პუბლიკაციები
ვირტუალური ეკონომიკის თეორიული გამოვლენა, ანუ მეორე ჰორიზონტალის საჭადრაკო ფიგურების შესახებ

foto-analitikaრა სასიამოვნოა მეცამეტე “სავარძლიდან” მეთორმეტეში გადაჯდომა და ზემოდან თვალის გადავლება ქვეყნებისთვის, რომლებიც ქვევით, სულ ძირს გაგებულან! ბიზნესის წარმოების რეიტინგის მიხედვით, რომელიც ამასწინათ მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა, ჩვენ თეორიული წარმატების თითქმის მწვერვალზე ვართ ასულები. ცოტაც მოვინდომოთ და პრეზიდენტ მიშასთან ერთად კისერს მოვუგრეხთ... თუ იცით, ვის? ზუსტად იმათ... ხომ გესმით, ვისაც?!

პირველ რკალში

მაშ, ვისაც აქვს ყური, მოისმინოს ჩვენ წარმატებათა შესახებ და იხილოს ჩვენი ბუნებრივი აღმასვლა მსოფლიო კეთილდღეობის ოლიმპისკენ!

სადაც ჩვენს მეზობლად იქნებიან სინგაპური ჰონკონგთან ერთად, შვედეთი, შვეიცარია და აშშ, რომლებსაც კრიზისის მიზეზით მხოლოდ ოროთახიანი ბინა ექნებათ დაქირავებული. შინ კი ჩვენი მსოფლიო (თეორიული) წარმატების აღსანიშნავად, უკვე მერამდენე დღეა არ წყდება “ნაციონალების” ტაში და პრეზიდენტის ოვაციები საკუთარი თავის მიმართ მოცემულ თემაზე და ამის გარეშეც.
ჩვენ კი, დანარჩენებს, უბრალო მოკვდავთ, რანგით ნაკლებ ადამიანებს ისღა დაგვრჩენია, რომ მოვჭუტოთ თვალები, ვუყუროთ და დავტკბეთ კავკასიის კაცობრიობის ნათელი მომავლით. მარქსიზმის კლასიკოსები ნამდვილად არ ტყუოდნენ, როცა ამბობდნენ, რომ იგი - მომავალი შეიძლება იყოს შესანიშნავი, მაგრამ შორეული, რომელსაც ვერ მივუახლოვდებით. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენთანაა: მხოლოდ ვპირდებით და... არაფერს ვაკეთებთ. მსოფლიოს მიერ აღიარებული პრაქტიკული კაპიტალმცოდნეობის ჩვენი (თეორიული) წარმატებების ჭრილში... თუმცა შედეგები მჭლეა, როგორც ბიზნესის რაოდენობრივ-მოცულობითი, ასევე აგრარული პროდუქციის მოსავლიანობის მაჩვენებლების თვალსაზრისით. რაც უშუალოდაა დაკავშირებული ფასების არნახულ ზრდასთან, შემოსავლებისა და სოციალური გასაცემების შესაბამისი ინდექსაციის არარსებობასთან.
ადამიანის მეხსიერებას ახასიათებს ზოგიერთი უცნაურობანი (ტირანებსა და შარლატანებს ბავშვების საყვარელ არსებებად აქცევს, ასევე - წინასწარმეტყველებად), მაგრამ, ამასთან, ტვინის ხვეულებში უაღრესად საინტერესო დეტალებს კარგად ინახავს. მაგალითად, იმას, რომ XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე, უფრო ზუსტად, მეორე პრეზიდენტის დროს ერთი კილოგრამი ხორცის ყიდვა 3,5-4 ლარად შეგვეძლო, ფხვნილი შაქრისა - 70 თეთრად, ქათმის ათი კვერცხი - 1 ლარი ღირდა.
მაშინ ჩვენ ძალიანაც გვაქებდნენ დემოკრატიისა და ადამიანის პერსონალური თავისუფლების გამო ისეთი ისტორიული ფიგურები, როგორებიც იყვნენ ბეიკერი, გენშერი და კოფი ანანიც კი. მაშინაც, როგორც დღეს, გვაკლდა სამრეწველო და აგრარული შესაძლებლობანი, ხოლო წარმატებებს - არსებულსა და სამომავლოს ვუკავშირებდით ენერგეტიკულ დერეფანს და გარკვეულ სატრანსპორტო ტერიტორიულ უპირატესობას... დღეს კი ხელში ვატრიალებთ ჩვენს სავალუტო ერთეულს - ლარს და არ ვიცით, როგორ დავხარჯოთ - ღვეზელი ვიყიდოთ თუ მზესუმზირას პატარა ჭიქა...
მაგრამ ეს ყველაფერი უმნიშვნელო წვრილმანებია იმასთან შედარებით, რაც პრეზიდენტის აურის წყალობით წილად გვხვდა ბედნიერება - ვიყოთ რეგიონული მასშტაბის მედროშენი. ანუ დასავლეთის იდეოლოგიისა და დემოკრატიის მოწინავე დამკვრელი რაზმი, ეკონომიკური მოწყობის ჭრილში კი დავრჩეთ “პირველ რკალში”, როგორც ფრიადოსანი სტუდენტები დახვეწილი თეორიული ბაზით და - უკაპიკოდ. ხოლო ხალხისთვის წარსადგენი 2011 წლის “კეთილდღეობის გეგმა” წარმოუდგენელია, რომ შესრულდეს, რადგან სხვა არაფერია, თუ არა “კომუნისტური შორეთიდან” გადმოღებული პოლიტიკური ტრაფარეტი. ეფემერულია, რადგან კრედიტების “მაყუთის” გარეშე, ცარიელი დაპირებებითა და პრეზიდენტის თეორიული “მსოფლიო რეკორდებით” ვერაფერს იყიდი. აი, მაგალითად, ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით იაპონია ან შვეიცარიასთან ვართ გათანაბრებული, მაგრამ არც ბიზნესობიექტების შესამჩნევი ზრდის, არც გარედან ფულადი შემოდინების რევოლუციური მოცულობის ნიშანწყალი არ ჩანს. ეს ნიშნავს, რომ არის აბსტრაქტული რეკორდი პრეზიდენტისა და სხვათა განცხადებების დონეზე, მაგრამ - ცხოვრებისეული კონგრეტიკისა და მატერიალიზაციის გარეშე.
ისე ჩანს, რომ პროდასავლური იდეოლოგიური მიმართულება და სხვისი თამაშით გართობა ფუჭია და ხალხს მაძღრად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

