აქტუალური
The Wall Street Journal: "საქართველომ აირჩია პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ნაკლებად პროამერიკული პოზიცია უჭირავს, ვიდრე სააკაშვილს და ცდილობს აშშ-საგან დამოუკიდებელი პოლიტიკა განახორციელოს" - აშშ-ის საელჩოს რეაქცია და წულუკიანის განცხადება

1-aktual3-iranსაქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. გასულ პარასკევს, 21 ივნისს, Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია "ირანი თავს აღწევს აშშ-ის სანქციებს საქართველოს გავლით", რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ ქართულ ეკონომიკაში ინვესტირების სანაცვლოდ ის თვალს ხუჭავს ირანელების მიერ ქვეყნის საბანკო სისტემის გამოყენებაზე საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად.

სტატიის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ირანელი ბიზნესმენები აქტიურად ყიდულობენ ქართულ კომპანიებს და  ხსნიან ახალ კომპანიებსქართული სახელებით - WSJ-ს მონაცემებით, უკვე 150-მდე ასეთი კომპანია ეკუთვნის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ეკონომიკურ სტრუქტურებს და ისინი გამოიყენება ორმაგი დანიშნულების მოწყობილობის შესაძენად.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ირანული კომპანიების რიცხვი 84-დან 1489-მდე გაიზარდა. აშშ-ის ხელისუფლების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს კომპანიები, რომლებიც ეკუთვნის ჰუშანგ ჰოსეინგურუს, ფურიე ნაზიბის და ჰუშანგ ფარსოდეს, რომლებიც აკონტროლებენ ავიაკომპანია FlyGeorgia-ს, საინვესტიციო ბანკ JSC-ს და სხვ.

The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ქართულმა ხელისუფლებამ გაყინა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი 150-ზე მეტი საბანკო ანგარიში, რომლებზეც ვრცელდება გაეროს ანტიირანული სანქციები. "წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ირანის მიმართ გაეროს სანქციების შესრულების თვალსაზრისით  წარმოებული მუშაობა პოზიტიურად არის შეფასებული გაეროს დელეგაციის მიერ, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ იყო საქართველოში. მათ ისიც კი თქვეს, რომ ამ მხრივ ჩვენთან კონტროლი უკეთ ხორციელდება, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში", - განაცხადა იმავე დღეს თეა წულუკიანმა.

The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, საქართველოში ირანის მზარდმა ბიზნესსაქმიანობამ შეაშფოთა ობამას ადმინისტრაცია, რადგან საქართველოსა და აშშ-ს შორის ღრმა ურთიერთობა არსებობს... მაგრამ ირანის მიმართ საქართველო, რომელმაც ისეთი პრემიერ-მინისტრი აირჩია, რომელსაც ნაკლებად პროამერიკული პოზიცია უჭირავს, ვიდრე ბატონ სააკაშვილს, ცდილობს აშშ-საგან დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს.

სტატიის ამ ნაწილთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩომ იმავე დღეს აღნიშნა თავის განცხადებაში: "ამ სტატიაში მოყვანილი გარკვეული განცხადების საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-სთან ძლიერ ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს ინტერესი არ დასუსტებულა, ისევე როგორც საქართველოს უწყვეტი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი სურვილი. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ამ საკითხში".