პუბლიკაციები
„ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბმა“ „ქორთიარდ მარიოტთან“, სადაც ნატოს კვირეულის დახურვა მიმდინარეობდა, ავღანეთიდან ქართული შენაერთების დაუყოვნებლივ გამოყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

klubi-mtსაქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“, სადაც ნატოს კვირეულის დახურვა მიმდინარეობდა, „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის“ წევრებმა ავღანეთიდან ქართული შენაერთების დაუყოვნებლივ გამოყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ახალგაზრდებმა სხვადასხვა პლაკატებთან ერთად ნატოს კარის ფოტო წარმოადგინეს, რომელიც მავთულხლართით არის საქართველოსთვის დახურული. ორგანიზატორების განცხადებით, მათ სურთ ნატოს წარმომადგენლებისგან სხვადასხვა შეკითხვაზე პასუხი მიიღონ და ამ მიზნით „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“ მომავალ კვირას მრგვალი მაგიდის მოწვევას  გეგმავს.

საქინფორმის კორესპონდენტი აქციის ორგანიზატორებს გაესაუბრა.

ირაკლი ყიფიანი („ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის“ წევრი): „ჩვენ ვითხოვთ ავღანეთიდან ქართული დანაყოფების გამოყვანას. გვაინტერესებს მივიღოთ პასუხი შეკითხვაზე, თუ რას ეწირებიან ის ქართველი ბიჭები, რომლებიც ავღანეთში დაიღუპნენ?! როგორც იცით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, პროცენტულად ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო საქართველომ, მაშინ, როცა არც მაპი გვაქვს და არც ნატოში ინტეგრაციის რეალური შანსი. ეს ყველაფერი არის ფარსი, რომელსაც ქართულ საზოგადოებას თავს ახვევენ. ქართველი ბიჭები ავღანეთში საზარბაზნე ხორცად აქციეს. მიგვაჩნია, რომ ისეთ ოპერაციებში მონაწილეობა, რომლებიც არანაირი შედეგის მომტანი არ არის, დაუშვებელია.“

გიორგი მდივანი („ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის“ წევრი): „ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა. პირველი - მოვითხოვთ ავღანეთიდან ქართული ჯარის ნაწილების გამოყვანას. რეალურად დღეს ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში უცხო ქვეყნის ოკუპაციას აწარმოებენ, რაც მიუღებელია. მეორე - ვითხოვთ მეტ კონკრეტიკას ნატოსგან. იმ საერთაშორისო განცხადებებში, რომლებსაც ნატოს წარმომადგენლები აკეთებენ, არ ჩანს, კონკრეტულად როდის დადგება მაპის საკითხი, რეალურად შეძლებს თუ არა ნატო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებას - ეს საკითხები ბუნდოვანი და გაუგებარია. ამიტომაც მომავალ კვირას ვგეგმავთ მრგვალი მაგიდის მოწყობას, სადაც მოწვეული იქნებიან ნატოს წარმომადგენლები და იმედი გვაქვს, ჩვენს შეკითხვებს უპასუხებენ.“

klubi-1 klubi-2
klubi-3 klubi-4
klubi-5 klubi-6
klubi-7