პუბლიკაციები
საქართველოს პრეზიდენტ მ. სააკაშვილის 2013 წლის 7 აგვისტოს ინტერვიუ ქართულ ტელეკომპანია „Rustavi 2“–ს

analitika-misha-intervსაქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის 6 აგვისტოს, 22:00–ზე, ქართული ტელეკომპანია „Rustavi 2“–ის ეთერში გავიდა 46–წუთიანი ინტერვიუ დიმიტრი მედვედევთან, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ მას 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა.

ზუსტად 24 საათში მედვედევის ზემოხსენებული ინტერვიუს შემდეგ – 2013 წლის 7 აგვისტოს, ქართული ტელეკომპანია „Rustavi 2“–ის ეთერში გავიდა 70–წუთიანი ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მთლიანად მიუძღვნა მედვედევის ზემოხსენებული ინტერვიუს კრიტიკას და მისი პრეზიდენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან ურთიერთობის ანალიზს.

- ბატონო პრეზიდენტო, 5 წელი გავიდა უკვე 2008 წლის ომის შემდეგ. ამ პერიოდის გავლის შემდეგ თქვენ როგორ შეაფასებდით, რუსეთთან დიპლომატიური გზის რესურსი რამდენი დარჩა იმისათვის, რომ მოგვარდეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემა? თვლით თქვენ, რომ რუსეთი წამომსვლელია საერთოდ რაიმე სახის დათმობაზე, ან რატომ უნდა აინტერესებდეს მას დათმობებზე წამოსვლა?

- გუშინ თქვენ იხილეთ ინტერვიუ რუსეთის მაშინდელ ფორმალურ პრეზიდენტთან და ახლა არანაკლებ ფორმალურ პრემიერ-მინისტრთან მედვედევთან და ამ კაცმა ღიად გვითხრა, რა არის რუსეთის დოქტრინა, თუ გინდა, რომ რუსეთი რამეზე წამოვიდეს. მან თქვა, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ ქართლის შუაგული, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ცხინვალი და აფხაზეთი აღარ არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი, მეორე, ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარასოდეს აღარ შევა ნატოში და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში და მესამე, თუკი ევრაზიულ კავშირში შევალთ, შეიძლება რუსეთმა უკეთესი თვალით შემოგვხედოს. ყველა ერი თვითონ ირჩევს საკუთარ ბედს საბოლოო ჯამში. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ქართველი ერი, როგორც მრავალჯერ თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, არის კონკრეტული არჩევანის წინაშე. თუ ქართველ ერს სურს, რომ უარი თქვას თავისი ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე, თუ ქართველ ერს სურს, რომ უარი თქვას მომავალი განვითარების იმედზე, იმიტომ რომ ევროატლანტიკური სივრცე ამას ნიშნავს, ეს არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების ევროატლანტიკური უსაფრთხოება – თუ საქართველო მზად არის, რომ უარი თქვას თავის შიდა არჩევანზეც, იმიტომ რომ ევრაზიის კავშირი იმას ნიშნავს, რომ ისინი გიწესებენ უკვე თამაშის წესებს, მაშინ, რა თქმა უნდა, გარკვეული შესაძლებლობები რუსეთთან არის. მე ერთი რამ მინდა ყველას გვესმოდეს -  რომ აი, კრავმა შეიძლება მოილაპარაკოს მგელთან. მთელი ეს წლები ჩვენი ლაპარაკი მათთან რა იყო, რომ აი შენ ზევითა ხარ, მე - ქვევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო. ჩვენი ურთიერთობა პუტინთან იყო სულ ასე, რომ ჩემო ძვირფასო მგელო, ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო, ჩემო სიმპათიურო, ჩვენ პატარა ცხვარი ვართ, დაგვანებეთ თავი, და ჩვენ ჩვენთვის ვიქნებით, არც აგიშლით ნერვებს, ჩვენი პატარა არეალი გვექნება. საერთოდ, თქვენს მგლურ ბუნებას და ინტერესებს როგორ შევეწინააღმდეგებით, ოღონდ ძალიან გთხოვთ, არ შეგვჭამოთ! და ყოველ ჯერზე, როცა მოგვიბრუნდებოდა და გვეუბნებოდა, თქვენ რაღაცას აშავებთ, ჩვენ ვეუბნებოდით: თქვენ ზევითა ხართ, ჩვენ - ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო. არ გაჭრა! მე მივიღე ეს გამოცდილება, რომ არ ჭრის. დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი - ეს არის სწორი ტერმინოლოგია. ამიტომ არც უნდა შეხვიდე ამ დისკუსიაში, თუ ჩვენ, როგორც ერს, გვინდა გავაგრძელოთ სიცრუეში ცხოვრება, რაც დავიწყეთ ამ მცირე ხნის წინ... თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქართული ოცნება იყოს ის, რომ მგელი უცებ დაგვიტკბება, მაძღარი გადმოგვხედავს კეთილი თვალით და გვეტყვის, უი რა საყვარელი ცხვარია და მოდი, ამასაც ვაძოვოთ...

