რედაქტორისგან
„ჩვენ ვაფრთხილებდით პრემიერ ღარიბაშვილს, რომ ასეთი მომლაპარაკებლებით სამშვიდობოს ვერ გავიდოდით!“ - საქინფორმის მთავარი რედაქტორის განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების 29-ე რაუნდის უშედეგო დასრულებასა და ქართულ პოლიტიკაში პროსტიტუციასთან დაკავშირებით

1aqt-3-red-1-Prost2014 წლის 8 ოქტომბერს საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო საქინფორმმა ჰკითხა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს: რატომ წარმოადგენს საქართველოს ჟენევის მოლაპარაკებებზე სააკაშვილის მარიონეტი სანაკოევი და ბუტაფორიული მთავრობის  მეთაური ყოლბაია?! რატომ ვაგზავნით ჟენევაში აი უკვე 29-ედ, ჩვენი, სახალხო -  სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით იმ ადამიანებისგან შემდგარ დელეგაციას, რომლებიც არ უყვართ საქართველოში, სძულთ სოხუმში და ცხინვალში, და არ იცნობენ მოსკოვში? ვის მოტყუებას ვცდილობთ - საკუთარი თავის ხომ არა?! იქნებ სწორედ ამიტომაც, ყველა ეს მოლაპარაკებები უშედეგოდ მთავრდება?!
სამწუხაროდ, საქინფორმის პროგნოზი, როგორც ყოველთვის გამართლდა: იმავე დღეს - 2014 წლის 8 ოქტომბერს, ჟენევაში ამერიკავკსიის საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის საიტზე განათავსა შეტყობინება, სადაც, კერძოდ, აღნიშნულია:

„სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ ნატოს ბოლო სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებით არსებითად გაიზარდა საერთაშორისო სავალდებულო შეთანხმებების დადების აუცილებლობა მათ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამ მიმართულებით ეფექტიან ნაბიჯად განიხილებოდა ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დისკუსიის ყველა მონაწილის ერთობლივი განცხადების რუსული პროექტი. რუსეთის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება ქართული მედიის ცნობებთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ინტერესებში სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების გეგმებზე. ასეთი მოქმედებები ამიერკავკასიის რეგიონში დასტაბილურებას საფრთხეს შეუქმნიდა.

ამა წლის ივნისში გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციების მიერ ერთობლივად გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ჟენევაში ლტოლვილების პრობლემატიკის განხილვის მიზანშეუწონლობის შესახებ, სანამ საქართველო არ შეწყვეტს ამ მნიშვნელოვანი თემის ხელოვნურ პოლიტიზაციასა და დუბლირებას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ნიუ იორკში, ამ პუნქტის განხილვა გადაიდო“, - ნათქვამია დასკვნაში.

როგორც ჩანს, ზოგიერთები თბილისში იმედოვნებდნენ, რომ საქართველოში უკვე საბოლოოდ დაავიწყდათ რუსული ენა და ვერ გაიგებენ, რა გვითხრეს ამით: „სანამ თქვენ არ შეწყვეტთ პოლიტიკურ პროსტიტუციას, ანუ ნიუ იორკში - ერთის,  ჟენევაში - მეორისა და თბილისში - მესამის ლაპარაკს, მანამ ლტოლვილებსა და მეგობრობაზე ლაპარაკიც ზედმეტია! და გზაც ნატოსკენ გქონიათ!“ მეორე დღეს, 2014 წლის 9 ოქტომბერს, გასაოცარი ცინიზმით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „მოლაპარაკებებზე არავითარ რუსულ გეგმაზე ლაპარაკი არ ყოფილა“ და რომ, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ დასძინა, „ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება უნდა იკისროს არა საქართველომ, არამედ რუსეთმა!“.

თავი გამოიჩინა ასევე საქართველოს მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირების დარგში ზურაბ აბაშიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ საფრთხეს ამიერკავკასიისათვის წარმოადგენს არა საქართველოს ნატოსკენ მისწრაფება, არამედ რუსეთის სამხედრო ყოფნა აფხაზეთსა და ოსეთში. ხოლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექს პეტრიაშვილმა უნისონში დასძინა, რომ „ოკუპანტმა რუსეთმა საქართველოდან და მოლდოვადან თავისი სამხედრო ბაზები უნდა მოაშოროს და სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან!“.

მის ფეხდაფეხ მთავრობის სხდომიდან გამოსულმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ ნატოს ინფრასტრუქტურა საქართველოში იქნება, სავარაუდოდ, უკვე ერთი თვის შემდეგ, და რომ ის „აგრესორი-რუსეთის შემაკავებელ ფაქტორად იქცევა“...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 10 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი