უცხოეთი
პუტინი: „ამ პირობებში კოზირის მიცემა მათთვის, ვინც მუდმივად მოუწოდებს საგარეო სამხედრო ჩარევისკენ, წარმოუდგენელი სისულელეა! თუ არსებობს მტკიცებულებები, ისინი წარმოდგენილი უნდა იქნეს. თუ წარმოდგენილი არ არის, ესე იგი, ისინი არ არსებობს“

1-chush-putinსაქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში სამუშაო მოგზაურობის დროს ვლადიმერ პუტინმა 31 აგვისტოს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას სირიის გარშემო კომენტარი გააკეთა.

კითხვა: ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ხმა მისცა სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ. ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის, გფრ და ნატოს ალიანსიც კი ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავდა სირიაში სამხედრო ჩარევის საკითხისადმი. ამას მოელოდით?

ვ. პუტინი: გულახდილად გეტყვით, ჩემთვის ეს სრულებით მოულოდნელი იყო. ვფიქრობ, თქვენ ყველა და მეც ბოლო წლებში შევეჩვიეთ იმას, რომ დასავლეთის თანამეგობრობაში ყველაფერი დისკუსიის გარეშე მიიღება - ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს - მთავარი პარტნიორის, ანუ აშშ-ის სურვილებისა და პოზიციის შესაბამისად. თუ ამჯერად ასე არ მოხდა, ვიმეორებ, ჩემთვის ეს მოულოდნელია და უფრო მეტიც - ამ პოზიციით გაკვირვებული ვარ.

მეორე მხრივ, ეს მაინც, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ დიდ ბრიტანეთში (თუმცა ის აშშ-ის მთავარი, ძირითადი გეოპოლიტიკური მოკავშირეა მსოფლიოში), ვფიქრობ, ევროპაში მით უმეტეს, - არიან ადამიანები, რომლებიც ნაციონალური ინტერესებით, საღი აზრით ხელმძღვანელობენ და თავის სუვერენიტეტს უფრთხილდებიან.

ყველაფერი ამის გარდა, ეს იმ ანალიზის შედეგიცაა, რაც ბოლო წლებში მოხდა. მხედველობაში მაქვს ის ტრაგიკული მოვლენები, რასაც ადგილი ჰქონდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და სხვა ქვეყნებში.

მიუხედავად გაცხადებული მიზნებისა, მათი მიღწევა ჯერ კიდევ ძალიან პრობლემატურია: მხედველობაში მაქვს ავღანეთი, მით უფრო ერაყი, ლიბია და სხვა ქვეყნები. ამიტომ ვფიქრობ, კი არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები აანალიზებენ მომხდარ მოვლენებს, აკეთებენ დასკვნებს და შესაბამისად რეაგირებენ.

კითხვა: ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, პირადად თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი სირიაში? გაგვიზიარეთ თქვენეული შეფასება ამ ქვეყანაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ვ. პუტინი: საღი აზრი თავად მეტყველებს ყველაფერზე. სირიის სამთავრობო ჯარები იერიშზე გადადიან. ზოგიერთ რეგიონში მათ ალყა შემოარტყეს მეამბოხეებს. ამ პირობებში კოზირის მიცემა მათთვის, ვინც გამუდმებით მოუწოდებს გარედან სამხედრო ჩარევისკენ, წარმოუდგენელი სისულელეა. ეს არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება, მით უფრო, გაეროს დამკვირვებელთა ჩამოსვლის დღეს.

ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მარტოდენ იმათი პროვოკაციაა, ვისაც სირიის კონფლიქტში სხვა ქვეყნების ჩათრევა სურს, ვისაც საერთაშორისო საქმიანობის მძლავრ მონაწილეთაგან, უპირველესად, რაღა თქმა უნდა, აშშ-საგან, მხარდაჭერის მიღება უნდა. ამაში ეჭვი არ მეპარება.

რაც შეეხება ჩვენი ამერიკელი კოლეგების, მეგობრების პოზიციას, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სამთავრობო ჯარებმა მასობრივი განადგურების, მოცემულ შემთხვევაში – ქიმიური იარაღი, გამოიყენეს, და ამბობენ, რომ ამის მტკიცებულება აქვთ, მაშინ წარმოუდგინონ ისინი გაეროს ინსპექტორებსა და უსაფრთხოების საბჭოს. განცხადებები, რომ ასეთი მტკიცებულებები მათ აქვთ, მაგრამ ისინი საიდუმლოა და ამის გამო ვერავის წარმოუდგენენ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

ეს, უბრალოდ, პარტნიორებისა და საერთაშორისო საქმიანობის წევრებისადმი უპატივცემულობის გამოხატულებაა. თუ მტკიცებულებები არსებობს, ისინი წარმოდგენილი უნდა იქნეს. თუ წარმოდგენილი არ არის, ესე იგი, ისინი არ არსებობს. განცხადებები, რომ ეს რაღაც მოლაპარაკების მორიგი ხელში ჩაგდებული ფაქტებია, რომლებიც არაფერს ამტკიცებს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ისეთ ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა ძალის გამოყენება სუვერენული სახელმწიფოს მიმართ.

