პუბლიკაციები
ბიძინა ივანიშვილი: “ტალიავინის განცხადებაშიც და საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშიც დაფიქსირებულია, რომ საომარი მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო“

1-aktu-1-BIZსაქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. მკითხველს შევახსენებთ, რომ 2011 წლის 1 ნოემბერს გაიმართა ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია, რომელიც, პრაქტიკულად, ოლიგარქის პოლიტიკაში მოსვლის პრეზენტაციად იქცა. საქინფორმის აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა და ფოტოკორესპონდენტმა მაშინ ონლაინ რეჟიმში შესთავაზეს მკითხველს დაწვრილებითი რეპორტაჟი მთაწმინდაზე ივანიშვილის სასახლეში (ე.წ. ბიზნესცენტრში) ჩატარებული პრესკონფერენციიდან.

დღეს ჩვენ ბატონი ბიძინას მხოლოდ ერთ პასუხს გავიხსენებთ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის“ და “პალიტრა ტვ“-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო კვირაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა - კერძოდ, მიიჩნევს თუ არა ის 08.08.08. ომის ინიციატორად საქართველოს, რომლის უგუნურმა ქმედებებმა რუსეთის კიდევ უფრო უგუნური ქმედებები გამოიწვიეს?

“პირველ რიგში, მე მოვიშველიებ ტალიავინის დასკვნას. მეორე რიგში, მე შეგნებულად წამოვიღე საბუთი. ეს არის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ, რომელსაც ქართულმა დელეგაციამაც მისცა ხმა. ტალიავინის განცხადებაშიც და ამ რეზოლუციაშიც, რომელსაც საქართველოს დელეგაციაც აძლევდა ხმას, დაფიქსირებულია, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები.

მე შემიძლია დაგიზუსტოთ იმ ქართველებს, ვისაც ეს საწყენად მიგაჩნიათ, და შეგახსენოთ, პროცესი როგორ ვითარდებოდა. გახსოვთ, რომ ლიახვის სოფლები იბომბებოდა რაღაცა გაუგებარი ფორმირებებისაგან ოსეთის მხრიდან. ჩემი აზრით, სააკაშვილს აქ ჰქონდა ერთადერთი ქმედება, რომ დაეცვა ეს სოფელი კონკრეტულად, რამდენიმე მოსახლე შეიძლებოდა გამოეყვანა, საერთაშორისო ორგანიზაციები მოეწვია და დაეფიქსირებინა, რაც ხდებოდა.

ამის საპასუხოდ სააკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად არაადეკვატური, გაუაზრებელი ქმედება - დაიწყო ცხინვალის დაბომბვა! ეს ფიქსირდება ყველგან, გარდა იმ სამი ტელეარხისა, რომლებიც მე უკვე ვახსენე (გულისხმობს ქართულ ცენტრალურ პროსამთავრობო ტელეარხებს “რუსთავი 2“-ს, “იმედს“ და “საზოგადოებრივ მაუწყებელს“ - საქინფორმი) და ამას გარდა, ბევრი საინფორმაციო საშუალება ცდილობს, საქართველოს მოსახლეობას დააჯერონ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სხვაგვარად. ის, რომ მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, და ასე გადმოგვცემენ, სააკაშვილი ასე გადმოგვცემს დაახლოებით, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და გაიმარჯვა საქართველომ!..

გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაციები, ჩვენ მეხსიერება ხომ არ დაგვიკარგავს. ნუთუ ქართველი ხალხი ასეთი ბრიყვია, რასაც ცდილობენ და გვარწმუნებენ მუდმივად?! კარგად მახსენდება ჯორჯ ორუელის “1984“, ფიქრის პოლიცია... (ჯორჯ ორუელის რომანი-ანტიუტოპია, გამოცემულია 1949 წელს - საქინფორმი) ზომბირებას აპირებენ ქართველი ხალხის... განა არ გვახსოვს, ლომაია როგორ გვმოძღვრავდა ლევიტანივით - “ეს სოფელიც ავიღეთ!“ - და სოფლების სახელებს ასახელებდა. რა, კარგად არ ვიცით? განა ამის შემდეგ არ წამოვიდა ის დიდი აგრესია რუსეთის მხრიდან? ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, სიმართლეს შევხედოთ თვალებში. მხოლოდ ქართველი ხალხის დაბნელებას და მოტყუებას ცდილობენ, მთელ მსოფლიოში ყველამ ყველაფერი კარგად იცის!..

როგორ გავბედე და ამის მსგავსი ვთქვი - ეს სამი ხსენებული არხი სამი დღის განმავლობაში ჩემი კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებდა...

აი, ასეთი იყო სიტუაცია, ესე გვახსოვს ჩვენ და ვერ წაგვიშლიან მახსოვრობას. ვერ მოახერხებენ ჩვენი მახსოვრობის წაშლას და ჩვენს ზომბირებას, რისი მცდელობებიც მათი მხრიდან ძალიან ხშირად იგრძნობა“.

ცნობისათვის: “საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 2008 წლის 8 აგვისტოს ღამით განახორციელეს სამხრეთ ოსეთის ქალაქ ცხინვალის მასირებული საარტილერიო დაბომბვა, და სწორედ მან დაუდო სათავე ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტს კავკასიაში“, - ნათქვამია კავკასიაში მომხდარი მოვლენების გარემოებათა დამდგენი ევროკავშირის ეგიდით მოქმედი საერთაშორისო კომისიის 2009 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ მოხსენებაში. კომისიას გამოცდილი შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა.

საქინფორმის რედაქციისგან: როგორც ხედავთ, პატივცემულო მკითხველო, ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, თავის პირველ პრესკონფერენციაზე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი  ლაპარაკობდა საბრძოლო მოქმედებებზე, და არა საქართველოს მიერ დაწყებულ ომზე. რადგან რამდენად ამაზრზენიც უნდა იყოს საბრძოლო მოქმედებები საკუთარი მოქალაქეების (ამ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთელების) წინააღმდეგ და საკუთარ ტერიტორიაზე, ომს, მითუმეტეს, საქართველო-რუსეთის ომს, ამას ვერაფრით დაარქმევ!

და ძალიან უცნაურია, რომ ეს ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა არ აღნიშნა. სწორედ მას, და არა საქინფორმს, დაუყოვნებლივ უნდა გაეკეთებინა ასეთი განცხადება და იძულებული არ გაეხადა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ეს სოციალური ქსელი Facebook-ის მეშვეობით გაეკეთებინა.