რედაქტორისგან
ამბობენ, კარგად „ფრინავთ“, იქნებ ჩვენთან ერთად გამოფრინდეთ უკრაინაში, მამიევიჩ? - საქინფორმის მთავარი რედაქტორის დახურული წერილი საქართველოს თავდაცვის მინისტრს

1-ira-mtბატონო ირაკლი!
დახურულ წერილს ორი მიზეზით გწერთ:
- იმიტომ, რომ ღია წერილებს არ პასუხობთ - 2013 წლის 17 ივლისს საქინფორმმა ღია წერილით მოგმართათ, რომელშიც გთხოვათ, გამოგექვეყნებინათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების სია, რომლებმაც 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო ააქციების მხეცურად დაშლის შემდეგ სამსახურებრივი წახალისებები მიიღეს - მადლობები, სიგელები, პრემიები, მედლები, ორდენები, ბინები, რიგგარეშე წოდებები, სამსახურში დაწინაურება, ანდა აშშ-ის სამხედრო აკადემიებში სასწავლებლად გაიგზავნენ - მაგრამ თქვენ ჩვენს ღია წერილს იგნორირება გაუკეთეთ;

1-ira-1-sprava

- იმიტომ, რომ არც ელექტრონული ფოსტით თავდაცვის სამინისტროს e-mail-ზე pr@mog.gov.ge თქვენთვის გამოგზავნილ წერილებს პასუხობთ. თქვენს pr-ს არაფერი mog, gov-ის და ge-ს გარდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ არსებობს პრესსამსახური, ხოლო ინფორმაციას თქვენი საქმიანობის შესახებ, რომელიც საქინფორმში შემოდის და რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ, ალბათ, ავტომატი ავრცელებს (კალაშნიკოვის კი არა, იმის მსგავსი, თვითონ რომ რეკავს, როცა ტელეფონზე დავალიანება გვაქვს).

ბატონო ირაკლი!

“წავიდე ამერიკაში? არ წავიდე ამერიკაში?” - თქვენ მიერ 2012 წელს ალექს პეტრიაშვილთან ტელეფონით საუბრისას ნათქვამი ეს ფრაზა “ნაციონალების” მოსმენის წყალობით გახდა ცნობილი. მაგრამ აი, გავიდა 2 წელი და ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც ივანიშვილით უცენზუროდ უკმაყოფილო ხართ, უკვე თქვენ საზიანოდ კი არა, სასარგებლოდ მუშაობს - დღეს თქვენ, NDI-ს ვერსიით, საქართველოში ყველაზე პოპულარული მინისტრი ხართ, საიდანაც ერთი ნაბიჯიღაა… (სხვათაშორის, ამ წერილს როგორც კი წაიკითხავთ - მაშინვე დაწვით, ისინი კი ამბობენ, რომ ფარულ თვალთვალზე უარი თქვეს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა).

ასე რომ, ბატონო ირაკლი, საქმე ისე შემობრუნდა, რომ არანაირ ამერიკაში წასვლა არ გჭირდებათ - ამერიკა თვითონ ჩამოვა თქვენთან: გასულ კვირას გამართული ნატოს მინისტერიალის შემდეგ ეჭვი აღარავის ეპარება, რომ წლის ბოლომდე საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზა იქნება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტებითურთ, როგორც ითხოვეთ!

მაგრამ მხოლოდ სულელებს ჰგონიათ, რომ თქვენ „ცე-რე-უ“-ს დავალებით მოქმედებთ, არ ესმით, რომ საქართველოში ამერიკული არმია “რუსი აგრესორი-ოკუპანტებისგან” დასაცავად კი არა, ივანიშვილი-ღარიბაშვილისგან თავდაცვისთვის გჭირდებათ! ქალაქელი “მაგარი” ბიჭი ალასანია შთამბეჭდავი ბექგრაუნდით და გარეგნობით ამ “პროვინციალებს” დამცირებას არ აპატიებს (ხან - ალასანიამ ფული გაფლანგა, როლანდ ახალაიას შეეკრა და ზუგდიდის მაჟორიტარობა წააგო, ხან - ალასანია ცოლს ღალატობს და საზღვარგარეთ საყვარლებთან ერთად დაფრინავს, ამიტომ ვიცე-პრემიერობის ღირსი არ არის)! აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის “ზღვის ლომების” მხარდაჭერით თქვენ პრემიერის სავარძელს უმიზნებთ, შემთხვევით კი არ მიუწვევიხართ ობამას ინაუგურაციაზე სააკაშვილთან ერთად!

1-ira-2-sleva

ალასანია გაეროში ელჩი იყო, სანამ სააკაშვილი გაუშვებდა, დღეს - თავდაცვის მინისტრია, ხვალ კი, ვინ იცის, ისევ “გაუშვან”, მაგრამ უკვე ზევით, იმიტომ, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის და დე-ფაქტო პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდაჭერა გარანტირებული გაქვთ, ხოლო თავდაცვის მინისტრად ბაჩანა დაბრუნდება, რომელსაც იმ დროისთვის ბოლო ბრალდებასაც მოუხსნიან.

