პუბლიკაციები
„სააკაშვილი ჯიუტად იმეორებდა – თუ აფხაზები და ოსები ჩვენს პირობებს არ მიიღებენ, ჩვენ მათ ძალით ავიღებთ!“ – რფ–ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში ვ. კოვალენკომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მ. სააკაშვილის ინტერვიუს ეპიზოდზე კომენტარი საქინფორმთან გააკეთა

analitika-1-zubkovსაქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის 8 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებრივ ტელერადიომაუწყებელთან ინტერვიუში მოულოდნელად დაიწყო მოყოლა თავის შეხვედრაზე რფ–ის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მაშინდელ მოადგილე ი. ზუბაკოვთან თბილისში 2008 წლის ივლისში, ანუ სამხრეთ ოსეთში საქართველოს საომარი მოქმედებების წინ.

კორესპონდენტის შეკითხვაზე – ბატონო პრეზიდენტო, მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა, თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ გქონდათ მცდელობა დაკავშირებოდით (რუსეთის ხელისუფლებას – საქინფორმი)იყო თუ არა ულტიმატუმის ენით საუბარი მათი მხრიდან და ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც თქვენ გესაუბრებოდათ ულტიმატუმის ენით? – სააკაშვილი პასუხობს:

– რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა ზუბკოვი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რომელიც უბრალოდ გვიყვიროდა აქ, თავის ელჩთან ერთად. და რა უნდოდა, ისიც... მართალი გითხრათ... იმიტომ რომ პრაქტიკულად იძახოდა, რომ თქვენ... ნუ, იყო მუქარის ენით საუბარი, იყო ყვირილი, უბრალოდ. ხმას აუწიეს პრეზიდენტზე, რაც ძალიან უჩვეულოა!..

– რა შინაარსის იყო ეს მუქარები?

– არაფერი, რომ თქვენს თავს დააბრალეთ, აწი რაც მოხდება ყველაფერი, და ნუ, აი, იყო ჩვეულებრივი... მეორე, ელჩი მათი ვინც იყო აქა (რფ–ის ელჩი საქართველოში ვ. კოვალენკო – საქინფორმი), რომელიც “ფე-ეს-ბე“-შნიკი იყო, ასევე ის ზუბკოვიც “ფე-ეს-ბე“-შნიკი იყო... ეს იყო სადღაც ივლისში (2008 წლის – საქინფორმი), თუ არ ვცდები, ივლისის თვის განმავლობაში...

მე ვცადე ეგრევე მედვედევთან დარეკვა და მითხრეს, რომ მედვედევი ისვენებს. და ეს უკვე ძალიან... მანამდე ხომ ორჯერ ვცადე და... უფრო სწორად, როგორ ხდება... დიპლომატიური არხებით ეუბნები, რომ გინდა მედვედევთან საუბარი. და ისინი გეუბნებიან, რომ კარგი, პუტინი... პუტინი გიპასუხებს, უფრო სწორად, პუტინი არის მზად, რომ გესაუბროს! ასეა. ეს ის კი არ არის, მობილზე რომ ურეკავს და იქ ვიღაცა გამოართმევს ხელში და... დიპლომატიური არხებით ხდება და ესე იყო.

– და მედვედევის მაგივრად გიპასუხათ პუტინმა...

– ნუ აი, ესე გამოდის. მაგრამ... დიპლომატიური არხებით გეუბნებიან, რომ მედვედევი არ არის, ეხლა პრემიერ–მინისტრი დაგელაპარაკებათ. მაგრამ მერე მედვედევს რომ ვურეკავდით, რომ გვინდა მედვედევი, თქვეს, რომ მედვედევი ისვენებს, წასულია, და სექტემბერში...

და ბოლოს როგორ იყო... ყველაფერი – „სექტემბერში“. კონდოლიზა რაისს უთხრა ლავროვმა, რომ სექტემბერში დავილაპარაკოთ; შტაინმაიერს უთხრეს მოსკოვში, რომ სექტემბერში დავილაპარაკოთ, სექტემბრის ბოლოს. მე მითხრა მედვედევმა – სექტემბერში დავილაპარაკოთ... მაშინ როცა უფრო პატიოსანმა ხალხმა, უფრო სწორად, უფრო გულწრფელმა და უფრო ცინიკოსმა ხალხმა, როგორც ჩიჟოვია, უთხრეს თავის მეგობრებს, რომ სექტემბერში ძალიან გვიან იქნება, ცოტა უფრო ადრე...

 

საქინფორმის რედაქციისგან: რა თქმა უნდა, შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილის მორიგი უთავბოლო და ცრუ სიტყვებისთვის ყური არ გვეთხოვებინა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, სწორი არ იქნება ყურადღება არ მივაქციოთ იმ ადამიანების უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომლებსაც მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა უკავიათ, მითუმეტეს – ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი!

