პუბლიკაციები
მიხეილ სააკაშვილი: „გული მერევა, როდესაც „კაგებე“-ს ოფიცერი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს უკითხავს ლექციას თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და დემოკრატიაზე! რამდენიმე წელიწადში პუტინი წავა კრემლიდან და გაქრება რუსული პოლიტიკიდან“

an-misha-gaeroსაქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 68- სესიაზე ნიუ-იორკში, 2013 წლის 26 სექტემბერს (სრული ტექსტი).
ბატონო პრეზიდენტო,
თქვენო აღმატებულებავ,
პატივცემულო დელეგატებო,
ჩემთვის დიდი პატივია ამ ტრიბუნიდან კვლავ წარმოვადგენდე ჩემს საყვარელ ქვეყანას.
გასული ათწლეულის განმავლობაში, როდესაც პატივი მქონდა მომემართა ამ დარბაზისთვის, საქართველო არშემდგარი ქვეყნიდან საბაზრო ეკონომიკის მქონე დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა.

ჩვენ განვიცადეთ აღმასვლაც და ვარდნაც, გვქონდა გარღვევებიც და შეცდომებიც, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიო ხედავდა ქართველი ხალხის მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისკენ.

დღეს მე თქვენ წინაშე ვდგავარ და გთხოვთ, კიდევ ერთხელ მოისმინოთ იმ ხალხის ხმა, რომლის თავისუფლების სიყვარულიც ყველანაირ პოლიტიკურ, სოციალურ თუ რელიგიურ სხვაობებზე მაღლა დგას.

ხმა, რომელიც - ჩვენს წინაშე კვლავაც არსებული ყველა პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად - სავსეა იმედით.

ვუცქერ რა დღევანდელ მსოფლიოს, ნამდვილად ვფიქრობ, რომ იმედის ხმა ნამდვილად საჭიროა.

1990-იანი წლების დასაწყისის ოპტიმიზმი, როდესაც ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობების გავრცელება ბუნებრივად გვეჩვენებოდა, როცა ითქვა, რომ ეს „ისტორიის დასასრული“ იყო, როცა გაერო უნდა გამხდარიყო საბოლოოდ დამშვიდებული მსოფლიოს გული და სული, პესიმიზმისა და ცინიზმის ტალღამ სწორედ ეს ოპტიმიზმი წალეკა.

მაშინ ნიუ იორკში ვსწავლობდი და საშუალება მქონდა სტაჟირება გამევლო გაეროში, რომელიც ოპოტიმიზმით იყო სავსე.

მსოფლიოში მშვიდობამ არ დაისადგურა. გაერო კი არ გახდა გაერთიანებული ერების გული და სული.

ერთ დროს ტრიუმფატორი დასავლური ცივილიზაცია დღეს ცდილობს გაუმკლავდეს ღრმა ეკონომიურ, სოციალურ და მენტალურ კრიზისს.

აღმოსავლეთ ევროპაში, ე.წ. ფერად რევოლუციებს მათ მიერვე რამდენიმე წლის წინათ დამარცხებული ძალები უტევენ.

ახლო აღმოსავლეთში, ქაიროსა და ტუნისში მოზეიმე ხალხის სურათი დამასკოში ქიმიური იარაღით მოწამლული ბავშვების საშინელმა სურათმა ჩაანაცვლა.

იმედგაცრუებისთვის ბევრი მიზეზია, მაგრამ რამდენად გამართლებულია 90 იანი წლების დოგმატური ოპტიმიზმის ასეთივე დოგმატური პესიმიზმით ჩანაცვლება და ყოველგვარი იმედის გაცრუება?

განა იმ ფაქტის გაცნობიერებამ, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების გავრცელება ტიტანურ ბრძოლას მოითხოვს უნდა გვაიძულოს ჩვენი რწმენის და პრინციპების უარყოფა?

მე დღეს აქ მოვედი რათა გაგიზიაროთ ჩემი ხალხის იმედები და ხმა ავიმაღლო ამ პესიმიზმისა და უიმედობის წინააღმდეგ.

