პუბლიკაციები
ანრი ჯერგენია: „რაც უფრო ვშორდებით ჩვენს უახლოეს წარსულს - აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდს, მით უფრო ხშირად დგება საკითხი: „საჭირო იყო კი ხალხის მოწოდება უთანასწორო სისხლისმღვრელი ომისკენ?“

zarub-3-analit-glსაქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. ხუთი წლის წინათ აფხაზეთმა დამოუკიდებლობა მიიღო. თუმცა, ნათელი მომავლის მყიფე იმედი, ქვეყნის სულიერი საყრდენი, წარმატებული განვითარების ყლორტები - ყველაფერი შეიძლება მტვრად იქცეს ადამიანების ამბიციებისა და ანგარების გამო.

აფხაზეთის მოვლენები რუსეთშიც უნდა ახსოვდეთ. იმის შესახებ, თუ რა ხდება რესპუბლიკაში, „АиФ“-ს ესაუბრება პოლიტიკოსი, აფხაზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და გენერალური პროკურორი ანრი ჯერგენია.

რაც უფრო ვშორდებით ჩვენს უახლოეს წარსულს - აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდს, მით უფრო ხშირად დგება საკითხი: განა საჭირო იყო ადამიანების მოწოდება უთანასწორო სისხლისმღვრელი ომისკენ? ფუჭი ხომ არაა მსხვერპლი, თუკი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეუძლია ჩვენი ხალხი წლების უკან - უუფლებო, დამოკიდებული უმცირესობის მდგომარეობისკენ დააბრუნოს?

აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა, საერთაშორისო სამართლის სუბიექტად დიდი რუსეთის, ვენესუელას, ნიკარაგუას მიერ აღიარებული... მაგრამ სახელმწიფო შეიძლება დარწმუნებული იყოს თავისი სტატუსის ურყევობაში მხოლოდ მაშინ, როცა ის ეკონომიკურად და პოლიტიკურად თვითკმარია. ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, მტკიცედ მიდის ამ მიმართულებით. თუმცა, ამჟამინდელი ხელისუფლების ეკონომიკური სტრატეგია მარჩიელობას ჰგავს იმაზე, აღმოუჩენს თუ არა რუსეთი დაპირებულ ფინანსურ დახმარებას და როგორ დაიხარჯება ის. დემოგრაფიაში - შეგნებულად თუ შეუგნებლად - ხელისუფლება წამგებიან პოლიტიკას ახორციელებს პასპორტების უკანონო გაცემით, ასტიმულირებს გასტარბაიტერების არაკონტროლირებად ნაკადს. ამ დროს, იმის ნაცვლად, რომ სერიოზული და ნამდვილად მნიშვნელოვანი პრობლემები „მშვიდობიანად“ გადაიჭრას, გარკვეული ხნის წინ აფხაზეთში თითქმის ყველაზე მთავარ თემად ეკლესიათა შორის კამათი აქციეს.

სულის სავანე თუ ბიზნესი?

აფხაზი სასულიერო პირების სხვადასხვა თაობას შორის უკვე შორს წასული უთანხმოების საფუძველში აღმოჩნდა ბრძოლა ეპარქიის უფრო მოგებიანი ობიექტის - ახალი ათონის მონასტრის ფლობისათვის. ჯერ კიდევ 2009 წლის აპრილში „ახალგაზრდა მღვდლებმა“ მალულად მიმართეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდეს პატრიარქ კირილს აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რუსული ეკლესიის წიაღში მიღების იდეით (ფორმალურად აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაშია - საქინფორმი). თუმცა, ეს იდეა მხოლოდ  ჩქმალავდა ახალი ათონის მონასტრის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი დაქვემდებარებას აფხაზეთის ეპარქიის გვერდის ავლით. მიმართვას ხელი მოაწერეს მღვდლებმა დოროთეიმ, ანდრეიმ, დავიდმა, იერეი დოლმატ გოპიამ, მათე ტუჟბამ და ნიკიტა ადლეიბამ. იერეი გოპიამ, ადლეიბამ და ტუჟბამ მოგვიანებით მონანიების წერილი დაწერეს: ისინი შეცდომაში შეიყვანეს, ხოლო მამა ანდრეისა და მამა დოროთეის მთელი ეს წამოწყება მხოლოდ მღვდელმთავარის წოდების მისაღებად დასჭირდათ. არსობრივად, უკვე მაშინ საუბარი ეხებოდა დანაშაულის მომიჯნავე ქმედებებს: შეთავაზებული იყო აფხაზეთის ეპარქიისთვის იმ ქონების ჩამორთმევა, რომელიც მის უვადო და უუკუგებო მფლობელობაში იმყოფებოდა.

რაკიღა მოსკოვში სასურველი ვერ მიიღეს, მამა დოროთეიმ, დავიდმა და ანდრეიმ ინტრიგა განაგრძეს. შეწყვიტეს რა მონასტერში აფხაზეთის ეპარქიის მსახურთა შეშვება, 2011 წლის მაისში მათ ჩაატარეს შეკრება, რომელსაც „საეკლესიო-სახალხო კრება“ უწოდეს. იქ გამოცხადდა „აფხაზეთის წმიდა მიტროპოლია“ (СМА). დაივიწყეს რა მოსკოვისადმი მცირე ხნის წინანდელი მიმართვა, ინიციატორებმა თავისი ქმედებები ახსნეს აფხაზეთის ეპარქიის უსურვილობით, ებრძოლათ ავტოკეფალიის - დამოუკიდებლობისათვის. სხვათა შორის, ამ დროისათვის განხეთქილების ჩამომგდებლებმა უკვე დაამყარეს კონტაქტები კონსტანტინოპოლისა და ელადის მართლმადიდებელ ეკლესიებთან. კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსთან მოლაპარაკებების დაწყებისას მათ ხმები გაავრცელეს, თითქოს იგი მხარს უჭერდა აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას. კონსტანტინოპოლის პატრიარქი სიტყვიერად უწინდებურად აღიარებს აფხაზეთის ეკლესიას ქართულის კანონიკურ ნაწილად. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ  ბართოლომეომ ორმაგი თამაში წამოიწყო, ანდა თავიდანვე აქეზებდა აფხაზ რასკოლნიკებს. მათ კი, თავის მხრივ, ბობოქარი საქმიანობა გააჩაღეს.

zarub-analit-Sua

ხალხის მტრების ძიება

ბართოლომეოსადმი მიმართვას აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ აფხაზეთის პარლამენტის 35 წევრიდან ხელი მოაწერა 25 დეპუტატმა და იდეის მხარდასაჭერად მოქალაქეთა ანკეტირება დაიწყო. განხეთქილების ჩამომგდებთა მტკიცებით, საკითხის გადაჭრა 5 ეკლესიის უხუცესი წინამძღოლებს ანდა მსოფლიო ეკლესიას შეუძლია. არც ერთ კანონიკურ დოკუმენტში, ცხადია, ნათქვამი არ არის, რომ 5 ეკლესიას შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ავტოკეფალიის საკითხი, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიების მსოფლიო კრების მოწვევას უკვე 50 წელია ლამობენ, მაგრამ ორგანიზაციული წინააღმდეგობების გამო ვერ მოახერხეს. და საეჭვოა, უახლოეს წლებში მოახერხონ. ვფიქრობ, ეს კარგად ესმით აფხაზეთის ეპარქიის მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც სინამდვილეში სრულებით სხვა ამოცანა ჰქონდათ. ეგებ შემთხვევითაც, მაგრამ ანკეტის ტექსტიდან გამომდინარეობდა, რომ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მხოლოდ ქართული და რუსული ეკლესიები გამოდიოდნენ.

როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თავად გამოკითხვის ანტირუსული მიმართულება. მასში მონაწილეობის სურვილის არმქონეებს ანკეტირების ინიციატორები საჯარო გამოსვლებში სულაც ხალხის მტრებს უწოდებდნენ.

