რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „მოსკოვი–თბილისის ჩატეხილი ხიდის, ევრაზიული კავშირისა და პრემიერი ივანიშვილის შესახებ, რომელიც დროებით ქართველი სოროსი გახდება“

polit-1-otredსაქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან.

– ბატონო არნო, გაზეთ ასავალ–დასავალისთვის 2011 წლის 4 ივლისს და სააგენტო საქინფორმისთვის 2011 წლის 19 ივლისს მიცემულ ინტერვიუებში, აგრეთვე 2011 წლის 2 ნოემბერს, თქვენს პუბლიკაციაში „РИА НОВОСТИ“–ში „საქართველოს გზა ევრაზიულ კავშირში მიდის“, თქვენ ამბობთ: „საქართველოს გაერთიანება რუსეთთან ერთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში ევროკავშირის მაგალითით – ახალ შენგენის ზონაში, შიდა ვიზებისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე, ერთიანი ვალუტითა და საბაჟო წესებით – გამოიწვევს საქართველოს გაერთიანებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ფორმულით „საქართველო+რუსეთი = საქართველო+აფხაზეთი+სამხრეთ ოსეთი“.

ხოლო 2013 წლის 4 სექტემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრი მოულოდნელ განცხადებას აკეთებს: ევრაზიულ კავშირს რაც შეეხება, მე ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ. ამ ეტაპზე არანაირი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება  საინტერესო, რატომაც არა?!“ – უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტს პრესკონფერენციაზე გასულ ოთხშაბათს.

ბატონო არნო, თქვენ პირველი და მაშინ ერთადერთი იყავით საქართველოში, ვინც გაბედა ასეთი პოზიცია ჰქონოდა და დაეფიქსირებინა ის. ნუთუ 2 წლის შემდეგ თქვენმა ოცნებამ ახდენა დაიწყო?

- როგორც ხედავთ, მე თავგამოდებით ვუჭერდი მხარს საქართველოს ევრაზიულ კავშირში შესვლას ჯერ კიდევ 3 თვით ადრე ვლადიმერ პუტინის მიერ მის ოფიციალურ პრეზენტაციამდე - პუტინის სტატიაში „ახალი ინტეგრაციული პროექტი ევრაზიისთვის – მომავალი, რომელიც დღეს იბადება“ 2011 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „ივესტიაში“.

ეს - რეალური პროექტია, რომელსაც შეუძლია საქართველოს ეკონომიკურად აღორძინება და ქართველებს, რუსებს, აფხაზებს, ოსებს შორის სააკაშვილის მიერ აფეთქებული ხიდების აღდგენა. მართლმადიდებელ ხალხთა ერთიანობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის პრეზიდენტმა ვალერი ალექსეევმა „ადამიანი ბრიჯი“-ც კი მიწოდა (ინგლ. bridge – ხიდი), ჩემი გვარის წარმოშობაზე მინიშნებით.

ამიტომ პრემიერი ივანიშვილის პოზიცია ევრაზიულ კავშირში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღეებიდან პრაგმატიკოსი ივანიშვილი, როდესაც ეკითხებოდნენ – სად ხედავს საქართველოს მომავალს, შევა თუ არა ის ნატოში? – უცვლელად პასუხობდა: „ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც ჩვენთვის უკეთესი იქნება!“, მოუწოდებდა რა, პროცესებისთვის განვითარების პერსპექტივაში შეეხედათ.

დღეს ყველაზე მთავარია – რომ ხიდის ბურჯებში საიმედო, მაგარი ქვები ჩაიდოს...

– რას გულისხმობთ?

– ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე გაიმეორა, რომ დიდი სიფრთხილით უდგება ისეთ ფაქიზ თემას, როგორიცაა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, ამიტომ ამ პროცესისგან ქართველი წარმოშობის რუსი ბიზნესმენების დისტანცირებაც კი მოახდინა.

მეტსაც გეტყვით: ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ ვყოფილვართ იმის მოწმენი, როგორ ცდილობდნენ პოლიტიკასა და დიპლომატიაში უნარ–ჩვევების არმქონე ან საეჭვო ბექგრაუნდის მქონე ადამიანები რუსეთ–საქართველოს ხიდის აგებას თავისი მოუხერხებელი, ზოგჯერ კი ბინძური ხელებით. მათი მოუქნელი, უხეში ქმედებების შედეგად ფიასკოს განიცდიდა არა მარტო „კეთილი ზრახვები“, არამედ საფუძველშივე დისკრედიტებული იყო თავად იდეა მოძმე რუს ხალხთან, დიდ ჩრდილოელ მეზობელთან ყოფილი მეგობრობის აღდგენისა.

