რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: მე საქართველოში მხოლოდ ერთი “პრორუსული ჯგუფი” ვიცი - ქართველი ხალხი!

1-proros-polit-2საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. სამი შეკითხვა საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს საქართველოში ბოლო დღეებში მომხდარ მთავარ მოვლენებთან დაკავშირებით.

- 2014 წლის 7 აპრილს, პუბლიკაციაში “შეშლილის ჩანაწერები ანუ მიშკა სააკაშვილის ვაი-ბანკი”, თქვენ, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა, მკითხველს შეახსენეთ, როგორ აფრთხილებდით ბოლო 3 თვის განმავლობაში, რომ სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” საქართველოში სისხლიან რევანშს - “ევრომაიდან 2”-ს ამზადებენ. ზემოხსენებული პუბლიკაციის ბოლო წინადადებაში თქვენ ხაზი გაუსვით “საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში სააკაშვილს მოქმედი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსანი მოღალატე დაეხმარება, რომლებიც უკვე მართავენ მასთან საიდუმლო კონსულტაციებს....”.

ხოლო 2014 წლის 9 აპრილს, პუბლიკაციაში “ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება - ვინ არის სააკაშვილის მთავარი საყრდენი საქართველოში, ანუ რატომ გადაიყვანენ ალასანიას საგარეო საქმეთა მინისტრად”, თქვენ დააზუსტეთ, რომ “იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მთელ თავის ქონებას ყიდის (“ქართუ ბანკს”, აუზს “ლაგუნა-ვერეს” და ბევრ სხვა ობიექტს), როგორც ჩანს, კვლავ ემიგრაციაში წასვლის მიზნით, მინისტრი ალასანია, პრეზიდენტი მარგველაშვილი და სპიკერი უსუფაშვილი დაეხმარებიან სააკაშვილს ღარიბაშვილის მთავრობის დამხობასა და ძალაუფლების აღებაში, და ამით დასავლეთის აპლოდისმენტების ქვეშ საკუთარ პოლიტიკურ მომავალს უზრუნველყოფენ”.

ჰოდა, გასულ კვირას “ნაცმოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ უკვე ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ თქვენი ეს პროგნოზიც გამართლდა...

- ბზობას, 2014 წლის 13 აპრილს, თბილისში გაიმართა სააკაშვილის ექს-მმართველი პარტიის “ნაციონალისტური მოძრაობის” ექსჰუმაცია, რეანიმაცია და პრეზენტაცია, რომელსაც დე-ფაქტო ისევ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ჩაუდგა სათავეში, ამჯერად - მეტსახელად “ვერიტა პლასტილინიჩი”. ის, რაც ვერ მოახერხეს მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველი შენობის წინ (ანუ “ნაცმოძრაობის” რებრენდინგი), ერთი წლის შემდეგ საუცხოოდ გამოუვიდა გიორგი მარგველაშვილს!

ძნელი იყო სიცილის და ცრემლის შეკავება იმის შემხედვარე, ქსოვისა და კატების მოყვარული მოუქნელი დონდლო, რომელიც მხოლოდ ბედის ირონიით გახდა პრეზიდენტი, თავისი როგორც ყოველთვის უბადრუკი, სუმბურული გამოსვლის ყალბ ექსტაზში როგორ ერთიანდება საჯაროდ თავის მეგობრებთან - “ნაციონალებთან” და მის გამომზრდელ გარემოსთან - “თავისუფლების ინსტიტუტთან”, ლევან რამიშვილთან, გიგა ბოკერიასთან, გიგი უგულავასთან, მიშა მაჭავარიანთან, გრიგოლ ვაშაძესთან, ნიკა რურუასთან, თემურ იაკობაშვილთან, ანდრო ბარნოვთან, ოლეგ პანფილოვთან და ბევრ სხვასთან.

სხვათაშორის, აქციის ორგანიზატორთა თაობაზე თქვენ - არაზუსტი მონაცემები გაქვთ: მას ამზადებდა არა მარტო “ნაცმოძრაობა”, არამედ პრეზიდენტ მარგველაშვილის მთელი ადმინისტრაცია, მთელი მისი აპარატი და სამსახურები, სწორედ ისინი რეკავდნენ და აგზავნიდნენ მოსაწვევებს. მას, აგრეთვე, ამზადებდა 150 ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც რუსეთში არაკომერციულს უწოდებენ, თუმცა საქართველოში სწორედ ისინი არიან ნამდვილი სამთავრობოები და ბოლო 10 წელია ყველაზე მსხვილ კომერციას ეწევიან! ვაშინგტონის და ცსს-ს პროექტით, სოროსის, აშშ-ის რესპუბლიკური და ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტების ფულით შექმნილებმა, აქციაზე მათ სრულად მოახდინეს საკუთარი თავის ლუსტრაცია, როგორც “ნაცმოძრაობის” ქვედანაყოფებმა.

- მაგრამ აქციას ხომ “ჩვენ ვირჩევთ ევროპას” ერქვა? რით ეწინააღმდეგება ეს სლოგანი საქართველოს ოფიციალურ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის მიერ არის დეკლარირებული? და მარგველაშვილამდე აქციაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი გამოვიდა.

- გაიხსენეთ, როგორ იწყებოდა ყველაფერი უკრაინაში. საბაბად იქაც ევროპული ორიენტაციის საკითხი იქცა, თუმცა დამხობილი პრეზიდენტი იანუკოვიჩი მზად იყო, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილისთვის მოეწერა ხელი, რომელსაც შემდეგ, გაცილებით შემოკლებული სახით, მაიდნის წარმომადგენლებმა - უკრაინის თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებმა მოაწერეს ხელი. ახლა კი უკრაინაში ვის ახსოვს ევროკავშირში შესვლა, სადაც, ისევე როგორც ნატოში, უკრაინას მიღებაზე უარი უთხრეს?! არავის, უკრაინაში დღეს ევრომაიდანი სამოქალაქო ომში გადაიზარდა, და იქ კიდევ სხვა პრობლემაცაა - როგორ არ დაიხოცონ შიმშილით!

