რედაქტორისგან
„მდიდრები ორჯერ იხდიან“ - რამდენით გაიზარდა ელექტროენერგიის გადასახადი სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბონენტებისათვის

1-energo-sazog-3-redსაქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 23 ივლისის საჯარო სხდომაზე სს ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა. კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ საჯარო სხდომაზე წარმოდგენილი გაანგარიშებისა და დეტალური ანალიზის საფუძველზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ახალი სამომხმარებლო ტარიფი დაუდგინა.

0-100 კვტ.სთ და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე პირთათვის ტარიფი განისაზღვრა 10.978 თეთრი/კვტ.სთ-ით (პირველი საფეხური), 101-300 კვტ.სთ-ს მომხმარებელთათვის - 14.348 თეთრით/კვტ.სთ-ით (მეორე საფეხური), 301 კვტ.სთ და მეტი - 18.178 თეთრი/კვტ.სთ-ით (მესამე საფეხური). სამივე საფეხურისთვის ტარიფი გაიზარდა 3.348 თეთრი/კვტ.სთ-ით. ტარიფები ძალაშია 2015 წლის პირველის აგვისტოდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე).

საქინფორმი კიდევ ერთხელ მიაპყრობს მკითხველების ყურადღებას იმ გარემოებას, რომ საქართველო უნიკალური ქვეყანაა: მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით, სადაც ფასდაკლებას აკეთებენ ფორმულით „ორი ერთის ფასად“ - ანუ ფასდაკლებას უკეთებენ მეტი საქონლისა და მომსახურების შემძენს, საქართველოში პირიქითაა - ის, ვინც მეტს მოიხმარს, თითქმის ორჯერ მეტს იხდის - 18.178 ნაცვლად 10.978 თეთრისა 1კვტ/სთ-ზე.

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 28 ივლისი
საქართველო, თბილისი