- თქვენ ამბობთ, რომ ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით ოცნება?

- რა თქმა უნდა, გინდა ოცნება უწოდეთ და გინდა - თავის მოტყუება. ჩემი, როგორც ლიდერის ფუნქციები და ყველა წესიერი ადამიანის, ვისაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია, არის, რომ თავის ერს, თავის ხალხს იმდენი პატივი მაინც სცეს, რომ უთხრას სიმართლე და თვითონაც არ იცრუოს, არ იფიქროს ტყუილების კატეგორიით და არც სხვა ამყოფოს ამ სიცრუეში და ტყუილში.

ბატონო პრეზიდენტო, გუშინ მედვედევი ინტერვიუში ამბობდა, რომ კრავი არც უნდა ელაპარაკოს მგელს. თქვენი მთავარი შეცდომა, ამბობდა მედვედევი, არის ის, რომ თქვენ არ ელაპარაკებით პირდაპირ აფხაზებს და ოსებს, რატომ მელაპარაკებით მე, რუსეთს, ეს თქვენი პრობლემაა, თქვენი მოსაგვარებელია. თქვენ თვლით, რომ შესაძლებელია უფრო აქტიური მოლაპარაკებებით აფხაზებთან და ოსებთან რაიმე რეალური შედეგის მიღწევა?

- მოდი, ვთქვათ, რომ ასეთი სუბიექტი „ოსები“, „სამხრეთ ოსეთი“ პრაქტიკულად რუსეთმა გააქრო რუკიდან. მე ამის შესახებ ომის დროსაც ვლაპარაკობდი, ცხინვალის ოსური მოსახლეობა აღარ დარჩა და დარჩა უბრალოდ რუსი სამხედროები, ჩვეულებრივი საოკუპაციო ჯარი. რაც შეეხება აფხაზეთს, აფხაზეთში მოსახლეობის დაახლოებით 30 პროცენტი არიან აფხაზები. ჩვენ ამ აფხაზებთანაც და ოსებთანაც ჩვეულებრივი გახსნილი ურთიერთობა უნდა გვქონდეს და ამ ხალხს ჰქონდეს საშუალება იურთიერთოს დანარჩენ საქართველოსთან. და ეს ზღაპრები: რუსეთი არაფერ შუაშია და მოდი გავწიოთ და პირდაპირ ვიმოქმედოთ... რამდენი წელი უნდა გვატარონ ერთი და იგივე წრეზე? ამას „აჭმევდნენ“ მუდმივად შევარდნაძეს, შევარდნაძეს ხომ ვითომ ჰქონდა ეს დიდი დიპოლომატიური გამოცდილება, ერთმანეთზე უარეს, კატასტროფულ ხელშეკრულებებზე მოაწერინეს ხელი სწორედ ამ „სოუსით“, რომ რუსეთი არაფერ შუაში არ არის. აგერ ცეცხლის შეწყვეტის  ხელშეკრულება, მოსკოვის ხელშეკრულება - მანამდე დაგომისის ხელშეკრულება, პრაქტიკულად ამით დავაკანონეთ ჩვენ 2008 წლის ომი. თუ არა დაგომისის ხელშეკრულება, ერთი რუსი არ იქნებოდა ცხინვალში და საერთოდ, ცხინვალის პრობლემა აღარ იარსებებდა, ვარდების რევოლუციაც არ დასჭირდებოდა ამას, აღარ დაგვხვდებოდა ეს პრობლემა. დაგომისის ხელშეკრულება, მოსკოვის ხელშეკრულება - ეცემა გაგრა, სოჭის ხელშეკრულება - ეცემა სოხუმი, შემდეგ 1994 წლის ჟენევის ხელშეკრულება – და, პრაქტიკულად, ვაკანონებთ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამეგრელოს ნაწილის ოკუპაციას.

ჩვენ ვართ ერი და ერს აქვს გონიერება, სიბრძნე. თუ მის ლიდერებს არ ეყოთ სიბრძნე და გონიერება, ჩვენ იმიტომ ვართ ერი, რომ თუნდაც ამ ლიდერების შეცდომებზე ვისწავლოთ. ჩვენმა მთავრობამ ეს ისწავლა, ჩვენ კავკასიის ხალხებთან - ქედს იქით და ქედს აქეთ, დავიწყეთ ურთიერთობა. ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც 2008 წელი დაჩქარდა. სხვანაირად რუსეთი გააგრძელებდა ძველებურად, რომ მე რა შუაში ვარო...
- ბატონო პრეზიდენტო, რა მომენტში გასცა ქართულმა მხარემ, საქართველოს ხელისუფლებამ ცეცხლის გახსნის ბრძანება და იყო თუ არა ამის გარდაუვალი აუცილებლობა? კრემლის პოზიცია ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ისინი ამბობენ, რომ იძულებული გახდნენ პასუხი გაეცათ ცეცხლზე, რათა დაეცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე.

- გარდაუვალი აუცილებლობა საქართველო-რუსეთის ომის არ არსებობდა მხოლოდ ერთი პირობით, თუ საქართველო არ შედგებოდა, როგორც სახელმწიფო. თუ საქართველო შეასრულებდა რუსეთის პირობებს არა 2008-ში, არა 2007-ში, არამედ დაწყებული 2003-ის ბოლოდან.

როდესაც მოხდა ვარდების რევოლუცია, რუსეთი შეშინდა. მაგრამ ვარდების რევოლუციას შემდეგ მოჰყვა უკრაინის რევოლუცია... მერე მოჰყვა ყირგიზეთის რევოლუცია და დიდი საპროტესტო მოძრაობა დაიწყო რამდენიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, მათ შორის რუსეთშიც გაჩნდა ამის სიმპტომები. შემთხვევითი არ არის, რომ გივი თარგამაძეს პუტინი მიიჩნევს ერთ-ერთ თავის მთავარ მტრად, ისევე, როგორც ბევრი ქართველი მთავრობის წარმომადგენელი, და ამ სიტუაციაში, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ძველ გზაზე სიარულს, რომ აქ გვყავს იგორ გიორგაძე, ვარდიკო ნადიბაიძე, რუსეთის აგენტები აკონტროლებენ ყველაფერს, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა. მე 1994 წელს ვიმყოფებოდი ნიუ იორკში, როცა ჟენევის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ვიჯექით ყოფილ საბჭოთა მისიაში და მაშინ რუსეთის ფედერაციის მისია ეწერა გარედან, საქართველოს მისია კი არა. ორი სართულით ქვემოთ იჯდა რუსეთის ელჩი. წარმოიდგინეთ, რამდენი მიკროფონი ჰქონდათ გამოყვანილი, მაგრამ მიკროფონის გამოყვანაც არ სჭირდებოდათ, მისიის ხელმძღვანელი იყო კაცი, რომელიც ამაყად გვიყვებოდა, რომ მე ვარ ეფ-ეს-ბეს გენერალიო. მოადგილე ჰყავდა დღევანდელი ერთ-ერთი აქტიური ქართველი პარლამენტარი, რომლის კავშირებს რუსეთის უშიშროებასთან, მე მგონი, თვითონაც არ მალავს და თუ მალავს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ამ შემადგენლობით, როცა გიორგაძე გვყავდა, ნადიბაიძე გვყავდა, კვირაია, მათი დანიშნული ხალხი, რა თქმა უნდა, მოგვაწერინებდნენ ხელს, რაზეც უნდოდათ. ამიტომ თუ ასეთი საქართველო იქნებოდა, სადაც ასე მოგაწერინებდნენ ხელს, მერე კახა თარგამაძე რუსეთის ბრძანებით გადაიყვანდა გილაევის რაზმებს კოდორში და იქ დააბომბინებდა, იმიტომ, რომ რუსეთის ინტერესებში ეს შედიოდა, მერე, როცა რუსეთს რაღაც შიდა პრობლემები ექნებოდა, ახმეტას დააბომბინებდნენ, იმიტომ, რომ ჩვენები მისცემდნენ ამის საშუალებას; მერე მათთან ერთად ჩვენც ვიყავით ჩართული – საქართველოს მაშინდელი მთავრობა – კორუფციაში, აღებ-მიცემობაში, კანონიერი ქურდები, ტარო ონიანი და კალაშოვი მოძრაობდნენ და ისინი ამყარებდნენ ხალხთა შორის ურთიერთობას. ასეთ საქართველოსთან რუსეთს არ დასჭირდებოდა სამხედრო ჩარევა. ასეთი საქართველო თვითონ უტირებდა თავის თავს ყოფას და გამოუყვანდა წირვას.

