რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: «უკანასკნელი სიმართლე - ღარიბაშვილმა არ უნდა მოაწეროს ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის აქტს! დაე, ასეთი დოკუმენტები სააკაშვილმა და მარგველაშვილმა დაამოწმონ!»

1-akt-pol-1საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. კვლავ მოვიდა 26 მაისი - საქართველოს ისტორიის ფრიად ღირსსახსოვარი თარიღი... როგორ ფიქრობთ, არის კი დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა? - ამ კითხვით „ასავალ-დასავალმა“ მიმართა საქინფორმის მთავარ რედაქტორს არნო ხიდირბეგიშვილს:

- საქართველო ფაქტობრივად არის დასავლეთისაგან დამოკიდებული ქვეყანა - ისევე, როგორც 1918 წელს, ნოე ჟორდანიას დროს, მაგრამ სულ მალე - 2014 წლის 27 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების კვალდაკვალ -  საქართველო უკვე ოფიციალურაჟ დაკარგავს დამოუკიდებლობას! ამ პროცესს ჯერ კიდევ 2010 წლის 10 იანვარს დაუდო სათავე სააკაშვილმა, როდესაც ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია თავისი ხელმოწერით „დაამშვენა“, ამიტომაც პრემიერმა ღარიბაშვილმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაწეროს ხელი ამ საბედისწერო დოკუმენტს - დაე, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის აქტები მხოლოდ სააკაშვილისა და მარგველაშვილის მიერ იყოს დამოწმებული!

- კი მაგრამ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხომ ათობით სახელმწიფო აწერს ხელს და ამ გაერთიანებაში შეღწევის ილუზიები წლობით დგას უიღბლო მომლოდინეთა რიგში... ამას დავუმატოთ ევროკომისიის ხელმძღვანელ ბაროზუსა და აშშ-ის პრეზიდენტ ობამას პირდაპირი გაფრთხილება, რომ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანება შეუძლებელია...

- ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში არ მიიღებენ, არ არის იმდენად შეურაცხმყოფელი, რამდენადაც ის უცილობელი ჭეშმარიტება, რომ დასაშლელად განწირულ ამ სტრუქტურასთან სამარცხვინო ლაციცით საქართველო დარჩება კაბალური ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების უუფლებო სუბიექტად! ამერიკელები და ევროპელები დღემდე ამრეზით უყურებენ ქართველებს, რადგან პრიმიტიულ მონებად, ველურ მთიელებად და მესამე ხარისხის გაუნათლებელ ადამიანებად გვთვლიან! დიახ, მათთვის არ არსებობს განსხვავება კავკასიას, ავღანეთსა და პაკისტანს შორის, მაგალითად, დღემდე სჯერათ, რომ მოსკოვში ყურებიანი ქუდებით თავდაბურული დათვები დააბიჯებენ. მოკლედ, ვინც ევროპელებზე და ამერიკელებზე გაცილებით მდიდარი ისტორიისა თუ კულტურის შვილია, მათი გაგებით, უმჯობესია, ველურად გამოცხადდეს...

- რას ბრძანებთ, ბატონო არნო, ხომ ყველა ხედავს, როგორი სიამტკბილობით ვდებიან ევროპასა და ამერიკაში ჩვენს ოფიციალურ დელეგაციებს?!

- ოფიციალურ მიღებებზე ისინი მართლაც თავაზიანები არიან ჩვენი მეხუთე კოლონის წარმომადგენლებთან - ადგილობრივ კოლაბორაციონისტებთან, რომლებიც ლანგარზე დადებულები ბარდებიან დასავლელ პატრონებს. არადა, მე მშვენივრად ვიცი, რასაც ფიქრობენ ამის თაობაზე რიგითი ამერიკელები თუ ევროპის ამა თუ იმ ქვეყნის მცხოვრებნი...

- ანუ თქვენ თვლით, რომ ჩვენ მათთვის ზიზღისა და აბუჩად აგდების ობიექტად ვიქეცით?

- აბა, სხვაგვარად როგორ უნდა მოექცე ჯამბაზებს, რომლებმაც ლამის საზოგადოებრივ ფეხსალაგებშიც კი, ევროკავშირისა და ნატოს ბაირაღები გამოფინეს? როგორ უნდა სცე პატივი ქვეყანას, რომელიც დასაბამიდან ტერიტორიულად და მენტალურად აზიას წარმოადგენდა და ერთბაშად ევროპად გამოიცხადა თავი? ქვეყანას, რომელიც ვერ პოულობს საერთო ენას მეზობელთან და ძმობას ეფიცება ოკეანეგაღმელ „სტრატეგიულ პარტნიორებს“? უფრო მეტიც -  შეიძლება, პატივისცემას იმსახურებდეს სახელმწიფო, რომელიც სხვათა ინტერესების დასაკმაყოფილებლად ათასობით კილომეტრით დაშორებულ სასაკლაოზე ყიდის თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს და ამით მისი ხელისუფლება სიმდიდრეს იმკის? არის კი მართლაც თანადგომის ღირსი ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია ბადალი სილამაზითა და ბუნებრივი რესურსებით, მაგრამ მისი ხალხი მათხოვრობისთვის ან სულაც ერაყში, ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში სიკვდილისათვის არის განწირული? აი, რისთვის გაუზარდეს ბიუჯეტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ალასანიამ და პარლამენტმა! აი, როგორი საქართველო გააცნო მსოფლიოს ავად სახსენებელმა სააკაშვილმა! საქართველოს 350 ათასი შვილი გმირულად დაეცა ჰიტლერელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, დღეს კი იმავე საქართველოს ხელისუფლება სწორედ იმ ვერაძაღლებული უკრაინელი ფაშისტების შვილიშვილთა ბანდებს თუ ბანდერებს უჭერს მხარს!

და ყოველივე ამის შემდგომ გაგიკვირდებათ, რომ მსოფლიომ არ სცეს პატივი ბრიყვ, სუსტ და მონობაზე დაპროგრამებულ ადამიანებს?!

- ვერ დაგეთანხმებით, მსოფლიო ათწლეულების მანძილზე სულ სხვნაირ საქართველოს იცნობდა. პლანეტა ტაშს უკრავდა გენიალურ ქართველ რეჟისორებსა და მსახიობებს, მომღერლებსა და მოცეკვავეებს, მხატვრებსა და ხუროთმოძღვრებს, მწერლებს, მეცნიერებსა და სპორტსმენებს...

- ქართული კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის იმ ღირსეულ წარმომადგენლებს, ისევე, როგორც თავად უდიდეს ქართველს - გენერალისიმუს სტალინს, მსოფლიო იცნობდა, როგორც საბჭოთა კავშირის წარმომადგენელს. სწორედ საბჭოთა კავშირს წარმოადგენდნენ და განადიდებდნენ ისინი, როგორც თავის მამულს!

- კი მაგრამ, რაში არგია მაშინ დასავლეთს მშიერი საქართველო? განა საკუთარი პრობლემები არ ჰყოფნი?

- ამერიკის მთავარი მიზანი - მსოფლიო ჰეგემონიაა, რაშიც ხელს უშლის ორად ორი ქვეყანა - რუსეთი და ჩინეთი, რომლებმაც გასულ კვირას, 2014 წლის 21 მაისს, ხელი მოაწერეს 30-წლიან და 400-მილიარდიან ისტორიულ საგაზო კონტრაქტს. ამიტომაც არის ამერიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კასპიის აუზი, თანაც არა მხოლოდ ბუნებრივი წიაღისეულით, არამედ როგორც პლაცდარმი რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან ბრძოლაში! თანაც, როდესაც ამ დღეებში რუსეთმა ირანთანაც დაადასტურა ურყევი სტრატეგიული პარტნიორობა, ამერიკას აღარაფერი რჩება გარდა იმისა, რომ კბილებით ჩაებღაუჭოს მის მიერ აბსოლუტურად კონტროლირებად საქართველოს და ამ გზით მიუცოცდეს კასპიის აუზის ორ ქვეყანას - აზერბაიჯანსა და თურქმენეთს, მოხიბლოს, გნებავთ, მიიტყუოს ისინი და ენერგორესურსები თურქეთის გავლით ევროპისკენ გადატყორცნოს! დიახ, საქართველო ამერიკისათვის გახლავთ სახმელეთო სუეცის არხი და დერეფნად მისი სახელდება შევარდნაძის ფანტაზიის ნაყოფი როდია, „დიდი აბრეშუმის გზა“,  უპირველესად, სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტი გახლავთ, რომელიც მუშავდებოდა ჯერ კიდევ ედუარდ ამბროსოვიჩის პრეზიდენტობის დროს.

- უკრაინა ვიღასი პროექტია?

- უკრაინაც ზემოხსენებული ამერიკული პროექტის ნაწილია. ამ თვალსაზრისით, აშშ მოგებულია ორივე შემთხვევაში: თუკი რუსეთი უკრაინაში შევა, ჩაებმება სამოქალაქო ომში და დასუსტდება, ამერიკის შეერთებულ შტატებს გაეხსნება ასპარეზი კავკასიაში, აღმოსავლეთსა და სირიაში... არ შევა რუსეთი უკრაინაში? - ამ შემთხვევაში დასუსტდება რუსული გაზის გარეშე დარჩენილი ევროპა, რომელსაც მარტო მოუწევს უკრაინის გადარჩენა, რომელმაც, საქართველოს მსგავსად, მასთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა. ამრიგად, აშშ ევროპის ხელით შეუქმნის დისკომფორტს რუსეთს და თავად ევროპასაც მიხანჯლავს, რომელსაც ბოლო ხანებში „ხასიათი“ დასჩემდა.

- კი მაგრამ, განა საქართველო არ მიიღებს სარგებელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით? მაგალითად, 2016 წელს შენგენის ვიზების გაუქმებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ...

