რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “როდემდე ვკვებოთ "კარალევა მარგო" ავლაბრის ცირკში?! საჭიროა, უბრალოდ, სამი პატარა ცვლილების შეტანა კონსტიტუციაში და ყველა პრობლემა თავისთავად მოგვარდება!”

1-asa-pol-4-red-1-mtსრული სისულელეა, თითქოს საქართველოს უწინდებურად ექსპრემიერი ივანიშვილი მართავს! ის არ მართავს თავის ხელდასხმულებსაც კი – აგერ რას სჩადიან პრეზიდენტი მარგველაშვილი და თავდაცვის ექსმინისტრი ალასანია! თვით პრემიერმა ღარიბაშვილმაც კი შეცვალა ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული მინისტრების ნახევარი... დიახ, შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური მისი პირადი დაცვის უფროსი იყო, ხოლო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ჯავახიშვილი – მისი ბანკის "ქართუს" პრეზიდენტი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საუკეთესოები არიან! მილიარდერები უძვირფასესს – თავის სიცოცხლესა და ფულს – უმაღლეს პროფესიონალებს ანდობენ! განა ცუდია, რომ ახლა ისინი სახელმწიფოს – ანუ მთელ ქართველ ხალხს ემსახურებიან?!

რაც შეეხება მარგველაშვილს: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოში მოსახლეობის 99 პროცენტს კონსტიტუცია არ წაუკითხავს! სხვაგვარად, ეცოდინებოდათ, რომ 2013 წლის ოქტომბრიდან პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პირი აღარ არის. საქართველოს პრეზიდენტი ისევე, როგორც გერმანიის პრეზიდენტი, კონსტიტუციით, ნომინალური ფიგურა – სახელმწიფოს მეთაურია და არა ამ სახელმწიფოს ხელისუფლების მეთაური! იმავე კონსტიტუციის თანახმად, ფორმალურ (იმავე ზიცთავმჯდომარე) მარგველაშვილს მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით, ანუ პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის სანქციით შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება სხვა სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ხელშეკრულებების დადება.

საქართველოს პრეზიდენტის ლეგიტიმურობა არაფრით განსხვავდება პარლამენტის ნებისმიერი არჩეული წევრის ლეგიტიმურობისგან, მითუმეტეს, რომ ყველა ისინი "ლეგიტიმურად" არიან არჩეული ქართველი ხალხის მიერ მხოლოდ ივანიშვილის პატივისცემით, რომელმაც სააკაშვილი დაამხო.

პრეზიდენტი მარგველაშვილი ინგლისის დედოფალი არ არის, ხოლო ავლაბრის სასახლე ისევე, როგორც ქუთაისის პარლამენტი, სააკაშვილის მიერ ხალხის მილიარდებით არის აგებული და არ უანდერძებიათ იგი მარგველაშვილისთვის გვირგვინოსან წინაპრებს! ამიტომ უნდა დატოვოს დუშელმა "ალტრუისტმა" 10 ათას კვ.მ–იანი მიტაცებული შენობა, რომელიც თავისი გაბარიტებით თეთრ სახლსაც ჩრდილავს და გადავიდეს მთავრობის მიერ შეთავაზებულ შენობაში. უმჯობესია – სამთავრობო კანცელარიაში, როგორც ამას გვპირდებოდა მარგველაშვილი თავისი პრეზიდენტობის გარიჟრაჟზე, ჯერ კიდევ 2013 წელს. თუმცა, მანამდე საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის რეზიდენციის ახალი ადგილმდებარეობა უნდა დააფიქსიროს კონსტიტუციაში მეორე ცვლილებასთან ერთად: პარლამენტის დისლოკაციის ადგილად, რომლის კომიტეტები რახანია ისედაც თბილისში მუშაობენ, კვლავ უნდა დაფიქსირდეს ისტორიული შენობა რუსთაველზე. ზემოხსენებული საკონსტიტუციო ცვლილებების კვალდაკვალ მარგველაშვილთან უკვე აღარაფერი იქნება სახვეწარი – საქართველოს მთავარსარდელი ან დაემორჩილება ქვეყნის კონსტიტუციას, ან გაემგზავრება სააკაშვილთან კიევში – 26 მაისის აღლუმის მისაღებად. ხოლო იმისათვის, რომ მომავალში აღარ იყოს საკამათო – ჩატარდეს თუ არა სამხედრო აღლუმები თბილისში და ვინ უნდა სარდლობდეს ამ აღლუმებს, აუცილებელია კონსტიტუციაში მესამე შესწორების შეტანაც: უმაღლესი მთავარსარდალი უნდა იყოს სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი – საქართველოს პრემიერ–მინისტრი, მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის მენეჯერი და კოორდინატორი, სადაც შედიან ყველა სამთავრობო სტრუქტურის, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვალები.

P.S. 

2013 წელს, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ქართველი პოლიტიკოსი ალექსანდრე ჭაჭია გვაფრთხილებდა: "თუ დამტკიცებულია მმართველობის საპარლამენტო მოდელი, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს! ერთდროულად ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრემიერი და ძლიერი პრეზიდენტი ფსევდოდემოკრატიული დემაგოგიაა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა უნდა იყოს, ანუ მხოლოდ მოაწყოს მიღებები დღესასწაულებზე, ჩაიბაროს რწმუნების სიგელები ელჩებისგან, ატაროს ჰალსტუხი და გაიბღინძოს. საქართველოს არა აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურთა შენახვის ფუფუნება! პრეზიდენტის ფუნქციები უნდა განისაზღვროს ქვეყნის იმ სასიცოცხლო პრობლემებიდან გამომდინარე, რომელთა გადასაჭრელადაც პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის. პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარესთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა. ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის საჭიროა მესამე პირი ქვეყნის უმაღლესი სახელისუფლო ეშელონიდან, ანუ პრეზიდენტი. თუმცა, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ სტატუსს, არამედ პიროვნულ საკითხსაც. ახალი პრეზიდენტი არაფრით არ უნდა იყოს დაკავშირებული წინა რეჟიმებთან, რომლებიც ჩვენი პარტნიორების წარმოსახვაში ომთან და სისხლთან ასოცირდება. სასურველია, იგი მათთვის პოზიტიური კუთხით იყოს ცნობილი, თუნდაც იყოს აბსოლუტურად ახალი სახე. მთავარია, პრეზიდენტი აცნობიერებდეს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას – 1–2 წელიწადში ვითარების კარდინალურად შეცვლას!"

ალექსანდრე ჭაჭიას მაშინ ყური არ დაუგდეს და განვლილ პერიოდში სიტუაცია მხოლოდ უარესისკენ შეიცვალა – აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიულ პარტნიორულ შეთანხმებებს რუსეთთან. ჩვენ კი ძველებურად ვკვებავთ "კარალევა მარგოს" პრეზიდენტის ადმინისტრაციას და უფუნქციო უშიშროების საბჭოს მინისგუმბათოვან ავლაბრის ცირკში, რომელსაც ახსოვს სააკაშვილის თავაწყვეტილი ორგიები!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
წყარო: „ასავალ - დასავალი“, ИА REX
2015 წლის 27 აპრილი
საქართველო, თბილისი

1-asa-pol-4-qve