მეც, როგორც ივანიშვილი, ვშიშობ, რომ დღესაც შეიძლება ასე მოხდეს, თუ ამ ახლახან დასახულ პროცესში საქართველო ღირსეულად არ იქნება წარმოდგენილი! ეს კი უკვე შეინიშნება ზედაპირზე ამოტივტივებული ზოგიერთი პერსონის მიხედვით, რომლებსაც აშკარად უწმინდურობის სუნი ასდით...

ამისი ნათელი მაგალითია ვიდეოხიდი მოსკოვი–თბილისი „ევრაზიული არჩევანი–2013“, რომელიც „РИА Новости“-ს თბილისის პრესცენტრმა გასულ პარასკევს, 2013 წლის 6 სექტემბერს გამართა.

РИА Новости“-ს თბილისის პრესცენტრი ტრადიციულად უთმობს ტრიბუნას პირებს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს დიალოგის ნებისმიერი მცდელობის კომპრომეტაციას ახდენენ, თანაც ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. ამჯერად მოსკოვშიც „გამოიჩინეს თავი“ - სტუდიაში მოათრიეს სავალალოდ ცნობილი მაქსიმ შევჩენკო, რფ–ის პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი გლაზიევი და სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე მიხაილ კროტოვი კი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს...

- გასაოცარია, ყველაფერი ხომ პირიქით უნდა იყოს? ეს ხომ – რუსეთის მოედანია?! მაშინ ვის მიზნებში შედის ეს, ვის დავალებას ასრულებენ?

- „РИА Новости“-ს თბილისის პრესცენტრის დესტრუქციული საქმიანობა ახალი ამბავი არ არის, ამაზე მე არაერთხელ მივუთითე, მაგრამ უშედეგოდ. რამდენიმე წლის წინ ეს პრესცენტრი საბოლოოდ გადაიქცა მოედნად მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას და ვანო მერაბიშვილის იდეოლოგებისა და მეპიარეებისთვის – მათი შტატიანი ექსპერტებით, სახელმწიფო მოხელეებით და სპეცსამსახურების თანამშრომლებით, ოლეგ პანფილოვის ტიპის დაქირავებულებით, ბლოგერებით და „ПИК“–ის თანამშრომლებით.

РИА Новости“-ს თბილისის პრესცენტრის დესტრუქციული საქმიანობა იმ მავნებლრბის ინტერესებში შედის, ვინც არ არის დაინტერესებული თბილისსა და მოსკოვს შორის ხიდის აღდგენაში. ასეთები თბილისშიც არიან და მოსკოვშიც. თბილისში ისინი ყველასთვის კარგად არიან ცნობილი, ხოლო მოსკოვში მათი წყალობით კრემლის ხელმძღვანელობას ხშირად არა აქვს, ზოგჯერ კი მცდარი ინფორმაცია გააჩნია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

- რამდენადაც ვიცი, იმ ვიდეოხიდს შელაპარაკებისა და ურთიერთბრალდებების გარეშე არ ჩაუვლია...

- სწორედ ეს იყო თბილისიდან მის მომწყობთა გეგმა!  „РИА Новости“-ს თბილისის პრესცენტრში ამჯერადაც ისე ეშმაკურად შეარჩიეს მონაწილეები, რომ ხიდი ჩაეტეხათ – საბოლოო ჯამში ეჩვენებინათ მოსკოვისთვის, რომ საქართველო, პრემიერ ივანიშვილის მტკიცების მიუხედავად, რუსეთთან ძველი ურთიერთობის აღდგენისთვის მზად არ არის - არ სურს! თანაც ეს ვერაგულად გააკეთეს -  ბოლო მომენტში მონაწილეები შეცვალეს, მოსკოვში კი კიდევ ერთხელ წამოეგნენ პროვოკაციას, რადგან მიწვეულ მონაწილეებზე სათანადო ინფორმაცია  არ ჰქონდათ. თუნდაც ის რად ღირს, რომ ვიდეოხიდში, რომელსაც იდეაში მხარეთა კონსოლიდაციაზე უნდა ემუშავა, მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს ყველასათვის უცნობი რასკოლნიკი – „საქართველოში სტაროვერების მიტროპოლიტი, მეუფე ანტიპი“?!

ამიტომ ხიდის ბურჯებში მხოლოდ საიმედო, მაგარი ქვები უნდა ჩაიდოს – რუსულ-ქართული ურთიერთობის აღდგენის საქმით დაკავებული უნდა იყვნენ პროფესიონალები მაღალი ინტელექტითა და მყარი იდეოლოგიური შეხედულებებით,  არაკორუმპირებულები, უმწიკვლო წარსულით და პირადი თვისებებით, რომლებიც ცნობილები არიან და მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ საქართველოსა და რუსეთში, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, თორემ ხიდი მშენებლობის დაწყებამდე ჩაინგრევა…

– აი ახლა აბსოლუტურად გასაგებია, განვაგრძოთ. ბატონო არნო, ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ახსენეთ, ახლა კი დღის მთავარი თემა – პოლიტიკიდან მისი წასვლაა, რამაც საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ეს გასაგებიცაა...

– ჩემთვის ეს ვნებათაღელვა გაუგებარია. მოულოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის მოსვლა პოლიტიკაში, წასვლაზე კი ის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის პირველივე დღეებიდან გვაფრთხილებდა.

– თქვენ ბევრს წერდით ივანიშვილის ფენომენზე. გთხოვთ მიპასუხოთ – რით ხსნით პრემიერის ნებაყოფლობით გადადგომას ერთი წლის შემდეგ?

– ამას მხოლოდ ივანიშვილის პრაგმატიზმით ვხსნი.

– ამბობენ, ის იმიტომ მიდის, რომ აშშ–ის მხრიდან ზეწოლით დაიღალა, რომელიც, მართალია, ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა, მაგრამ მერე მკაცრ ჩარჩოებში ჩასვა, „ნაციონალებთან“ კოჰაბიტაცია აიძულა და ამით ხელ–ფეხი შეუკრა.

ხალხი ხომ, უპირველეს ყოვლისა, ორი რამით არის უკმაყოფილო: პირველი – არაპოპულარული პარტიებით, რომლებიც ივანიშვილმა დააფინანსა და საკუთარი პირადი რეიტინგით მოათრია პარლამენტში; და მეორე – სახელმწიფოში სამართლიანობის აღდგენის შერჩევითი პროცესით, რომელმაც ბუქსაობა დაიწყო...

– მე არ მიმაჩნია, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლას ამერიკელებს უნდა უმადლოდეს, ანდა აშშ–ის ელჩ ნორლანდის წინაშე პირად ვალშია - იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი შარშან უბან–უბან დაქროდა და საპარლამენტო არჩევნების ძლიერ გაყალბების საშუალება არ მისცა.

ასევე არ მიმაჩნია, რომ ივანიშვილი აშშ–ის ზეწოლისგან დაიღალა. პირიქით, ჩემი აზრით, ივანიშვილმა თვითონ გამოიყენა ამერიკელების მხარდაჭერა იმისათვის, რომ 2 თავისი მთავარი ამოცანა განეხორციელებინა: სააკაშვილი ისტორიის სანაგვეზე გადაეგდო და მისი პარტიის ფინანსური ნაკადები დაებლოკა - „ნაციონალებისგან“ მისთვის სანდო მიმართულებით გაეშვა. მან ორივე თავისი ამოცანა შეასრულა.

– აბა რატომ მიდის? მის გარეშე ხომ კოალიცია „ქართული ოცნება“ შესაძლოა ბევრად უფრო სწრაფად დაიშალოს?!

– ის შორს არ მიდის, მას ყურადღებით არ უსმენენ და მიამიტად მიაჩნიათ. პრემიერი ივანიშვილი დროებით ქართველ სოროსად გადაიქცევა და ხელში ჩაიგდებს მძლავრ იარაღს, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა – საქართველოს არასამთავრობო სექტორს! გახსოვთ, ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ პირველსავე გამოსვლებში განაცხადა, რომ იმ თანხების დიდ ნაწილს, რომლებსაც ჯორჯ სოროსს მიაწერდნენ, სინამდვილეში საქართველოში ის, ბიძინა ივანიშვილი, ხარჯავდა?!

მაგრამ თუ ადრე ის თავის ფულს ხარჯავდა, როგორც ფილანტროპი, ანუ ქველმოქმედებაზე, საზოგადოებრივ სექტორში გადასვლის შემდეგ ის უსპონსორებს ასობით არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლებიც სხვადასხვა დასავლური ინსტიტუტების და ფონდის, მათ შორის - სოროსის ფონდის მიერ სპონსორდება! ივანიშვილი მათ გააკონტროლებს, როგორც აკონტროლებს 4 პარტიას, რომლებიც დააფინანსა და „ქართულ ოცნებაში“ შეიყვანა.

– ესე იგი, ბატონი ბიძინა შეძლებს საქართველოში არასამთავრობო სექტორი ქართველი ხალხის სამსახურში ჩააყენოს?

– და აგრეთვე საკუთარ, ახალ არასამთავრობო ორგანიზაციებს შექმნის. პრესკონფერენციაზე მან სამართლიანად გააკრიტიკა ჟურნალისტი, რომელმაც ინტერვიუში მას შეკითხვა დაუსვა – რას უზამს თავის მილიარდებს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ? – მაგრამ ივანიშვილის პასუხი არ გამოაქვეყნა, ამჯობინა ცრუ ინსინუაციებით შემოფარგლულიყო. არადა, ივანიშვილმა მკაფიოდ უპასუხა, რომ განზრახული აქვს, თავისი ქონების დიდი ნაწილი საქართველოს მოახმაროს.

– და რას ნიშნავს მისი სიტყვები, რომ ის შეიძლება დაბრუნდეს?

– თუ შენიშნეთ, ძვირფასო კოლეგა, ყოველ თქვენს შეკითხვაზე პასუხისას მე მოგიწოდებთ თქვენ და ქართველ საზოგადოებას, ყურადღებით დააკვირდეთ ივანიშვილის სიტყვებს და ისინი პირდაპირ გაიგოთ, და არ ეძებოთ მათში რაღაც დაფარული ქვეტექსტები. თუ მან პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ თქვა, ეს ისე უნდა აღვიქვათ, როგორც არის – რომ ის, შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნდეს! მის ამ სიტყვებს ისევე სერიოზულად უნდა მივუდგეთ, როგორც წინანდელს, როდესაც მან პოლიტიკაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ ერთ–ორ წელიწადში წავა. ოღონდ პოლიტიკაში დაბრუნება მას ქართველმა ხალხმა უნდა სთხოვოს.

– განმარტეთ, თუ შეიძლება...

– საქმე ის არის, რომ დღეს, ახლო აღმოსავლეთის კრიზისის პირობებში, ახალი ომის (ან ომების) წარმოშობის შემთხვევაში, ივანიშვილი შესაძლოა რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან საქართველო ლოგისტიკურ სატრანზიტო ტერიტორიად  ოფიციალურ (ხელმოწერილი თანამშრომლობის ქარტიის საფუძველზე)  სტრატეგიულ მოკავშირე №1–ს (აშშ–ს) შეიძლება დასჭირდეს.

მეორე. ივანიშვილი პრაგმატიკოსია, და არა ავანტიურისტი სააკაშვილი, ამიტომ პროვოკაციების მოწყობას, ამერიკის და რუსეთის წინააღმდეგობების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას არ დაიწყებს. მითუმეტეს, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ორივე მეზობელი კავკასიაში – აზერბაიჯანი და სომხეთი – ოფიციალურად გახდნენ რუსეთის სტრატეგიული პარტნიორები და მასთან სხვადასხვა შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.

და მესამე: შექმნილ სიტუაციაში ივანიშვილი სახელმწიფოს შიგნით ვერ შეძლებს იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე გააკეთა, ხოლო ბრბოს გასართობად ციხეში სააკაშვილის და „ნაციონალების“ წათრევა (იმათიც კი, ვინც ეს ნამდვილად დაიმსახურა) ივანიშვილს, თავისი მენტალიტეტიდან გამომდინარე, არ შეუძლია (თუმცა მის ადგილას სააკაშვილი წუთსაც არ დააყოვნებდა!).

ამიტომ, თუ მოვლენების განვითარება (ისევ შეგახსენებთ ივანიშვილის ზემოთ მოყვანილ სიტყვებს – პროცესებს განვითარების პერსპექტივაში შევხედოთ) აქტიურ პოლიტიკაში მის ოფიციალურად დაბრუნებას მოითხოვს და თუ ამას ქართველი ხალხი სთხოვს, ის სახდეპის სანქციის გარეშე დაბრუნდება და ამიტომ მას მეორედ მოსვლისას ბევრად მეტი უფლებამოსილებით „კარტ–ბლანში“ ექნება.

– ვინ იქნება საქართველოს პრემიერ–მინისტრი ივანიშვილის „არყოფნის“ პერიოდში?

– ორი თვის წინ ჩემს ინტერვიუში მე ვთქვი, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ამჟამინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება. დღესაც ამ აზრზე ვრჩები.

ესაუბრა მაია ჯავახიშვილი