რედაქტორისგან
საქინფორმის მთავარი რედაქტორი: „ბატონო ბიძინა, აღადგინეთ ჩაწერის ინსტიტუტი, თუკი სოფლის მეურნეობის აღორძინება გსურთ!“

1-aktual-1-Cawera-mtვიჯექი ზორბა და ხეპრე ტაქსის მძღოლის უკან, რომელიც ძლივს ეტეოდა თავის „ოპელში“ (ისეთსავე დანჯღრეულში, როგორც თბილისის ტაქსოპარკის ნახევარი!) და ჩემდაუნებურად ვფიქრობდი: „მადლია, ასეთ კისერზე უღელი ჩამოაცვა და გუთნით ყანა მოახვნევინო!“.

საქართველო – აგრარული ქვეყანაა და მართალია ბიძინა ივანიშვილი – მხოლოდ სოფლის მეურნეობის აღორძინებით შეიძლება ჩვენი ეკონომიკის გამოცოცხლება და საკუთარი მოსახლეობის გამოკვება, თანაც განუმეორებლად გემრიელი ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით.

მაგრამ რად ღირს ასეულობით მილიონი ან თუნდაც მილიარდი დოლარი, თუკი სოფლებში მხოლოდ მარტოხელა მოხუცები, მიტოვებული სახლები, ნახევრად უპატრონო ყანები და ბოსტნებია დარჩენილი, რომლებსაც ყოველდღიურად კოკისპირული წვიმები რეცხავს, აბობოქრებული მდინარეები ნთქავს და მეწყერი ანადგურებს?!

სააკაშვილმა ჩაწერის ინსტიტუტი გააუქმა და, მიწის დამუშავების და ჯანმრთელი ქართველი ბავშვების გამრავლების ნაცვლად, 30–დან 40 წლამდე საშუალო თაობამ იოლი ფულის საშოვნელად თბილისს მიაშურა (თაობამ, რომელიც სსრკ–ის დაშლის, საქართველოში დამნაშავეობის აღზევების და ძმათამკვლელი ომების პერიოდში გაიზარდა, როდესაც დევალვაცია განიცადა ტრადიციულმა ფასეულობებმა, ქართველებს ყველა დანარჩენისაგან რომ განასხვავებდა: სიკეთემ და რაინდობაში გარდამავალმა ზრდილობამ, ვაჟკაცობამ და ქალის თაყვანისცემამ, ხელგაშლილმა სტუმართმოყვარეობამ და საკუთარი ღირსების გრძნობამ)… 

ჯანმაგარმა სოფლელებმა თბილისში ბინები იაფად დაიქირავეს, მეორადი ავტომობილები იჯარით აიღეს (ტექდათვალიერებაც, როგორც ჩაწერა, სააკაშვილმა გააუქმა!) და „ტაქსაობა“ დაიწყეს. თუმცა არც სხვაგვარად ხელის მოთბობის შემთხვევას უშვებდნენ ხელიდან – მაგალითად, სუტენიორობით. ნებისმიერი პროვინციელი ტაქსისტი, თბილისელისგან განსხვავებით, დედაქალაქს ცუდად იცნობს, განსაკუთრებით ძველ ქალაქს. სამაგიეროდ, მცირე საზღაურად უპრობლემოდ მიგიყვანთ მეძავებთან სასტუმროდ ან აბანოდ შენიღბულ საროსკიპოში, ანდა „სპეცხატაში“. არადა, ხომ შეიძლება ამ სერვისით ჩვენმა მოზარდებმა ისარგებლონ (დარწმუნებული ვარ, ზოგიერთი სარგებლობს კიდეც)?!

თბილისის ყოველ მცხოვრებზე დღეს, ალბათ, თითო კერძო ტაქსი (მთელ ქალაქში ცარიელები რომ ყურყუტებენ „ბირჟებზე“!), თითო სამარშრუტო ტაქსი და თითო ავტობუსი მოდის. გამონაბოლქვი და საცობები თბილისის ქუჩებში, თავხედობა და ავარიული სიტუაციები – აი, რა „სიამოვნებას“ იღებენ მათგან თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები!

ბატონო ბიძინა! დროა, სააკაშვილის შეცდომები გამოსწორდეს, რომელმაც, ჩაწერასა და ტექდათვალიერებასთან ერთად, იაფი, მოსახერხებელი და ქალაქელებისთვის საყვარელი ელექტროტრანსპორტი – ტრამვაი და ტროლეიბუსიც გააუქმა! დროა, ქალაქიდან მოაშორონ დიდი ხნის წინ ჯართში ჩასაბარებელი „ყვითელი სანდრაბუსები“ თავის კონტროლიორებთან ერთად, რომლებიც პროვინციალიზმის ფარული კომპლექსით იტანჯებიან და ამიტომ მგზავრებისადმი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან!

სოფლის ყველა მცხოვრები ჩაწერის ადგილს უნდა დაუბრუნდეს და დედაქალაქში გაჩერების უფლება მხოლოდ გარკვეული დროით უნდა ჰქონდეს, მხოლოდ სასტუმროში, ნათესავებთან ან მეგობრებთან, და პოლიციის უახლოეს განყოფილებაში უნდა აღენიშნოს, როგორც მსოფლიოს ბევრ ცივილიზებულ სახელმწიფოს დედაქალაქშია მიღებული! არავითარი დაქირავებული ბინები და საროსკიპოები, სადაც, სხვათაშორის, უმრავლესობა – სოფლელი „ლამაზმანებია“, რომელთა მშობლები დარწმუნებული არიან, რომ მათი „ბავშვები“ დედაქალაქში პრესტიჟული ფირმების ოფისებში მუშაობენ!

ხოლო როცა სოფლის მოსახლეობა მშობლიურ ადგილებს დაუბრუნდება, სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს და ისევ მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას მოჰკიდებს ხელს, სახელმწიფო ბიუჯეტის მილიონები და პრემიერი–მეცენატი ივანიშვილის შემოწირულობები ნაყოფს გამოიღებს და ქართული სოფელი, ქართველი ფერმერები ისეთივე აყვავებული იქნებიან, როგორც ჰოლანდიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთსა და ქართველებისთვის ესოდენ სასურველი ევროპის სხვა ქვეყნებში.

არნო ხიდირბეგიშვილი
თბილისი, 2013 წლის 25 ივლისი

1-aktual-1-Cawera-1