პუბლიკაციები
ავიგდორ ესკინი: „საქართველოში მოვა ახალი ლიდერი, რომელიც შეძლებს, საქართველო გაიყვანოს განვითარების დაბალანსებულ გზაზე, მაგრამ არა სხვა ქვეყნის სრული მორჩილების შედეგად”

1-analitika-1-A1-avigdorსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის სტუმარია ებრაელი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ავიგდორ ესკინი. ბატონი ავიგდორი რამდენიმე დღის წინ საქართველოში, თბილისში იმყოფებოდა და ამიტომ ჩვენი ინტერვიუ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე შედგა.

- ბატონო ავიგდორ, როგორ აფასებთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს?

- ალბათ, ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე ახალს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ახალი ხელისუფლებისგან საზოგადოება ბევრ სიახლეს ელოდა, თუმცა, დღეს ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ ერთგვარი სკეპტიციზმი შეინიშნება.

ვფიქრობ, რომ საქართველოში მოვა ახალი ლიდერი, რომელიც შეძლებს, საქართველო გაიყვანოს განვითარების დაბალანსებულ გზაზე - დამოუკიდებლობის გასამყარებლად, მაგრამ არა რომელიმე სხვა ქვეყნის სრული მორჩილების შედეგად. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დროს საქართველო დაემსგავსა ამერიკის 51–ე შტატს, რაც ძალიან დასანანია.

საქართველო უდიდეს ისტორიას ფლობს, ეს არის ერთი ერის ისტორიის გაგრძელება და დღევანდელი ქართველები არ განსხვავდებიან საკუთარი წინაპრებისგან. მართალია, 3 500 წლის მანძილზე ერში რაღაც იცვლება, მაგრამ ამავე დროს საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო გაევლო უდიდესი გზა საკუთარ, ქართულ მიწაზე - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ზოგჯერ საქართველო დაპყრობილი იყო, ზოგჯერ დამოუკიდებელი, მაგრამ ის ყოველთვის  არსებობდა. ამიტომაც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებს, უნდა ესმოდეს, რომ  ქართველი ერის მიერ განვლილი ყველა საუკუნე უნდა გააერთიანოს და მთავარ მიზნად დაისახოს ქვეყნის მიერ მსოფლიო არენაზე საკუთარი ღირსეული ადგილის დაკავება. ასევე ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველო ტერიტორიულად ძალიან ახლოს იმყოფება რუსეთთან და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას, მოსკოვთან თანამშრომლობით უნდა გადაწყდეს. შესაძლოა, ბევრს მოსწონს ან არ მოსწონს რუსეთი, მაგრამ ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც, მაგალითად, დევნილების დაბრუნება და ტერიტორიული მთლიანობაა, მათ მოუწევთ თანამშრომლობა კრემლთან. ქართველ პოლიტიკოსებს მოეთხოვებათ ვითარების შეფასება, რადგან ნატოში შესასვლელი გზა, გარკვეული მიზეზების გამო, ქართული სახელმწიფოსთვის დახურულია.

- თუმცა, საქართველოს ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანა ისწრაფვის ნატოსკენ და ამავდროულად მოაგვარებს ურთიერთობას რუსეთთან. როგორ ფიქრობთ, ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულების გატარება რამდენად შესაძლებელია?

- არ არის აუცილებელი, ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც დღეს ძლიერ ორიენტირებულია დასავლეთზე. ეს არის რეალური ქვეყანა, რეალური ინტერესებით. მოსკოვი უფრო დასავლური ქალაქია, ვიდრე ის ქალაქები, რომლებიც დასავლეთშია. რუსეთს აქვს ძალიან ხისტი კაპიტალისტური სისტემა, სადაც ხალხი ორიენტირებულია წარმატებაზე, ფულზე და არა სულიერ სიმდიდრეზე, რომლითაც რუსეთი ადრე განთქმული იყო. აქედან გამომდინარე, ნატოსთან დაკავშირებით არანაირ წინააღმდეგობას არ აქვს ადგილი.

რაც შეეხება ნატოს, როგორც ცნობილია, ამერიკელები ამცირებენ საკუთარ ჩართულობას მსოფლიო კონფლიქტებში - ამის დანახვა შესაძლებელია სხვადასხვა მაგალითზე, ესენია: ავღანეთი, ერაყი, ახლო აღმოსავლეთი (ეგვიპტე), სადაც აშშ-მ კონტროლი დაკარგა. ამერიკელების აქტიურობა და ზოგჯერ აგრესიულობა, რომელსაც ეს სახელმწიფო 2000 წლიდან ახორციელებდა, ძირითადად მიმართული იყო ნავთობის რესურსებისთვის ბრძოლისათვის. მას შემდეგ, რაც ამერიკამ დაიწყო ბუნებრივი აირით საკუთარი ქვეყნის უზრუნველყოფა და ამ საკითხში მსოფლიოში მოწინავე გახდა, იმის აუცილებლობა, რომ საგარეო პოლიტიკა ასეთი აქტიური იყოს, აღარ არსებობს - ეს ობამას კარგად ესმის. აქედან გამომდინარე, საქართველომ, რა თქმა უნდა, აშშ-სთან ურთიერთობა უნდა გააგრძელოს, მაგრამ ისიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ ამერიკა კავკასიის რეგიონში აღარავის გამოექომაგება.

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში აქტიურად ლაპარაკობენ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაზე, ჯერ კონკრეტული ნაბიჯები, შეიძლება ითქვას, არ გადადგმულა. როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვს ორივე ქვეყანას ურთიერთობის დალაგების თვალსაზრისით?

- ჩემი აზრით, ივანიშვილი ელოდება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ კანდიდატი გახდება, პრემიერ-მინისტრი ნაწილობრივ შეცვლის მის გუნდს და გადავა უფრო აქტიურ პოლიტიკაზე, რაც არ გულისხმობს დიდ შერიგებას ან სრულ შეთანხმებას მოსკოვთან. აქტიურ პოლიტიკაში ვიგულისხმე მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას დიალოგში შესვლა, საკუთარი მოთხოვნების დაცვა და მიზნების მიღწევა.

ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს რუსეთთან უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე ზრუნვა და საკუთარი ხალხისთვის გზები გახსნას - ეს ის საკითხია, რომელიც ტერიტორიული კონფლიქტისგან დამოუკიდებლად უნდა გადაწყდეს. დღეს რუსეთში ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ორი კვირის წინ იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება, სადაც იგი თავის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევდა, რომ საქართველოში დაიწყონ საწარმოო საქმიანობა და ამავე დროს არ ურჩევდა რუსეთის მოქალაქეებს, რომ იგივე საქმიანობით დაკავდნენ აფხაზეთის ან ოსეთის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, გარკვეული მესიჯები არის მედვედევის და პუტინის მხრიდან, თუ რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს ორი ქვეყნის ურთიერთობა.

არსებობს ისტორიული სიმართლე, რომელსაც დამოწმება სჭირდება, რომ შემდეგ არ მოხდეს ისტორიის გადაწერა. მაგალითად, აფხაზეთის ომის ძირითადი მსხვერპლი იყო ქართული მოსახლეობა. ამას უნდა დავამატოთ ისიც, რომ ის სისასტიკე, რაც ომის დროს ხდებოდა, ძირითადად დაიწყო იმ ისლამისტების მხრიდან, რომლებიც შეუერთდნენ აფხაზებს. მათი ხელმძღვანელი იყო ბასაევი, რომელმაც მოგვიანებით რუსეთის წინააღმდეგ ორი ტერაქტი მოაწყო. 1993 წელს რუსეთს არა აფხაზეთისთვის, არამედ საქართველოსთვის რომ დაეჭირა მხარი, სავარაუდოდ, არ იქნებოდა არც პირველი და არც მეორე ომი ჩეჩნეთში. ჩეჩენი მეომრებისთვის აფხაზეთის ომი იყო ერთგვარი პოლიგონი, რომლის შემდეგაც მათ დაიწყეს მოძრაობა რუსეთის საწინააღმდეგოდ.

