პუბლიკაციები
გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კავკასიური მედიაფორუმი ჩატარდა

1-forum-GEO-ANALIT-113-14 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში,” გაზეთ საქართველო და მსოფლიოს” ინიციატივითა და თაოსნობით, საერთაშორისო კავკასიური მედიაფორუმი გაიმართა. “მსოფლიო ძვრების ეპოქაში: ვინ გაუძლებს?” - ამ სახელწოდების მედიაფორუმში მონაწილეობისთვის რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წამყვანი მედიასაშუალებების მთავარი რედაქტორები, ექსპერტები და ჟურნალისტები საგანგებოდ ჩამოვიდნენ. როგორც ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესებისა და დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ანალოგიური ფორმატის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია.

მედიაფორუმი 13 ნოემბერს გაიხსნა ორგანიზატორების მისალმებითა და მონაწილეების წარდგენით, რასაც მოჰყვა რადიოსადგურ გოვორიტ მოსკვას” ხელმძღვანელის - ვლადიმერ მამონტოვის სადისკუსიო მოხსენება - ზესახელმწიფოთა ეპოქის დასასრული”, რომელშიც დამსწრე საზოგადოებამაც აქტიური მონაწილეობა მიიღო. ღონისძიებაზე სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანიის პოლიტიკურმა მიმომხილველმა კირილ პრივალოვმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე წარმატებული ინტერვიუს საიდუმლოებანი”, რის შემდეგაც მედიაფორუმი მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილესთან, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ ალექსეი კუზნეცოვთან საუბრით გაგრძელდა.

რეპორტაჟულ ჟურნალისტიკაზე (რეპორტაჟების სერიის “უკრაინულის გაკვეთილები” მაგალითზე) გამართულ დისკუსიას რეპორტაჟული ჟურნალისტიკა. ჟანრის სპეციფიკა” წარუძღვნენ უკრაინელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ირინა ვერეშჩუკი, ჟურნალ რუსკი რეპორტიორის“ მთავარი რედაქტორი ვიტალი ლეიბინი და რუსკი რეპორტიორის” მიმომხილველი მარინა ახმედოვა.

დატვირთული დღე დასრულდა არაკომერციული საპარტნიორო ორგანიზაცია კავკასიური თანამშრომლობის” დირექტორის - ნიკოლაი სილაევისა და პოლიტოლოგიურ ცენტრ “ჩრდილოეთი-სამხრეთის” დირექტორის - იულია იაკუშევას ხელმძღვანელობით გამართული ინტერაქტიული პანელით - სამხრეთ კავკასიის მედიასახე”, რომელშიც მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად გაიყვნენ და ორგანიზატორებს თავიანთი მოსაზრებები გააცნეს.

14 ნოემბერს მედიაფორუმი რუსი ბლოგერის - ვლადიმერ შურიგინის სასწავლო ბლოკით გაიხსნა. ტრენინგზე - სამოქალაქო ჟურნალისტიკა და სოცილური ქსელები” – ბლოგერმა თავისი მოსაზრებები ფორუმში მონაწილე ჟურნალისტებს წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ მედიაფორუმის მონაწილეებმა მეორე მსოფლიო ომის თემაზეც იმსჯელეს. მრგვალი მაგიდა დიდი სამამულო ომი და ჟურნალისტის ეთიკა”, მოდერატორმა, გაზეთ საქართველო და მსოფლიოს” რედაქტორმა ირაკლი თოდუამ გახსნა.

პირველი არხის კორესპონდენტმა გიორგი ოლისაშვილმა ჟურნალისტებისთვის გამართა მასტერკლასი სახელწოდებით “სატელევიზო ეთერი. რეპორტაჟის მომზადების საიდუმლოებანი”, ხოლო სადისკუსიო განყოფილებაში სახელწოდებით აქვს თუ არა მომავალი ჟურნალისტიკას” გაზეთ კომსომოლსკაია პრავდას” მთავარმა რედაქტორმა ვლადიმერ სუნგორკინმა ისაუბრა, რომელსაც ჟურნალისტებმა მედიასფეროში არსებულ ვითარებასა და რედაქციის მუშაობის სპეციფიკაზე დაუსვეს კითხვები.

ღონისძიებაზე ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, შეხვედრონდენ პერზონა გრატა-ს ჰედლაინერს, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის დირექტორს, აღმოსავლეთმცოდნე ევგენი სატანოვსკის, რომელმაც თავისი გამოსვლა მედიაფორუმის მთავარ თემას მსოფლიო ძვრების ეპოქაში: ვინ გაუძლებს?”  მიუძღვნა.

დამსწრე საზოგადოებას თავიანთი მოსაზრებები გააცნეს არასამთავრობო ორგანიზაცია გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა და ნიკოლაი სილაევმა.

გამომსვლელების გარდა, მედიაფორუმში მონაწილეობდნენ: საქართველოდან _ არასამთავრობო ორგანიზაცია ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელი ტარიელ გაგნიძე, სოციოლოგი და პოლიტკონსულტანტი ვალერიან გორგილაძე, პარტია ნეიტრალური საქართველოს” თავმჯდომარე, ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია, საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკ გრუზიას” მთავარი რედაქტორი ტატო ლასხიშვილი და სხვები.

მედიაფორუმს სომხეთიდან ესწრებოდნენ საიტ Panarmenian.am-ის მთავარი რედაქტორი მარინა ანანიკიანი, საინფორმაციო სააგენტო “არმინფოს” მთავარი რედაქტორი ემანუელ მკრტჩიანი, “სპუტნიკ-არმენიას” მთავარი რედაქტორი კონსტანტინე პეტროსოვი, გაზეთ “არავოტის” მთავარი რედაქტორი არამ აბრამიანი, ვებგვერდ “აისორის” ჟურნალისტი კარენ კაზარიანი, საინფორმაციო პორტალ Armedi.am-ის ანალიტიკოსი ანა კარაპეტიანი, საინფორმაციო სააგენტო პანორამა.ამ-ის ჟურნალისტი ლია ხოჯოიანი და verelq.am-ის ჟურნალისტი აშოტ საფარიანი.

აზერბაიჯანიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ: sputnik.az-ის მთავარი რედაქტორი გულნარა მამედზადე, vesti.az-ის მიმომხილველი ვუგარ ჰასანოვი, საინფორმაციო სააგენტო “ტრენდის” გენერალური დირექტორი და გაზეთ “კასპიის” მთავარი რედაქტორი ილგარ ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის ბეჭდვითი სიტყვის სააგენტოს გენერალური დირექტორი, APA Holding-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნურშან გულიევი, სააგენტო CEC-ის მთავარი რედაქტორი ბახრუზ გულიევი, Caspian Energy Journal-ის კორესპონდენტი თემურ მაქსუტოვი და 1 News-ის ჟურნალისტი ნატა ნასიბოვა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტოლოგური ცენტრი “ჩრდილოეთი-სამხრეთი” ანალოგიურ მედიაფორუმს, უკვე რამდენიმე წელია, ატარებს, სომეხი და აზერბაიჯანელი კოლეგები კი წელს პირველად მონაწილეობდნენ. პოლიტოლოგიური ცენტრი“ჩრდილოეთი-სამხრეთის” დირექტორი იულია იაკუშევა ამბობს, რომ აღნიშნულ მედიაფორუმს ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს:

–მედიაფორუმი, უკვე მესამე წელია, ტარდება, წელს მასში სომხეთი და აზერბაიჯანიც მონაწილეობდნენ. თუ ადრე ფორუმს მხოლოდ ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის ვატარებდით, წელს მასში მედიასაშუალებების მთავარი რედაქტორებიც მონაწილეობდნენ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყნებს შორის კომუნიკაცია შედგეს, ვინაიდან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლებსა და რუსეთს შორის აქტუალური საკითხების განხილვა და ჟურნალისტებთან მუშაობა თანამედროვე არცთუ მარტივ პოლიტიკურ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ჩვენი ფორუმის მთავარი თემაა ის ძვრები, რომლებიც დღეს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარეობს და მონაწილეებმა იმსჯელეს, ამ არცთუ მარტივ ვითარებაში, რომელიც დღეს მსოფლიოში შეიქმნა, როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ სირთულეებს.

