რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ტერაქტი ვაზაგაშვილის წინააღმდეგ, კიწმარიშვილის მკვლელობის მსგავსად, გაუხსნელი არ უნდა დარჩეს! ქილერი უკრაინიდან თავად სააკაშვილმა გამოაგზავნა!"

1-ARNO-pol-1-red-1-AXსაქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის ხელმძღვანელობით, შეიქმნა პროფესიონალ ექსპერტთა და დარგის სპეციალისტთა კონფიდენციალური საგამოძიებო  ჯგუფი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ნებართვის შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, სიმართლეს დაადგენს.

 ა.ხ.: - საქართველოში დაიწყო ტერაქტების მორიგი სერია, რომლებიც ჩვენთან, როგორც წესი, წინ უძღვის სახელმწიფო გადატრიალებას. მიზანი მარტივია – მოსახლეობაში პანიკის დათესვა და უკმაყოფილების გაზრდა ახალი ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ორ წელზე მეტი ხნის მანძილზე ვერც სამართლიანობა და კანონის უზენაესობა აღადგინა და ვერც თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყო. ასეთია ტერაქტის პოლიტიკური დატვირთვა.

- რაც შეეხება ტერაქტის ტექნიკურ მხარეს და მის უშუალო შემსრულებლებს?

ა.ხ.: - იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის მსგავსად, გაუხსნელი არ უნდა დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში საქმეში ფიგურირებს უცხო ქვეყნის ქილერი. სააკაშვილმა უკრაინაში დაიქირავა და საქართველოში მოავლინა პროფესიონალი, რომელმაც, რახანია, დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია. ვფიქრობ, ამ არაადამიანის გვარი უნდა ფიგურირებდეს "თბილისი–კიევის" ავიარესის 20-21 იანვრის მგზავრთა სიაში, ან საკონტროლო–გამშვები პუნქტების იმ პირთა ნუსხაში, რომლებმაც 20 იანვრიდან საქართველო–სომხეთისა და საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრები გადაკვეთეს.

ვაზაგაშვილი ისევე, როგორც ავტობუსი დონეცკის ოლქის ქალაქ ვოლნოვახაში, აფეთქდა საერთაშორისო კონვენციებით (მათ შორის, ოტავის კონვენციით, რომელზეც უკრაინას და საქართველოს ხელი მოწერილი არ აქვთ) აკრძალულ, საბჭოთა წარმოების ქვეითსაწინააღმდეგო ფუგასურ ნაღმზე სერიით ПМН (ПМН-2, ПМН-4) ან ე.წ. "ლიაგუშკაზე" (ПФМ-1).

უფრო დიდი ალბათობით გამოყენებული იყო წრიული დაზიანების ქვეითსაწინააღმდეგო ნამსხვრევადი ნაღმი ОЗМ-72 ან სულაც მიმართული დაზიანების МОН-50.

არც ისაა გამორიცხული, რომ ამოქმედდა ქვეითსაწინააღმდეგო ნამსხვრევადი ხელყუმბარა РГД-5. სწორედაც რომ შეტევითი РГД-5 და არა დაცვითი Ф-1 (ე.წ. "ლიმონკა"), რომლის თუჯის კორპუსის ოთხკუთხა ნამსხვრევები, РГД-5–ის ფოლადის ფურცლოვანი კორპუსისგან განსხვავებით, ვაზაგაშვილის სხეულს ნაწილებად დაშლიდა და ბევრად უფრო მძიმე დაზიანებებს მიაყენებდა.

ფუგასური ნაღმი შესაძლოა, დამონტაჟებული ყოფილიყო ზურა ვაზაგაშვილის განსასვენებელის თავის მხარეს მიმავალი ბილიკის ბოლო ფილის ქვეშ, ხოლო ნამსხვრევადი ნაღმის შემთხვევაში, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნებოდა ზამბარისებრი ზონარი (ე.წ. „რასტიაჟკა“), ხოლო თავად ასაფეთქებელ მოწყობილობას საფლავის ცოკოლის ქვეშ ჩამალავდნენ.

რაც შეეხება ხელყუმბარას, მისი დამცავი ძგიდე (ე.წ. „ჩეკა“) შესაძლოა, სულაც ამოღებული ყოფილიყო, ხოლო ჩასაშვები ოწინარი (ე.წ. „სკობა“) – რაიმე საგნით, მაგალითად, სტაციონარულ ლარნაკში ჩადებული გამხმარი ვარდების თაიგულით დაფიქსირებული.

ერთი რამ ნათელია – ეს პროფესიონალის, უწინარესად, სამხედრო პირის ნამოქმედარია, რომელმაც საბრძოლო მომზადება "ცხელ წერტილებში" გაიარა და არა ფილმ "სპეციალისტის" რიგითი მაყურებელისა, რომელიც მოხიბლა მთავარი როლის შემსრულებლის, სილვესტერ სტალონეს ოსტატობამ.

(უცნაური დამთხვევით, მიმართული აფეთქებების ტექნოლოგიებით გაჯერებული ეს ფილმი ტელევიზიით აჩვენეს ზუსტად იური ვაზაგაშვილის აფეთქებამდე ორი დღით ადრე).

და პროფესიონალები ან უმალ ჩავარდებიან ხოლმე, ან – არასოდეს.

– კი, მაგრამ, რა გარანტია ჰქონდათ ტერაქტის ორგანიზატორებს, რომ საფლავზე იმ დღეს პირველი იური ვაზაგაშვილი მივიდოდა და არა ოჯახის რომელიმე სხვა წევრი?!

ა.ხ.: - საქმეც იმაშია, რომ მსხვერპლი აუცილებლად იური ვაზაგაშვილი უნდა ყოფილიყო და არა მისი ოჯახის რომელიმე წევრი! წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთი უახლოესი ადამიანის მკვლელობით სასოწარკვეთილებამდე მიყვანილი ზურა ვაზაგაშვილის მამა ასმაგი ენერგიით დაიწყებდა პროტესტის არნახული ტალღის აგორებას და ეს პროტესტი უსათუოდ გადავიდოდა უმართავ რეჟიმში! ამის გამოსარიცხად, ნაღმი ან ხელყუმბარა აღჭურვილი იქნებოდა დისტანციური ამფეთქებლით, რომელსაც მოქმედებაში მოიყვანდა რაიმე დისტანციური მოწყობილობა, თუნდაც მობილური ტელეფონი.

ამ შემთხვევაში სულაც არ იყო საჭირო, რომ ქილერი სადმე ახლომახლო დისტანციაზე მდგარიყო პულტით ხელში – მას თავისუფლად შეეძლო თუნდაც თბილისიდან ჩაედინა ეს ვანდალური აქტი და შეუმჩნეველი დარჩენილიყო. რომელიმე მწყემსი ან სულაც ბომჟი, რომელსაც მობილურს მისცემდნენ, გროშების ფასად, უბრალოდ, იტრიალებდა სოფლის სასაფლაოს მიდამოებში და დააწვებოდა ზარის გასაშვებ ღილაკს ტელეფონის მეხსიერებაში ერთადერთ ნომერზე. ეს იქნებოდა ერთგვარი სიგნალი, რომ საფლავს სწორედ იური ვაზაგაშვილი ამოვიდა, რასაც მოყვებოდა სატელეფონო ზარი უკვე სხვა მობილურიდან, რომელიც ასაფეთქებელ მოწყობილობასთან იქნებოდა დაკავშირებული.

ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს ეს დეტალები გამოძიებისთვის...

ა.ხ.: – თუკი საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნებას დამრთავს, რომ ჩემი ხელმძღვანელობით შექმნილმა კონფიდენციალურმა საგამოძიებო  ჯგუფმა დაიწყოს აღნიშნული დანაშაულის გამოძიება პარალელურ რეჟიმში და მის უშუალო დაქვემდებარებაში, და გადმოგვეცემა დანაშაულის ადგილზე მოპოვებული ნივთმტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები, ასევე აფეთქების კვადრატში განხორციელებული მობილური ზარების სრული ჩამონათვალი და ვიდეო სათვლთვალო კამერების ჩანაწერები - იმ გარანტიით, რომ ერთი თვის მანძილზე დაწესდება მკაცრი მორატორიუმი ჟურნალისტურ გამოძიებასა და მოპოვებული მასალების გამოქვეყნებაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, ფარდა ავხადოთ ამ ტერაქტს!

პროფესიონალ ექსპერტთა და დარგის სპეციალისტთა ჯგუფის სახელით ოფიციალური მამართვა პრემიერ-მინისტრის სახელზე დღეს დილით შეტანილი იქნება სამთავრობო კანცელარიაში.

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი“ №4
2015 წლის 26 იანვარი