რედაქტორისგან
ელენა ვასილეცის „მოგონებათა სკივრი“ თბილისელი მკითხველისთვის ღიაა! თბილისში ახალგაზრდა რუსი პოეტესას ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა - საქინფორმი

el-mtavariსაქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ლექსების კრებული Ларец воспоминаний („მოგონებათა სკივრი“) პრეზენტაციამ, რომელიც 2015 წლის 3 ოქტომბერს გაიმართა თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში*, დედაქალაქის ბომონდის ნაღები შეკრიბა. ახალგაზრდა, ნიჭიერი და ძალიან ლამაზი ავტორის - ელენა ვასილეცისთვის მისალოცად ახლო მეგობრები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ, ქართულ „დელეგაციას“ კი სათავეში ედგა დიდი ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში, ცნობილი დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, ასევე, თვალსაჩინო ქართველი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები. საღამომ, რომლის მშვენიერ სამკაულად იქცა საოპერო მუსიკის კონცერტი (ვოკალისტი - მარიკა მაჩიტიძე, პიანისტი - ნათია აზარაშვილი), მსუბუქ და ძალდაუტანებელ ვითარებაში ჩიარა, გაჟღერებულმა იტალიური ვოკალური კლასიკის ნაწარმოებებმა დამსწრეების ცოცხალი ინტერესი გამოიწვია და დიდი მოწონება დაიმსახურა.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ „მოგონებათა სკივრის“ პრეზენტაციას საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა - წიგნის გაყიდვიდან მიღებული სახსრები გამოყენებული იქნება საქართველოში პირველი უნიკალური საბავშვო ე. წ. „ჰოსპისის“ (უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების სახლი-ჰოსპიტალი) შექმნისათვის. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის შესახებ კითხვაზე, მისმა ინიციატორმა - ელენა ვასილეცმა მოკლედ უპასუხა: „ქველმოქმედება „კადრს მიღმა“ უნდა დარჩეს. სამწუხაროდ, ჩვენ არაფრით შეგვიძლია დავეხმაროთ საბრალო ბავშებს, გარდა იმისა, რომ მცირე წვლილი შევიტანოთ იმ ტანჯვის რაიმენაირად  შემსუბუქებაში, რომელიც მათ ხვედრად ერგოთ... რაც შეეხება ქველმოქმედებას, მასზე კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ ვაკეთოთ!

მომავალი „ჰოსპისის“ ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, „ბავშვებისთვის ჰოსპისის გახსნა ჩვენი დიდი ოცნებაა, რომელზეც სერიოზულად მუშაობენ კეთილი ადამიანები. თქვენი თანადგომის წყალობით, ის უფრო სწრაფად ახდება! დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო ელენა, ამ არაჩვეულებრივი საღამოს ჩვენთვის მოძღვნისთვის. დიდხანს არ დავიპყრობ თქვენს ყურადღებას „ჰოსპისთან“ დაკავშირებული უსიამოვნო ემოციებით, სულ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი - ეს იქნება არა მარტო სამკურნალო დაწესებულება, „ჰოსპისი“ უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების სახლი გახდება. მისი მიზანია უზრუნველჰყოს პატარა პაციენტები ღირსეული ცხოვრებითა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარებით, მათ სრული მომსახურება გაეწევათ. ეს სახლი (არ მინდა მას საავადმყოფო ვუწოდო) სამი კომპონენტისგან იქნება შემდგარი. განსაკუთრებით აღვნიშნავ, რომ მშობლებს შეეძლებათ იქ თავის შვილთან იყვნენ გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენი პაციენტები, მკურნალობის, მათ შორის - ფიზიოთერაპიის გარდა, შეძლებენ სოციალური ქსელების მეშვეობით ურთიერთობას, მათ შორის - სხვა ავადმყოფ თანატოლებთან. მათთან ივლიან პედაგოგები, ფსიქოთერაპევტები, ბავშვები ისწავლიან სიმღერას, ხატვას. გავხსნით სპეციალურ ოთახს თამაშებისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასაკის გათვალისწინებით... საბედნიეროდ, საქართველოში უკვე ბევრი ხალხი აქტიურად და ინტენსიურად მუშაობს ამაზე, ყველაფერს ვიღონებთ, რომ ბავშვებს ცხოვრება გავულამაზოთ!“.

