პუბლიკაციები
მარიამ ცაცანაშვილი: „მე ვერ ვხედავ მთავრობის სტრატეგიასა და აკადემიურ შეთანხმებას საქართველოში მეცნიერებისა და განათლების ადმინისტრირების ეფექტიანი სისტემის შექმნაზე!“ (ექსკლუზიური ინტერვიუ საქინფორმს)

analitika-A1-cacanსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. საქინფორმის სტუმარია იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი.

- ქალბატონო მარიამ,ფასადური რეფორმები აღარ უნდა დავუშვათ” – ეს სიტყვები საქართველოს პრემიერ მინისტრმა 2012 წელს ახალი მთავრობის დამტკიცების წინ წარმოთქვა და აღნიშნა, რომ შექმნიდა კომისიას, რომელიც იმუშავებდა მანამდე, ვიდრე გაირკვეოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების გზები. მართლაც, განათლებისა და მეცნიერების რეფორმების კომისიამ (გია დვალი და სხვები) კონცეფცია დადო. როგორ ფიქრობთ, გაირკვა სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესების გზები?

- სამეცნიერო საქმიანობის თვისობრივი გაუმჯობესება დიდად არის დამოკიდებული მეცნიერების ადმინისტრირების სისტემის ეფექტიანი მოდელის შექმნაზე. ეს კი შესაძლებელია მოდერნიზაციის მკაფიო სტრატეგიისა და ზუსტი პოლიტიკის განსაზღვრის შემთხვევაში. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაჩნდა შანსი, საქართველო ევროპის გამოცდილებას გაჰყოლოდა. ამას საფუძველი პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქვენგან ხსენებულმა გადაწყვეტილებამ დაუდო, შემდეგ მან გია დვალის კონცეფციისადმი მხარდაჭერაც გამოხატა. თუმცა, ამ მეტად საჭირო ინიციატივას გაგრძელება არ მოჰყოლია.

- დვალის კონცეფციას ზოგადს, თეორიულს უწოდებენ, რომელსაც ქართულ სინამდვილესთან ადაპტაცია სჭირდება.

- თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ ან ვირჩევთ ევროპის გამოცდილებით აკადემიური თავისუფლების, მიუკერძოებლობისა და ხარისხის პრინციპებზე აგებულ სისტემას, ან – არა. თუ ვირჩევთ, მაშინ საკითხი მარტივადაა, მსოფლიო სამეცნიერო სივრცესთან ინტეგრაცია დასავლური სტრუქტურების მსგავსი სისტემის აგების აუცილებლობის წინაშე გვაყენებს. ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ, ახლა ყველას უჭირს სიახლეებთან ადაპტირება და კონცეფციას მიიჩნევენ საქართველოს რეალობასთან არათავსებადად. უამრავ წვრილმანზე მიდის დავა, გაუგებარი დაპირისპირებები და შედეგი - იუმორის დონემდე მისული კანონები.

- რას გულისმობთ?

- დიდი და სისტემური ცვლილებებით არ ვართ განებივრებული, თუმცა ერთი მაგალითიც კმარა. ბოლო დროს “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში  შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა ის პირი, ვისაც აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა უკავია და აქვს დოქტორის ხარისხი. ეს იცით რამდენია? 1000 კაცზე მეტი. მაშინ, როცა რექტორს ივანე ჯავახისვილის სახელობის უნივერსიტეტში 12 კაცი ირჩევს. რა ლოგიკაა? ან თუ ვინმეს საშემსრულებლო დონეზე საქმე უკეთებია, ეს როგორ ან რისთვის უნდა განახორციელოს, ნამდვილად გაუგებარია. ეს უბრალოდ ჩაკეტილ წრეში ლახტის თამაშია. ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს.

- როგორ, ქალბატონო მარიამ?

- პრემიერთან შემრჩევი კომიტეტი უნდა შეიქმნას, დადგინდეს შერჩევის კრიტერიუმები და მოხდეს მკვლევართა ტენუირება, ამის შემდეგ კი სამეცნიერო ინსტიტუტების დაფუძნება და ფუნდამენტური კვლევების ცენტრში გაერთიანება, უნივერსიტეტის მაგალითზე კი კლასიკურ, ფუნდამენტურ განათლებასა და სტუდენტსა და პროფესორზე ორიენტირებული მოდელის შექმნა. ეს იქნება საკანონმდებლო ბაზის დასავლურ სტანდარტებთან მიახლოების გზა. გარე რეფერირების გარეშე ამ სისტემის აწყობაზე საუბარიც ზედმეტია, მოჩვენებითია და შედეგზე ორიენტირებული არაა. უნდა დაიძლიოს ტენუირების შიშის სინდრომი თვით აკადემიურ წრეებში, ამ საკითხს პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მოვეკიდოთ, რომ მომავალ თაობას მაინც ჰქონდეს შესაძლებლობა, გამართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემაში აღიზარდოს. თვითკმაყოფილებას თვითდაჯერებულობა სჯობია, რომ ისინი, ვინც წარმატებულნი იყვნენ წარსულში, ტენუარის სტატუსის მოპოვების პროცედურებსაც შეგნებით მოეკიდებიან მომავალი თაობისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

- რა რესურსი არსებობს ამისათვის?