აჭარა რომ დაბრუნდა და ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა - პუტინს ვერავინ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ვერცერთი ტერიტორია ვერ წაართვა უკან. ხომ არის ბევრი ტერიტორია, რომელსაც ის არაფორმალურად აკონტროლებდა, დნესტრისპირეთი, შუა აზიაში რამდენიმე ტერიტორია, ბოლოს და ბოლოს, მეზობელ სომხეთში რომ ჩადიხარ,  საზღვარზე გხვდება რუსი მესაზღვრე და ის ამოწმებს შენი, ქართველი მეზობლის პასპორტს... და აჭარის წართმევა რუსეთისთვის წართმევა იყო, იმიტომ, რომ რუსი გენერალი ეჯდა ასლანს კაბინეტში. როცა აჭარა, მისი თვალსაზრისით, ჩვენ წავართვით, მე დავურეკე პუტინს და ვიყავი ძალიან ზრდილობიანი, დავურეკე მგელს კრავმა და აიღო ყურმილი და ძალიან კრავული ხმით ვუთხარი, რომ ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ არ დავივიწყებთ არასოდეს, რომ თქვენ ასეთი კონსტრუქციული როლი შეასრულეთ აჭარის საქართველოში რეინტეგრაციაში. მე მოველოდი, რომ გაჩუმდებოდა მაინც და ზრდილობიანად მეტყოდა, - ჰო...  უცებ გამაწყვეტინა ძალიან უხეშად და მითხრა: მიხაილ ნიკოლაევიჩ, ნა ეტოტ რაზ მი ვამ პომოგლი, ნო ს იუჟნოი ოსეტიეი ი აბხაზიეი ბოლშე ნიკაკიხ პოდარკოვ ვამ ნე ბუდეტ. ტამ უ ვას ნიჩეგო ნე პოლუჩიტსა. პირდაპირ გაავლო ხაზი, რომ ერთხელ შენ გამაცურე, მაგრამ შენი მოსატყუებელი კბილი უკვე დღეიდან მოცვლილი მაქვს და ვეღარ ეღირსებიო.

2007 წელს დსთ-ს სხდომაზე პუტინმა გამიყვანა გვერდზე, ერთი ერთზე ვიყავით მრჩევლების გარეშე  და ძალიან უხეშად მელაპარაკა. განსხვავებით იმისგან, რასაც ავრცელებენ ჭორებს, მათ შორის რუსებიც, მე უხეშად არასოდეს მიპასუხია პუტინისთვის. უცებ მეუბნება: მი ვამ უსტროიმ სევერნი კიპრ. ჩრდილოეთ კვიპროსი რა სცენარია: ვითომ შენ იწყებ ომს, მერე ის გპასუხობს, შენს ტერიტორიას იპყრობს და აღიარებს მის დამოუკიდებლობას. ის, რაც მოხდა 2008 წელს, მომიყვა 2007-ში. მე ვუთხარი, - დავილაპარაკოთ, რად გვინდა ჩხუბი...

მერე რა იწყება... მედვედევის დაბადების დღეზე მიიყვანეს კონდოლიზა, კარგად დალიეს და მერე უცებ პუტინმა დაუწყო ლაპარაკი, რომ საქართველოში უნდა იყოს ომი, სრულიად გამჭვირვალედ.

კონდოლიზა წამოუხტა და ტოვებდა სუფრას. ეს სიგნალი მიიღეს და მაშინ დაიხიეს უკან.

2008-ში თებერვალში ჩავედით დსთ-ს სამიტზე და იქ შეგვხვდა პუტინი. დაიწყო ლაპარაკი: ბიჭებო, მზად ხართ თუ არა კოსოვოს შედეგებისთვისო, ჩემი რეაქცია იყო: ჩვენ რა შუაში ვართ კოსოვოსთან?.. ამერიკელები არიან თქვენი მეგობრები, აქ დიდი პოლიტიკური თამაში მიდის, ჩვენ იძულებული ვართ, კოსოვოს ვუპასუხოთო. ვამ ბუდეტ ნე ოჩენ ბოლნო, ვი რასსლაბტეს, პალუჩაეტე უდოვოლსტვიე, - პირდაპირ მოძალადის ტერმინოლოგიაა, - ა მი სდელაემ ტო, ჩტო ნუჟნო სდელატ...

ამის შემდეგ მე ვუთხარი: თუ ჩვენთან გაქვს რამე პრობლემა, გვითხარი. (და იმათ გასაგონად, ვინც ნატოს უკავშირებს, მაშინ მოლდოვას უარი ჰქონდა ნათქვამო ნატოზე და მოლდოვას არავინ არ უბრუნებს დნესტრისპირეთს, ხომ ასეა?) - ვუთხარით, მაშინ მზად ვართ ნატოზე ვთქვათ უარი, ვადასტურებ, რომ ასე ვუთხარი, კი. ჩვენ ხელშეკრულებით ვართ მზად, უარი ვთქვათ ამერიკასთან უფრო წინწასულ ურთიერთობაზე, თუ თქვენ დაგვეხმარებით ტერიტორიებზე, ოღონდ ეს ხელ