პუბლიკაციები
ნანა კაკაბაძე: „სამართლიანობა უნდა აღდგეს“ ანტიპიარს დაიწყებს იმ საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ, რომლებიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს არ დაუჭერენ!

1-kakaba-analitსაქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. საქინფორმის სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებების დაცვისთვის“ თავმჯდომარე და სახალხო მოძრაობა სამართლიანობა უნდა აღდგესხელმძღვანელი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

- ქალბატონო ნანა, ა.წ. 18 ივლისს "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში თქვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გამოხვედით. რას ელით ამ მოთხოვნით ხელისუფლებისაგან?

- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ცესკოს ადამიანთა ერთმა ჯგუფმაც მიმართა, მაგრამ საკმაოდ ცინიკური და ყოვლად უსაფუძვლო არგუმენტებით უარი უთხრეს. ცესკო დღესაც „ნაცმოძრაობის“ კადრებითაა დაკომპლექტებული. ამ თემაზე პოლიტიკური პარტიების ალაპარაკებაც ხალხის  დაკვეთას მოჰყვა, რადგან არსებული პარლამენტი ნამდვილად ვერ ახერხებს საზოგადოების დაკვეთისა და ინტერესების გამოხატვას! თუმცა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მექანიზმზე დღემდე არავის ულაპარაკია. ჩვენ დავსახეთ რეფერენდუმის გზით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების უმოკლესი გზა. ჩვენი მიზანია შეგროვილი ხელმოწერების საფუძველზე,  პრეზიდენტისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით (რეფერენდუმის დანიშვნით) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება! ცესკომ იცის, რომ 40% რეალობას არ ასახავს. ეს მაჩვენებელი 2%-ზე რომ არ დავიდეს, ნაციონალებისგან კონტროლირებადი ცესკო, ბუნებრივია, ყველა ასეთ ჯგუფს რეფერენდუმის დარეგისტრირებაზე უარს ეუბნება. ცესკოს გვერდის ავლით ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია - რეფერენდუმის გზით. 40%-ით პარლამენტში უკანონოდ წარმოდგენილი  ნაციონალების გარდა,  უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკოსების ნაწილსაც ხალხმა ხმა რეალურად ბიძინა ივანიშვილის გამო მისცა.  რეალობაც ასეთია - ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ არის პარლამენტში, ხალხს კი, ნაციონალებთან ერთად, ის პოლიტიკოსები შერჩა ხელში, რომელთაც წლების განმავლობაში საერთოდ არ უჭერდა მხარს. ერთი მხრივ, 40%-იანი გაყალბებით პარლამენტში შესული ნაციონალებით და მეორე მხრივ, პარლამენტში მყოფი, ბიძინა ივანიშვილის იმიჯს ამოფარებული ზოგი პოლიტიკოსით თუ პოლიტიკური ძალით ორი მხრიდან მოტყუებული აღმოჩნდა! ხალხს ყოველგვარი ასეთი გარეშე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე - თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მიეცეს! უკვე დარეგისტრირებულმა ყველა პრეზიდენტობის კანდიდატმა და ასევე მათ, ვინც ამის შემდეგ გაივლის რეგისტრაციას, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. მზად არიან თუ არა ხალხის  დაკვეთის შესასრულებლად?! სახალხო მოძრაობა „სამართლიანობა უნდა აღდგეს“ პირდაპირ ანტიპიარს დაიწყებს იმ საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ, რომლებიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მხარს არ დაუჭერენ! ამ პარლამენტმა საზოგადოების უმთავრესი დაკვეთა ვერ შეასრულა! რეჟიმის გასამართლების და პარლამენტში ნაციონალების ცხრაწლიანი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ჩვენი მოთხოვნაც მნიშვნელოვანი იყო, როგორც ქვეყნის შიდა, ისე გარე პროცესების დასარეგულირებელი მექანიზმი.

თქვენი ინიაციატივა, ალბათ, მომავალ პრეზიდენტს ეხება...

- დიახ. ჩვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას ვაყენებთ არა იმიტომ, რომ არჩევნები ჩაგვატარებინონ, არამედ რეფერენდუმის ხელმოწერების შესაგროვებლად ნებისმიერი ფორმით რეგისტრირებისთვის.  ყველამ უნდა დაინახოს, ხალხის რა რაოდენობაა ასეთი პარლამენტის არსებობის წინააღმდეგი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მომხრე! გვსურს, რომ ხალხის ეს ნება მომავალმა პრეზიდენტმაც გაიზიაროს და დღესვე, წინასაარჩევნოდ განაცხადოს, რომ მოსვლისთანავე, ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების საფუძველზე, რეფერენდუმის საკითხს დააყენებს! თუ ის ამას არ გააკეთებს, საზოგადოებას ეცოდინება, რომ ეს პრეზიდენტიც მოსაშორებელია! კანდიდატებმა არჩევნებამდე მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ პოზიცია - უჭერენ თუ არა მხარს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ მიერ აღებულ ბლანკებზე ხელმოწერებით საზოგადოებას ვუჩვენოთ, რა რაოდენობის ხალხია უკმაყოფილო არსებული პარლამენტით.

- NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებზე რას იტყვით?

- კვლევები და შეურაცხმყოფელი განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში ხელისუფლების თუ საქართველოს მიმართ კეთდება - საზოგადოებისთვის მორიგი სულში ჩაფურთხებაა. მიზეზი კი კვლავაც რეჟიმის გაუსამართლებლობაა! კრიმინალს, კრიმინალის ნაცვლად, „ოპოზიცია“ უწოდეს. კრიმინალურ რეჟიმს დღევანდელმა პარლამენტმა „ერთადერთი ოპოზიცია“ დაარქვა. ამ პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რასაც დღეს ვიმკით იმავე ნავაროსგან, ევროკავშირისგან და ევროპარლამენტის წარმომადგენლებისგანაც! ეს არც ნაციონალების ბრალია და არც არავისი. ეს მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების უხერხემლო პოლიტიკის შედეგია. ნაციონალებმა მოსვლისთანავე ქვეყანაში რეჟიმის დამყარება შეძლეს! მოვიდა „ოცნება“, რომელიც გაიძახოდა, რომ რეჟიმის მხილებას და სამართლიანობის აღდგენას დაიწყებდა, მაგრამ სად არის ეს დანაპირები?! მხოლოდ ვანო და ბაჩო იყო ქვეყნის პრობლემა?! ამდენი უმუშევარი, პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან გაყრილი, ბიზნესჩამორთმეული, საზღვარგარეთ გაქცეული ხალხი და წამების მსხვერპლი - ყველაფერი ასე უნდა დარჩეს?!

- საზოგადოებამ „დაივიწყა პოლიტიკოსთა ძველი ცოდვები“ და ივანიშვილს გაჰყვა?!

- რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმაც დიდი როლი ითამაშა, მაგრამ არა ხალხის გარეშე! „ქართული ოცნების“ საბოლოო გამარჯვებაც მხოლოდ ხალხის დამსახურებაა! უკანასკნელი თეთრებით ჩავიდა  ხალხი  რეგიონებში არჩევნებზე. ან  კი რას ითხოვს ეს ხალხი ასეთს დღეს? მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას და პარლამენტის დონეზე რეჟიმისთვის თავისი სახელის  დარქმევას!  რატომ ყვირიან დღეს უცხოელები „პოლიტიკურ დევნაზე“?! „მთავარ ოპოზიციურ ძალად“  კრიმინალურ რეჟიმს რომ წარმოაჩენ, შემდეგ კი მის წარმომადგენელს დაიჭერ, ცხადია, პოლიტიკური ნიშნით დევნაზე დაიწყება ლაპარაკი! მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსიც ნაციონალებს მხოლოდ დღევანდელმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა მიანიჭა!

- დასავლეთის მაამებლობისა და საკუთარის უარყოფის კლასიკურ მაგალითს ხომ არ ვხედავთ?!

- ყველაფერი, ძირითადად, იმის ბრალია, რომ ამ ხელისუფლებამ არასწორი პოლიტიკა აირჩია. მონობაა, „კოჭის გორება“ თუ სხვა რამ, ვერ გეტყვით.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ უცხოეთს ისე კარგად არ ვიცნობდით, მაგრამ ახლა, ამდენი წლის შემდეგაც, ასეთი კომპლექსი უცხოურის მიმართ - ცოტა გაუგებარია! კეთილი რჩევა, ქვეყნის ინტერესები  უნდა  განასხვავო ქვეყნისთვის გამოუსადეგარისა და ხალხისთვის მიუღებლისგან! უცხოეთიდან ხელისუფლებისთვის შეთავაზებული  ნაციონალებთან „კოჰაბიტაცია“ იყო თუ არა ხალხის ინტერესებში - ვერ უნდა დაენახათ?! ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის გათვალისწინება გარდაუვალი აუცილებლობაა, რადგან  ეს ხელისუფლება და  პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას! უკვე მოხდილ ცხრაწლიან სახადს ერი უკან აღარ დაიბრუნებს! ახალი ხელისუფლება უნდა მიეჩვიოს მართვის ახალ (წინა ხელისუფლებისთვის უცნობ) ფორმას. ახალი პოლიტიკა კი ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების ინტერესების და არა უცხოეთიდან ნაკარნახევის გატარებას უნდა ნიშნავდეს! ამის განუხორციელებლობის შემთხვევაში კი (და ამას ვხედავთ) ხალხის ინტერესები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს!

- ვრცელდება ხმები, რომ პრემიერი კოალიციის დაშლას და დაბალრეიტინგიანი პოლიტიკოსების მოცილებასაც გეგმავს. თქვენი ინიციატივა მის გეგმებსაც  ხომ არ უკავშირდება?

- მე ვხედავ იმას, რაც ზედაპირზე ძევს. გულში, შესაძლოა, მიშა სააკაშვილიც სხვაგვარად ფიქრობდა, მაგრამ შედეგი ქართველი ხალხისთვის ტრაგედიად და უბედურებად იქცა! უმრავლესობის დღევანდელი  ეკლექტური შემადგენლობა ქართველი ხალხის ნებას ვერ გამოხატავს და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთანაა ასოცირებული. ამ ძალის იმიჯიც, რეიტინგიც და ნდობაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული. მაგრამ არსებობს მეორე რეალობაც - ბიძინა ივანიშვილს პარლამენტთან არანაირი შეხება არა აქვს, ის არ არის პარლამენტის წევრი! ჩვენ კი, ფაქტობრივად, ეს ძალა (უმრავლესობა – ბ.ა.) შეგვრჩა, როგორც  ხალხის მიერ არჩეული!  წლების განმავლობაში ხალხი ამ პოლიტიკოსებს ნდობას აღარ უცხადებდა. საზოგადოებას ისინი ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა. ვინ იღებს დღეს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს ძალა ქართველი ხალხის აზრს ვერ გამოხატავს და მის დაკვეთას ვერ ასრულებს?!

- ცესკოში განაცხადის შეტანას როდის გეგმავთ, ქალბატონო ნანა?

- ცესკოს რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით იქითა კვირას მივმართავთ. ჯგუფს, რომელსაც ცესკომ ამაზე უარი განუცხადა, ყოვლად აბსურდული და სამარცხვინო დადგენილება გადასცეს. ისეთი ოფიციალური ორგანიზაცია, როგორიც ცესკოა, ასეთ ოფიციალურ დოკუმენტს არ უნდა ქმნიდეს!  კონსტიტუციის მიზეზად მოტანაც  სრული აბსურდია! ცესკოს დადგენილებაში მოყვანილი არც ერთი საბაბი არ არის გონივრული არგუმენტი. რეფერენდუმის შესახებ ორგანულ კანონში გარკვევით წერია, რომ „რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხზე“. იმაზე მნიშვნელოვანი კი, ვიდრე პარლამენტის შეცვლაა - რა არის ქვეყნისთვის?! ყველა ქვეყანამ, (ჩილე, არგენტინა, ბრაზილია და კიდევ ბევრი სხვა, გერმანიასა და იტალიაზე აღარაფერს ვამბობ), რომელმაც არსებული რეჟიმის გასამართლების გზა აირჩია, ეკონომიკური, ადამიანის უფლებების და ყველა სხვა თვალსაზრისითაც მოიგო. სადაც  ეს არ გაკეთდა, იმავე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ერთი და იგივე პოლიტიკური სპექტრით წლობით ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიან! დასკვნები ხომ უნდა გავაკეთოთ?! რეჟიმის პოლიტიკური შეფასება საჭიროა იმისთვისაც, რომ ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს.

ესაუბრა ბაია ამაშუკელი