-  დვალის პროექტი სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდება. ეს აქსიომაა, სწორედ ამიტომ გითხარით დასაწყისში, რომ პრემიერის მიერ ამ პროექტის მოწონებით შანსი გაჩნდა. აკადემიური რესურსი მცირეა, მაგრამ მაინც არის, ადმინისტრაციულ რესურსში კი ეჭვი მეპარება. ისიც ფაქტია, რომ აკადემიური წრეების კონსოლიდაცია ამ პროექტის გარშემო არ მოხდა. ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა – კვლავ პრიორიტეტია განათლებისა და მეცნიერების ეფექტიანი სისტემის შექმნა ხელისუფლებისათვის? ამდენი პრობლემის ფონზე ეს საკითხი თვითდინებაზეა მიშვებული და მავანთა არაობიექტურ ამბიციებს ეწირება. ყოველ შემთხვევაში მე “შეთქმულების თეორიების” არ მჯერა. თვითონ აკადემიურ წრეებშია პრობლემა, ერთ მხარეს სააკაშვილის რეჟიმით “ჩარეცხილი” პროფესორები დგანან, მეორე მხარეს ამავე რეჟიმის მიერ ერთგულების ნიშნით (უმეტესად არა აკადემიური ნიშნით) აღზევებულნი. პირველნი სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ, მეორენი საკანონმდებლო ინიციატივებში უსამართლოდ დაჩაგვრას აპროტესტებენ. გამოსავალი სწორედ დვალის კონცეფციაა, რომელიც ორივე მხარეს შესაძლებლობას აძლევს, მოსინჯონ ძალები ახალ სისტემაში და ამით აღადგინონ სამართლიანობაც და საკუთარი ღირსებაც. ამ პროექტის დამუხრუჭება ქვეყნის ინოვაციური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებასაც შეუშლის ხელს. ნუ დაგვავიწყდება, რომ თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ ის ქვეყნებია წარმატებული, რომლებმაც ეროვნული საინოვაციო პოლიტიკა განახორციელეს. “ევროპა 2020” - ესაა პლატფორმა სიღარიბის წინააღმდეგ, ახალი უნარები, სამუშაო ადგილები და სხვა. ძალიან, ძალიან ბევრ რამეზე ვამბობთ უარს, მიზეზად დაფინანსების სომცირეს ვიშველიებთ. კი მაგრამ, დაფინანსება რომ იყოს, პრობლემისადმი სისტემური მიდგომა ხომ უნდა არსებობდეს. მე ვერ ვხედავ, რომ დიდი დაფინანსების პირობებში არსებობდეს აკადემიური თანხმობა მეცნიერების ადმინისტრირების სისტემის ეფექტიანი მოდელის შექმნაზე ან მთავრობის სტრატეგია კონცეფციის დანერგვაზე.

- ესე იგი ჩვენი სწრაფვა ევროპისაკენ ამ საკითხში კრიზისს განიცდის?

- 2013 წლის ნოემბრის ბოლოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე სამიტია დაგეგმილი ვილნიუსში. პროგრამის მონაწილე ქვეყნები სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ შედეგებს განიხილავენ. სამიტს მაღალი რანგის პოლიტიკური ლიდერებიც დაესწრებიან. საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების დიდი შანსი აქვს. განათლებისა და მეცნიერების ეფექტიანი მოდელების შექმნა უპირობოდ შეუწყობს ხელს ევროკავშირში გეგმაზომიერ და გააზრებულ ინტეგრაციას და იმ ცალკეულ ინიციატივებს, რაც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში იმართება.  დიდი, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ გვეთქვა – ჩვენ რეალურად დავიწყეთ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა. კატეგორიულად ვაცხადებ, ჩვენ ამ სფეროში ევროპისკენ არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, პირიქით, დღითი დღე ვშორდებით ამ სივრცეს და ყველა არგუმენტი, რომელსაც ჩემი ოპონენტები დაასახელებენ, მხოლოდ საკუთარი უნიათობის გამართლება და ფასადური წარმატებაა.

- რა ელის დვალის კონცეფციას?

-  გია დვალი 1 აგვისტოს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფარგლებში კიდევ ერთხელ შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ღონისძიებაზე სამინისტროებისა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წევრებიც იყვნენ მოწვეული. იმედს ვიტოვებ, ამ შეხვედრას პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ისინი, ვისაც დღეს კონცეფციის დანერგვის ბერკეტი უჭირავს ხელში და ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მის სულიერ და ტექნოლოგიურ განვითარებაზე შესტკივა გული.

- გმადლობთ საინტერესო ინტერვიუსთვის!

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი