პუბლიკაციები
რადიოსადგური “РСН”: 73,6%–ს მიაჩნია, რომ 1993 წელს რუსეთი შეცდა, როდესაც მხარი საქართველოს კი არა, აფხაზეთში ჩეჩნურ სეპარატიზმს დაუჭირა

aqt-3-anal-radiostanciaსაქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, 2013 წლის 12 სექტემბერს, შუადღისას, რადიოსადგურРСН–ის – „ახალი ამბების რუსული სამსახურის“ (Российская Служба Новостей) – რუსეთის უმსხვილესი რადიოსადგურის, რომელსაც დამსახურებულად მიიჩნევენ პროკრემლურად, ანუ თავის სარედაქციო პოლიტიკაში პროსამთავრობო, პრორუსული კურსის გამტარებლად და რფ–ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერად – სტუმარი იყო ცნობილი ებრაელი პუბლიცისტი ავიგდორ ესკინი.

მას შემდეგ, რაც განიხილეს დღეს მსოფლიოში აქტუალური საკითხები, რომლებიც სამკუთხედს „სირია–რუსეთი–აშშ“ ეხება, და მასში რუსეთის ფედერაციის დომინანტი როლი, სიტყვა ჩამოვარდა 1993 წლის აფხაზეთის ომის მოვლენებზე. ავიგდორ ესკინმა აზრი გამოთქვა, რომ მაშინ რუსეთს და მის პრეზიდენტ ბორის ელცინს, აფხაზი ხალხის უფლებების დაცვის გათვალისწინებით, საქართველოსთვის უნდა დაეჭირა მხარი, და არა შამილ ბასაევისა და ჩეჩნური სეპარატიზმისთვის აფხაზეთში, რამაც შემდგომში ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩნეთის ორი ომი გამოიწვია.

რადიოსადგურ РСН–ის რადიომსმენელებს შესთავაზეს, ამის თაობაზე თავისი აზრი გამოეთქვათ რადიოწამყვანის მიერ დასახელებულ ტელეფონის ნომრებზე სტუდიაში დარეკვით ან მითითებულ ინტერნეტ–მისამართზე შესვლით.

გამოკითხვის შედეგები საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა:

ხმის მიმცემი რადიომსმენელების 73,6%–ს მიაჩნია, რომ 1993 წელს რუსეთი და მისი მაშინდელი პრეზიდენტი ბ. ელცინი შეცდნენ, როდესაც მხარი საქართველოს კი არა, აფხაზეთში ჩეჩნურ სეპარატიზმს დაუჭირეს.

26,4% ამას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ 1993 წელს რუსეთს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

საქინფორმის მკითხველს ვთავაზობთ გადავიდნენ ბმულზე

http://rusnovosti.ru/popupplayer?type=release&id=281559¶m1=106844

რათა თვითონ მოისმინონ ამ რადიოგადაცემის ფრაგმენტი და გამოკითხვის შედეგებს გაეცნონ (დაახლოებით მე–14–დან 27–ე წუთამდე).