უცხოეთი
ვიგენ აკოფიანი: „როსნეფტი“ BP-ს მეშვეობით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში შედის: რუსეთი და ევროკავშირი ამიერკავკასიაში ადგილებს ცვლიან?

1-rosneft-ucxსაქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. პოლიტიკური სიტუაცია ამიერკავკასიაში ტრადიციულად ხასიათდება განსაკუთრებული დინამიზმით და, შედეგად, რთულად პროგნოზირებადია.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ბაქოში, რომლის ფარგლებშიც „როსნეფტმა“ და SOCAR-მა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, შეიძლება რეგიონისთვის ახალი ეტაპი ეწოდოს, რისი შედეგებიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლას უთანაბრდება.

რუსეთიდან ნავთობის ტრანსპორტირების პერსპექტივა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით უწინ ექსპერტების მიერ სერიოზულად არ განიხილებოდა. ერთ–ერთი წამყვანი რუსი ექსპერტის კონსტანტინ სიმონოვის შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება „საკმაოდ უცნაურია რუსეთის ინტერესების თვალსაზრისით“, რადგან რუსეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს საკმაოდ არამეგობრულ პროექტად განიხილავდა. აშშ კი ამ პროექტს მხარს უჭერდა.

ამავე დროს, საგულისმოა, რომ „როსნეფტის“ გზა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში მას შემდეგ გაიხსნა, რაც ამ მილსადენის ერთ-ერთი მთავარი მფლობელი, ბრიტანული „ბრითიშ პეტროლიუმი“ (BP) რუსეთის სახელმწიფოს შემდეგ „როსნეფტის“ მეორე უდიდესი აქციონერი გახდა (აქციების 20-პროცენტიანი წილით), შესაბამისად, „როსნეფტის“ შესვლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში შესაძლებელი გახდა, როგორც მინიმუმ, BP -ს თანხმობით ან ეგებ მისი შეთავაზებითაც კი. ამ სიტუაციაში რუსეთის პოლიტიკური პოზიციების განმტკიცება აზერბაიჯანსა და საქართველოში დიდად სავარაუდოა, თუკი მხედველობაში მივიღებთ პრემიერ ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, მოსკოვთან ურთიერთობაში პატიდან გამოვიდეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, რომელიც სააკაშვილის მმართველობისას პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროინტეგრაციის პროცესის ლიდერად მიიჩნეოდა, დღეს შესამჩნევ სიფრთხილეს იჩენს ამ კუთხით და გამორიცხული არაა, ხელოვნურად დაამუხრუჭოს ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების ხელმოწერა, რის გაკეთებას არც აზერბაიჯანი ჩქარობს. ამიტომ ევროპული პოზიციები ამიერკავკასიაში სომხეთში ინაცვლებს, რაც მიმდინარე მოვლენების კიდევ ერთი პარადოქსია. თუ სომხეთი ასოციაციის შეთანხმებას საქართველოზე ადრე მოაწერს ხელს, მაშინ შესაძლებელია ითქვას, რომ ევროკავშირმა და რუსეთმა ამიერკავკასიაში ადგილები გაცვალეს: მოსკოვი პოლიტიკას ბაქოსა და თბილისის მიმართულებით ააგებს, ხოლო ბრიუსელი თავის კალთას სომხეთს გადააფარებს, რითაც კიდევ უფრო არაკომფორტულსა და სახიფათოს გახდის მის მდგომარეობას.