პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: "ამერიკელი ძალიან მაღალი რანგის პერსონა ამბობს ერთს, ხოლო ნატოს გენმდივანი - მეორეს?!"

1-an-kirvaliZeამონარიდები აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტის ეროვნული უსაფრთხოების, ტრანსატლანტიკური ურთიერთობის, ნატოსა და ევროკავშირის საკითხებში, ჩარლზ კუპჩანის ინტერვიუდან: საქართველო გეოპოლიტიკურად განსაკუთრებულ ვითარებაშია. მისი ნატოში გაწევრიანება რთულია, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის გამო, აგრეთვე იმიტომ, რომ მისი ორი რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ... საჭიროა მუშაობა რუსეთთან დასაახლოებლად, იმ იდეაზე უარის თქმა, რასაც, ვფიქრობ, სააკაშვილი ძალიან აქტიურად იყენებდა - რომ ყველაფერი თეთრი ან შავია, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილია ან რუსეთის სატელიტი. ვფიქრობ, საქართველომ უნდა გამონახოს გზა, იყოს ერთიც და მეორეც - დაუახლოვდეს დასავლეთს და ამავე დროს, გააუმჯობესოს გეოპოლოტიკური და კომერციული კავშირები რუსეთთან... საქართველოს საკითხი გადადებული საკითხების ნუსხაშია, რადგან საქართველოს თემა ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობას იწვევს(!) და, აგრეთვე, აზრთა სხვადასხვაობაა საკუთრივ ნატოში იმის შესახებ, როდის ან საერთოდ აქტუალური უნდა გახდეს თუ არა საქართველოს გაწევრიანების თემა, ამიტომ არ ვიტყოდი, რომ საქართველოს გაწევრიანება უახლოესი მომავლის საქმეა, მაგრამ არც იმას ვიტყოდი, რომ ეს არასოდეს მოხდება... შესაძლოა, თქვენ ევროკავშირისა და ნატოს წევრები გახდეთ, შესაძლოა, არ გახდეთ, მაგრამ ამ მიმართულებით სვლა თქვენს ქვეყანას გაცილებით უკეთეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩააყენებს. ...ნატოს გაფართოება უფრო ამერიკული პროექტი იყო, ვიდრე გერმანული, ფრანგული ან ბრიტანული! ...შეერთებული შტატების კონგრესში, კაპიტოლიუმის მთაზე, საბჭოთა კავშირზე, რუსეთზე, როგორც პოტენციურ მტერზე საუბრები ჯერ კიდევ მიმზიდველია. ამიტომაც საქართველო დაინახეს, როგორც ქვეყანა, რომელიც მზად არის, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს!!! ...ვფიქრობ, სააკაშვილის შემთხვევაში ეს ძალიან შორს წავიდა. ვაშინგტონი სააკაშვილს ისე მტკიცედ ამოუდგა მხარში, რომ სააკაშვილის მთავრობას შეემატა გამბედაობა, გაეკეთებინა ის, რაც მას არ უნდა გაეკეთებინა - მაგალითად, მოსკოვის პროვოცირება! ...დღეს შეერთებულმა შტატებმა ისწავლა გაკვეთილი და მომავალში უფრო ფრთხილი იქნება, რათა არ წააქეზოს ქვეყნები, წავიდნენ მეტისმეტად შორს და ჩამოაყალიბონ გამაღიზიანებელი ურთიერთობები რუსეთთან!!.

ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა ამ საკითხებს, რომლებზეც ჩარლზ კუპჩანი გულახდილად საუბრობს, თბილისში ვიზიტისას ძალზედ "ტექნიკურად გვერდი აუარა", მხოლოდ განაცხადა, – რუსეთი "ვერ იქონიებს გავლენას ნატოზე, მის რიგებში ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებაზე, რადგანაც რუსეთი ნატოს წევრი არ არისო! ხოლო ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში შემოიფარგლა მხოლოდ ბანალური ციტატით, რომ ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოითხოვს რუსეთისგან 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულებას, რის გაკეთებასაც რუსეთი არ აპირებს (მანამდე მაინც, სანამ პუტინი მართავს რუსეთს)!.. მოკლედ, ამერიკელი ძალიან მაღალი რანგის პერსონა ამბობს ერთს, ხოლო ნატოს გენმდივანი - მეორეს?!.. ბიძინა ივანიშვილმა კი ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, განაცხადა: "ჩვენი არჩევანი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა. ეს არჩევანი გულისხმობს თანამედროვე მსოფლიო თანამეგობრობის წევრობას და ეს არჩევანი არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ შეიცვლება, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა მიიღო. მინდა დაგარწმუნოთ, რომ კარგად გვესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს არჩევანი. დიახ, კარგად ისმინება, მაგრამ ასეთი სტრატეგია მიგვიყვანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე?!.. ეჭვი მეპარება, არა მარტო მე, არამედ ბატონ ჩარლზ კუპჩანსაც და ძალიან ბევრ ჩვენს მეგობარ დასავლელ პოლიტიკოსს თუ ანალიტიკოსს!.. ეს ჩიხია!.. ამ ჩიხიდან გამოსვლაზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ქართველებმა, და დასავლეთს+რუსეთს შევთავაზოთ რეალური სტრატეგიული პროექტი!.. სხვა ამას ჩვენს ნაცვლად არ და ვერ გააკეთებს!.. „ნაცმოძრაობის“ ლიდერები კი მუდამ ამბობდნენ და დღესაც თუთიყუშივით იმეორებენ, რომ სააკაშვილის და მათი "დამსახურებაა", რომ საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ მოთამაშედ იქცა და ეს მოთამაშეობა „დიდი მიღწევაა"!.. მაგრამ "ავიწყდებათ", რომ ამ "თამაშ-თამაშში" 5 წლის წინ კინაღამ სახელმწიფოებრიობა დავკარგეთ! ჩვენი მასშტაბების პოლიტიკურმა ერთეულმა უნდა იცოდეს, რომ მცირედი არასწორი ნაბიჯიც კი მისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს!.. ქართველებს ისტორიულად ბევრი არასწორი ქმედება ჩაგვიდენია, რითაც ქვეყანა ლამის თავზე დაგვქცევია, მაგრამ გამოჩნდებოდა ხოლმე გმირი მეფე ან სარდალი და დიდ ბრძოლას, ომს მოიგებდა, - "ხმლის ერთი მოქნევით" წინაპრების ნაკეთებ ასწლოვან პოლიტიკურ შეცდომებს და სიბეცეებს ჩაასწორებდა!.. ახლა კი სხვა დროა, ერთ მილიმეტრ შეცდომას მიკროსკოპით აკვირდება ირგვლივ ყველა, ასეთია თანამედროვე გლობალისტური სამყარო!..

P.S. დიდი პოლიტიკა "ლირიკას ვერ ჰგუობს", რადგანაც თამაშის წესებია აქ უმკაცრესი და მეტიც, დაუნდობელი - პატარა გადაცდომასაც კი არავინ გაპატიებს!.. სამწუხაროდ ჩვენდა, იმდენი შეცდომა დავუშვით ბოლო 20 წლის მანძილზე, რომ ეს მტკივნეულად დაეტყო საქართველოს!.. ასე რომ, ჯერჯერობით, დღევანდელ ქართველობას საამაყო არაფერი აქვს და დიდი შრომა მოგვიწევს (ხმლისა და ცხენის დრო წასულია!), რომ საქართველოს არსებული უმძიმესი პოლიტიკური და სხვა მდგომარეობაც გამოვასწოროთ!...