 

“ჯაშუში ერთი სართულით მაღლა ცხოვრობს”...

აი, ჩაიგრუხუნა აშშ-ში მცხუნვარე ზაფხულში ჯაშუშურმა სკანდალმა რუსეთის თემაზე. გვიან შემოდგომაზე კი იმავე სცენარითა და ძალით ქართულ მიწა-წყალს მოედო. თუმცა მშვენიერ ქალბატონ ჩაპმანის გარეშე, დანარჩენი კი ისევეა, როგორც მიღებულია ნორმალურ ადამიანთა შორის, და უეჭველად შეტანილი იქნება “რუსული ჩამოსხმის” მსტოვართა წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო პროგრესულ აქტივში. მაგრამ ამ ხმაურიანი აქციისგან მიღებული სარგებელი ვერ ეთანადება რეალურ დანაკარგს. რატომ? იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მშობლიური საჰაერო ძალების ბრძოლისუნარიანობა. ავიაციის სისტემაში, სადაც სულ ოცი თუ ცოტა მეტი საფრენოსნო ერთეულია, ხუთი “ჯაშუშურმა ნაშიერებმა” თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს. მეორე. დაუფიქრდით, ხომ ნიშნავს ეს, რომ ვიღაცა მზად არის დაბომბოს ბაქო-თბილისი-ჯიეჰანის მილსადენი, ან, ვთქვათ, ქვა ქვაზე არ დატოვოს მარქსიზმ-ლენინიზმის ყოფილი შენობიდან, რომელსაც ისედაც ეცვლება სახე სამხედრო დაზვერვის დავალებით (მიაქციეთ ყურადღება - სამხედრო დაზვერვის დავალებით!)... ეს, კაცმა რომ თქვას, სერიოზულად აკნინებს ადრინდელი სიუჟეტების მნიშვნელობას მიღწევების (თეორიულის) შესახებ და შობს პიტალო გაუგებრობას იმისას, თუ როგორ მოახერხეს ამ ჯუშუშებმა შეეღწიათ მოცემულ სისტემაში, როგორ აღმოჩნდნენ მფრინავთა კაბინეტში ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე?
მაგრამ ძაღლის თავი აქ კი არ არის დამარხული, არამედ იმ კითხვაზე პასუხში, თუ რატომ არის წარმოდგენილი ჯაშუშური ისტორიების მთავარ ფიგურანტად არა ფსბ (კაგებე), არამედ სამხედრო დაზვერვა? ცნობილია, რომ სამხედრო დაზვერვა აქტიურდება მეზობელ სახელმწიფოებში ან ოპერატიული დამუშავების ქვეყნებში გარკვეული სიტუაციების დროს, საომარი დაპირისპირების ან საომარი კონტაქტების დროს.
ხომ ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს? მიხვდნენ ფულის ტომრები - ინვესტორებიც! და გაჰქუსლეს ჩვენგან, როგორც, მაგალითად, საპორტო-სტრატეგიული ფოთიდან ან გორის წვენების მშვიდობიანი დარგიდან.
შეიძლება სხვა მაგალითების გახსენებაც. ჰოდა, რომელი ბიზნესმიმზიდველობით შეიძლება შემოიტყუო დასავლელი, არაბი ან ჩინელი ფულის მკეთებლები, რომელი სუპერთავისუფალი ბიზნესის დაპირებებით, როცა ნებისმიერ მომენტში, ერთის მხრივ, “ბულავამ” შეიძლება გაარღვიოს სივრცე, მეორე მხრივ კი, ისრაელის ტანკებმა “მერკავამ” (მათ შეძენას ვაპირებთ ინვესტორთა თანხებით) შემოგვიტიოს? სწორედ ამაზე მიგვანიშნებს ჯაშუშური სკანდალი სამხედრო დაზვერვის მონაწილეობით. შედეგი კი ინვესტორთა გადინება და ცხრა თვის შედეგების მიხედვით მათი შენატანების სერიოზული კლებაა.