ამიტომ საქინფორმის კორესპონდენტმა მოსკოვში დარეკა, სააკაშვილის მიერ პირველ არხთან ტელეინტერვიუში ორჯერ ნახსენებ რუსეთის ფედერაციის ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ვიაჩესლავ ევგენის ძე კოვალენკოსთან, და საქართველოს პრეზიდენტის ზემოთ მოყვანილი გამონათქვამების კომენტარი სთხოვა 2008 წლის ივლისში რფ–ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ი. ზუბაკოვთან შეხვედრის თაობაზე.

ვ. კოვალენკო: „იმ შეხვედრის ყველა დეტალი კარგად მახსოვს, რადგან მისი მონაწილე ვიყავი. მას მართლაც არ ჰქონდა პროტოკოლური ხასიათი, ოღონდ არა იმ მიზეზებით, რომლებსაც მ. სააკაშვილი ასახელებს. ტყუილი და მატყუარები უნდა გამოააშკარავო, და სწორედ ამისი გაკეთება მსურს ახლა.

მ. სააკაშვილი  ი.ზუბაკოვთან შეხვედრაზე, რომელიც გვიან საღამოს გაიმართა, არაადეკვატურ მდგომარეობაში გამოცხადდა, თვალები არაჯანსაღად უბრწყინავდა, რაც გაფიქრებინებდა, რომ ეს ადამიანი მიდრეკილია, ხელოვნურად გაიღიზიანოს თავი, შესაძლოა, იმისათვის, რომ საპასუხისმგებლო საუბრების დროს თავისი შეუდრეკელობა აჩვენოს. როგორც ჩანს, მისი ეს მდგომარეობა მეხსიერებაზე აისახა: შეხვედრა იყო არა ზუბკოვთან, როგორც ინტერვიუში ახსენებს მ. სააკაშვილი, არამედ ზუბაკოვთან! (ინტერვიუში სააკაშვილი საქართველოში აშშ–ის ყოფილ ელჩს ჯონ ტეფტს ტაფტად იხსენიებს – საქინფორმი).

თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამას სააკაშვილისთვის, როგორც იმას, რომ რუსეთის ფედერაციის ელჩი – ელჩი იყო თუ „ФСБ“–ს თანამშრომელი... მთავარია, როგორ ჩააგონებდა ის ტელემაყურებლებს, რომ „საუბარი მუქარის ენაზე მიდიოდა... და მათ (რუსებმა) ხმას აუწიეს პრეზიდენტზე!“.

ისეთი განათლებული ადამიანისთვის, როგორადაც სააკაშვილი საკუთარ თავს მიიჩნევს, მიუტევებელია არ იცოდეს, რომ დიპლომატიაში ხმის ამაღლება, უბრალოდ, მიუღებელია, დიპლომატებს ასეთი რამ არ ემართებათ. მაგრამ სააკაშვილს ამ ეპიზოდის წარმოდგენა სწორედ ასე სურს!

სინამდვილეში კი ის, უკვე ისედაც აგზნებული, გააღიზიანა ი. ზუბაკოვის სიტყვებმა, რომ აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი, რაც შესაძლებელია, დაძაბულობის გრადუსის დასაწევად, რომელსაც ქართული მხარე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მაღლა სწევდა. მ. სააკაშვილი ჯიუტად იმეორებდა, რომ „თუ აფხაზები და ოსები ჩვენს პირობებს არ მიიღებენ, ჩვენ მათ ძალით ავიღებთ!“.

ი. ზუბაკოვის გაფრთხილებამ, მისმა სიტყვებმა პრობლემის ძალისმიერი გადაჭრის დაუშვებლობაზე მაშინ მ. სააკაშვილის უკიდურესი გაღიზიანება, მრისხანება გამოიწვია, რომლის მორევა მან ხმის აწევით სცადა. ასე გრძელდებოდა თითქმის ერთ საათს...

საუბრის მიმდინარეობისას ნათელი გახდა, რომ ტერიტორიული პრობლემების საომარი გადაწყვეტის გეგმა მზად იყო, და მ. სააკაშვილმა უკვე მიიღო ამ გეგმის განხორციელების გადაწყვეტილება.

მ. სააკაშვილი, უდავოდ, სხვადასხვაგვარი ფალსიფიკაციების დიდი ოსტატია. მე მხოლოდ ერთი მათგანი მოვიყვანე. მაგრამ მინდა შევახსენო მ. სააკაშვილს, რომ ისტორია ყოველთვის პოულობს მოწმეებს, რომლებმაც სიმართლე იციან და მის სათქმელად მზად არიან. სხვა საკითხია – აღელვებს თუ არა ეს მოქმედ პრეზიდენტს, ფიქრობს თუ არა ის ტყუილსა და ცილისწამებაზე უბრალო ხალხის რეაქციაზე? როგორც ჩანს, ეს მას ნაკლებად აღელვებს, სხვაგვარად ასეთ უაზრობას არ მოყვებოდა...“.