რედაქტორისგან
საქინფორმი მოითხოვს, სასწრაფოდ გამოეყოს “ობიექტივს” ტელეარხი, აგრეთვე დაინიშნოს ირმა ინაშვილი საქართველოს სახტელერადიოს დირექტორად!

1-analit-2-ARNOქართველი საზოგადოებისა და საზღვარგარეთის ქართული დიასპორისთვის სულაც არ არის სულერთი მდგომარეობა, რომელშიც დღეს მედიაკავშირი “ობიექტივი” აღმოჩნდა - საქართველოს ერთადერთი ობიექტური ტელე-მედიასაშუალება ბოლო წლების განმავლობაში. თანამოაზრეთა შემოქმედებითი კოლექტივი ირმა ინაშვილის ხელმძღვანელობით მაუწყებლობას შეწყვეტს, თუ შესაბამისი სახელისუფლებო სტრუქტურები მას ტელესიხშირეს არ დაუბრუნებენ ან თავისუფალი ტელეარხებიდან ნებისმიერს არ გამოუყოფენ.

სიტუაციის კურიოზი იმაში მდგომარეობს, რომ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის დამხობა და ხელისუფლებაში კოალიცია “ქართული ოცნების” მოსვლა ბევრწილად შესაძლებელი გახდა სწორედ “ობიექტივის” და პირადად ირმა ინაშვილის წყალობით, რომელიც დღეს პროტესტის ნიშნად სასიკვდილო შიმშილობის გამოცხადებას აპირებს!

კოლეგების ბედი განსაკუთრებით ახლობელია საქინფორმის ჟურნალისტებისთვის - საინფორმაციო სააგენტოსი, რომელიც უკვე 3 წელია უპრეცედენტო და უანგარო საინფორმაციო მხარდაჭერას უწევს ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა საქინფორმის წინააღმდეგ ჩადენილი არცერთი სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიება არ დასრულებულა. დამნაშავეები დღემდე - თავისუფლები არიან, მაგრამ ომს აწარმოებენ უკვე არა იმდენად საქინფორმთან და მის მთავარ რედაქტორ ხიდირბეგიშვილთან, არამედ მოქმედ ხელისუფლებასთან და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან, რის შესახებ ჩვენ არაერთხელ ვაფრთხილებდით! (სააკაშვილის ხელისუფლებაც კი, რომლის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებდნენ “ობიექტივი” და საქინფორმი, მხარს უჭერდა თავის მომხრეებს, არადა, დღეს ლაპარაკია არა პრივილეგიებზე, არამედ უბრალო სამართლიანობაზე - ჩვენ მოველით დღევანდელი ხელისუფლებისგან მხოლოდ კანონიერ ოფიციალურ გადაწყვეტილებას, მეტს არაფერს!).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქინფორმი მოითხოვს:

1. მიეწოდოს მედიაკავშირ “ობიექტივს” არსებულთაგან საუკეთესო თავისუფალი ტელეარხი.

2. გაუქმდეს “საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებელი” და გაუგებარი წარმონაქმნი სახელწოდებით “საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებლის ბორდი” (რომელიც ხალხში სამართლიანად იწვევს სიტყვა “ბორდელის” ასოციაციას) და მათ ბაზაზე შეიქმნას საქართველოში სახტელერადიო - სახელმწიფო ტელერადიოკომპანია, რომელიც 1 არხზე გაატარებს სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკას, ანტისახელმწიფოებრივის საპირწონედ, რომელსაც ყველა დანარჩენი კერძო არხი ატარებს.

(საზოგადოება არჩევნებზე ხელისუფლებას ირჩევს - მენეჯერების და სპეციალისტების ჯგუფს, რათა მათ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე იზრუნონ, სწორედ ამაში მდგომარეობს საზოგადოებრივი დაკვეთა. ხოლო როგორ გააკეთებენ ისინი ამას, რა საგარეო, საშინაო და საინფორმაციო პოლიტიკას გაატარებენ - ეს უკვე თავად ხელისუფლების კომპეტენციაა, რომელმაც ხალხისგან ნდობის ვოტუმი მიიღო. თუ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ვერ ხედავს ახალი სახელმწიფო ტელეარხის შექმნის აუცილებლობას, ნუთუ მას აკმაყოფილებს “რუსთავი 2”, როგორც ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის გამტარებელი, როგორადაც ის გვევლინება 2003 წლის ნოემბრიდან?!).

3. დაინიშნოს სახტელერადიოს დირექტორად ირმა ინაშვილი - პროფესიონალი და საქართველოს ნაცადი პატრიოტი, რომელიც მრავალეროვან ქართველ ხალხში  უზარმაზარი ავტორიტეტით და სიყვარულით სარგებლობს.

თუ სახელმწიფო ამ ნაბიჯზე არ წავა, საქინფორმი უფლებას იტოვებს, მოახდინოს იმ სამარცხვინო კომისიის თითოეული წევრის ლუსტრაცია, რომელიც დღეს ზემოხსენებულ “ბორდს” ირჩევს. ამავე დროს აუცილებელია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სრული რეფორმირება - როგორც დისკრედიტებული კორუფციული სტრუქტურის, რომელიც დიდი ხანია ანტიეროვნულ, ანტიქართულ პოლიტიკას ატარებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოს დღევანდელი ტელემედიასივრცე, “ობიექტივის” გამოკლებით, მათთვის მტრულ გარემოს წარმოადგენს!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2013 წლის 27 დეკემბერი
საქართველო, თბილისი

1-an-2-redaq-1-qv-Arno