რელიგია
საქინფორმი სრულიად საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას ულოცავს! დაე, დარჩეს საქართველო მის წილხვედრ ქვეყნად!

1-saz-relig-1-mariamobaსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა ანუ მარიამობა — მართლმადიდებელი ეკლესიის თორმეტ უდიდეს დღესასწაულთაგან ერთ–ერთი. აღინიშნება ახალი სტილით 28 აგვისტოს.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას ეკლესია მარხვით ხვდება.

ღვთისმშობლის მიძინებისა და დაკრძალვის შესახებ წმინდა წერილის კანონიკურ წიგნებში არაფერია ნათქვამი. იოანეს სახარების მიხედვით, ჯვარზე გაკრულმა იესო ქრისტემ იოანე მახარებელი ღვთისმშობელს აშვილა: „ჰრქუა დედასა: დედაკაცო, აჰა ძეი შენი! და მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი!“. იმ დღიდან მარიამი იოანეს სახლში ცხოვრობდა. ღვთისმშობელი ლოცულობდა მოციქულებთან ერთად და სულთმოფენობის დღეს მათთან ერთად მიიღო სულიწმიდას ნიჭი.

ამის შემდეგ ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების შესახებ ამბებს მხოლოდ საეკლესიო გადმოცემიდან ვიგებთ. კერძოდ, გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ჰეროდე მეფის მიერ ქრისტიანთა დევნის გამო, 43 წლის ასაკში, იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოს მიაშურა, იყო კვიპროსზეც – მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან, ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმიდა მიწაზე, ბოლოს კი კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა. ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ,  ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“. ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო. ღვთისმშობლის ამ სოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, იესო ქრისტემ თავისი მშობლის წმიდა და ყოვლად უბიწო სული ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.

საქინფორმი ულოცავს თავის მკითხველებს და სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაულს! დაე, დარჩეს საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად და ის ჩვენი მფარველი იყოს უფლის წინაშე!