გაფორმება პრეზენტაციაზე დახვეწილად იყო შერჩეული და თემატიკას შეესაბამებოდა - ენთო სანთლები, სტუმრების წინაშე კედელზე გაკრული იყო  საყვარელი სტრიქონების ამსახველი უზარმაზარი გრაგნილი, მთელი ატმოსფერო გაჟღენთილი იყო მაღალი პოეზიით. ელენა ვასილეცი შესანიშნავი და საინტერესო მთხრობელი აღმოჩნდა, ავტორი მოჰყვა საკუთარ თავზე, როგორ იქცა პოეტად; როგორ იქმნებოდა ლექსები და წარმოდგენილი ლექსების უმეტესობა რატომ ეძღვნებოდა მამამისს... ლექსების ასეთ ემოციურ და შთამბეჭდავ კითხვას ყოველდღე როდი მოისმენ! დეკლამაციაში პოეტს ეხმარებოდნენ თბილისის ა. ს. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მსახიობები - ვანო ქურასბედიანი და ნატალია ვორონიუკი.

პრეზენტაციის ექსპრომტად იქცა ელენას უფროსი მეგობრისა და დამრიგებლის, დიდი ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელის იმპროვიზირებული გამოსვლა: „მინდა ბოდიში მოგიხადოთ პრეზენტაციის შეწყვეტისთვის, გპირდებით, რომ დიდხანს არ ვილაპარაკებ. იცით, დიდი რუსული პოეზიის ალმასებსა და ზურმუხტებს შორის გამოჩნდა ანგელოზური სიწმინდის პატარა მარგალიტი! ელენა, გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს, მიყვარხარ და ვიმედოვნებ, რომ იქნება ახალი წიგნებიც! შენ ისეთი ემოციური და ნამდვილი ხარ, ძალიან მინდა ასეთს გხედავდე მუდამ, მაშინაც კი, როცა აღარ ვიქნები

შემოქმედების განხილვა არაფორმალურ ვითარებაშიც გაგრძელდა, სადაც თითოეული სტუმარი, წიგნის შეძენის გარდა, ავტოგრაფს იღებდა და ავტორს ესაუბრებოდა. მიუხედავად ამისა, საქინფორმის კორესპონდენტმა დიანა შერეშაშვილმა მოახერხა ელენა ვასილეცთან ინტერვიუს ჩაწერა.

- დიდი მადლობა, რომ მოუცლელობის მიუხედავად, საუბრისთვის დრო გამონახეთ. მოდი, სათავედან დავიწყოთ. როდის და როგორ აღმოაჩინეთ თქვენში პოეტი? შესაძლოა, ვინმემ ან რამემ იქონია ზეგავლენა თქვენზე, თქვენს აღქმაზე?

- ამის მიზეზად იქცა მამაჩემის უდროო გარდაცვალება... მთელ ჩემს ტკივილსა და მწუხარებას ქაღალდზე ვღვრიდი, იმ დროს ფეხმძიმედ ვიყავი პირველ შვილზე - სოფიაზე. როგორც ჩანს, რაღაც „ქიმიას“ ჰქონდა ადგილი, ერთდროულად სტრესისა და სიხარულის გავლენით. ტკივილთან გასამკლავებლად წერა დავიწყე, ყველა ჩემი პირველი ლექსი მამას მივუძღვენი. იმ დროს მარტო ვიყავი, სხვა ქვეყანაში - სამედიცინო მაჩვენებლების გამო გერმანიაში გამგზავრება მომიხდა. დედაჩემს დიდხანს უმზადებდნენ ვიზას, ქმარი უქმეებზე ჩამოდიოდა, არცთუ ხშირად. არ იყო რუსული ტელევიზია, ინტერნეტი, მხსნელად წიგნები მომევლინა... მარტო დავრჩი პატარა ქალიშვილთან ერთად, რომელსაც მკერდქვეშ ვატარებდი, გულს კი დანაკლისის საშინელი ტკივილი მიფლეთდა. თუმცა არ შემეძლო ტანჯვას მთლიანად დავნებებოდი, რადგან მუცლით ბავშვს ვატარებდი და მის ჯანმრთელობაზე უნდა მეფიქრა.

