რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „დღეს დილით პრემიერ ივანიშვილის ტელეარხმა „TV9“–მ რუსეთის პრემიერი მედვედევი შეურაცხყო და მას უმეცარი და კრემლის მარიონეტი უწოდა!“

1-amerikis-xma-mtდღეს დილით, ყოველდღიურ საინფორმაციო გადაცემაში „ახალი დილა“ ტელეარხ „TV9“–ზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა, ტელეწამყვანებმა იმედა არაბულმა, ნელი აგირბამ და განსაკუთრებით – უცხოური პრესის მიმომხილველმა ქეთი თუთბერიძემ შეურაცხყოფების რიგი მიაყენეს რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარეს დიმიტრი მედვედევს.

„ამერიკის ხმაში“ ნესტან ჩარკვიანის მიმოხილვით მასალაზე მსჯელობისას სახელწოდებით მედვედევს საქართველოს ახალი ხელისუფლების პრაგმატიზმისა სჯერა“*, რომელიც მთლიანად ეძღვნებოდა დ. მედვედევის ინტერვიუს ტელეარხ “Russia Today”–სთან 2013 წლის 4 აგვისტოს, ტელეწამყვანებს დაავიწყდათ, რომ ისინი – ჟურნალისტები არიან და არა პროკურორები, რადგან ინფორმაციის მიმოხილვის ნაცვლად ტელემაყურებლებმა რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ მამხილებელი განაჩენი მოისმინეს, ამასთან, დამცინავი, ცინიკური ტონით გაკეთებული და პირადი შეურაცხყოფით გაჯერებული.

2013 წლის 6 აგვისტოს ტელეარხმა „TV9“–მ კიდევ ერთხელ გადაუსწრო ახლობელ კოლეგებს – ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“–ს, „იმედს“ და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ – ანტირუსულ მიმართულებაში, თანაც ეს სამარცხვინოდ დაბალ, უაღრესად დილეტანტურ დონეზე გააკეთა: 08:42 საათიდან 08:50 საათამდე, იქედნური ქირქილით, ზემოხსენებული ტელეარხის ტელეწამყვანმა ქეთი თუთბერიძემ გვაუწყა, რომ „დიმიტრი მედვედევს სკოლაში ისტორიას ცუდად ასწავლიდნენ“, რომ „მან არ იცის გეოგრაფია“, რომ ის – „კრემლის მარიონეტია“, რომელზეც „შეუძლებელია ირონიის გარეშე ლაპარაკი“. ამასთან, ამ ყველაფერს ნელი აგირბას და იმედა არაბულის იქედნური ჩაცინებები და „გონებამახვილური“ რეპლიკები ახლდა როგორც რუსეთ–საქართველოს მეგობრობის მიმართ გეორგიევსკის ტრაქტატით და საქართველოს გასაბჭოებით დაწყებული და სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე მავთულხლართებით დამთავრებული, ისე, პრაქტიკულად, საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომელმაც „ვაჟკაცურად აღიარა, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო“. „არ გვინდა ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ სააკაშვილის დამცველებად გამოვდივართ...“ – წამოსცდათ დასასრულ ზემოხსენებულ „ანალიტიკოსებს“ (ან მომავალ პოლიტიკოსებს, როგორც ახლაა მოდური ჟურნალისტებს შორის საქართველოში!).

მაშ როგორ გავიგოთ ეს – როგორც ახალი ნაბიჯი ქართულ–რუსული „მოგვარების“ გზაზე?! თუ „მადლიერება“ ყველა იმ კარგი სიტყვისთვის, რომლებიც მედვედევმა ინტერვიუში ივანიშვილის მისამართით თქვა? განა ვინმე დაიჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელეარხი „TV9“, რომელიც მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ აღადგინა სწორედ მიხეილ სააკაშვილის კუთვნილ ტელეარხ „რუსთავი 2“–თან საპირწონედ, თვითნებურად ატარებს საინფორმაციო პოლიტიკას, რომელიც მის მესაკუთრეს – საქართველოს დღევანდელ პრემიერ–მინისტრს ზიანს აყენებს?!

რა თქმა უნდა, არავინ დაიჯერებს, მაგრამ სამაგიეროდ ახლა ნათელია, კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორის გარდა, საქართველოში რატომ „არ აღმოაჩნდა არავის პირი“, რომ მოსკოვში გამგზავრებულიყო და რუსულ–ქართული მეგობრობის დაბრუნების გულწრფელი სურვილით თვალებში ჩაეხედა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
თბილისი, 2013 წლის 6 აგვისტო

* საქინფორმის მკითხველთა საყურადღებოდ: ნესტან ჩარკვიანის მიმოხილვით–ანალიტიკური მასალა „მედვედევს საქართველოს ახალი ხელისუფლების პრაგმატიზმისა სჯერა“ სტრუქტურულად განყოფილებებისგან შედგება, რომელთაგან თითოეულში (ბოლო ორის გარდა, რომლებშიც წარმოშობით ქართველი ექსპერტები – თეონა აქუბარდია და გიორგი მჭედლიშვილი – თავიანთ შეფასებებს „ამერიკის ხმას“ მოკლე ინტერვიუების ფორმით აძლევენ) განხილულია რუსეთის პრემიერის მთავარი გამონათქვამები 2008 წლის აგვისტოს ომზე „Russia Today“–სთან ინტერვიუში.

1-amerikis-xma-1