რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „მიმავალი სააკაშვილი წასულ კაჩინსკის შეხვდა – მიშამ ლენინი იმიტომ გაიხსენა, რომ პოლონეთში ემიგრაციისთვის ემზადება!“

1-aqtual-1-polshaსაქინფორმისთვის კომპეტენტური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კაჩინსკების ოჯახის მეშვეობით უკვე დიდი ხანია მოლაპარაკებას აწარმოებს მისთვის პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის და პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.

სააკაშვილს ეშინია, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ სასჯელის ვადის მოხდა მოუწევს 08.08.08 ომის და პრემიერი ჟვანიას მკვლელობის გამო, ამიტომ წინასწარ ამზადებს გაქცევას ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანაში: აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთში.

და აი, გუშინ, 2013 წლის 30 ივლისს, პოლონეთის ექსპრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ (პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმამ) ჩამოიტანა თანხმობა პოლონეთში მის ემიგრაციაზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად, აგრეთვე უსაფრთხოების გარანტია პოლონეთის მთავრობისგან. ეს სააკაშვილისადმი მადლიერების ნიშნად გაკეთდა ავიაკატასტროფაში დაღუპულ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან მისი ერთგული მეგობრობის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი მჭიდრო კავშირის გამო (სააკაშვილს, რომელიც ლამის პრეზიდენტ კაჩინსკის დაკრძალვის დღიდან იმ ავიაკატასტროფაში რუსეთს ადანაშაულებს, პოლონეთში ისე მიიღებენ, როგორც განსვენებულის საქმის გამგრძელებელს).

თავის მხრივ, ამ ცნობით გახარებულმა სააკაშვილმა კაჩინსკი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა (ოფიციალური ვერსიით –„საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქართველი ხალხის მიმართ გამოვლენილი მხარდაჭერისათვის“). გუშინ, ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა იაროსლავ კაჩინსკი თავის რეზიდენციაში მიიღო, ამ უკანასკნელმა კი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის სრული მხარდაჭერა გამოხატა.  

შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა და პოლონეთის ოპოზიციური პარტიისუფლებები და სამართლიანობათავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკიმ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს. თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ის „არსად მიდის“ და „შემთხვევით“ ვლადიმერ ილიას ძე ლენინი გაიხსენა, მაგრამ ეს სრულიად საპირისპიროდ უნდა გავიგოთ, ფსიქოანალიზის თეორიის მიხედვით: „ვარდების რევოლუციის“ ბელადი სააკაშვილი იმ მომენტში ქვეცნობიერად ფიქრობდა „ოქტომბრის რევოლუციის“ ბელად ულიანოვ-ლენინზე და ეშინოდა, რომ საქართველოდან პოლონეთში გაქცევის შემდეგ მას იქ, როგორც ლენინს 1914 წელს, ციხეში ჩასვამენ. მერე კი ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადასცემენ, რომლის კომპეტენციაშიც შედის გენოციდზე, სამხედრო დანაშაულებზე, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებზე და აგრესიაზე პასუხისმგებელ პირთა დევნა.

ამასთან, ჰააგა ვარშავიდან გაცილებით უფრო ახლოს არის, ვიდრე თბილისიდან, და ეს – ნიდერლანდებია, სანდრას სამშობლო, რომელსაც იქიდან გაცილებით უფრო გაუადვილდება თავის მშობლებთან სოფელში ჩასვლა...

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ საქართველოს „ოპოზიციის ლიდერმა“ სააკაშვილმა პოლონეთის ოპოზიციის ლიდერთან ერთად ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ბიუსტი გვირგვინებით შეამკო. ღონისძიებაზე ორკესტრმა პოლონეთისა და საქართველოს ჰიმნები დაუკრა, ჰიმნები ბავშვებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმაც შეასრულა…

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
თბილისი, 2013 წლის 31 ივლისი

1-aqtual-1-polsha-1 1-aqtual-1-polsha-2