კითხვა: ბოლო ხანს თქვენ ბევრი მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი გქონდათ დიდი ბრიტანეთის პრემიერთან, გფრ-ს  კანცლერთან, ირანის პრეზიდენტთან. გქონდათ თუ არა საუბარი სირიის თაობაზე ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან? და თუ გქონდათ, რაზე მოილაპარაკეთ? ხოლო თუ არ გქონდათ, ეგებ პირდაპირ ახლა გსურთ, რამე გადასცეთ?

ვ. პუტინი: მადლობას მოგახსენებთ საშუამავლო მომსახურებისთვის, ამ მომსახურების შეთავაზებისთვის.

მართლაც მქონდა საუბრები გფრ-ის კანცლერთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, თურქეთის პრემიერთან, ირანის პრეზიდენტთან. მე და აშშ-ის პრეზიდენტმა „დიდი რვიანის“ შეხვედრაზე ეს პრობლემა, ცხადია, განვიხილეთ. და სხვათა შორის, მაშინ შევთანხმდით იმაზე, რომ ერთობლივად შევუწყობთ ხელს ჟენევაში სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვას. ეს ე. წ. „ჟენევა 2“-ია...

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას - საყოველთაოდ ცნობილია. არც კი ვიცი, რა ვთქვა. იცით, უპირველესად, მივმართავდი მას არა როგორც ჩემს კოლეგას და აშშ-ის პრეზიდენტს, არამედ როგორც ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს. უნდა გავიხსენოთ, რა ხდებოდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რამდენჯერ იყო აშშ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის ინიციატორი. ამით თუნდაც ერთი პრობლემა გადაწყდა?

ავღანეთი უკვე ვახსენე, ერაყიც... იქ ხომ არავითარი სიმშვიდე და დემოკრატია არ არის, რისკენაც თითქოსდა ისწაფოდნენ ჩვენი პარტნიორები. არ არის ელემენტარული სამოქალაქო მშვიდობა და წონასწორობა. ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, სანამ სარაკეტო-დასაბომბ იერიშებს განახორციელებ, რომელსაც უთუოდ მოჰყვება მსხვერპლი, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაშიც.

თავად აშშ-შიც, მიაქციეთ ყურადღება ამერიკულ პრესას, პოლიტიკოსთა, ექსპერტთა გამოსვლებს, ისინი არაერთგვაროვან შეფასებას აძლევენ ამა თუ იმ სამხედრო აქციას. ანალიტიკოსების უმეტესობა ახლა იმის მომხრეა, რომ, მაგალითად, ერაყის მიმართ განხორციელებული აქცია შეცდომა იყო. თუ იქიდან გამოვალთ, რომ წარსულში შეცდომები იყო დაშვებული, ეს რატომ მიიჩნევა უშეცდომოდ?

კითხვა: ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, როგორ მიგაჩნიათ, რამდენად მაღალია ამერიკელების მიერ იერიშის მიტანის ალბათობა?  და რას მოიმოქმედებს რუსეთი, თუ ასეთი იერიში განხორციელდება?

ვ. პუტინი: საიდან უნდა ვიცოდე? ეს მათ ჰკითხეთ. შემიძლია გითხრათ, რატომ ხდება ეს და რატომ განიხილება. სირიის სამთავრობო ჯარები შეტევაზე გადადიან. ე. წ. მეამბოხეები რთულ მდგომარეობაში არიან. მათ არა აქვსთ ისეთი შეიარაღება, როგორიც სამთავრობო ჯარებს: არ აქვთ ავიაცია, სარაკეტო ტექნიკა, თანამედროვე სარაკეტო და საარტილერიო სისტემები.

რა უნდა მოიმოქმედოს იმან, ვინც ამ ე.წ. მეამბოხეთა სპონსორია და მათ, ვინც ამ სპონსორების უკან დგას? დაეხმარონ სამხედრო თვალსაზრისით? როგორ შეავსონ მათი შესაძლებლობების ეს ნაკლული ნიშა? თვითმფრინავებსა და რაკეტებს ვერ მიაწვდიან, რადგან შეუძლებელია ასწავლონ. გამოსავალი მხოლოდ ერთია - თავად მიიტანონ იერიში. თუ ეს მოხდება, ძალზე სამწუხარო იქნება.