გამოსავალი ერთ უძილო ღამეს გამოჩნდა. ტანჯვის გადმონთხევა ქაღალდის ნაგლეჯზე შევძელი და ფურცლების გორის ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტ შვებას ვგრძნობდი! ვერ ვიტყვი, რომ ის ლექსები მაღალი კლასის იყო, მაგრამ მე ძალიან მშველოდა. შემდეგ დადგა გაზაფხული, დაიბადა სოფია, თემების დიაპაზონი გაიზარდა - ვწერდი ბუნებაზე, ამინდზე, სიყვარულზე და, რაღაცნაირად, ლექსების წერა ჰობად გადამექცა. მალე შევნიშნე, რომ ვწერდი იმ ადამიანებსა და საგნებზე, რომლებიც უშუალოდ არ მეხებოდა. უცებ მომდის თავში ლექსის კუპლეტი ან უკვე მზა ლექსი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩავიწერო, თითქოს ვიღაც მიბიძგებს და ყურში ჩამჩურჩულებს!... დასაძინებლად ქაღალდის ფურცელთან, პატარა ფანართან და კალამთან ერთად ვწვებოდი. ბავშვის გვერდზე მეძინა და რომ არ გამეღვიძებინა, ჩუმად ვწერდი. „აიპადები“ ხომ მაშინ არ არსებობდა. მკაფიოდ ვიცოდი, რომ თუ უცებ არ ჩავიწერდი, დილით ვერცერთ სტრიქონს ვერ გავიხსენებდი. ვერაფრით! დილით კი ისე გადავიკითხავდი საკუთარ ლექსებს, თითქოს სხვისი ნაწარმოები ყოფილიყო...

- ახლაც ასეა? მისტიკას ჰგავს...

- დიახ, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ჩემმა და ერთხელ მითხრა - შენო, რაღაც „პორტალი“ გეხსნებაო. ეს ჩემთვის უცნაურია და გაუგებარი, თუმცა ამავე დროს - ძალიან საინტერესოც. ჩემს შემოქმედებაში არის ლექსები, რომლებიც თავად განვიცადე და არის მოსმენილი ისტორიები, რომელთა მიტანაც მკითხველამდე მინდა. და ასეთი ისტორიები ცოტა როდია. ვწერდი ჭაღარაშერეულ ელეგანტური ასაკის ქალზეც და მამაკაცის სახელითაც. პოეტი ხომ ყოველთვის აირეკლავს იმას, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. იმ სინამდვილეს, როგორიც  არის - კარგი ან არცთუ კარგი.

რა თქმა უნდა, გვერდი ვერ ავუარე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს. ემოციების ქარიშხალმა სულში შვა ლექსი. საშინლად აღვშფოთდი, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი გაჩაღდა, სრულიად გაუგებარი წარმოშობის! მაშინ უკრაინა ჯერ კიდევ შორს იყო... არ ვასხვავებ უკრაინას, რუსეთსა და საქართველოს, რომელსაც მესამე სამშობლოდ მივიჩნევ. უკრაინაში, ყირიმში დავიბადე, რუსეთში ვცხოვრობდი, საქართველომ კი მეუღლე - ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილი მაჩუქა.

ამგვარი გადახლართვები ხომ არა მხოლოდ ჩემს ბედ-იღბალში, არამედ აწ უკვე წარსულს ჩაბარებული ჩვენი ქვეყნის - სსრკ-ში მცხოვრები ბევრი ადამიანის ცხოვრებაშია. მინდა მშვიდობა და ვწერ დონეცკზე... ჩემი კრებული მრავალფეროვანია, ესაა მიძღვნილი ლექსები - მათ შორის, მშობლიური ქალაქი არმიანსკისა და ვენისადმი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, და ლექსები ბავშვობაზე, მამისეულ სახლზე, ყველაფერს ვერ ჩამოთვლი...