თუმცა მთავარი სამუშაო კაბინეტებში მიმდინარეობდა. განხეთქილების ჩამომგდებლებმა შეძლეს მისი დაკანონება, რეგისტრაციაში გაატარეს რა მიტროპოლიის დებულება აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროში. დებულების ავტორები განზრახ საბურველში ხვევდნენ მთავარ საკითხს: რომელი ტაძრის ბაზაზე რეგისტრირდება „აფხაზეთის უწმიდესი მიტროპოლია“? თუმცა, დებულებაში ფაქტობრივად ლაპარაკია ახალი ათონის მონასტერზე, მაშინ, როცა მონასტერი, აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის დადგენილების მიხედვით, ჯერ კიდევ 2010 წელს აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიჭვინთისა და სოხუმის ეპარქიებს გადაეცათ უანგარო და უვადო მფლობელობაში. იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირებმა ან არ შეისწავლეს დებულება რეგისტრაციამდე - წინააღმდეგ შემთხვევაში უკანონოდ დაკავებული მონასტრის გათავისუფლება უნდა მოეთხოვათ, ანდა... ეს არ შეიძლებოდა მომხდარიყო სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელობის, პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის გარეშე, თანაც მისივე ამასწინანდელი განცხადებების საპირისპიროდ. რუსეთ-აფხაზეთის მეორე ჰუმანიტარულ ფორუმზე ის ამბობდა, რომ აფხაზი და რუსი მართლამიდიდებლების მჭიდრო კავშირი საფუძველს აძლევს, სწორედ მოსკოვის პატრიარქს მიმართოს აფხაზი ეპისკოპოსის ხელდასხმის თხოვნით. აფხაზეთის ხელისუფლებამ მიტროპოლიის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით დაასრულა განხეთქილება აფხაზურ მართლმადიდებელ ეკლესიაში.

ვინ დარჩა მოგებული?

СМА-ს დებულების რეგისტრაციამ საშუალება მისცა მამა დოროთეისა და მის მომხრეებს, კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან მიეღოთ ანტიმინსები - უფლება, განახორციელონ საეკლესიო რიტუალები კონსტანტინოპოლის კლირიკების სახით. განხეთქილების ჩამომგდებლებმა თავისას მიაღწიეს - განიმტკიცეს მდგომარეობა ახალი ათონის მონასტერში მღვდელმთავრებად გადაქცევის პერსპექტივით.

ახლა აფხაზეთში მოქმედება შეუძლიათ აფხაზეთის, ბერძნულენოვანი კონსტანტინოპოლისა დ ელადის ეკლესიების ღვთისმსახურებს. რომელი მათგანისთვის ითხოვენ დღეს ავტოკეფალიას?

უდავოდ მოგებული აღმოჩნდა პატრიარქი ბართოლომეოც. აფხაზეთში ეკლესიური განხეთქილება აძლიერებს მის გავლენას აფხაზ კლირიკებზე. მომავალში კი აფხაზ საზოგადოებაში განხეთქილების ჩამოგდებასა და ანტირუსული განწყობის გაძლიერებას ემსახურება. ეს სწორედ ისაა, რაზეც სულ ახლახან მხოლოდ ოცნებობდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები დასავლეთში, რომლებსაც ბართოლომეო წარმოადგენს. ნუთუ ეს თავიდანვე არ ესმოდა აფხაზეთის ხელისუფლებას? თუ საეკლესიო სკანდალი მოწოდებული იყო იმისკენ, რომ საზოგადოების ყურადღება ნამდვილი პრობლემებიდან გადაეტანა, მაგრამ უკონტროლო გახდა? მანამ, სანამ აფხაზეთის მოქალაქეები ვერ გაიგებენ, სადამდე მიიყვანა ისინი კინკლაობამ, ჩვენი სახელმწიფოს ნგრევა შიგნიდან და სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხე შენარჩუნდება.

zarub-3-analit-qvem