ამჯერად მედიაფორუმის ორგანიზატორი ქართული მხრიდან გაზეთი “საქართველო და მსოფლიოა” და ვფიქრობ, ჩვენს ქართველ კოლეგებთან, საქართველო და მსოფლიოსთან”ერთად შევძელით, საინტერესო პროგრამა წარმოგვედგინა დამსწრე საზოგადოებისთვის და საინტერესო მონაწილეები და გამომსვლელები შეგვერჩია. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ეს ფორუმი, მომავალში კიდევ ახალ იმპულსს შეიძენს.

ნიკოლაი სილაევი, არაკომერციული საპარტნიოროორგანიზაცია “კავკასიის თანამშრომლობის” დირექტორი:

–ამ ფორუმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ვიცით, რომ ორივე ქვეყნის – რუსეთისა და საქართველოს – მოქალაქეები ჟურნალისტების თვალით უყურებენ ერთმანეთს, ეს ეხება სომხეთსა და აზერბაიჯანსაც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ხვდებოდნენ და საუბრობდნენ ერთმანეთში. ქვეყნებს შორის ურთიერთობა მხოლოდ დიპლომატებისა და პოლიტიკოსების საუბრით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

ძალიან კარგია, რომ გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” ამ ღონისძიების ორგანიზატორია და, ჩემი აზრით, ეს მედიაფორუმი საერთო კავკასიურია და ის ინტერესი, რომელიც ამ ფორუმის მიმართ არსებობს როგორც მონაწილეების, ასევე მედიის მხრიდან, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ავტორიტეტისა და მისი მკითხველის ფართო წრის დამსახურებაა.”

ვლადიმერ სუნგორკინი, გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდას”მთავარი რედაქტორი:

–რა თქმა უნდა, ასეთი მედიაფორუმის ჩატარება ძალიან კარგია, რადგან ისე გამოვიდა, რომ რუს და ქართველ პოლიტოლოგებს, ჟურნალისტებს, გამომცემლებს, თითქმის არ აქვთ ურთიერთობა. ჩვენ საქართველოში ელჩიც არ გვყავს. მთელი რიგი სირთულეებია ორი ქვეყნის ურთიერთობაში და სწორედ იმისთვის, რომ ეს ყინული გალღვეს, ანალოგიური ფორუმების ჩატარება აუცილებელია.

კირილ პრივალოვი, რუსეთის სახელმწიფოტელერადიომაუწყებლობის კომპანიის მიმომხილველი:

–მიმაჩნია, რომ ჩვენ უფრო ხშირად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. მსგავსი ფორუმების ჩატარება არა მხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთობის პროცესი, არამედ ახალი ჰორიზონტების, ახალი ადამიანების აღმოჩენაცაა. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს უკეთ გავუგოთ, რათა მომავალში შეცდომები თავიდან ავიცილოთ. თუმცა ვისურვებდი, რომ ამგვარ ფორუმებში მონაწილეობა აფხაზებსა და ოსებსაც მიეღოთ, რადგან ჩვენ, ყველამ, ერთ ენაზე უნდა ვილაპარაკოთ. პოლიტიკოსების ურთიერთობა არ არის საკმარისი, ისინი თავიანთ ამოცანებს წყვეტენ, თავიანთ სამყაროში ცხოვრობენ, სახალხო დიპლომატიას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ასეთი ფორუმები სასიცოცხლოდ აუცილებელია. მსგავსი შეხვედრები, ჩემი აზრით, მაქსიმალურად არაფორმალური ფორმატის უნდა იყოს და ახალგაზრდობა უფრო მეტად უნდა ჩავრთოთ ამ პროცესში.

ვლადიმერ მამონტოვი, რადიოსადგურ “გოვორიტ მოსკვა”-სდირექტორი:

