რედაქტორისგან
ყაზახეთი საქართველოს მთავრობისგან $27 500 000 ვალის და $130 000 000 ინვესტიციების დაბრუნებას ითხოვს - „საქინფორმის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ერმუჰამეტ ერტისბაევთან

1-errmuxamet-pol-1-ana-1-reსაქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. საქინფორმის კითხვებს პასუხობს ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ერმუჰამეტ ერტისბაევი.

- ყაზახურმა ნაციონალურმა კომპანია „ყაზტრანსგაზმა“ წინასაარბიტრაჟო წერილი გაუგზავნა საქართველოს მთავრობას წინადადებით, დაარეგულიროს 130 მილიონი დოლარის ოდენობის ყაზახური ინვესტიციების დაბრუნების საკითხი. აღნიშნულმა რეზონანსი გამოიწვია მთავრობაში, ქართულ მედიაში და მთლიანად საზოგადოებაში. ამ საკითხზე აზრი გამოთქვეს საქართველოს მთავრობის წევრებმა, ასევე ზოგიერთმა ექსპერტმა. სხვათა შორის, დიამეტრულად განსხვავებული თვალსაზრისით. როგორია თქვენი აზრი, ბატონო ელჩო?

- წინასაარბიტრაჟო წერილი, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, გააგზავნა საერთაშორისო იურიდიულმა კომპანია „Baker&Mckenzie“-მ, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში, თუკი ისე გაიმართება, ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიის ინტერესებს დაიცავს. ეს ძალიან ცნობილი იურიდიული კომპანიაა, რომლესაც უდიდესი გამოცდილება აქვს ამგვარი საქმეების განხილვაში. ჩემი მხრიდან აზრი არა აქვს საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებების კომენტირებას: ისინი ამბობენ ერთს, ყაზახურ მხარეს კი სულ სხვაგვარი აზრი აქვს. ასეთ სიტუაციებში არსებობს მესამე მხარეც, საარბიტრაჟო სასამართლო, საერთაშორისო არბიტრაჟი. როგორც დიპლომატს, სურვილი არ მაქვს, ქართულ-ყაზახური ურთიერთობები საერთაშორისო სასამართლოებში იქნეს განხილული, თუმცა, ვხედავ, რომ მოლაპარაკებების პროცესი მეტისმეტად გაჭიანურდა. ქართული მხრიდან არ არსებობს მკაფიო და კონკრეტული პასუხი: როდის გადასცემენ ყაზახეთის გამგებლობაში „ყაზტრანსგაზ-თბილისს“?

- საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ეს შანტაჟია ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიის მხრიდან და საქართველოს მთავრობაში ამით ვიღაცებიც კი დაინტერესდნენ...

- უცნაურია, რომ ასეთი განცხადება გააკეთა პროფესიონალმა, ფინანსისტმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომლისთვისაც, სხვათა შორის, მშვენივრად არის ცნობილი, რომ თავად საქართველოს ეროვნულ ბანკს ყაზახეთის დავალიანება აქვს! 1996 წელს ყაზახეთმა საქართველოს 27-ნახევარი მილიონი დოლარი გამოუყო. მალე 20 წელი შესრულდება, რაც ამ ვალზე არცერთი გადახდა არ განხორციელებულა. ბატონ გოცირიძეს ამ, და არა გაზის კომპანიასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე უნდა გაეკეთებინა კომენტარი, რის შესახებაც, დარწმუნებული ვარ, ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.

- ინვესტიციების თანხა 130 მილიონი დოლარი - რეალური ციფრებია?

- ნუთუ ფიქრობთ, რომ ყაზახი მენეჯერები და ფინანსისტები ციფრებს „ჰაერიდან“, ასე ვთქვათ, ალალბედზე იღებენ?! არსებობს ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი! სხვაგვარად, ცნობილი იურიდიული კომპანია ამ საქმეს ხელს არ მოჰკიდებდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ თანხიდან გადახდილი იქნა ყველა აუცილებელი გადასახადი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში!

წინასაარბიტრაჟო წერილი - იძულებითი ნაბიჯია. „ყაზტრანსგაზი“ არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ 2009 წელს წარმოიქმნა დავალიანება გაზის მიწოდებაზე დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ოდენობით. ახლა არ ჩავუღრმავდები აღნიშნული დავალიანების წარმოქმნის დეტალებს. თუმცა, ყაზახეთის მხარეს ამ თანხასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს.

ქართული მმართველობის შემოღების დროისათვის კომპანიას თბილისელი მომხმარებლების მხრიდან 25 მილიონი დოლარის ოდენობის დებიტორული დავალიანება ჰქონდა. ეს ფული მთლიანად იქნა ამოღებული კომპანიის შემოსავლებიდან. რატომ არ წარიმართა ეს ფული დავალიანების დასაფარავად?