განა უფრო მომგებიანი არ იქნებოდა, ლამაზად გავჩუმებულიყავით, არ მოგვეწყო ყოველმხრივ წამგებიანი ხმაურიანი, საერთაშორისო დონის დემონსტრაცია, ტელეკამერების გარეშე შეგვექო და დაგვეჯილდოებია, ვინც ღირსი იყო?
რა თქმა უნდა, ჯაშუშებს უნდა უთვალთვალო, უნდა დაიჭირო კიდეც ყველა, განურჩევლად ეროვნული კუთვნილებისა, რუსი იქნება თუ სომეხი, ნაურუელი, გნებავთ, ვენესუელელი... კონტრდაზვერვა კი, მოგეხსენებათ, ბესტსელერი არ არის, ქალების საინტერესო საკითხავი... კაცობრიობის ისტორიაში რამდენი ხმაურიანი ჯაშუშური სკანდალი იყო? ორასი-სამასი? აი გაუხმაურებელი, ჩუმი - ათობით ათასი, შეიძლება, მეტიც. იმიტომ, რომ საყვირი ამ საქმეებში სრულიად გამოუსადეგარია.
სხვათა შორის, იყო ერთი “პრეზიდენტისეული” პასაჟიც, ამ თემის გაგრძელება. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს რომ გამოეხმაურა, ჩვენმა “მთავარმა” ნავთი დაასხა ცეცხლს, როცა გაიხსენა არა ის, როგორ სცემდნენ დედაქალაქელებს ფართო მასშტაბით და რეზინის ტყვიებს როგორ ესროდნენ, არამედ გვაცნობა, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა, როგორც ახლა გაირკვა, პრეზიდენტობის მაძებარი, მილიარდერი ბიზნესმენი (აწ გარდაცვლილი) ბადრი პატარკაციშვილი, რომელსაც, სახელმწიფოს მეთაურს თუ ვენდობით, ხელმძღვანელობდა რუსეთის ფსბ-ის ორი გენერალი. სამხედრო დაზვერვამდე მაშინ საქმე არ მისულა, რადგან დაპირისპირება სახელმწიფო საზღვრებს არ გასცდენია, ხოლო ქართულ სავარძელში ნომინალურად ვის ჩასმას აპირებდა რუსული უშიშროება, არმიას არ აინტერესებდა. რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოში თავ-თავიანთი “უწყებრივი” ამოცანები აქვთ. ამიტომ ჯაშუშური დეკორაციების მორიგი სამხედრო განხრით შეცვლა, მოითხოვს არა ლანძღვა-გინებას საზღვრისიქითა მეზობელთან, არამედ გარკვევას იმასას, თუ სინამდვილეში რა ხდება, და ხომ არ უბიძგებს დასავლელი ჩვენი პატრონებისთვის გაუთავებელი კოჭის გორება ჩვენსავე ეკონომიკას უპერსპექტივო ხაფანგისკენ და სერიოზული მატერიალური დანაკარგებისკენ?
ასეთი შედეგი მოსდევს პოლიტიკურ მეგობრობას, როცა უგულებელყოფილია საკუთარი ინტერესები. დავუმატოთ, რომ ეს არა მარტო ეკონომიკური მუხრუჭები და ჩამორჩენაა, არამედ ფუნქციური გადაგვარებაც, რადგან განვლილი 20 წლის განმავლობაში საიმედოობისა და უკონფლიქტობის ჩვენი ინდექსი ვერა და ვერ ამაღლდა.

“ტკბილი კანფეტი” მწარე გემოთი

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ “ტკბილი კანფეტი” - მსოფლიო ბანკის რეიტინგი. პრეზიდენტმა გულახდილობის მორიგი შემოტევის დროს განაცხადა, იგი (რეიტინგი) გაზრდის საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას და, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. სასაცილოა! ჩვენს არაორგანიზებულ და ავადმყოფ საზოგადოებაში დღეს სახეზეა მოშლისა და ნგრევის ნიშნები: პერმანენტულად, ცალ-ცალკე ჯანყდებიან ხან მოსწავლეები და მათ მშობლები, ხან სტუდენტები, ხან მასწავლებლები, ზოგჯერ - უმაღლესების პროფესურაც, ლტოლვილებზე არაფერი რომ არ ვთქვათ.
განვლილ ორ ათეულ წელიწადში განათლების სისტემა, უმეტესწილად, ეკონომიკური იარაღი გახდა - კომერციის იარაღი. როგორც ჩანს, სწორედ მან იკისრა სრულიად მოულოდნელი დეტონატორის ფუნქცია, რომელიც აგურს აგურზე აცლის სისტემის საძირკველს.
რატომ?
ყურადღება მივაპყროთ ძირითადს. საჭიროა კი დღევანდელი სახის უმაღლესი განათლება მინიმალური ხარისხობრივი მაჩვენებლით? ყოველწლიურად 35-40 ათასი აბიტურიენტი სკოლაში 12-წლიანი სწავლების შემდეგ ხუთწლიან “შვებულებას” იღებენ, რომელიც, უმეტესწილად, მშობლების ჯიბიდან ანაზღაურდება. ამრიგად, ერთის მხრივ, ფრიად წარმატებულად მცირდება ახალგაზრდული უმუშევრობის პროცენტი; მეორე მხრივ, მუდმივი სამუშაო ეძლევა ქართველი პედაგოგებისა და მასწავლებლების სოლიდურ არმიას. მაგრამ საქმე ამით არ მთავრდება, მშობლების ფული სხვა სიბრტყეშიც მუშაობს.
სკოლაში მიღებული ცოდნა აშკარად ნაკლულია (რასაც ადასტურებს უფროსკლასელთა ამბოხი) არა მარტო სიმწიფის ატესტატის მისაღებად, არამედ ინსტიტუტში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად. ?ოდა, აბიტურიენტების დედებისა და მამების 90-95 პროცენტი წელებზე იდგამს ფეხს რეპეტიტორების დასაქირავებლად, რითაც უმუშევრობის დონეს ამცირებენ. ასე რომ, ჩვენს ფასიან სწავლებას დიდად ზარალიანი გაგრძელება აქვს. ექსპერტთა შეფასებების გარეშეც ნათელია, რომ ოჯახი დიპლომის მისაღებად უმაღლეს სასწავლებელს სამიდან ხუთ ათას დოლარამდე უხდის, პლიუს ორ ათასამდე სარეპეტიტორო თანხა. ეს ნოვატორული კომერციული სისტემა, რომელიც “ოჯახურ ფულზე” მუშაობს ცნობილი ფიგურანტების - კახა ლომაიას, დიმიტრი შაშკინის (და მათი წინამორბედების) მიერ განათლების სისტემის ხანგრძლივი რეფორმირების შედეგად ჩამოყალიბდა. მთავარი მაინც ისაა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებიც კონვეიერული სისტემით მრავლდებიან ჩვენს ქვეყანაში, არათუ არა აქვს სპეციალობით სამუშაო ადგილების პოვნის შანსი, არამედ ლუკმა-პურის შოვნის საშუალებაც. ეს ერთი.
მეორე. ვის სჭირდება დიპლომი - ფარატინა ქაღალდი, რომლის გამოყენება შეზღუდულია და პროფილით მუშაობის უფლებას არ იძლევა მშობლიური ადგილების საზღვრებს მიღმა.
შედეგი: ერთგვარად შერბილებული უმუშევრობის პრობლემა. თვით სისტემამ კი ვერ მიიღო ხარისხობრივი მიმართულება...
საოცარია, მაგრამ ფაქტია: არც სახელმწიფო, არც დარგობრივი სამინისტრო პასუხისმგებელი არ არის უხარისხო და უპერსპექტივო განათლებაზე. მაგრამ არც ესაა ყველაფერი.
განვლილი წლების მანძილზე სისტემური “მავნებლობა” სერიოზულ სოციალურ მანკად იქცა. უამრავი დიპლომიანი ადამიანი არა მარტო უმუშევარი რჩება, არმედ მძიმე საზოგადოებრივ ტვირთად იქცევა... ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული. ისევე, როგორც ჯაშუშური საქმეები და უმაღლესი განათლება, რომლებიც საზოგადოების სულიერ ჰარმონიულობას, სულიერ და ეკონომიკურ გარდაქმნას კი არ ემსახურება, არამედ, უმეტესად, პოლიტიკურ მომსახურებას და დღევანდელი ხელისუფლების “პატრონების” დავალებათა შესრულებაზეა გათვლილი. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი დიდი პოლიტიკაა მეორე ჰორიზონტალის რეგიონული პატარა საჭადრაკო ფიგურების მონაწილეობით.

საქინფორმი