ამიტომ აქცია თბილისში შემთხვევით არ გამართულა თბილისური მაიდნის* მახლობლად - ევროპის მოედანზე, რომელსაც ასე სააკაშვილმა დაარქვა. და გაითვალისწინეთ, რომ ეს აქცია “ნაციონალების” სხვა აქციის გაგრძელება გახდა - მანამდე სახელმწიფო კანცელარიასთან ჩატარებული 3-საათიანი მიტინგისა სახელწოდებით “არა - კოლაბორაციონიზმს! არა - მტერთან თანამშრომლობას!”. ორივე აქციის მონაწილეები და რუსოფობიური ლოზუნგები ერთნაირი იყო, მათი მთავარი სლოგანი გახლდათ მოწოდებები “განადგურდეს საქართველოში პრორუსული “მეხუთე კოლონა”” და “გავერთიანდეთ საქართველოს ერთადერთი და მთავარი მტრის - რუსეთის წინააღმდეგ”. რა არის ეს, თუ არა სხვაგვარად მოაზროვნეებთან ანგარიშსწორებისკენ მოწოდება?! რით განსხვავდებიან ისინი სააკაშვილის წინა ხელისუფლებისგან?!

ამიტომ სრული საფუძველი მაქვს განვაცხადო, რომ გასულ ბზობას საქართველოში გაიმართა არა მარტო პოლიტიკური გვამის -  “ნაცმოძრაობის” ჰალვანიზაცია გენმდივან მარგველაშვილით სათავეში, არამედ ნეოფაშიზმის პრეზენტაციაც (თუნდაც ოდნავ უფრო “ხავერდოვანის”, ვიდრე უკრაინაში - რუსოფობიით, მაგრამ ანტისემიტიზმის გარეშე); რომ საქართველოში მალე დაიწყება “ევრომაიდანი 2”, აქ დაბრუნდება სააკაშვილი, რომელმაც უკრაინაში ცსს-ს დავალება უკვე შეასრულა და თბილისში ისევ დაიწყება სამოქალაქო ძმათა მკვლელი ომი, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში გავრცელდება.

- ორივე ზემოხსენებულ აქციაზე გამომსვლელები მათი ჩატარების აუცილებლობას ხსნიდნენ “საქართველოში უჩვეულოდ გააქტიურებული “მეხუთე კოლონის” - მოსკოვის მიერ დასპონსორებული პრორუსული ჯგუფების და ორგანიზაციების - ბოლო ხანს გახშირებული აქციებით”. ამაზე რას ფიქრობთ?

- ეს ისეთივე ბლეფია, როგორც საქართველოს დაბრუნება “მშობლიურ ნავსაყუდელში” - ევროპაში! ევროპა არასოდეს ყოფილა საქართველოსთვის სახლი. საქართველოს და ევროპას არასოდეს არაფერი აკავშირებდა და არავითარი ისტორიული ევროპული არჩევანი ჩვენს წინაპრებს არ გაუკეთებიათ! გარდა იმისა, რომ გამოჩენილი ქართველი მწერალი, სწავლული და პოლიტიკური მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი** წლობით ამაოდ ელოდა აუდიენციას და დახმარებას რომის პაპის და საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-სგან სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლისგანაც შემდეგ საქართველო რუსეთმა იხსნა. სამაგიეროდ, ჩვენთვის ცნობილია ჩვენი წინაპრების სხვა ისტორიული არჩევანი - “გეორგიევსკის ტრაქტატი”, რომელსაც მეფე ერეკლე მეორემ*** მოაწერა ხელი.

რა მეხუთე კოლონა, რომელი პრორუსული ორგანიზაციები და ჯგუფები, ეს რა ბოდვაა?! მე საქართველოში მხოლოდ ერთი დიდი “პრორუსული ჯგუფი” ვიცი, ეს - ქართველი ხალხია, რომელიც იბრძვის რუსეთთან მეგობრობის და ძველი კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენისთვის, რასაც ბოლო 20 წელია უკიდურესად ხელს უშლიან ქართველი პოლიტიკოსები! ამაში დასარწმუნებლად საკმარისია რეფერენდუმის ჩატარება, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს, ავიწყდება რა, რომ სწორედ უკრაინის დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლების უარმა რეფერენდუმის ჩატარებაზე გაანადგურა უკრაინა, როგორც ერთიანი სუვერენული სახელმწიფო, გააკოტრა ის, ნაწილებად დააქუცმაცა და სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომის მორევში ჩაძირა.

 

*მაიდანი - მოედნის ისტორიული სახელწოდება ძველი თბილისის ცენტრში, გოგირდის აბანოების რაიონში, სადაც მეფე ვახტანგ გორგასალმა საქართველოს დედაქალაქი დააარსა. 

**სულხან-საბა ორბელიანი - 1724 წელს ვახტანგ VI-თან ერთად ემიგრაციაში წავიდა რუსეთში. გარდაიცვალა სოფელ ვსეხსვიატსკოეში მოსკოვის მახლობლად, დაკრძალულია ყოველთა წმიდათა ტაძართან.

***ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ 1782 წლის ბოლოს თხოვნით მიმართა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ს, საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ მიეღო. ხელშეკრულება რუსეთის პროტექტორატის ქვეშ საქართველოს გადასვლის შესახებ 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტოს) დაიდო ციხესიმაგრე გეორგიევსკში (ჩრდილოეთ კავკასია).