რედაქტორისგან
საქინფორმი: ევროკავშირმა მესამედ დააჩქარა ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა საქართველოსთან, რომელსაც “სუსტი საკანონმდებლო ხელისუფლება და მართლმსაჯულების ინსტიტუტები ჰყავს”?!

1-obS-1-an-2-rompeiსაქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. როგორც გუშინ იუწყებოდა საქინფორმი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღშფოთებულია მთავარი პროკურატურის მიერ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ათეულობით საქმეზე მოწმის სახით დაკითხვაზე გამოძახებით.

“კანონზე მაღლა არვინ უნდა იდგეს, მაგრამ ერთდროულად რამდენიმე გამოძიების დაწყება, რომლებშიც ექსპრეზიდენტი შესაძლოა მოწმედ გამოვიდეს, აღძრავს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება, განსაკუთრებით საკანონმდებლო ხელისუფლების და მართლმსაჯულების ინსტიტუტების სისუსტის ფონზე”, - ნათქვამია სახდეპის განცხადებაში, რომელშიც ოფიციალური ვაშინგტონი უხეშად ერევა სუვერენული სახელმწიფოს საქმეში და საქართველოს ხელისუფლებას უბრძანებს, ბოროტმოქმედ სააკაშვილს თავი დაანებოს, ხოლო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად “მთელი ძალები და ენერგია მიმართოს მომავლის მშენებლობაზე, ეკონომიკის აღორძინებაზე, რეფორმების განხორციელებაზე და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვაზე”.

თუმცა, “სუსტი საკანონმდებლო ხელისუფლება და მართლმმსაჯულების ინსტიტუტები”, როგორც ჩანს, ხელს არ უშლის, რომ უელსში დაგეგმილ მომავალ სამიტზე საქართველოს ნატოში მიღებაზე (ან, სულ მცირე, საქართველოსთვის "MAP"-ის მიცემაზე) იმსჯელონ, აგრეთვე მესამედ დააჩქარონ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა საქართველოსთან. როგორც ცნობილია, თავდაპირველად შეთანხმების ხელმოწერა იგეგმებოდა ა.წ. სექტემბერ-ნოემბერში (მისი პარაფირებიდან ერთი წლის შემდეგ), შემდეგ ის აგვისტოზე გადაიტანეს, მერე - ივნისზე, გუშინ კი ჰააგიდან, ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე სამიტიდან, “გაგვახარეს”, რომ ხელმოწერა უკვე მაისშია დაგეგმილი, როდესაც საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი ჩამოვა.