სხვა საკითხია - ვისი თავდაცვის? ვისი თავდაცვის მინისტრი ბრძანდებით დღეს, ბატონო ირაკლი? საქართველოსი?! განა საქართველოს ჰყავს ჯარი, რომელიც მას იცავს?! თქვენ ყოველდღე აცხადებთ რუსული სამხედრო საფრთხის შესახებ, მაგრამ რატომ ვერ ვხედავთ ქართულ ჯარს იქ, საიდანაც ეს “საფრთხე”, თქვენი ლოგიკით, ყველაზე მოსალოდნელია - სადაც სამი რუსი ჯარისკაცი და ერთი ნაგაზი ბოსტნებსა და სასაფლაოზე მავთულხლართებს ავლებენ, ანდა მდინარე ენგურთან?

ახლა „კონტრიბუციაზე“ ლაპარაკი არ დამიწყოთ - ერაყში იბრძოდა, ავღანეთში და აფრიკაში იბრძვის და იბრძოლებს არა ქართული ჯარი, არამედ ქართველი დაქირავებულები, ისეთივე, როგორც ამერიკელი და პოლონელი დაქირავებულები, რომლებიც დღეს უკრაინაში ომობენ! გაწვრთნილი ქართველი ბიჭები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაუტოვა იმის გარდა, რომ დაცვის ამერიკულ ფირმა “GEORGIAN ARMY”-ში მოეწყონ, რათა ოჯახები არჩინონ. 

სხვათაშორის, დაქირავებულების შესახებ: იმ დროს, როცა აშშ უკვე მერამდენე თვეა ცდილობს, მაგრამ ვერაფრით ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსი დაქირავებულები ომობენ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილო კოვალმა, ნატოს ზემოხსენებულ მინისტერიალზე ბრიუსელში მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს “მხარდაჭერისთვის იმ საკმაოდ მძიმე სიტუაციაში, რომელშიც უკრაინის შეიარაღებუდი ძალები იმყოფება”, რაც მყისვე ავტომატურად გაავრცელა უტვინო რობოტმა, პრესსამსახურის მაგივრად რომ გყავთ...

1-ira-3-sprava

ბატონო ირაკლი! მესმის, რომ ვალს უბრუნებთ უკრაინის არმიას ასეთივე დახმარებისთვის 2008 წლის აგვისტოში, მაგრამ რა საჭიროა ამისი აფიშირება?! თქვენ ხომ ამერიკელი მზვერავი ხართ, ასეთი რამ მხედველობიდან როგორ გამოგრჩათ?! სად იყურება ქართული დაზვერვა?! თუ დაზვერვა არ გყავთ, როგორც არ გყავთ ჯარი და პრესსამსახური?! ან იქნებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უწინდებურად “რუსი ჯაშუშები” მუშაობენ - “ენვერები”, რომლებიც მოსკოვს საბაბს აძლევენ, საქართველო უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევაში - ლუგანსკში, სლავიანსკში და დონეკში სადამსჯელო ოპერაციის დროს შეიარაღებით და ცოცხალი ძალით ფარულ დახმარებაში დაადანაშაულოს?!

ბატონო ირაკლი!

ამასწინათ ტელევიზიით ითხოვეთ: “მე მლანძღეთ, რამდენიც გენებოთ, მაგრამ ქართულ ჯარს არ შეეხოთ!”, ამიტომ მეტს აღარ ვიზამ, თანაც ეს დახურული წერილი სულ სხვა მიზეზით დავწერე. თქვენთან ერთი პატარა თხოვნა მაქვს: საქმე ის არის, რომ მე და ჩემი მეგობრები, და აგრეთვე მანამდე ჩემთვის უცნობი ქართველი პატრიოტები, რომლებიც ერისადმი ჩემს მიმართვას გამოეხმაურნენ, უკრაინაში გამგზავრებას ვაპირებთ - ფაშისტ-ბანდერლოგებთან საბრძოლველად. ამიტომ გთხოვთ, სასწრაფოდ გამოგვიყოთ თვითმფრინავი და სერიოზული შეიარაღება, რამეთუ არაადამიანები, რომლებიც თავს უკრაინის რეგულარულ არმიად მიიჩნევენ (რომელსაც თქვენი მეგობარი - მიხაილო კოვალი მეთაურობს), მოსახლეობის წინააღმდეგ ტანკებს, სარაკეტო დანადგარებს და ავიაციას იყენებენ.

ამბობენ, კარგად ფრინავთ, იქნებ ჩვენთან ერთად გამოფრინდეთ, მამიევიჩ?

და კიდევ - რა გადავცე თქვენგან მიხაილო სააკაშვილს, როდესაც მას იქ ვიპოვი?

1-ira-4-bolo

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 11 ივნისი
საქართველო, თბილისი