რელიგია
ილია II: „დღესაც მტერი ცდილობს, ეკლის ხლართები და ბეტონის ღობეები ააშენოს აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის“

obS-rel-1-mteriსაქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. 27 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და აფხაზეთის ომის გმირი ჟიული შარტავა გარდაცვალების შემდეგ წმიდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

ჯვართამაღლების დღესასწაულის დღეს და სოხუმის დაცემის 20 წლისთავზე უწმიდესმა ქადაგებისას აფხაზეთის ომის შესახებ ისაუბრა.

ვინ არის გამარჯვებული? არც არავინ არ არის. ყველა წაგებულია - ქართველებიც, აფხაზებიც, რუსებიც და ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ საშინელ ტრაგედიაში. მე კარგად ვიცნობ ამ კუთხეს. ღვთის ლოცვა-კურთხევით 11 წელი ვიყავი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ გაუგებრობა ყოფილიყოს აფხაზებსა და ქართველებს შორის. სრული თანხმობა, სიყვარული იყო, აფხაზები მიდიოდნენ ქართველებთან და ქართველებიაფხაზებთან. ეს იყო ნამდვილი ერთი ოჯახი, ერთი სული და ერთი ხორცი, მაგრამ ეშმაკს ეს შეშურდა და დააპირა ამ ერთობის გაყოფა.

მინდა ვთქვა, რომ დღესაც ზოგიერთი ცდილობს, ეკლის ხლართები და ბეტონის ღობეები ააშენოს აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი ამაოა. შინაგანი გაანალიზებით ვგრძნობთ, რომ ამას აკეთებს მტერი. შედეგები ის იქნება, რომ მტერი წაგებული იქნება”, – ბრძანა პატრიარქმა.