ის, რაც მოხდა აფხაზეთში 1993 წელს, ეს იყო ქართველი ერის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული. აღნიშნული საკითხი საქართველომ უნდა დააყენოს ყველა საერთაშორისო მაღალი რანგის შეხვედრაზე, მით უმეტეს, როცა აფხაზეთში და ოსეთში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. აფხაზეთი და ოსეთი ვალდებული არიან ყველა ქართველს, რომელმაც კონფლიქტების დროს საკუთარი საცხოვრებელი დატოვა, უკან დაბრუნების საშუალება მისცენ ან შესაბამისი ფინანსური კომპენსაცია გადაუხადონ. კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლების დახმარებით, მოსკოვში გამართულიყო სხვადასხვა ღონისძიება, სადაც ღიად იქნებოდა საუბარი იმ საკითხებზე, რომლებზეც ნაკლებად არის ინფორმირებული ორივე მხარე. სამწუხაროდ, არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში არ იციან, რა მოხდა სინამდვილეში 1993 წელს.

- თქვენ ამბობთ, რომ რუსეთმა დაუშვა შეცდომა, როდესაც 1993 წელს აფხაზებს გამოუცხადა მხარდაჭერა?

- ვერ ვიტყვით, რომ რუსეთმა ცალსახად მხარი დაუჭირა აფხაზეთს. მაშინ იცით, რაც ხდებოდა თეთრ სახლთან და ელცინი ყველაფერზე ფიქრობდა, აფხაზეთის გარდა.

- როგორ ფიქრობთ, აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის საკითხებთან მიმართებაში რა ნაბიჯები უნდა გადადგას დღეს საქართველოს ხელისუფლებამ?

- პირველ რიგში, დიპლომატიური ურთიერთობა უნდა აღადგინოს რუსეთთან. გახსოვთ ალბათ, საქართველომ შეწყვიტა ეს ურთიერთობა და დღემდე არ მიუცია თანხმობა მის აღდგენაზე. საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ უნდა დათანხმდეს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას და არ დაელოდოს იმ დღეს, როდესაც რუსეთი ამ ტერიტორიებს საქართველოს დაუთმობს. ეს არის შეცდომა, რომელიც უნდა გამოსწორდეს. შედეგად რუსეთიც მოხსნის სავიზო რეჟიმს.

- ბატონო ავიგდორ, თქვნ აღნიშნეთ, რომ ნატოში საქართველოს შესვლა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხდება, თუმცა ივანიშვილის მთავრობა ამტკიცებს, რომ მალე ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული...

- შესაძლოა, ნატო ივანიშვილის მთავრობამ რუსეთთან „სავაჭროდ“ გამოიყენოს და მოლაპარაკებების დროს, გარკვეული საზღაურის მისაღებად, ბლოკში გაერთიანებაზე უარი თქვას.

- მაგალითად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი დევნილების დასაბრუნებლად?

- ეს საკითხი ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს.

რუსეთში ელოდებიან საქართველოში ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის მიერ წამოყენებული კანდიდატი გაიმარჯვებს, ალბათ, მოლაპარაკებები რუსეთსა და საქართველოს შორის ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.

- რაც შეეხება საქართველო-ისრაელის ურთიერთობას, რას გვეტყვით ამ კუთხით?

- საქართველო-ისრაელის ურთიერთობა რამდენიმე ათასწლეულს ითვლის და ყოველთვის განსაკუთრებული იყო, თუმცა ძალიან გაგვაკვირვა და შეგვაშფოთა ბოლო დროს მომხდარმა ფაქტმა, როდესაც  გაეროში პალესტინის საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრის დროს საქართველომ მხარი არ დაგვიჭირა (მაშინ, როცა თავად თქვენი ქვეყანა სეპარატიზმს ებრძვის). ეს ძალიან საწყენია.

რაც შეეხება ზოგადად ორი ქვეყნის ურთიერთობას, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სამხედრო საკითხებში ისრაელი საქართველოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი პარტნიორია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. რაც შეეხება კულტურის სფეროს, როგორც უნდა გააკრიტიკოთ ისრაელი, იგი საქართველოს უცხო კულტურას და ცხოვრების წესს თავს არ ახვევს - ეს ყველაფერი ქართველი ხალხისთვის მისაღებია. კარგი იქნება ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის, თავდაცვის და სხვა სფეროებშიც.

- დიდი მადლობა გულწრფელი პასუხებისთვის!

ესაუბრა ნატა წერეთელი