–უფროსი თაობისთვის მისაღები და გასაგებია ასეთი ფორუმის ჩატარების მნიშვნელობა და მიზანი, ვინაიდან ჩვენ ყველაფერი კარგად გვახსოვს. ურთიერთობა, რომელიც ორი ერის წარმომადგენლებს შორის არსებობდა, არ არის სასურველი, დავკარგოთ. შესაძლოა, ეს თქვენთვის, ახალგაზრდებისთვის, ახლა გასაგები არ არის, სწორედ ამიტომ, უნდა შევეცადოთ, ავუხსნათ ახალგაზრდა თაობას, რა ურთიერთობაც იყო ჩვენ შორის და მოვაშოროთ ეს სტერეოტიპი თითქოს რუსეთი ყველას და ყველაფერს ახშობდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემები და წინააღმდეგობა არსებობს, მაგრამ ისიც ხომ კარგად გვესმის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული სიტუაცია ერთი ხელის მოსმით არ გადაწყდება. პოლიტიკოსები, მართალია, აცხადებენ, რომ დიალოგი დაუშვებელია, მაგრამ ინტელექტუალებმა საუბარი არ უნდა შეწყვიტონ, პირიქით – ამ პრობლემების გადაჭრის გზები და საშუალებები უნდა ეძებონ. სამწუხაროდ, ორივე მხრიდან, არცთუ ჭკვიანი პოლიტიკოსების წყალობით, მემკვიდრეობით ასეთი ვითარება მივიღეთ. გგონიათ, ჩვენ მოგვწონს ეს სიტუაცია, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ასე გაგვიფუჭდა? მაგრამ გამოსავალი ერთად უნდა მოვძებნოთ. შეიძლება დამაბრალოთ, რომ მე საბჭოთა კავშირის აღდგენა მინდა, მაგრამ, თუ ყოფილი საბჭოთა ქვეყნები განსაზღვრულ პოლიტიკურ საფუძველზე ევროკავშირის მსგავს კავშირს შევქმნით, ყოველგვარი დომინირებისა და მოსკოვის “რკინის მუშტის” გარეშე, ვფიქრობ, ჩვენ წინაშე არსებული მწვავე პრობლემები თავისთავად მოგვარდება.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმდენი მოახერხა, რომ ჩვენ, ჭკვიანი ადამიანები, ამ პრობლემებს ათწლეულები ვერ გადავწყვეტთ. რუსეთი არ აპირებდა საქართველოსთან ომს, მაგრამ იქ იყვნენ ჩვენი რუსი მშვიდობისმყოფელები და რა გვექნა? თქვენ, კეთილგონიერიქართველი ერი, ასეთ სიტუაციაში მიატოვებდით საკუთარ ხალხს?! ჩემი აზრი ამ რთულ სიტუაციაში ასეთია: მართალია, ბევრი შეცდომაა დაშვებული, მაგრამ მათი გადაჭრა აუცილებელია.

ალექსეი კუზნეცოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე:

–ამ მედიაფორუმის მთავარი ამოცანაა, როგორც რუსეთსა და საქართველოს, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი, პროდუქტიული დიალოგის ფორმატი საზოგადოების დონეზე. მედიაფორუმი ხომ მხოლოდ ჟურნალისტებს შორის უბრალო ურთიერთობას არ მოიცავს, ეს იმ ადამიანებს შორის ურთიერთობაა, რომლებიც შემდეგ ჩადიან თავიანთ ქვეყნებში და ამ ყველაფრის შესახებ ფართო საზოგადოებას ამცნობენ. ამიტომ ამ მართლაც ძალიან რთული პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის ერთადერთ გზას ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებაში ვხედავ. შეიძლება ეს არ არის პრობლემების გადაჭრის სწრაფი გზა, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია, რადგან ხშირად ეს მტრობა ერთმანეთისადმი მხოლოდ პირადი კონტაქტების გზით შეიძლება გადავლახოთ.

ნანა დევდარიანი, “გლობალური კვლევების ცენტრის”ხელმძღვანელი:

–ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ოთხივე მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან დიდი ინტერესი დავინახე.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები ძალიან მომწონს, რადგან ეს არის მოედანი, პირადი კონტაქტების, პირადი კავშირების განვითარებისთვის და, რაც მთავარია, საშუალება გეძლევა, პირველი წყაროდან მიიღო ინფორმაცია.

მედიაფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეებმა ბევრი კითხვა დაუსვეს გამომსვლელებს, რაღაცას შეიძლება იზიარებდე ან არ იზიარებდე, მაგრამ უნდა იცოდე, როგორ ფიქრობენ მეზობელ ქვეყნებში. მით უფრო, რომ სამივე ქვეყანა, რომელთა წარმომადგენლებიც მედიაფორუმში მონაწილეობდნენ, ჩვენი მეზობელია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები. საბჭოთა კავშირის დაშლა არ ნიშნავს, რომ მეზობელ ქვეყნებთან არ გვქონდეს ურთიერთობა, მათ შორის პროფესიული. სხვანაირად ჟურნალისტიკა არ განვითარდება, რადგან ჟურნალისტი კარგად უნდა იცნობდეს რეგიონის სიტუაციასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.

პეტრე მამრაძე, “მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის”დირექტორი:

–ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მედიაფორუმი, ვინაიდან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან თავიანთი საქმის პროფესიონალები, დიდი ინფორმაციის მქონე ადამიანები და მათთან ცოცხალი ურთიერთობა შეუცვლელია. შეხვედრაზეც აღინიშნა, რომ მაშინ, როდესაც ზოგიერთი მხოლოდ სოციალური ქსელებიდან, სადაც ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, იღებს ინფორმაციას და ეს ჰგონია რეალობის ამსახველი, პროფესიული დონის ამაღლებისა და პირადი კონტაქტების დასამყარებლად, ასეთი შეხვედრები აუცილებელია.

გულნარა მამედზადე, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკ.აზ-ის მთავარი რედაქტორი, ბაქოში კასპიის თანამშრომლობის ინსტიტუტის წარმომადგენელი:

–ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს საერთაშორისო ფორუმში რუსეთთან ერთად სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიც მონაწილეობდნენ, რადგან ამ ოთხი ქვეყნის პოზიცია დიდ გავლენას ახდენს რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. გარდა ამისა, აქ შეიკრიბნენ ექსპერტები მედიიდან და უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა განიხილეს. ჩვენ კონფლიქტურ რეგიონში ვცხოვრობთ და სწორად უნდა გვესმოდეს კონფლიქტების გადაწყვეტის რა გზები და საშუალებები შეიძლება მოიძებნოს.

ამას გარდა, ვფიქრობ, რომ იმ რთული მომენტების გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, ასეთი დიალოგები სასარგებლოა. ახლა ძნელია, რაიმე ხანგრძლივი პოლიტიკური პერსპექტივა განვსაზღვროთ. გასაგებია, რომ ტერიტორიული ხასიათის საკითხებიც არსებობს, მაგრამ იქნებ ასეთი ორმხრივი შეხვედრებისას როგორც ქართული, ასევე რუსული მხრიდანაც მოიძებნოს პრობლემების გადაჭრის გზები. ვინაიდან, როდესაც ყალიბდება ჯანსაღი გარემო, კონფლიქტების მოგვარების უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება.

ფორუმი ძალიან მაღალ დონეზეა ორგანიზებული, მე პერიოდულად შევდივარ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ვებგვერდზე, ვეცნობი თქვენი გაზეთის მასალებს და შემიძლია ვთქვა, რომ იქ ქვეყნდება საინტერესო მასალები, არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, არამედ რეგიონის თემატიკაზე, მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე. ჩანს საკითხებისადმი პროფესიონალური მიდგომა. მე ასევე ხშირად ვკითხულობ ალექსანდრე ჭაჭიას სტატიებს თქვენს ვებგვერდზე და მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან საინტერესო პოლიტოლოგია. მოხარული ვიქნებოდი, თქვენს გამოცემასთან გვეთანამშრომლა.

შაკირ აგაევი, აზერბაიჯანული გაზეთ “ახალი დროს” მთავარი რედაქტორი:

–ასეთი ფორუმი უაღრესად მნიშვნელოვანია აზრების გაცვლა-გამოცვლისთვის, იმისთვის, რომ ერთმანეთის პრობლემებზე მეტი ვიცოდეთ. ეს მედიაფორუმი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, მომეწონა, რომ საინტერესო სპიკერები იყვნენ, გამომსვლელების პარალელურად მიმდინარეობდა დისკუსიაც. პირველად ვარ საქართველოში და ძალიან მომეწონა თქვენი ქვეყანა, ვაღიარებ, გავოცდი, რა ბრწყინვალე, კეთილი ხალხია ქართველები. მომავალშიც დიდი სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო განვითარდება თქვენი ქვეყანა, რადგან აქ ბევრი შესაძლებლობაა ინვესტორებისთვის, კარგი მთავრობა გყავთ.

მადლობა ორგანიზატორებს როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხრიდან, მადლობა საქართველოს, მადლობა, რომ მე მოვხვდი აქ და ახალი საინტერესო მეგობრებიც შევიძინე.

ჯამილია ალეკპეროვა, აზერბაიჯანული გაზეთ “ექოს”პოლიტიკური მიმომხილველი:

–როდესაც მსოფლიოში უამრავი კონფლიქტი ხდება, ეკონომიკური კრიზისია, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის თითოთეული ქვეყანა ირჩევს პრიორიტეტებს. ამიტომ ძალიან საინტერესოა ექსპერტებისა და პოლიტოლოგების მოსმენა იმის შესახებ, ასეთ რთულ პირობებში როგორ აღვუდგეთ წინ ამ ყველაფერს და გავაცნობიეროთ, კონკრეტულად რა საფრთხების წინაშე დგანან სამხრეთ კავკასიის ქვეყნები. საფრანგეთში ახლახან მომხდარმა ტერაქტმა, რომელსაც არავინ ელოდა, კიდევ ერთხელ დაგვანახვა, როგორ შფოთავს მსოფლიო, არავინ იცის, ხვალ სად რა მოხდება.

ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ეს მედიაფორუმი ნიშნავს, – კიდევ ერთხელ მოვისმონო სხვა ადამიანების აზრი და გამოვიტანო დასკვნები, გავაანალიზო, სწორად თუ ვფიქრობდი ამა თუ იმ საკითხზე. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება შესანიშნავად არის ორგანიზებული, რაზეც მონაწილეების დიდი რაოდენობა და ის პირობებიც მეტყველებს, რომლებიც ფორუმის მონაწილეებს აქვთ შექმნილი კომფორტული მუშაობისთვის.

ემანუელ მკრტჩიანი, საინფორმაციო სააგენტო “არმინფოს”მთავარი რედაქტორი:

–მოხარული ვარ, რომ ასეთი ფორუმები ტარდება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ ერთმანეთი გავიცნოთ, ჩვენი ქვეყნების მედიასაშუალებებს შორის ურთიერთობა განვითარდეს, სხვების აზრიც მოვისმინოთ. ბოლო ათი წელია, მსგავსი ფორუმები მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით ტარდებოდა, ამიტომ განსხვავებული აზრის მოსმენაც აუცილებელი და საინტერესოა.

ლია ხოჯოიანი, სომხური საინფორმაციო სააგენტო Aysor.am-ისკორესპონდენტი:

–ძალიან საინტერესო იყო სპიკერების გამოსვლა, მათ ისაუბრეს იმ ვითარებაზე, რომელიც დღეს კავასიაშია. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ერთგვარი მოედნის მოწყობა, სადაც შესაძლებელია საუბარი. ჩვენ, სომხებს ჩვენი კონფლიქტები, ჩვენი მტკივნეული წერტილები გვაქვს და პარიზის ტერაქტების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხებს შორის ურთიერთობა. ჩვენ ხომ არა მხოლოდ ფორუმში ვმონაწილეობთ, არამედ ჩვენი მედიასაშუალებებისთვის ვმუშაობთ კიდეც, ვაწვდით მათ ინფორმაციას და ნებისმიერ შემთხვეევაში, ნებისმიერი ჟურნალისტისთვის, ურთიერთობა, კონტაქტები მხოლოდ პლუსია მისი საქმიანობისთვის. პირველი წელი არ არის, რაც ამ ფორუმში ვმონაწილეობ, რომელსაც “ჩრდილოეთი-სამხრეთი” უწევდა ორგანიზებას და მინდა ვთქვა, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი ჟურნალისტი გავიცანი, რაც ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ძალიან დამეხმარა.

P.S.: მედიაფორუმის ყველა მონაწილეს – ჟურნალისტებს და გამომსვლელებს, სერტიფიკატი გადასცეს. ორგანიზატორების განცხადებით, მედიაფორუმი მომავალშიც ჩატარდება და მონაწილეებს კიდევ უფრო მეტ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა