პუბლიკაციები
ჭაჭია: „პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს რუსეთის ხელმძღვანელობასთან არანაირი საკითხის გადაჭრა არ შეუძლია, მათთან პრობლემის განსახილველადაც არავინ დაჯდება. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობისთვისაც ისინი აბსოლუტურად მიუღებელნი არიან!“

1-an-aleksandre-CaCiaსაქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია.

- ბატონო ალექსანდრე, კვირას პრეზიდენტის არჩევნები შედგება. წინასაარჩევნო კამპანიამ სამი ძირითადი კანდიდატი გამოკვეთა - მარგველაშვილი, ბურჯანაძე, ბაქრაძე და ბრძოლაც, როგორც ჩანს, მათ შორის გაიმართება. ბევრს აინტერესებს თქვენი აზრი - მათგან რომელი იმსახურებს ხალხის მხარდაჭერას, რომელს ენდოს საზოგადოება?

- ამ არჩევნებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. პრეზიდენტის თანამდებობა ერთი ადამიანისა და მისი უახლოესი გარემოცვის კომფორტულად ცხოვრების ბუტაფორიულ ადგილად აქციეს. თუ გახსოვთ, ხელისუფლებას ვთავაზობდი, პრეზიდენტი კანონით დაევალდებულებინათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით დაკავებულიყო აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირებით, მაგრამ ხელისუფლებამ ბუტაფორიული პრეზიდენტი არჩია. ამ თანამდებობაზე შესაბამისი უნარებისა და შესაძლებლობების მქონე პირიც რომ მოხვედრილიყო, ის ქვეყნისთვის ვერაფერს გააკეთებდა, ვინაიდან რეალური ძალაუფლება ისეთ სტრუქტურებს ეკუთვნით, როგორიცაა რესპუბლიკური პარტია, «თავისუფლების ინსტიტუტი» და სხვა სოროსული ორგანიზაციები, რომლებიც ივანიშვილმა პარლამენტში შეიყვანა, ხელისუფლებაში მოიყვანა და მათ უტოვებს საქართველოს. ეს იგივე ძალებია, რომლებიც საქართველოს ბოლო წლების მანძილზე მართავდნენ. «ნაციონალური მოძრაობა» ამ ძალების ერთ ფრთას წარმოადგენს, ხოლო ივანიშვილის კოალიცია _ მეორე ფრთას. სწორედ ასე გამოეყო თავის დროზე სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის ფრთა «მოქალაქეთა კავშირს». ყველა ამ დაჯგუფების, პარტიისა თუ მოძრაობის ფესვები «მოქალაქეთა კავშირში» და სოროსის სტრუქტურებშია, ხოლო საერთო ხელმძღვანელად მათ ამერიკის საელჩო ჰყავთ. ამ ადამიანებს არ ძალუძთ დამოუკიდებელი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა.

- ყველა კანდიდატი დარწმუნებით აცხადებს, რომ გადაწყვეტს საქართველოს მთავარ პრობლემებს _ დაამყარებს ნორმალურ ურთიერთობას რუსეთთან, გაიყვანს რუსეთის სამხედრო ბაზებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, აღადგენს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ააღორძინებს ეკონომიკას...

- ძალიან მინდა იმ ადამიანის თავში ჩავიხედო, რომელსაც ამ ყველაფრის სჯერა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მზადაა, დაიჯეროს ნებისმიერი სიცრუე, რადგან დაკარგა ანალიზის უნარი. თითქოს ძალიან ადვილია ამ დაპირებების შედარება მათი ავტორი დემაგოგების წარსულ საქმიანობასთან და სათანადო დასკვნების გამოტანა, მაგრამ ბევრს ურჩევნია, უბრალოდ, დაიჯეროს ლამაზი სიტყვები.

არც ერთ თქვენ მიერ ჩამოთვლილ კანდიდატს რუსეთის ხელმძღვანელობასთან არანაირი საკითხის გადაჭრა არ შეუძლია, მათთან რამენაირი სერიოზული პრობლემის განსახილველადაც კი არავინ დაჯდება. არაფერს ვამბობ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობასა და პოლიტიკურ წრეებზე, ვისთვისაც ეს ადამიანები აბსოლუტურად მიუღებელნი არიან!

- 27 ოქტომბერს ამომრჩეველი საარჩევნო უბანში მივა, მან რომელიმე გვარი უნდა შემოხაზოს?..

- ამომრჩეველთა აქტივობა, ალბათ, ძალიან დაბალი იქნება. ვფიქრობ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს იმის გამო, რომ ქვეყნის პოლიტიკური კლასი საზოგადოებას თავს ახვევს არჩევანს ესოდენ უუნარო კანდიდატებს შორის. ეს, ერთის მხრივ, იმით არის გამოწვეული, რომ თავად საქართველოს პოლიტიკური კლასი არის დეგრადირებული და უუნარო, ხოლო მეორე მხრივ, იმით, რომ მათ უკან მდგომი მესვეურები დარწმუნებულნი არიან, რომ მოსახლეობა აუცილებლად მივა და მისცემს ხმას, ვინაიდან, მათი აზრით, სრულიად აქვს დაკარგული ფიქრის, ანალიზისა და ეროვნული ინტერესების აღქმის უნარი. კოლონიზატორი ხომ კოლონიის მოსახლეობას ყოველთვის ბრიყვად აღიქვამს, რომელსაც ადვილად შეიძლება თავს მოახვიო შენი ნება.

დღეს საქართველოს რეალური პატრონების წინაშე დგას ქვეყნის ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა. ცხადია, პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობისთვის ხმა არავის მიუცია, ხმა მისცეს ივანიშვილს, რომელმაც პარლამენტში შეიყვანა ის ძალები, რომელთა მოყვანაც დაავალეს _ «მოქალაქეთა კავშირის» მესამე ეშელონი, რომელსაც დამოუკიდებლად პარლამენტში არჩევის არანაირი შანსი არ ჰქონდა. პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლისთანავე ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა ნულოვანი გახდება. ასევე ნულოვანია ამ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობის ლეგიტიმურობაც. ამიტომ საჭიროა და აუცილებელიც, რომ პრეზიდენტი მაინც იყოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული და გააჩნდეს მყარი ლეგიტიმურობა. საქართველოს პატრონებისთვის აბსოლუტურად სულერთია, თუ კონკრეტულად ვინ იქნება ეს პრეზიდენტი, რადგან ძირითად პრეტენდენტთაგან ნებისმიერი მათთვის მისაღებია. მთავარია, რომ იგი იყოს ლეგიტიმური და ხალხის სახელით ხელი მოაწეროს საჭირო ქაღალდებს, ამიტომაც მათ სჭირდებათ, რომ ამომრჩეველთა აქტიურობა იყოს მაღალი.

- მოსახლეობის ნაწილი არჩევნებზე მაინც წავა, რას ურჩევთ, ვის მისცენ ხმა?

- მისცენ ხმა იმას, ვისთვისაც უახლოესი ხუთი წლის მანძილზე კომფორტი და ფუფუნება არ ენანებათ. მაგალითად, კანდიდატებს შორის არის ერთი სიმპათიური პენსიონერი, მისი გვარი არ მახსოვს, იგი პირობას დებს, რომ იქნება ბავშვების პრეზიდენტი და ყველა უმუშევარს სიგარეტის ფულს დაურიგებს. დაე, იცხოვროს ამ კაცმა სიბერეში თავის გემოზე. მოსახლეობას მაინც მოუწევს პრეზიდენტის შენახვა, ამ პენსიონერს კი დიდი მოთხოვნილებებიც არ ექნება და არც ისეთი გაუმაძღარი გარემოცვა ეყოლება, როგორც ძირითად პრეტენდენტებს.

ესაუბრა ირაკლი თოდუა