მე მოვედი რათა მივმართო მათ, ვისაც ეეჭვება, ყოყმანობს და აქვს ცდუნება დანებდეს.

თუკი დასავლეთი „მოძველდა“, მაშინ რატომ აფასებს ამდენად ნატოში შესვლის თარიღს მილიონობით პოლონელი, ჩეხი, ესტონელი, რუმინელი თუ სხვა ერი? და რატომ აკაკუნებს მილიონობით ქართველი, უკრაინელი, მოლდოველი თუ სხვა ევროპის კავშირის კარზე?

თუკი თავისუფლება მოდაში აღარაა, მაშინ როგორ ავხსნათ ის, რომ ტუნისში ერთი ადამიანის თვითმკვლელობამ შეცვალა მსოფლიოს რუკა?

არა, ისტორია არ დასრულებულა 1989 თუ 1991 წლებში და ის არასდროს დასრულდება.

თავისუფლება კვლავაც წარმოადგენს მის მამოძრავებელ ძალას და ჰორიზონტს.

ყველგან, სადაც ადამიანებს სურთ თავისუფლების პირობებში ცხოვრება მათ უპირისპირდებიან ტირანიის ძალები.

საკითხავი ისაა - რას ვაპირებთ?  იმას, რომ ვიყოთ დაპირისპირების მონაწილენი თუ მაყურებლის სტატუსით შემოვიფარგლოთ?

პატივცემულო დელეგატებო,

ბატონებო და ქალბატონებო,

ახლა, როცა მე აქ, თქვენს წინაშე ვსაუბრობ, აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან გახდნენ ევროპული ოჯახის, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრები, განიცდიან მუდმივ ზეწოლასა და მუქარას.

სომხეთი კუთხეში მოიმწყვდიეს და აიძულეს საბაჟო კავშირში გაწევრიანება, რაც არ შედის არც მის და არც ჩვენი რეგიონის ინტერესებში. მოლდოვას ბლოკადა გამოუცხადეს, უკრაინას თავს ესხმიან, აზერბაიჯანი განსაკუთრებული ზეწოლის პირისპირა არის დარჩენილი, საქართველო კი - ოკუპირებული...

რატომ? იმიტომ, რომ ძველი იმპერია ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული საზღვრები. თუმცა სიტყვა „საზღვარი“ აქ უადგილოა, რადგან რუსეთის იმპერიას, საბჭოთა კავშირს, რუსეთის ფედერაციას თუ ევრაზიის კავშირს არასდროს ჰქონიათ საზღვრები - მათ მხოლოდ განაპირა მხარეები, ზღვარი ჰქონდათ.

მე დღეს სწორედ ამ „განაპირა მხარეთა“ სახელით ვსაუბრობ.

სახელმწიფოების უმეტესობისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაცია არ არის  დაინტერესებული გარშემო სტაბილური სახელმწიფოების არსებობით.

მუდმივი ქაოსი და არეულობა მეზობელ ქვეყნებში - ეს არის ის, რასაც ესწრაფვის კრემლი.

ის ფუნდამენტურად უარყოფს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ძლიერი მთავრობების იდეას, ისეთებისაც კი, რომლებიც მისი ინტერესების მიმართ მეგობრულად იქნება განწყობილი.

მე არასდროს ვყოფილვარ, როგორც ფრანგები ამბობენ, “La langue de bois”-ს ფანი (ოფიციოზური ენით), მაგრამ დღეს, როდესაც ჩემი მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება, უფრო მეტად მსურს ვთქვა ყველაფერი რასაც ვფიქრობ.

მოდით ვიყოთ სრულიად გახსნილი და დავაკონკრეტოთ არსებული სიტუაცია.

როგორ ფიქრობთ, მაგალითად, სურს თუ არა ვლადიმერ პუტინს ის, რომ სომხეთმა ბოლომდე გაიმარჯვოს აზერბაიჯანზე? არა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ სომხეთი ზედმეტად ძლიერი და ზედმეტად დამოუკიდებელი იქნება.

ფიქრობთ თუ არა, რომ საწინააღმდეგოა რეალობა, ანუ მოსკოვს სურს ბაქოს გამ