რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ძალა – ერთობაშია: ფანჯიკიძე სააკაშვილს ნიუ–იორკში ტაშს უკრავს, აბაშიძეს კი მოსკოვში ჩასვლის ეშინია...“

pol-2-red-sila-mtსაქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. გასულმა კვირამ დაადასტურა, რომ სიტყვები „ძალა – ერთობაშია“ საქართველოს სახელმწიფო გერბზე – ფორმალობა არ არის. კოჰაბიტაცია მთავრდება და საპარლამენტო უმრავლესობის, პრემიერ ივანიშვილის მთავრობის და მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ თანაცხოვრება საპარლამენტო უმცირესობასთან, სახელისუფლო სტრუქტურებთან, რომლებიც უწინდებურად სააკაშვილის მიერ არის დაკომპლექტებული, და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მდოვრედ გადადის თანამშრომლობაში.

მოვიყვან მხოლოდ რამდენიმე მაგალითს, რომლებიც ზემოთქმულს ადასტურებს:

1. ჯერ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გაეროში თავისი უკანასკნელი გამოსვლის წინ, თავის მოხსენებას გენასამბლეის 68–ე სესიაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს და გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელ კახა იმნაძეს უთანხმებს – მათ მოხსენების ტექსტს გადასცემს გაცნობის, შეფასებისა და შესწორებისთვის.

2. საქართველოს მთავარი დიპლომატი მაია ფანჯიკიძე და საქართველოს წარმომადგენელი ორგანიზაციაში, რომელიც მშვიდობას მთელ მსოფლიოში იცავს – კახა იმნაძე, იწონებენ საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებას მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, რომელიც გაქანებულ ანტირუსულ, რუსოფობიურ, ანტიმართლმადიდებლურ ხასიათს ატარებს, მთლიანად აგებულია დემაგოგიასა და სიცრუეზე, რომელშიც მომხსენებელი სხვადასხვა ინსინუაციების დახმარებით ამტკიცებს, რომ რუსეთი – ბოროტების იმპერია დიქტატორის – „კაგებეშნიკი“ პუტინის ხელმძღვანელობით საფრთხეს წარმოადგენს მთელი კაცობრიობისთვის, მაგრამ მალე თვითონ დაინგრევა.

3. 26 სექტემბერს, დიპლომატიის „ტიგრიცა“ მაია ფანჯიკიძე – სხდომათა დარბაზიდან, ხოლო PR–მაგისტრი მიხეილ სააკაშვილი – გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მოწონებით უყურებენ ერთმანეთს და ერთდროულად იწმენდენ ცხვირებს – გაუთვითცნობიერებლებისთვის იდუმალი ეს ჟესტი ნიშნავს „ჭკუა ვასწავლოთ ყველა ამ რუსს და პუტინს!“.

4. მაია ფანჯიკიძე, კახა იმნაძე და მთელი ქართული დელეგაცია დემონსტრაციულად მხურვალედ უკრავს ტაშს სააკაშვილს გაეროში მისი გამოსვლის დასრულების შემდეგ, რომელმაც რუსეთის დელეგაცია აიძულა, გენასამბლეის დარბაზი დაეტოვებინა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის ნათქვამის მხარდაჭერა პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციებს, რომელიც თავშეკავების და მოთმინებისკენ მოუწოდებს, მითუმეტეს  – 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ.

5. სააკაშვილის მოხსენებას გენასამბლეაზე ნიუ–იორკში მხურვალედ იწონებენ თბილისშიც – პოზიცია და ოპოზიცია, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა, მინისტრები (ყველაზე მეტად – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი) და ექსპერტები ერთსულოვნად გამოუხატავენ მას თავის „ვიწონებთ!“. მათ შორის – თინა ხიდაშელი, რომელიც ამასთან, მორცხვად თვალებდახრილი, ხმადაბლა სთხოვს „მამაც“ სააკაშვილს, გამონათქვამებში უფრო ფრთხილი იყოს...

pol-2-red-sila-Sua

ხოლო სააკაშვილის „ეპოქალური“ გამოსვლიდან მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ეშინია სწორედ ამ რუსეთში ჩასვლა, რათა „ნაციონალების“ უკმაყოფილება არ გამოიწვიოს! 27 სექტემბერს ქართველმა პარლამენტარებმა ზურაბ აბაშიძე „ხალიჩაზე“ გამოიწვიეს, რათა მას პასუხი გაეცა „პატიოსანი ხალხისთვის“ (მათი სახით) და დაწვრილებით ჩაებარებინა ანგარიში – რაზე აწარმოებენ მოლაპარაკებას ის და კარასინი?! პარლამენტარები თითქოს დააკმაყოფილა პათოსმა, რომლითაც ქართველი სპეცწარმომადგენელი პრაღაში 19 სექტემბერს თავის ღრმა აღშფოთებებს და პროტესტს გამოთქვამდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, და ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა... ერთი ჩიორა!

ჩიორა თაქთაქიშვილი: „ბატონო ზურაბ, 5 ივნისს გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ 11 ივნისს მართლა კვიპროსზე გაემგზავრეთ და დაბადების დღე ლიმასოლში, ევგენი პრიმაკოვის აგარაკზე აღნიშნეთ?! საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ იცოდნენ – მათი სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, რომელიც დევნილების დაბრუნებით და მავთულხლართების ლიკვიდაციით უნდა იყოს დაკავებული, ისვენებს თუ არა რუსი მაღალჩინოსნების აგარაკებზე და სარგებლობს თუ არა რუსეთისგან დიდი პრივილეგიებით?“ – ეკითხებოდა ახალგაზრდა პარლამენტარი ნაცუმცირესობიდან რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე.

„11-ში არა, მაგრამ მოგვიანებით ლიმასოლში მართლაც გახლდით. ჩემს ბავშვობის მეგობარს – ძალიან ცნობილ კარდიოლოგს დავით იოსელიანს აქვს იქ ბინა. დაგვპატიჟა მეუღლესთან ერთად და ეს ამბავი ვიზეიმეთ. ნამდვილად, იქვე ახლოს ბინა აქვს პრიმაკოვს. მე მას კარგად ვიცნობ, მაქვს დიდი ხნის ურთიერთობა და კარგად ვიცნობ არა მხოლოდ ბატონ პრიმაკოვს, არამედ უამრავ ხალხს მოსკოვში. ბევრთან მიწევდა შეხვედრა, როცა ელჩად ვმუშაობდი. სხვა მაღალჩინოსნები იქ არ ესწრებოდნენ... დავით იოსელიანს ხვალ 70 წელი უსრულდება, პურმარილი აქვს მოსკოვში. 50 წელია, ამ კაცს ვიცნობ, გადაყოლილია ჩემზე, არის ჩემი მკურნალი ექიმი. მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი კითხვა არ დამისვან არც აქ, არც სხვა ადგილას, ერთი დღითაც კი ვერ მივდივარ მოსკოვში!“, - იძულებით იმართლებდა თავს რუსეთში და ნატოში საქართველოს ექს–ელჩი ნაციონალის წინაშე, რომელმაც შრომის წიგნაკი პარლამენტში გახსნა...

და იმავე დღეს, 27 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, 1992–1993 წლების აფხაზეთის ომისადმი მიძღვნილ თავის ქადაგებაში სამხრეთ ოსეთთან საზღვრის მოწყობის მტკივნეულად მიმდინარე პროცესს შეეხო და აღნიშნა: დღესაც ზოგიერთი ცდილობს, ეკლის ხლართები და ბეტონის ღობეები ააშენოს აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი ამაოა. შინაგანი გაანალიზებით ვგრძნობთ, რომ ამას აკეთებს მტერი. შედეგები ის იქნება, რომ მტერი წაგებული იქნება.

P.S. ძალა – ერთობაშია, არ ვკამათობ, მაგრამ განა ერთობა სააკაშვილის გუნდთან, რომელმაც წარმატებით გააგრძელა და დაამთავრა შევარდნაძის საქმე საქართველოს დაქუცმაცებაში, წაადგება ქართველების შერიგების საქმეს აფხაზებთან, ოსებთან, რუსებთან?! განა შერიგებას ხელს უწყობს ლექსიკა – „მტერი“, „ოკუპანტი“, „დიქტატორი“, „იმპერია“, „კაგებეშნიკი“? ვერაგმა პოპულისტმა სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რომელიც მან ოფიციალურად მისი გამოისობით დაკარგა, „ტილიანობაზე შემოწმებად“ აქცია – ვინც მის წინააღმდეგ გამოსვლას გაბედავს – ის ხალხის მტერი, პუტინის აგენტი და საქართველოს მოღალატეა! და საქართველოში, როგორც 20 წლის წინათ, ისევ მეფობს არა სახელმწიფოებრივი აზროვნება, პატიოსნება და პროფესიონალიზმი, არამედ მოუთოკავი ემოციები, ჯოგური ცნობიერება (რომელიც, შევნიშნავ, როგორც ძალა, ასევე ერთობაშია!) და ... შიში! შიში „ვიღაცის“ მიერ მართული ბრბოს წინაშე, რომელსაც შეუძლია ქვებითაც ჩაგქოლოს.

po-2-red-sila-qvem