რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “სანამ პრეზიდენტი მარგველაშვილი აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში შევა, მისი კედლებიდან მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა ამოიღეთ!“

akt-1mt-margvelWikiLeaks-ის და ედვარდ სნოუდენის სკანდალურმა მხილებებმა აჩვენა, რომ „ცე-რე-უ“ და აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო თვალთვალის და ინფორმაციის შეგროვების ყველანაირ მეთოდებს მიმართავენ. აღმოჩნდა, რომ თვით ევროპის ქვეყნები - ნატოში პარტნიორები და დიპლომატიური წარმომადგენლობები, ამერიკის დაზვერვის დაჟინებული ყურადღების ობიექტები არიან, რომელიც შტატიანი და უშტატო თანამშრომლების, გავლენის აგენტების და გადაბირებული ჯაშუშების გარდა, სუპერთანამედროვე ტექნიკურ საშუალებებსაც იყენებს.

გასულ კვირას მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის გადატანის შესახებ კოლმეურნეობის მოედანზე - ათონელის ქ. №25-ში, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში, რომლის კედლებში, ეჭვგარეშეა, “შემთხვევით“ დარჩა დამონტაჟებული აპარატურა ფარული აუდიომოსმენის და ვიდეოთვალთვალისთვის.

ცნობისათვის: თავდაპირველად, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრობა და, საქართველოს შეცვლილი კონსტიტუციის მიხედვით, ძალაუფლების კვლავ საკუთარ ხელში აღება ჰქონდა განზრახული, ის ამ შენობას თავისთვის იმზადებდა - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2012 წლის დასაწყისში 26 მილიონი ლარი გამოიყო, საიდანაც 16 მილიონი ავანსის სახით გადაერიცხა სამშენებლო კომპანია “არტექსს“ (პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტს - რაბათის ციხე ახალციხეში, ბორჯომის პარკი და ბალნეოლოგიური სანატორიუმი, ქუთაისის ცენტრალური მოედანი, მცხეთის ისტორიული ცენტრი და სიღნაღი, საარბრიუკენის მოედანი ადმინისტრაციული შენობებით, მარჯანიშვილის ქუჩა და 3 მილიონ 850 ათას ლარად აუზი “ოლიმპიკის“ მშენებლობა თბილისში - აი არასრული ჩამონათვალი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერების, რომლებშიც ამ კომპანიამ “გაიმარჯვა“!).

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი რეზიდენცია აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში კომპანია “არტექსს“ 2012 წლის 1 სექტემბერს უნდა ჩაებარებინა, ამასთან ისტორიული შენობისთვის უკანა მხრიდან სუპერთანამედროვე 7-სართულიანი კორპუსი უნდა მიეშენებინათ პრემიერ სააკაშვილის თანამშრომლებისთვის. თუმცა, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად სააკაშვილის ოცნებები საქართველოს პრემიერ-მინისტრად გახდომაზე გაიფანტა, ისევე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალ რეზიდენციაზე გამოყოფილი თანხები - კომპანია “არტექსმა“ პროექტით გათვალისწინებული 7-ის ნაცვლად მხოლოდ 2 სართული ააშენა, ხოლო მთელი შენობის მოპირკეთებაზე ფიქრიც დაავიწყდათ...

დიახ, სანამ აშშ - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ მათგან საიდუმლოებები არ გვაქვს და ტექნიკურად არც შეიძლება გვქონდეს, მაგრამ, როგორც თავად ანგლოსაქსები გვასწავლიან, მუდმივი მოკავშირეები არ არსებობენ, არის მხოლოდ მუდმივი ინტერესები. ჰოდა იქნება კი საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში ფარული თვალთვალი მისი პრეზიდენტის ახალ რეზიდენციაზე - უმაღლესი რანგის სახელმწოფო მოხელის, რომელიც საგარეო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი? მაგალითად, შესაძლო ირანული კამპანიის დროს, რა შემთხვევისთვისაც აშშ-ის საელჩოს ახალი შენობა ჯორჯ ბალანჩინის ქ.№ 11-ში აგებულია, როგორც პენტაგონის სამეთაურო შტაბი ფრონტისპირა ზონაში?! 

P.S. ხელისუფლებაში “ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კოლმეურნეობის მოედანზე გადასვლაზე უარი თქვა და კომპანია “არტექსის“ სამშენებლო სამუშაოებით მთავარი პროკურატურა დაინტერესდა. მაგრამ შემდეგ საქმე “უცნაურად“ მიჩუმდა, ალბათ, ამერიკის საელჩოს შუამდგომლობით, რომელიც თავისი ძველი ოფისის ბედის მიმართ გულგრილი არ არის...

ა.წ. 19 ივლისს კი პრემიერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ათონელის ქ.№25-ში პრეზიდენტის რეზიდენციის გადატანის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ 5 ათასი კვ.მ. ფართობის მქონე ძველ შენობას, რომელიც 240 თანამშრომელზე იყო გათვლილი, სავსებით საკმარისად მიიჩნევს, ხოლო 7-სართულიანი კორპუსის მიშენებას - სრულიად ზედმეტად.

რა გაიხარეს ЦРУ-ში! ჯერ აუშენებელ შენობაში ხომ “ჟუჩოკებს“ ვერ დააყენებ, მაშასადამე, საქართველოს პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის ნაწილი შესაძლოა მათი კონტროლის მიღმა დარჩენილიყო...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი
თბილისი, 2013 წლის 22 ივლისი

akt-1-margvel-1 1-akt-1-margvel-2
1-akt-1-margvel-3 1-akt-1-margvel-4