- კი მაგრამ, ვის აწყობს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა? განა საქართველოს რიგით მოქალაქეს აქვს ფული ევროპაში სამოგზაუროდ? უვიზო მიმოსვლა ნამდვილად არ მესახება სიკეთედ. საქართველო დაცარიელდება, როგორც ლატვია, ლიტვა და ესტონეთი, ევროპაში საშოვარზე აღმოჩნდება უქონელი საქართველოს მუშახელი, აქ კი  მხოლოდ ჩინელები და ირანელები დარჩებიან, სამცხე-ჯავახეთში - სომხები, ხოლო ქვემო ქართლში - აზერბაიჯანელები... რაც შეეხება აჭარას, მას თურქული მოსახლეობა წალეკავს და თავად ეს რეგიონიც იმ პერიოდისათვის უკვე თურქეთთან გადაჩოჩდება!

პერსპექტივა კიდევ უფრო შემზარავია - ქართველი ემიგრანტები უცხოეთში შექმნიან ოჯახებს და აღარასოდეს დაბრუნდებიან სამშობლოში, ისევე, როგორც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოწოდების მიუხედავად, არ დაბრუნებულა საქართველოში რუსეთში გადახვეწილი მილიონნახევარი ქართველი, ასევე თურქეთში, საბერძნეთში, ინგლისში, ესპანეთში, ამერიკასა თუ იტალიაში ლუკმაპურის მაძიებელი უამრავი თანამემამულე...

უფრო მეტიც - გინახავთ კი, რამხელა რიგი დგას რუსეთის საკონსულოსთან თბილისში და რამდენ ადამიანს სურს რუსეთის მოქალაქეობის მიღება?!

და რაც ყველაზე სავალალოა:

- საქართველო ადგილობრივი „რესპუბლიკელების“ ზეწოლით მიღებული „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ კვალდაკვალ, რომელიც სექსუალური უმცირესობების დაცვას გულისხმობს, იძულებული იქნება, მიიღოს სრული ლგბტ  კომპლექტი, მათ შორის, ერთსქესიანი მშობლების მიერ შვილის აყვანის, ერთსქესიანი ქორწინებებისა და ინცესტის დაკანონების შესახებ;

- გადავა რა ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში, საქართველოს მოუწევს, აწარმოოს და მოიხმაროს მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებიც აკმაყოფილებს ევროსტანდარტს და ამით საბოლოოდ გააპარტახებს ისედაც სულთმობრძავ სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობას, მცირე და საშუალო ბიზნესს. ამასთან საქართველოსთვის კვლავ დაიკეტება რუსული ბაზარი, სადაც მარტო 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 96 პროცენტით მეტი - 22 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა!

- საქართველოს დაავალდებულებენ, ყველგან დაიდგას სალარო-აპარატები, გაორმაგდეს კომუნალური გადასახადები, განურჩევლად ყველაზე გაიცეს ბიომეტრიული პასპორტები და აღებულ იქნეს ყველა მოქალაქის თითის ანაბეჭდები;

- საქართველოში ამუშავდება ტექდათვალიერების ისეთი სისტემა, რომელიც გაანადგურებს საქართველოს ავტოპარკის 80 პროცენტს და მხოლოდ მდიდრებს - ხელისუფლებას და მის მიერ კონტროლირებად ბიზნესმენებს - მიეცემათ შესაძლებლობა, იგრიალონ ძვირად ღირებული თანამედროვე ავტომობილებით;

- საქართველოში მკვეთრად გაძვირდება მედიკამენტები, საკვები და, ზოგადად, სამომხმარებლო კალათა.

და რაც ყველაზე, ყველაზე საგანგაშოა: საქართველო ვალდებული გახდება, მოახდინოს რეგიონულ ენათა ევროპული ქარტიის რატიფიცირება, რომელსაც მან 1999 წელს მოაწერა ხელი!

- ბატონო არნო! გამოდის, რომ მეგრული, სომხური და აზერბაიჯანული რეგიონული ენების სტატუსს მიიღებენ?

- სავსებით სწორად შენიშნეთ! ეს გახლავთ არათუ რეგიონული ენების შემოღების „უმანკო“ პროექტი, არამედ სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ავტონომიების გამოცხადების რეალური წინაპირობაც. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო თვითმმართველობის ახალი კოდექსი, რომელიც ასევე რესპუბლიკურმა პარტიამ და მისმა იდეოლოგიურმა ტყუპისცალებმა დაამუშავეს ამერიკის შეერთებულ შტატებში! ამ კანონით 12 რეგიონული ცენტრს უკვე აშკარა საფრთხის შემცველი თვითმმართველობის ჭია შეეპარა!

- ვერაფერი ნათელი პერსპექტივაა, ბატონო არნო...

- სამწუხაროდ, ასეთია სიმართლე - ვაგლახ, უკანასკნელი სიმართლე!

ესაუბრა ნონა ბენდელიანი