რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ ეხმარება დასავლეთი სააკაშვილს საქართველოში „ყაყაჩოების რევოლუციის“ მოწყობაში და რა საერთო აქვთ სააკაშვილსა და ტიმოშენკოს სომხური წარმოშობის გარდა

1-arn-pol-1-red-1წინა კვირას ღარიბაშვილის მთავრობის კრიტიკოსთა გუნდს Freedom House-ის პრეზიდენტი დევიდ კრეიმერიც შეემატა, რომელმაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა, რომ იგი არ უჯერებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესს, ევროკავშირის ქვეყნებს და სააკაშვილს ზუსტად ისე ექცევა, როგრც იანუკოვიჩი ტიმოშენკოს მოექცა, რაც, თავის მხრივ, დასავლეთის უარყოფით რეაქციას იწვევს. შემთხვევითი არ იყო, რომ იმავე დღეს, ტელეკომპანია „უკრაინასთან“ ინტერვიუში ღარიბაშვილის მთავრობა იანუკოვიჩისას თავად სააკაშვილმა შეადარა...

კრეიმერი ნაწილობრივ მართალია - ავანტიურისტ მიშა საააკიანსა და იულია გრიგიანს, სომხური წარმოშობის გარდა, საერთო ნამდვილად ბევრი აქვთ. თუმცა, საეჭვოა ღარიბაშვილი სააკაშვილს ისე მოექცეს, როგორც იანუკოვიჩი მოექცა ტიმოშენკოს, როცა იგი ხუთვარსკვლავიან საკან-ლუქსში ჩასვა, რომელიც მან 2 წელიწადში მშვიდობიანად დატოვა. საქართველოში უმეტესობას სურვილი წვავს სააკაშვილს ისევე მოექცეს, როგორც მისი პრეზიდენტობისას ქართულ ციხეებში პატიმრებს ექცეოდნენ!

სხვა მხრივ კი, ცნობილი უფლებათა დამცავი ორგანიზაცია “Freedom House”-ის პრეზიდენტი სააკაშვილის ისეთივე ლობისტია, როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი - ლობისტური კომპანია „Kreab”-ის ყოფილი დირექტორი, რომელმაც ჯერ კიდევ 2004 წელს დადო ხანგრძლივვადიანი შეთანხმება სააკაშვილთან PR-მომსახურებაზე; როგორც სენატორი ჯონ მაკკეინი - IRI-ს ინსტიტუტის დირექტორი, რომლის საქართველოში საქმიანობის თაობაზეც ივანიშვილი 2012 წელს აშშ-ის იმჟამინდელ ელჩს ჯონ ბასს შესჩიოდა; როგორც საქართველოში ევროკავშირის ბევრი ქვეყნის ელჩი, რომლებიც, როგორც საჯაროდ აცხადებდა ივანიშვილი, სააკაშვილმა მოისყიდა, თანაც, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

წინა ხუთშაბათს, ნიუ იორკიდან  „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა ბევრი უცხოელი ჩინოვნიკი „ჩაუშვა“, მათ შორის პერუს პრეზიდენტიც, რომლებსაც საჩუქრები დაურიგა, რათა თითქოსდა მათ არ ეღიარებინათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. წარმოგიდგენიათ, როგორ ალაპარაკდება მხდალი მიშა საკანში?!

აი რატომაა, რომ დღეს ეს უცხოელი ბატონები, რომლებიც სააკაშვილთან მათი ჩრდილოვანი ურთიერთობების საქვეყნოდ გამოჭენებას უფრთხიან, ეხმარებიან მას საქართველოში ახალი ფერადი, ამჯერად „ყაყაჩოების რევოლუციის“ მოწყობაში! აი რატომ და არა დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის საპატივცემულოდ, დაატარებს სააკაშვილი ყაყაჩოს ყვავილს პიჯაკის სამკერდეზე!

ვინც ბოლო ორი კვირა აკრიტიკებდა ღარიბაშვილის მთავრობას, სწორედ მათი იმედი აქვს საქართველოს ექსპრეზიდენტს, როცა ტელეარხ „უკრაინაზე“ საინფორმაციო პროგრამა „სობიტიესთან“ ინტერვიუში აცხადებს: „ჩემი პროგნოზები, თვით ყველაზე უარესიც, ყოველთვის ხდება! რა თქმა უნდა, მე ძალიან მალე დავბრუნდები საქართველოში. საქართველოში სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება! რასაკვირველია, არ მინდა, რომ საქართველომ ისეთივე მაიდანი გამოიაროს, როგორიც უკრაინამ...“

არადა, 2003 წლის ნოემბერში „ვარდების რევოლუციის“ მოწყობაში  სააკაშვილის დახმარების გადაწყვეტილება ვაშინგტონმა ხომ  ამგვარივე მიზეზით მიიღო - ორ დღეში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ საბოლოოდ უარი სტკიცა აშშ-ის მაშინდელ ელჩს საქართველოში რიჩარდ მაილსს, შეეწყვიტა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თვის 2 მლნ დოლარის გადარიცხვის საქმის გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს უკვე იძახებდნენ პროკურატურაში...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2014 წლის 19 აგვისტო
საქართველო, თბილისი