეს იყო ალბათ ერთადერთი სწორი ნაბიჯი“.

საქინფორმის რედაქციისგან: როგორც ხედავთ, პატივცემულო მკითხველო, ახლაც, 5 დღის წინ გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი  ლაპარაკობს საბრძოლო მოქმედებებზე, და არა საქართველოს მიერ დაწყებულ ომზე. რადგან რამდენად ამაზრზენიც უნდა იყოს საბრძოლო მოქმედებები საკუთარი მოქალაქეების (ამ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთელების) წინააღმდეგ და საკუთარ ტერიტორიაზე, ომს, მითუმეტეს, საქართველო-რუსეთის ომს, ამას ვერაფრით დაარქმევ!

და ძალიან უცნაურია, რომ ეს ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა არ აღნიშნა. სწორედ მას, და არა საქინფორმს, დაუყოვნებლივ უნდა გაეკეთებინა ასეთი განცხადება და იძულებული არ გაეხადა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ეს სოციალური ქსელი Facebook-ის მეშვეობით გაეკეთებინა.