მას შემდეგ 6 წელი გავიდა და „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ სათავეში უდგანან საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული ადამიანები. ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ მენეჯერების ძირითადი ამოცანა იყო არსებული დავალიანების გადახდა ბუნებრივი გაზის იმჟამინდელი მიმწოდებლის - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის. ამ ხნის განმავლობაში კომპანიიდან ამოღებული იქნა უზარმაზარი თანხები დავალიანების დაფარვის ხარჯზე. თუმცა, უცნაურია, რომ კომპანიას დღემდე მართებს ეს თანხა...

მგონია, რომ საქმის არსებული ვითარება სავსებით აწყობს ქართულ მხარეს - კომპანია მათ მმართველობაშია, კომპანიიდან იქაჩება მნიშვნელოვანი თანხები, და ამავდროულად, ყაზახეთის მხარეს კიდევ რჩება ვალად დიდი თანხები. მაპატიეთ, მაგრამ ეს აბსურდია!

საარბიტრაჟო სასამართლო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. თუ ქართულ მხარეს მიაჩნია, რომ სწორ პოლიტიკას აწარმოებს, მაშინ ჩვენზე მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებული საარბიტრაჟო განხილვით და მიზეზად არ უნდა იშველიებდნენ ვითომდა შეთქმულებრივ შანტაჟს საქართველოს მთავრობის შიგნით!

სხვათა შორის, შანტაჟი სისხლის სამართლებრივი საქმეა. ხოლო თუ ვინმე მთავრობაში დაინტერესებულია საქმის ასეთი განვითარებით, მაშინ ეს ელიტური კორუფციის ფაქტს წარმოადგენს (ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაზღვრება). სინამდვილეში, არ არსებობს არავითარი შანტაჟი და შეთქმულება! არსებობს უბრალოდ წინასაარბიტრაჟო წერილის ფაქტი. ხომ აქვს უფლება ყაზახურ მხარეს, დაიცვას და დაიბრუნოს თავისი ინვესტიციები, თუ არა?!

- საქართველოს ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრებმა ერთი მეორის მიყოლებით განაცხადეს, რომ წინასაარბიტრაჟო წერილი მათთვის მოულოდნელი იყო, რომ ისინი აწარმოებენ აქტიური მოლაპარაკებების პროცესს ყაზახურ მხარესთან და მხარეები პრობლემის დარეგულირებასთან ახლოს არიან. ადასტურებთ ამას?

- ყაზახეთი 6 წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს. საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდნენ როგორც მთავრობის, ასევე ნაციონალური კომპანიის ხელმძღვანელები. საქართველოში მუდმივად იმყოფება „ყაზტრანსგაზის“ ოფიციალური წარმომადგენელი, ბატონი შოკოტაევი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უკვე რამდენიმე თვეა არსებობს ყაზახეთის მთავრობის ოფიციალური წინადადება შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად. თუმცა ქართული მხარის მხრიდან ჩვენს წინადადებებზე არავითარი პასუხი არ მიგვიღია!

ვიმეორებ, წინასაარბიტრაჟო წერილი იძულებითი ზომაა. თუ საკითხი ორმხრივ ფორმატში ვერ წყდება, არაფერია მეამბოხური იმაში, რომ საკითხი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაეცეს.

- ამბობთ, რომ ქართული მხრიდან არავითარი პასუხი არ ყოფილა. თუმცა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მენეჯმენტში ყაზახების დაბრუნების საწინააღმდეგო არაფერი აქვს...

- ბატონი კალაძე ამგვარ განცხადებებს სამი წელია აკეთებს! პოლიტიკაში კი მნიშვნელოვანია პირველხარისხოვანი საქმეები და არა სიტყვები...

საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ყაზახეთისადმი - საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთ უმსხვილესი ინვესტორისადმი. ერთი კვირის შემდეგ თბილისში გაიმართება „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელზეც 30 ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოვლენ. ფორუმის მიზანი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესება, „აბრეშუმის გზის“ გასწვრივ ვაჭრობისთვის ხელშეწყობაა. თუმცა სავსებით ნათელია, რომ ყაზახეთის გარეშე ამ ამოცანის გადაჭრა რთული იქნება, ვინაიდან ისტორიულად ყაზახეთზე გადიოდა „აბრეშუმის გზის“ მარშრუტის დიდი ნაწილი. ჩვენ უკვე ახლა აშენებული გვაქვს მძლავრი თანამედროვე ავტობანები და რკინიგზები, ჩინეთსა და ევროპას ყაზახეთის გავლით რომ აკავშირებს. უზარმაზარი სამგზავრო და სატვირთო ნაკადები „მსოფლიოს სამრეწველო საამქროდან“, როგორც დღეს ჩინეთს უწოდებენ, სწორედ ყაზახეთზე გადის! და მინდა, რომ საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობები ეფექტიანად, ურთიერთხელსაყრელად, წესიერი პარტნიორობის საფუძველზე და ყოველგვარი საერთაშორისო არბიტრაჟების გარეშე ვითარდებოდეს.

- გმადლობთ კომენტარისათვის, ბატონო ელჩო.

კითხვებს სვამდა საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
საქართველო, თბილისი
2015 წლის 8 ოქტომბერი