უცხოეთი
პუტინი: „მთავარია, იქ ეწერა, რომ სსრკ-შია დამზადებული! მოხერხდება თუ არა ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა, 100%-ით ვერ ვიტყვი...“

1-ucx-1-putსაქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. მოხერხდება თუ არა ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა, 100 %-ით ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველაფერი, რაც ამ ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ, გვიმტკიცებს რწმენას, რომ ეს გაკეთდება, - განაცხადა გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა სადისკუსიო კლუბ „ვალდაიში“ გამოსვლისას, რომელიც რუსეთში 2004 წლიდან იმართება. მის მუშაობაში მონაწილეობენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, პოლიტოლოგები და მეცნიერები.

„დღემდე ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს სირია დათანხმდა ჩვენს წინადადებას და მზადაა იმ გეგმის შესაბამისად იმოქმედოს, რომელსაც გაეროს მოედანზე საერთაშორისო თანამეგობრობა შეიმუშავებს“, - განაგრძო რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სირია მზადაა ქიმიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო კონვენციას მიუერთდეს. „და არა მარტო მზად არის, არამედ თავს მიერთებულად მიიჩნევს“, - დასძინა მან.

ამასთან, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საუბრისას მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს პროვოკაცია იყო. „ყველა საფუძველი გვაქვს ვვარაუდოთ, რომ ეს პროვოკაციაა. მარჯვე, ჭკვიანური და ამავე დროს, შესრულების ტექნიკის თვალსაზრისით, პრიმიტიული: აიღეს საბჭოთა წარმოების უძველესი ჭურვი, რომელიც სირიის არმიის შეიარაღებაში დიდი ხანია აღარ არსებობს. მთავარია, იქ ეწერა, რომ სსრკ-შია დამზადებული!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სირიაში აშშ-ის მიერ ძალის გამოყენების თაობაზე შეკითხვის პასუხად ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ეს თემა აშშ-ის კონგრესში კი არა, გაეროს უსაფრთხოების საბჭოში უნდა განიხილებოდეს. სწორედ ამ პრობლემამ - სირიის მიმართ ძალის გამოყენებამ, პრეზიდენტის თქმით, უბიძგა აზრისკენ, რომ სტატია დაეწერა გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსისთვის“. „ვნახე, რომ პრეზიდენტმა ობამამ დისკუსია სირიაზე იერიშის სავარაუდო განხორციელების შესახებ კონგრესსა და სენატში გადაიტანა და ისე, მსუბუქად, თვალი მივადევნე, როგორ მიმდინარეობდა ეს დისკუსია. მომინდა ხმა მიმეწვდინა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ამ პრობლემის გარშემო თავისი აზრის ჩამოყალიბება მოუწევთ. ჩემი საკუთარი პოზიციის გასაზიარებლად, განმემარტა ის, რადგან მასმედიაში ძალიან ხშირად ესა თუ ის პრობლემა ცალმხრივად  მიეწოდება, ანდა იჩქმალება“, - განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა.