რელიგია
„რუსული ეკლესია პატივისცემით ეკიდება აფხაზი ხალხის რელიგიურ ტრადიციებს, თუმცა მისი აღმსარებლური ნორმები უფლებას არ აძლევს, შიდა ორგანიზაციის და ცხოვრების პრობლემები განიხილოს მათთან, ვინც ეკლესიის გარეთ დგას და არ იზიარებს ქრისტიანულ შეხედულებებს“

RPCსაქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის საინფორმაციო განყოფილებამ კომანტარი გააკეთა ღია წერილზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილს აფხაზეთის ცამეტი მოქალაქისაგან რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორ ო. დამენიას ხელმძღვანელობით, რომელშიც ხელის მომწერნი აფხაზეთის საეკლესიო საკითხის გადაუჭრელობით შეშფოთებას გამოთქვამენ და სთხოვენ მას, „მხარი დაუჭიროს მართლმადიდებელი ხალხის სწრაფვას აფხაზეთში ავტოკეფალური ეკლესიის აღდგენისკენ“.

„რუსული მართლმადიდებელი ეკლესია პატივისცემით ეკიდება აფხაზი ხალხის რელიგიურ ტრადიციებს, თუმცა მისი აღმსარებლური ნორმები უფლებას არ აძლევს,  ეკლესიის შიდა ორგანიზაციის და ცხოვრების პრობლემები განიხილოს მათთან, ვინც ეკლესიის გარეთ დგას და აშკარად არ იზიარებს ქრისტიანულ შეხედულებებს“, – ნათქვამია სინოდის საინფორმაციო განყოფილების კომენტარებში.

იქვე აღნიშნულია, რომ აფხაზეთის მართლმადიდებელ მორწმუნეებს წერილის ავტორებისთვის უფლებამოსილება არ მიუციათ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარისთვის მათი სახელით მიემართათ, ხოლო წერილის გამოქვეყნება ადრესატისთვის მის გადაცემამდე, მოსკოვში ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებისა და წარმომადგენლების შეხვედრის წინ, უპატივცემულობის ჟესტია.

 

„მოსკოვის საპატრიარქო თანაგრძნობით ეკიდება აფხაზეთის მართლმადიდებელი საზოგადოებების საეკლესიო ცხოვრების სიძნელეებს და ისწრაფვის ხელი შეუწყოს მის ნორმალიზებას წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ნორმების ფარგლებში. თუმცა წერილის ავტორთა სტატუსი და კომპეტენცია არ აძლევს მათ საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან მათ მიერ დასმული საკითხები განიხილონ“, – ნათქვამია კომენტარში.

„ვისურვებდით, რომ აფხაზეთის საეკლესიო საკითხზე შემდგომი მსჯელობა და გადაწყვეტილების ძიება ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჟირებულობის მიღმა დარჩეს და მიმდინარეობდეს მორწმუნეთა ურთიერთგაგებისა და კონსოლიდაციის სულისკვეთებით“, – ასკვნის სინოდის საინფორმაციო განყოფილება.