რედაქტორისგან
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ „პაციენტების უმრავლესობა მომავალში მიხვდება, ცეცხლს რომ ეთამაშებოდა“, თუმცა ვერ ხვდება, რომ დღეს ცეცხლს თვითონ ეთამაშება...

1-Sergeenko-aqt-3-red-2საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. ჯანდაცვის მინისტრი რეცეპტით წამლების  გაყიდვასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც დავით სერგეენკომ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას განაცხადა: "ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჯდება ჯანდაცვისა და კლინიკური მედიცინის ლოგიკაში, ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უფრო დიდხანს და ჯანმრთელად".
მინისტრის თქმით, ოდესმე საზოგადოება ნაწილობრივ მაინც აღიარებს, რომ ცეცხლს ეთამაშებოდა თვითმკურნალობითა და წამლების არადანიშნულებისამებრ გამოყენებით”. მისივე შეფასებით, ოჯახის ექიმისა და, საზოგადოდ, ექიმის ინსტიტუტს ღირებულება აქვს დაკარგული, მიშვებული იყო თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე, რაც სისტემური შეცდომაა.

ჯანდაცვის მინისტრი ცეცხლს ეთამაშება - გაღატაკებული ხალხი, რომელიც სსრკ-ის დაშლის შემდეგ ბედის ანაბარად მიაგდეს, ხშირად ყიდულობს აფთიაქში რამდენიმე აბს, ხშირად ავადმყოფობს, რადგან სახელმწიფო თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს, როგორც სსრკ-ს დროს, უფრო - პირიქით! ხანდაზმულ და ავადმყოფ ადამიანებს არ შეუძლიათ ექიმთან რიგში დგომა რეცეპტების ხშირად გამოსაწერად, პენსიონერებსა და უმუშევრებს არ შეუძლიათ ანალიზების საფასურის გადახდა, რის გარეშეც მათ რეცეპტებს არ გამოუწერენ და რომელთა უმეტესობა საყოველთაო დაზღვევაში არ შედის. ის მცირე ნაწილი კი, ვისაც რაიმე სამსახური მაინც აქვს, მისი დაკარგვის შიშით, სამუშაო დროს პოლიკლინიკებში რეცეპტების მისაღებად ვერ ირბენს!

რას მიხვდება ხალხი მომავალში - მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი დავით სერგეენკოს საქართველოს მოქალაქეთა უკმაყოფილების ტალღის გადატანა მოუწევს.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს აფთიაქებში 3 ათასამდე პრეპარატი, რომლებიც მეორე ჯგუფს მიაკუთვნეს, მხოლოდ რეცეპტებით გაიცემა, ისევე, როგორც პირველ ჯგუფს მიკუთვნებული პრეპარატები.