- თქვენთან საუბარში მივხვდი, რომ ყურმოკვრით როდი იცით, თუ რა არის შემოქმედებითი გაყინვა.

- იოლად და თავისუფლად ვწერდი 2008 წლამდე, შემდეგ კი შემოქმედებითი კრიზისი დამეწყო. სრულებით ვეღარაფერს ვწერდი... თუმცა, პრინციპში, ლექსებს ძალით არასოდეს ვქმნი, ისინი თავად იშვება ჩემგან. არ შემიძლია მათი თითიდან გამოწოვა, რითმას დიდხანს არ ვარჩევ, ამიტომ არცერთი ჩემი ლექსი ზეპირად არ ვიცი! მუზამ მიმატოვა, ტრანსის მდგომარეობა, როგორც მე ვეძახი, გაქრა და ხუთი წელია საერთოდ არაფერი დამიწერია. ამასთან თავს ნორმალურად, კომფორტულად ვგრძნობდი. ხოლო როცა ჩემი ლექსების მკითხველი ადამიანები მეკითხებოდნენ - რატომ შეწყვიტე, როდის გააგრძელებო, - ვპასუხობდი, რომ ეტყობა საწერი ამომეწურა...

მაგრამ თქვენი ქართული მიწა სასწაულებითაა განთქმული, აქ შევხვდი ჩემს „მუზას“ - რეზო ამაშუკელს, რომლემაც ჩემში შვა უნარი, კვლავ მეწერა! თქვენი მიწის პირმშომ თვლემიდან გამომაფხიზლა, პოეზიის თაფლით დამათრო! მართალია, მე თავიდან ძალიან სკეპტიკურად მოვეკიდე მის თხოვნას - „შენ უნდა წერო!“, მაგრამ რაღაც მოხდა... სწორედ ბატონმა რეზომ დამმუხტა ისეთი ენერგიით, რომ იმავე საღამოს დავიწყე წერა. ეს გასულ ოქტომბერს მოხდა, როცა მან წიგნის „მოგონებათა სკივრი“ პირველი გამოცემა წაიკითხა და ჩემი გაცნობის სურვილი გაუჩნდა. რეზო ამაშუკელმა მთხოვა ამ წიგნის ხელახლა გამოცემა, ასე რომ დღეს „მოგონებათა სკივრი“-ს დასრულებული და გაფართოებული ვარიანტის პრეზენტაცია მოვახდინე.

- ჩვენი საუბრის დასასრულს არ შემიძლია არ გკითხოთ - რა გველის წინ, მომავალში რით გაახარებთ მკითხველს?

- ამის შესახებ საუბარი დაუსრულებლად შემიძლია! მე ხომ მხოლოდ პოეზიას კი არა, პროზასაც ვწერ. გეგმაში მაქვს მოკლე იუმორისტული მოთხრობები, ასევე, სერიოზული ისტორიული რომანის გამოცემა რუს ემიგრანტებზე, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების ხანაში ჩინეთში გადასახლდნენ. რომანს ვწერ და ის დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, რომელიც წავიკითხე და რომელმაც შთამაგონა.

ესაუბრა დიანა შერეშაშვილი
საქინფორმი

*თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე (ანუ ვორონცოვის სასახლე) - თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლია. 1868 წელს ის თბილისში რუსეთის იმპერატორის ნაცვალმა მიხაილ ვორონცოვმა ააგო ძველი ნაგებობის საძირკველზე, რომლის მშენებლობაც მე-19 საუკუნის დასაწყისში გენერალ პ. დ. ციციანოვის დროს დაიწყო. პროექტის არქიტექტორი ნ. სემიონოვი გახლდათ.

el-1 el-2
el-3 el-4
el-5 el-6
el-7 el-8
el-9 el-10
el-11 el-12
el-13 el-14
el-15 el-16
el-17 el-18
el-19 el-20
el-21 el-22
el-23 el-24
el-25 el-26