პუბლიკაციები
გზა, რომელიც ორი დღის განმავლობაში ტაძართან არ მიდიოდა, ანუ 300 მეტრი ლუდის ფესტივალიდან - წმიდა მოციქულთა პეტრე და პავლემდე (ბატონების - ღარიბაშვილისა და უგულავას საყურადღებოდ!)

samart-mt-geoსაქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. გასულ შაბათს და კვირას (13 და 14 ივლისს), თურქული კომპანია Anadolu Efes-ის კუთვნილმა კომპანია “ნატახტარმა“ თბილისის ცენტრში - ვარდების მოედანზე ლუდის ფესტივალი მოაწყო, რამაც თბილისელებს, განსაკუთრებით კი - ახლომდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს უამრავი უხერხულობა შეუქმნა.

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები, გადაღობილი მოედნის და მისგან გამომავალი ქუჩების გამო, იძულებული იყვნენ საპატრულო ეკიპაჟების თვალწინ რამდენჯერმე უხეშად დაერღვიათ საგზაო მოძრაობის წესები, რათა მოედნისთვის გვერდი აევლოთ, ხოლო პეროვისა და ქიაჩელის ქუჩებზე მოსახვედრად - საერთოდ, მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით ევლოთ!

2. საპატრულო პოლიციელები, რომლებიც უფროსობის არაგონივრულ ბრძანებას ასრულებდნენ, ორი დღე იძულებული იყვნენ რუსთაველის გამზირზე მომწესრიგებლებად ემუშავათ და შემოღობილს იქით ფეხით მოსიარულეები და სახლში მოხვედრის მსურველი პეროვის და ქიაჩელის ქუჩების მაცხოვრებლებიც კი არ გაეტარებინათ!

3. ორი უქმე დღის განმავლობაში ქართული მეღვინეობის და მრავალხმიანობის დედაქალაქში მძლავრი დინამიკებიდან გამომავალმა დოლების რიტმულმა ბაგაბუგმა ქალაქელებს დასვენებისა და ლოცვის საშუალება არ მისცა არა მარტო “კულტურული“ ღონისძიების შემოგარენში, არამედ მისი ეპიცენტრიდან მოშორებითაც კი!

4. სამაგიეროდ, საშინელი ანტისანიტარია და ნაგავი, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში მზიანი საქართველოს ცენტრალურ მოედანზე ყარდა, რწმენას გვინერგავდა, რომ აუცილებლად შევალთ ევროკავშირში, ევროპის ბევრ ქალაქში ხომ ლუდის ფესტივალები ზუსტად ასე ტარდება - ასეთსავე სიმთვრალეში, ხმაურსა და ჭუჭყში!

samart-1 samart-2 samart-3 samart-4
samart-5 samart-6 samart-7 samart-8

P.S. ხოლო სულ რაღაც 300 მეტრში - გამოჩენილი ქართველი მწერლის ლეო ქიაჩელის სახელობის ქუჩის მეორე ბოლოში (სადაც მიხეილ ჯავახიშვილის სახლში იკრიბებოდნენ ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე, დიმიტრი შევარდნაძე, გიორგი ელიავა, გრიგოლ წერეთელი, ხოლო მოპირდაპირე სახლში №5/7 ოდესღაც მარშალი ლავრენტი ბერია ცხოვრობდა) უკვე ორი საუკუნეა გვერდიგვერდ ურყევად დგას ორი მართლმადიდებლური ტაძარი - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული ლურჯი მონასტერი და წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ეკლესია, სადაც ამავე უქმე დღეებში წმიდათა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავდნენ, ხოლო მეორე დღეს, როგორც ყოველთვის, ქრისტეს აღდგომის დიდი დღესასწაულის და წმიდა მამათა ექვსი მსოფლიო საეკლესიო კრების ხსენების აღსანიშნავად საკვირაო ღვთისმსახურება ჩატარდა.

მაგრამ ამ შაბათ-კვირას ქიაჩელის ქუჩა ტაძართან არ მიდიოდა, რადგან დასაწყისშივე გადაკეტილი იყო...

ps-1 ps-2 ps-3 ps-4

თინათინ ჩიქოვანი,
საქინფორმი