პუბლიკაციები
პრემიერი ივანიშვილი: „სააკაშვილმა თავად მოახდინა რუსეთის პროვოცირება. განა საქართველოს შეუძლია რუსეთის არმიის შეჩერება?“

aqt-2-telegraphსაქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბოლომდე წაეკიდა რუსეთს, საქართველო იყო. მარტო სააკაშვილმა შეძლო ამის გაკეთება და ურთიერთობის „ცივი ომის“ მდგომარეობამდე მიყვანა, - ამის შესახებ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „რუსეთმა გააკეთა ის, არც გააკეთა“, მაგრამ ყველა მოქალაქემ ჯერ საკუთარ თავსა და თავის ხელისუფლებას უნდა მოჰკითხოს პასუხი. „სააკაშვილი რომ გონივრულად მოქცეულიყო, სისულელეები არ ჩაედინა, რუსეთი საქართველოში ჯარებს არ შემოიყვანდა“, - აღნიშნა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, – ვინ მეტად დამნაშავეა ომის დაწყებაში - პუტინი თუ სააკაშვილი? –  პრემიერმა მიუგო:

„რა თქმა უნდა, რუსეთი დამნაშავეა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა, რუსეთს აქ ჯარების შემოყვანის უფლება არ ჰქონდა. ამას არავითარი გამართლება არა აქვს. თუმცა, საკუთარი ქვეყანა გონივრულად, დიპლომატიურად და არა ემოციებით უნდა მართო. სააკაშვილმა ძალიან უხეში შეცდომები დაუშვა, თავად მოახდინა რუსეთის პროვოცირება. განა საქართველოს შეუძლია რუსეთის არმიის შეჩერება?“

რაც შეეხება უახლოეს წლებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაჭრას, პრემიერის განცხადებით, მათი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება რთული იქნება.

„კორექტული, დიპლომატიური მოქმედებებით ჩვენ უკვე შევძელით რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და მკვდარი წერტილიდან დაძვრა. რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რუსეთმა თავად უნდა გააცნობიეროს, რომ არასწორად მოიქცა. რაში სჭირდება რუსეთს ეს ტერიტორიები, ისედაც საკმარისი პრობლემები აქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. კავკასია კი რთული რეგიონია. თუმცა, პრობლემა მხოლოდ რუსეთში როდია. თავად ოსებმა და აფხაზებმა უნდა მოისურვონ ჩვენთან ცხოვრება. საქრთველოდან თავად ქართველები გარბოდნენ და რატომ დაბრუნდებოდნენ აქ ოსები და აფხაზები?“,- აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ დასაწყისისთვის ეკონომიკის აღორძინება, რეალური დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა, ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობების მოწესრიგებაა საჭირო.

„საქართველო საინტერესო ქვეყანა უნდა გახდეს, ისეთი, როგორიც იყო, მაგალითად, საბჭოთა პერიოდში. ამის დამნახველი ოსებიცა და აფხაზებიც თავად მოისურვებენ ჩვენთან ერთდ ცხოვრებას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.